მევლუთ ჩავუშოღლუ - ვხედავთ, რომ არსებობს საფუძველი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების პროცესის განახლებისთვის

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, არსებობს საფუძველი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების პროცესის განახლებისთვის.
„ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი მოლაპარაკებები, სადაც განვიხილეთ უკრაინაში არსებული ვითარება და რეგიონალური საკითხები. ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს საფუძველი რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების პროცესის განახლებისთვის,“- განაცხადა ჩავუშოღლუმ რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, თურქეთი თავიდანვე ცდილობს ომის მოლაპარაკებების გზით დასრულებაში წვლილის შეტანას.
„მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების განახლებაში“, - აღნიშნა მან.
ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი ცდილობს გაწონასწორებული პოლიტიკის გატარებას.
„გვესმის, რომ უკრაინა არ არის კმაყოფილი იმით, რომ ჩვენ არ შევუერთდით რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. მაგრამ თურქეთი თავიდანვე ცდილობს შეინარჩუნოს დაბალანსებული პოლიტიკა“, - აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ჩავუშოღლუს თქმით, ანკარა კვლავ მზადაა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და ვლადიმერ ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებისთვის.

























