ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - უკრაინულმა ძალებმა სევეროდონეცკის ნაწილი დაიბრუნეს

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული შაბათ-კვირის განმავლობაში, უკრაინულმა ძალებმა სევეროდონეცკის ნაწილი დაიბრუნეს, თუმცა რუსული ძალები აღმოსავლეთ რაიონების ოკუპაციას განაგრძობენ.
„რუსეთის უფრო ვრცელი გეგმა, როგორც ჩანს, არის სევეროდონეცკის ტერიტორიის იზოლირება როგორც ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთიდან,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ცნობით, მაისში რუსეთმა პოპასნაიას სამხრეთით უპირატესობას მიაღწია, თუმცა მისი პროგრესი ამ მხარეში გასულ კვირას შეჩერდა.
"იზიუმთან ძლიერი დაბომბვის შესახებ ცნობები იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ რუსეთი ჩრდილოეთ ღერძზე განახლებული შეტევებისთვის ემზადება,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბრიტანეთის თავდაცვის უწყების შეფასებით, რუსეთს დასჭირდება, აღნიშნული მიმართულებებიდან ერთზე მაინც გარღვევას მიაღწიოს იმისთვის, რომ თავისი ტაქტიკური მიღწევები ოპერაციული დონის წარმატებად აქციოს და თავის პოლიტიკურ მიზანს მიაღწიოს, რომელიც დონეცკის ოლქზე სრული კონტროლის დაწესებას ითვალისწინებს.

























