უკრაინის გენშტაბი - მტერი ქალაქ სევეროდონეცკში თავდასხმის ოპერაციებს არტილერიის მხარდაჭერით ახორციელებდა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გამაგრებას ცდილობდა

მტერი არ წყვეტს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას აღმოსავლეთის ოპერაციულ ზონაში და სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.
„ხარკოვის მიმართულებით, მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია პოზიციური თავდაცვის განხორციელებაზე და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების სახელმწიფო საზღვრამდე წინსვლის აღკვეთაზე. დამპყრობლებმა რუბეჟნოეს, რუსკას, ლოზოვას, ბაირაკისა და დემენტიივკას დასახლებებში ცეცხლი გახსნეს, მათ შორის ავიაციის გამოყენებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
გენშტაბის ცნობით, სლოვიანსკის მიმართულებით, რუსი ოკუპანტების ძალისხმევა მიმართულია ბოჰოროდიჩნის დასახლებაზე სრული კონტროლის დამყარებასა და სლოვიანსკზე შეტევის განხორციელებისთვის პირობების შექმნაზე.
„მტერმა დიბრივნეს, კარნაუხივკას, ნოვა დმიტრივკასა და ვერნოპოლის მახლობლად ტერიტორია არტილერიის გამოყენებით დაბომბა. ლიმანის მიმართულებით რუსი ოკუპანტები ახდენენ ჯარების გადაჯგუფებას, რათა განავითარონ შეტევა ლიმან - რაიჰოროდოკის და იამპილ-სივერსკის მიმართულებებზე. მტერი ქალაქ სევეროდონეცკში თავდასხმის ოპერაციებს არტილერიის მხარდაჭერით ახორციელებდა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გამაგრებას ცდილობდა. ბახმუტის მიმართულებით, აგრესორმა ჩვენი ჯარების პოზიციებს ვიდროჟენიის, ნოვოლუჰანსკისა და ბახმუტის დასახლებების ტერიტორიებზე ცეცხლი არტილერიის გამოყენებით გაუხსნა. ნაწილობრივ წარმატებას მიაღწია,“- აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ინფორმაციით, მოწინააღმდეგე ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დანაკარგებს განიცდის. დაზიანებული იარაღისა და აღჭურვილობის აღდგენის პრობლემის გადასაჭრელად, ბელგოროდის, ვორონეჟის, როსტოვის რეგიონებში, ასევე ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე 30-მდე მობილური ბრიგადა მუშაობს.

























