სერგეი ლავროვი - მარცვლეულის ექსპორტის პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა, უკრაინელებმა გემები გაუშვან თავიანთი პორტებიდან, მათი განაღმვით ან უსაფრთხო დერეფნების მონიშვნით

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მარცვლეულის გადაზიდვის განახლებაზე პასუხისმგებლობა უკრაინას ეკისრება, ვინაიდან რუსულმა მხარემ ყველა საჭირო ვალდებულება შეასრულა.
„ყოველდღიურად ვაცხადებთ, რომ მზად ვართ უზრუნველვყოთ უკრაინის პორტებიდან და ბოსფორის ყურისკენ მიმავალი გემების უსაფრთხოება. ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ეს ჩვენს თურქ კოლეგებთან ერთად,” - აღნიშნა ლავროვმა თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან ანკარაში შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა მხოლოდ ის, რომ უკრაინულმა პორტები განაღმოს, ან უსაფრთხო დერეფნები მონიშნოს.
„პრობლემის გადასაჭრელად მხოლოდ ის არის საჭირო, რომ უკრაინელებმა გემები გაუშვან თავიანთი პორტებიდან, ან მათი განაღმვით ან უსაფრთხო დერეფნების მონიშვნით, მეტი არაფერია საჭირო,“ - აღნიშნა ლავროვმა.
ლავროვის მტკიცებით, უკრაინულ მარცვლეულთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას საერთო არაფერი აქვს მსოფლიოში სასურსათო კრიზისთან, მაგრამ დასავლეთი მისგან "საყოველთაო კატასტროფას" ქმნის.
„ჩვენ დიდი ყურადღება მივაქციეთ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის პრობლემას. ჩვენი დასავლელი კოლეგები და თავად უკრაინელები ცდილობენ მას უნივერსალური კატასტროფის კლასიფიკაცია მიანიჭონ. თუმცა, ამ უკრაინული მარცვლეულის წილი, რომელზედაც საუბარია, გლობალური ხორბლისა და სხვა მარცვლეულის წარმოებაში 1 %-ზე ნაკლებია. ამიტომ, უკრაინულ მარცვლეულთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას არავითარი კავშირი არ აქვს სასურსათო კრიზისთან,“- აღნიშნა ლავროვმა.

























