უკრაინა 100 000 რუსისთვის სანქციების დაწესების წინადადებით გამოდის

უკრაინა 100 000 რუსისთვის სანქციების დაწესების წინადადებით გამოვიდა. ერმაკ-მაკფოლის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფმა ინდივიდუალური სანქციების „საგზაო რუკა“ გამოაქვეყნეს.
დოკუმენტი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა გაავრცელა.
შეთავაზებული პროცედურის თანახმად უკრაინის დეკლარაციების ერთიანმა სახელმწიფო რეესტრმა უნდა ჩამოაყალიბოს და გამოაქვეყნოს იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც სანქციების კრიტერიუმებს პასუხობენ და ეს ჩამონათვალი იმ ქვეყნების მთავრობებს გაუგზავნოს, რომლებიც მზად არიან, აღნიშნული სანქციები დააწესონ. შესაბამისად, ამ სახელმწიფოების მთავრობებმა სიაში არსებული პირებისთვის სანქციების დაწესების თარიღი უნდა განსაზღვრონ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სიაში შეყვანილ ადამიანებს, სანქციების ამოქმედების თარიღამდე ექნებათ დრო, რომ საჯაროდ დაგმონ კრემლის პოლიტიკა, გადადგნენ დაკავებული თანამდებობიდან, გადასცენ საკუთარი ქონების ნაწილი უკრაინის რეკონსტრუქციის ფონდში და ასეთ შემთხვევაში ამ პირთა წინააღმდეგ სანქციები არ ამოქმედდება.
„თუ ინდივიდუალური სანქციები დაწესდება ამ დოკუმენტში შემოთავაზებულ ყველა ჯგუფზე, ეს დაფარავს 100 000 ადამიანს, რაც ისტორიაში ინდივიდუალური სანქციების ყველაზე დიდი რაოდენობაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი რუსეთის მოსახლეობის 0,1%-ზე ნაკლებია, ის ეხება რუსეთის საზოგადოების ზუსტად იმ ფენას, რომელიც წარმოადგენს რუსულ ელიტას“, - ნათქვამია დოკუმენტში.
სასანქციო სია შედგენილი იქნება კატეგორიების მიხედვით პრიორიტეტების გათვალისწინებით: ოლიგარქები, უმაღლესი თანამდებობის პირები, კომპანიის საკვანძო მენეჯმენტი, რუსი პროპაგანდისტები, პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელები და ყველა ამ ადამიანების ოჯახის წევრები და მინდობილი პირები.
მაკფოლ-ერმაკის ჯგუფი წინადადებით გამოდის განხილულ იქნას ინდივიდუალური სანქციების დაწესება ყველა რუსი სპორტსმენის წინააღმდეგ და ისინი ნებისმიერი საერთაშორისო ტურნირიდან გამორიცხონ.

























