ზვიად კირტავა - ლუგარის ლაბორატორია - სარგებელი საქართველოსთვის და გაღიზიანების საფუძველი და საბაბი რუსეთისთვის

ლუგარის ლაბორატორიაზე რუსეთის განსაკუთრებით დაინტერესების მიზეზებსა და ამ თემით ანტიამერიკული პროპაგანდისთვის განწყობების მცდელობებზე, დღეისათვის ქვეყანაში კოვიდთან ბრძოლის აქტუალურ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ ჯეოქეისის ჯანდაცვის მიმართულების დირექტორს, კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის პროფესორს, ზვიად კირტავას ესაუბრა.

- ბატონო ზვიად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ისევ გაახმოვანა პოსტსაბჭოთა სივრცეში ამერიკის საქმიანობასთან დაკავშირებით მოსკოვის შიშები“ და ვაშინგტონს სამხედრო - ბიოლოგიური აქტივობის შესახებ პასუხ მოთხოვა“.

ამის შესახებ ზახაროვამ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოტასთანინტერვიუში განაცხადა. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოში ლუგარის სახელობის ცენტრის მუსაობაზე და ბრალი დაგვდო, იმაში, რომ ამ ბიოობიექტის ბაზაზე ტარდება კვლევები მწერების გამოყენებით, როგორც განსაკუთრებულად საშიშ ბიოლოგიურ აგენტებსა და ინფექციების გამავრცელებლებზე.

ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციის თანახმად, მოითხოვს თანამშრომლობა ნებისმიერი გამოძიების ჩასატარებლად კონვენციის ვალდებულებების შესაძლო დარღვევებზე.

რას უკავშირდება ლუგარის ლაბორატორიის თემაზე დროდა დრო რუსეთის ეს შეშფოთებები და მუქარები? რით აიხსნება, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე თვეს რუსეთი ამდენ ყურადღებას უთმობს თბილისში განთავსებულ ლუგარის სახელობის ლაბორატორიას?

- მარია ზახაროვა საქართველოს და კერძოდ, ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მსგავს ანგაჟირებულ განცხადებებს პირველად არ აკეთებს. თუმცა, ფაქტებით ეს განცხადება, ისევე, როგორც წინა განცხადებები, არასდროს ყოფილა გამყარებული.

რუსეთისთვის ლუგარის ლაბორატორიის მიმართ იდეოლოგიური შეტევების განხორციელებას და ინსინუაციების გავრცელებას რამდენიმე კონკრეტული მიზანი და შესაბამისი ადრესატები გააჩნია. საყურადღებოა, რომ ეს კამპანია საკმაოდ ორგანიზებულ ხასიათს ატარებს და რუსული აგრესიული პოლიტიკის გამიზნული და დამუშავებული ვექტორია.

ლუგარის ლაბორატორია - რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი - 2011 წელს გაიხსნა და სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა.

ამჟამად ლაბორატორია წარმოადგენს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სტრუქტურულ ერთეულს და ქვეყნის მთავარ რეფერალურ ლაბორატორიის მიკრობიოლოგიის, ვირუსოლოგიის, და ეპიმდემიოლოგიის კუთხით. იგი ბიოუსაფრთხოების მესამე დონის ლაბორატორიაა და ერთ-ერთი საუკეთესო ბაზაა რეგიონში ბიოსამედიცინო სფეროში და ბიოუსაფრთხოებაში სამეცნიერო კვლევებისათვის და სტუდენტების, მაგისტრების და დოქტორების მოსამზადებლად.

ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ აკრედიტებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია - პოლიომიელიტის, გრიპის, წითელა–წითურას. გარდა ამისა ფუნქციონირებს გარე, საერთაშორისო ხარისხის კონტროლით ლაბორატორიები, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებენ როტავირუსების, ინფექციური მენინგიტების, მალარიის, ანტიბიოტიკორეზისტენტობის, დიფთერიის და სალმონელოზების დიაგნოსტიკაში.

მსოფლიოში არსებობს ბიოუსაფრთხოების მე-4 - უმაღლესი დონის ლაბორატორიებიც, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში არ არის. მესამე დონის ლაბორატორიაში არ მუშაობენ რამდენიმე განსაკუთრებით საშიშ პათოგენთან - მაგალითად, შავი ჭირის, ებოლას და ჯილეხის გამომწვევებთან.

უნდა ითქვას, რომ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მეოთხე დონის ლაბორატორია არ არის. ასეთი ლაბორატორიები პოსტსაბჭოთა სივრცეში გააჩნიათ მხოლოდ რუსეთს და ბელარუსს.

საინტერესოა, რომ საქართველოში ასათიანის ქუჩაზე არსებული „შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგურში“ თითქმის 70 წლის განმავლობაში შავი ჭირის, ჯილეხის, ბრუცელოზის საშიშ პათოგენებზე მუშაობდნენ. ანუ, იმ დროს, როცა საქართველო სსრკ-ს შემადგენლობაში შედიოდა, თბილისში და ასევე ტაბახმელის ბიოლოგიურ კომბინატში უფრო საშიშ პათოგენებთან ხდებოდა მუშაობა, ვიდრე დღეს ლუგარის ლაბორატორიაში ხდება.

სხვათა შორის, საიდუმლო გეგმის შესაბამისად, ტაბახმელის ბიოკომბინატს, რომელიც ვაქცინებს აწარმოებდა, 24 საათში შეეძლო გადაეწყო სამუშაო პროცესი და ბიოლოგიური იარაღის კომპონენტების გამოშვებაც დაეწყო.

ლუგარის ლაბორატორიის ჩამოყალიბების დროს ამერიკის მთავრობას რამდენიმე მიზანი ამოძრავებდა, - საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძალიან გაიზარდა როგორც საბჭოთა სპეციალისტების მიგრაციის, ასევე სხვადასხვა ტექნოლოგიების და სახიფათო მასალების გადინების რისკი ირანში და ჩრდილოეთ კორეაში, სადაც აღნიშნული პროფესიონალების და ტექნოლოგიების გამოყენება დიდი ალბათობით, მოხდებოდა ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად.

გარდა ამისა, საქართველო წარმოადგენდა რეგიონში ამერიკის მთავარ პარტნიორს და აღნიშნული მაღალი დონის ლაბორატორია დახმარებას გაუწევდა საშიში ინფექციების დროულად ამოცნობასა და დიაგნოსტიკაში როგორც ქართველ მოსახლეობას, ასევე - საჭიროების შემთხვევაში რეგიონში მახლობლად განლაგებულ ამერიკულ სამხედროებს.

ამერიკის ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ფინანსური დახმარება 350 მილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა 2018 წლიდან ლაბორატორია გეგმის თანახმად გადმოეცა საქართველოს და მის მართვას და დაფინანსებას ახლა საქართველოს მთავრობა ახორციელებს.

ლუგარის ლაბორატორია განსაკუთრებულ როლს თამაშობს, არა მარტო პრაქტიკული - სადიაგნოსტიკო სამუშაოების უმაღლეს დონეზე, დასავლური სტანდარტებით და უმოკლეს დროში ჩასატარებლად, არამედ სტუდენტების, მაგისტრების და დოქტორანტების სამეცნიერო მუშაობის კუთხით.

რეგიონში ბევრ სახელმწიფოს არ შეუძლია ვირუსის ასე ოპერატიულად დადგენა, როგორც ლუგარის ლაბორატორიის ქართველ სპეციალისტებს. აქ ხდებოდა "ღორის გრიპად" წოდებული H1N1, ფრინველის გრიპის ვირუსის და კორონავირუსის დიაგნოსტირება. ლუგარის ლაბორატორიამ შეძლო ჯერ კიდევ პანდემიის გამოცხადებამდე - 2020 წლის 4 თებერვლიდან - კოვიდ-19 PCR ტესტირება გერმანიიდან მიღებული ტესტ-სისტემებით.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის გაზაფხულზე ლუგარის ლაბორატორიის მიერ PCR ტესტირების ჩატარებაც და პასუხის მიღებაც უფრო მალე ხდებოდა , ვიდრე აშშ-ში, ხოლო რუსეთის ოფიციალური პირების მიერ 7 მაისს დადასტურებულ იქნა, რომ მათ მიერ ადგილობრივი ფირმა ვექტორის მიერ წარმოებული PCR ტესტების დიდი ნაწილი არასწორ შედეგს იძლეოდა.

რუსეთისთვის ლუგარის ცენტრის არსებობა რამდენიმე მიზეზით არის პრობლემური:

1) რუსეთის პოლიტელიტა გაღიზიანებულია ლუგარის ლაბორატორიის თავად არსებობის ფაქტით - საქართველოში მაღალი ხარისხის ლაბორატორიის ფუნქციონირება ხელს უშლის მათ თეზისებს იმის თაობაზე, რომ საქართველოს რეალური წარმატებები არცერთი მიმართულებით არ აქვს.

2) განსაკუთრებულ ეჭვიანობას იწვევს რუსეთის ხელისუფლებაში ლაბორატორიის მაღალი დაფინანსება აშშ მხრიდან, კერძოდ, თავდაცვის საფრთხეების აღმოჩენის სააგენტოს – DTRA მიერ.

3) რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის ძალიან მტკივნეულია იმის აღიარება, რომ საქართველო, კოვიდ-19 ტესტირების დაწყების სისწრაფის და სიზუსტის კუთხით, რუსეთზე უფრო წინ აღმოჩნდა, და ამაში, ლომის წვლილი სწორედ ლუგარის ლაბორატორიაზე მოდიოდა, რომელმაც ჯერ PCR დიაგნოსტიკის განხორციელების მძიმე ტვირთი იტვირთა, ხოლო მალევე, საქართველოს კიდევ 4 ქალაქში დაიწყო ტესტირება. პანდემიის ბოლო ეტაპზე ლუგარის ლაბორატორიის ტრენინგ და რეფერენს-შესაძლებლობების დახმარებით გამართული და სანდო ტესტირება როგორც PCR, ასევე ანტიგენური და ანტისხეულების ტესტებით უკვე 32 ლაბორატორიაში ხორციელდებოდა და ეს მონაცემები თავს სწორედ ლუგარის ცენტრში იყრიდა.

4) რუსეთი ძალიან მონდომებულია, რომ საქართველოს არა ამერიკის მიერ დაფინანსებულ და აღჭურვილ ცენტრში შეეძლოს უახლესი მეთოდებით მაღალი სანდოობის გამოკვლევების ჩატარება, არამედ მუდმივად სწორედ რუსეთზე იყოს დამოკიდებული - ტესტ-სისტემების მიღების, თუ თავად ტესტების მოსკოვში ჩატარების კუთხით. რა თქმა უნდა, აბსურდია, რომ ისეთ სენსიტიურ საკითხში, როგორიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობაა, შეიძლება ენდო სწორედ იმ ქვეყანას, რომელსაც შენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და ყველანაირად მოწადინებულია, ბოლომდე მიიყვანოს საქართველოს დეზინტეგრაცია.

5) თანამედროვე პირობებში ჰიბრიდული ომით გამოწვეული ზარალი შეიძლება იმდენად დიდი იყოს, რომ აგრესორს არც დაჭირდეს გაცილებით ძვირი და მისთვისაც დანაკარგების მომტანი კონვენციური საომარი მეთოდების გამოყენება. თუ საქართველოს არ ექნებოდა მაღალი ხარისხის ვირუსოლოგიური ლაბორატორია, რუსეთისთვის გაცილებით იოლი იქნებოდა საქართველოში პანიკის დათესვა, სხვადასხვა ინფექციების და განსაკუთრებით, კოვიდ-19 პანდემიის პერიოდში.

- რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის მიმართ მიზანმიმართულ ბრძოლას მართლაც დიდი ხანია ეწევა.

რამდენად ეფექტური და თანმიმდევრულია მის მიერ ამ ბრძოლაში გამოყენებული „არგუმენტები“?

- დიახ, რუსეთმა ეს ომი ჯერ კიდევ მაშინვე დაიწყო, როდესაც ლაბორატორია აშენებული და გახსნილიც კი არ იყო - დაიწყო სრულიად არაარგუმენტირებული შეტევებით, რომელშიც ერთ-ერთ წამყვან ფიგურად გამოყენებული იყო ოდიოზური ონიშჩენკო - "როსპოტრებნადზოპრის" უფროსი და მთავარი სანიტარული ექიმი, რომელიც დავალებების მიხედვით ხან ქართულ ღვინოში „ნახულობდა“ პესტიციდებს და ქიმიკატებს, ხან ქართულ მინერალურ წყალს ადებდა ვეტოს და არც ლუგარის ლაბორატორიის „საფრთხის“ შესახებ დაახანა - 2012 წელს განაცხადა, ქართველები ლუგარის ცენტრში ადამიანებზე ატარებენ ექსპერიმენტებსო.

ამას მოჰყვა მითები იმის შესახებ, რომ ლუგარის ცენტრიდან მოხდა ღორის ჭირის ვირუსის შეტანა რუსეთში. არავითარი არგუმენტაცია არ იყო წარმოდგენილი. შემდეგ ეს ბრალდება გაიმეორა რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების უფროსმა იგორ კირილოვმა. ხოლო საქართველოდან გაქცეულმა უშიშროების ყოფილმა ხელმძღვანელმა იგორ გიორგაძემ ისიც კი თქვა, ჩემი მონაცემებით С-hepatiti-ით დაავადებულ პირებს ლუგარის ცენტრში პრეპარატ სოვალდს აძლევდნენ და 73 ადამიანია დაღუპულიო.

თუმცა, როდესაც წყაროს დასახელება სთხოვეს, იძულებული გახდა, ეთქვა, რომ მსგავსი მონაცემები მას არ ჰქონდა, - უბრალოდ, სხვებს აქვთო...

2013 წელს მოულოდნელად, ლუგარის ლაბორატორიას არა ბიოლოგიური, არამედ ქიმიური იარაღის, გავრცელება დააბრალეს, უკრაინასთან ერთად... თანაც სირიაში, სადაც სწორედ რომ რუსეთი იყენებდა აკრძალულ ქიმიურ იარაღს სირიელი მოსახლეობის წინააღმდეგ.

გარდა ამისა, იყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის კგბ-სა და ისევ ონიშჩენკოს მხრიდან „დუპლეტი“ ბრალდება იმაზეც, რომ საქართველო თითქოსდა, ლაბორატორიაში კოღოებსა, ტკიპებსა და სხვა მწერებზე ატარებდა ექსპერიმენტებს, შემდეგ კი შავი ზღვის აკვატორიაში ეს მწერები ზიკას ვირუსებით დაასნებოვნა (!) და ავრცელებდა ცხინვალის მიმართულებითო.

ამის პარალელურად, იმავე 2018 წელს ახლა უკვე აზიური ფაროსანას გამოყვანაც და შემდეგ აფხაზეთში გავრცელებაც ლუგარის ლაბორატორიას დააბრალა „როსსელხონზნადზორისწარმომადგენელმა, ვინმე იულია მელანომ.

ასე რომ, ლუგარის ლაბორატორიას რუსეთი მუდმივად ახალ-ახალ ინსინუაციურ ბრალდებებს უყენებს - არასოდეს - ფაქტებით გამყარებულს.

- ასეთ ბრალდებებს რამდენად აქვთ დამაჯერებლობა?

- დამაჯერებლობა არასოდეს იყო რუსული პოლიტიკური განცხადებების ძლიერი მხარე და არც იწუხებენ ამაზე თავს. იოზეფ გებელსის და არქიფო სეთურის კრედოს თანახმად, მთავარია, დიდი ტყუილი რაც შეიძლება ხშირად იქნას გამეორებული.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსული პოლიტმანქანის სამიზნე ძირითადად სწორედ რუსეთის მოსახლეობაა და არა დასავლელი ოპონენტები. რუსების წარმოდგენაში ლუგარის ლაბორატორია რაღაც უმაღლესი კატეგორიის „მონსტრად“ ჩამოაყალიბეს, რომლის მეშვეობით ამერიკა და საქართველო. თურმე რუსეთის განადგურებას ცდილობენ.

- მაგრამ რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის სამიზნე ქართველი მოსახლეობაც ხომ არის?

- დიახ. ნამდვილად იკვეთება ქართული მოსახლეობის მიმართ გულდათუთქული რუსი პოლიტიკოსების მესიჯბოქსი - როცა „ამტკიცებენ“ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, რომ ლუგარის ლაბორატორია ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღს ავითარებს და იყენებს რუსეთის წინააღმდეგ, იმასაც უმატებენ, რომ ამ იარაღის გამოცდა, თურმე საქართველოს მოსახლეობაზე ხდება.

ამ მოგონილი ბრალდებით ცდილობენ გააღვივონ ქართველებში ლაბორატორიის მიმართ შიში, უნდობლობა და დააჯერონ, რომ ამერიკელების დახმარებით შექმნილი ცენტრი ქართველების განადგურებას ისახავს მიზნად.

სამწუხაროდ, ამ ამოცანის რეალიზებაში რუსულ პროპაგანდას აქტიურად ეხმარება არა მარტო რუსული საბრძოლო დანაყოფები - „რაშა თუდეი“ და „სპუტნიკი,“ არამედ ქართული ალტ-ინფოც და დასახელებულ მედიაში დასაქმებული ქართველებიც.

- მაგრამ, ახლა ბოლო წლების განმავლობაში მარია ზახაროვა გააქტიურდა...

- დიახ, რუსეთმა გადაწყვიტა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო აქციოს ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მთავარ დამრტყმელ არტილერიად. ეს გამოიკვეთა მას შემდეგ, რაც 2020 წლიდან, რადგან რუსეთი, სხვადასხვა მედიასაშუალებებში წლების განმავლობაში ყალბი ინსინუაციების გავრცელების შემდეგ ცდილობს ახლა უფრო დიპლომატიური არხებით მოახდინოს მის მიმართ არსებულ ნებისმიერ ბრალდებაზე - ქიმიური თუ რადიაციული იარაღის გამოყენება იქნება, არალეგალური სამხედრო ფორმირებების მიერ განხორციელებული ოპერაციები, და ახლა უკვე - ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოს მიმართ სისხლისმღვრევი ომი - პასუხი გასცეს ლუგარის ლაბორატორიის „მონსტრი“ იმიჯის დაპირისპირებით.

მაგალითად, სკრიპალების გამაოგნებელი მოწამვლის შემდეგ, რუსეთმა ჰაიჰარად შეთხზა მითი, რომ ვითომდა „ნოვიჩოკიც“ კი ლუგარის ლაბორატორიაში იყო გამოყენებული... მათ ფანტაზიას მართლაც არ აქვს საზღვარი...

2020 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა.

კიბერშეტევის მიზანი იყო სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

კიბერშეტევის შედეგად მოპოვებული დოკუმენტაციის ნაწილი აიტვირთა ერთ-ერთ უცხოურ ვებ-გვერდზე. გარდა ავთენტიკური დოკუმენტებისა, აღნიშნულ ვებგვერდზე აიტვირთა ფალსიფიცირებული მასალები, რომელთა მიზანსაც წარმოადგენდა საზოგადოების დაშინება, დაბნეულობისა და უნდობლობის დანერგვის მიზნით. გასაგებია, რომ ეს ყველაფერი რუსული მხარის დაკვეთით მოხდა.

BBC-ის თანახმად, მედიკამენტები, რომლებიც ამ პროგრამაში სამკურნალოდ გამოიყენებოდა —სოვლადი და ჰარვონი — ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სანქცირებული და მაღალეფექტური პრეპარატებია. არადა, გიორგაძის გამოქვეყნებული დოკუმენტები ისე წარმოაჩენდა, თითქოს ამ წამლების ტესტირებისას დაიხოცა ათობით ადამიანი.

სინამდვილეში, С ჰეპატიტის აღმოფხვრის უნიკალურმა პროგრამამ, რომელიც პირველად საქართველოში განხორციელდა, 36 000 ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ჯანდაცვის ორგანიზაცია უმაღლეს შეფასებას აძლევს საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ბატონ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიამ გაიარა ყველა ტიპის უმაღლესო შემოწმება და აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს. რუსები ოფიციალურად იყვნენ მიწვეულნი ჟენევაში არსებულ სპეციალურ სამდივნოში, რომელიც სწავლობს ბიოლოგიური უსაფრთხოების საკითხებს და რომელმაც 2018 წლის ნოემბერში ჩაატარა სპეციალური შესწავლა.

დელეგაციაში შედიოდა 18 ქვეყნის 21 წარმომადგენელი, მოიწვიეს რუსეთიც, რომელმაც უარი თქვა – არ მივიღებთ მონაწილეობას ამ შეფასებაშიო. შესწავლის ანგარიში განთავისუფლბული თვითონ ჟენევის ბიოლოგიური უსაფრთხოების სამდივნოს ვებზე, ცენტრის ვებ-გვერდზე, ყველა ენაზე და გამჭვირვალე.

გარდა ამისა, 2020 წელს გაკეთდა საქართველოს მზადყოფნის ორი დიდი შეფასება . ერთი გააკეთა ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (ECDC) და მეორე - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO).

მოწვეული იყო პირადად მარია ზახაროვაც, მაგრამ მან უარი განაცხადა. რა თქმა უნდა, მათ არ აწყობთ ჩამოსვლა და რეალობის გაცნობა - მერე უფრო რთული იქნება საკუთარი მედიარუპორების და უცხოეთში დაფინანსებული ფსევდომედიების მიერ გავრცელებული მოგონილი ჭორებით აპელირება რადგან ლუგარის ლაბორატორია გახდა

როდესაც ჰკითხეს, რატომ მიიჩნევს რუსეთი, რომ შტატები არღვევს ბიოლოგიური და ტოქსიკური აკრძალვის კონვენციას, რა არგუმენტები აქვთ რუსებს და რომელ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში მიმდინარეობს მსგავსი სამუშაოები, ზახაროვამ განაცხადა, რომ არაერთხელ გამახვილდა ყურადღება საქართველოში საქმიანობაზე...

ანუ, ჯერ იგონებ უსაფუძვლო ჭორს, მერე მასიურად ავრცელებ, მერე აცხადებ, რომ დასაბუთება თურმე ისაა, რომ ამაზე უკვე „მრავალჯერ გამახვილდა ყურადღება... არა არგუმენტები, არამედ - “ყურადღების გამახვილება”, ფსევდოფაქტი... სწორედ ეს არის ქალბატონი ზახაროვას დიპლომატიის აპოთეოზი.

- მოდით დავუბრუნდეთ ვირუსების გავრცელების საფრთხეს. რაღაც ძალიან უცნაურია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყებისთანავე თითქოს მსოფლიო მედიის თვალსაწიერიდან გაქრა კოვიდ-19.

ამავე დროს გამოჩნდნენ ახალი ვირუსები, - გამოუცნობი ჰეპატიტის და მაიმუნის ყვავილის... რისთვის უნდა ვემზადოთ?

- როგორც ყოველთვის, თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოსალოდნელი ომის ნერვიულობას უნდა გადავყვეთ.

კოვიდი არ გამქრალა, ის, რომ კოვიდის ბოლო - ომიკრონის ტალღა საქართველოში აპრილისთვის თავის თავს ამოწურავდა, მოსალოდნელი იყო და ჩვენი ბოლოსწინა ინტერვიუს დროს მეც ვივარაუდე.

ბოლო ინტერვიუში კი ვისაუბრეთ ჩინეთში შემთხვევების გახშირებაზე და შანხაის უმკაცრეს ლოქდაუნზე, რომელიც 2 თვე გაგრძელდა და 26 მილიონიანი ქალაქის ლამის პარალიზება გამოიწვია - არა თავად ომიკრონის ტალღამ, რომელიც დასავლურ ტალღებზე ბევრად ნაკლები იყო, არამედ მასზე ჩინური ხელისუფლების დრაკონულმა ნულოვანი კოვიდის ტაქტიკამ, რომლის ბოლო და ერთადერთ განმახორციელებლად ახლა სწორედ ჩინეთი რჩება.

ახლა შედარებით მაღალი გავრცელება რჩება ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, სადაც ახლა ზამთარია. საქართველოში გვაქვს მეტნაკლებად სტაბილური სიტუაცია ბოლო თვეებში - დაახლოებით 500 შემთხვევა და ერთეული გარდაცვალება ყოველკვირეულად.

თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი პოპულაციური იმუნიტეტის მთავარი ღერძი ახლა ომიკრონის იანვარ - მარტის მასიური ტალღის შედეგად განვითარებული ბუნებრივი იმუნიტეტია. თუმცა ომიკრონით განპირობებული იმუნიტეტი 4-5 თვეზე მეტხანს არ ძლებს და ეს დამცველი ფარი ალბათ აგვისტომდე გასტანს. ამიტომ ტრადიციულად ოქტომბერი იქნება საფრთხის შემცველი, თუ მსოფლიოში ახალი ვირულენტური მუტაცია გაჩნდა

რაც შეეხება ბავშვთა მწვავე ჰეპატიტს და მაიმუნის ყვავილს, რამდენადაც მათი გადაცემა არ ხდება ჰაერ-წვეთოვანი გზით, მათ არ ექნებათ გავრცელების კოვიდისეული ტემპი.

თუმცა კარგია, რომ საქართველოში უკვე არის მზაობა მაიმუნის ყვავილის ტესტირებისათვის და ქვეყანამ ასევე წარადგინა განაცხადი ამ დაავადების ახალი სამკურნალო პრეპარატის მისაღებად. ასე რომ ალბათ, მაინც ხანშიშესულთა და რისკის მქონეთა დროული კოვიდ-ვაქცინაცია იქ ნება ოქტომბრის ტალღის პრევენციის ყველაზე რეალური საშუალება.

- და ეს ახალი ოქტომბრის ტალღა , თქვენი აზრით გარდაუვალია?

- არა, ამას არ ვიტყვი. შეიძლება უფრო ნაკლები გავრცელება ჰქონდეს, ან უფრო დაბალი სიკვდილიანობაც კი ვიდრე ომიკრონს. კარგი იქნება, თუ მომზადებული დავხვდებით.

მაგალითად, ახლა, ზაფხულის პერიოდში მობილობა მკვეთრად იზრდება, ხოლო პირბადეს არავინ ატარებს. არადა, ცუდი არ იქნება, თუ რისკის მქონე ადამიანები, ხანშიშესულები და ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები მაინც გაიკეთებენ პირბადეს ხალხმრავალ ადგილებში.

პრევენცია უფრო იაფიც ჯდება და ნაკლებად საშიშიცაა, ვიდრე დაავადება...

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა