ანა ნაცვლიშვილი - ჩვენ მივყვებით ევროპის იდეას, ამიტომ 16-შიც ვიქნებით, 20-შიც და შემდეგ რამდენჯერაც და სადაც საჭირო იქნება, ვიქნებით იქ

ჩვენ მივყვებით ევროპის იდეას, ამიტომ 16-შიც ვიქნებით, 20-შიც და შემდეგ რამდენჯერაც და სადაც საჭირო იქნება, ვიქნებით იქ. ჩვენ მივყვებით იდეას და ჩვენთვის ძვირფასია საქართველოს ევროპული მომავალი, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, რომელმაც 20 ივნისს მოძრაობა „სირცხვილიას“ დაგეგმილი აქციის პარალელურად, ევროკავშირის მხარდასაჭერი აქცია 16 ივნისსაც დაგეგმა.

ნაცვლიშვილის თქმით, კარგი იქნებოდა, რომ ყოფილიყო ერთი აქცია.

„ყველგან უნდა ვიყოთ, სადაც საქართველოს მომავალს ხედავენ ევროპაში და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ჩვენ, „ლელოს“ მიგვაჩნია, რომ ევროპა არ არის ვინმეს მონოპოლიური იდეა. ეს არ არის არც ხელისუფლების, არც ოპოზიციის, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, რომელსაც ასევე აქვს მრავალფეროვანი პოლიტიკური შეხედულებები. თავიდანვე ვთქვით, რომ 20 ივნისის აქცია არ უნდა ყოფილიყო ისეთი, რომელიც ვინმეს დატოვებდა განზე და აგრძნობინებდა, რომ იქ მისი ადგილი არ არის.

მინდა მოქალაქეებს მივმართო, მესმის ყველაფერი, მათ შორის ეკონომიკური ფაქტორები, რომელიც ძალიან ბევრისთვის არის შემაფერხებელი, მაგრამ არ არის აუცილებელი ყველა თბილისში ჩამოვიდეს - ყველას შეუძლია თავის ქალაქში, 20-ში 20:00 საათზე აჩვენოს ერთიანობა. ქუთაისში, ბათუმში, თელავში, ოზურგეთში, ყველგან, სადაც ვართ და ძალიან ბევრი ვართ ისეთი, ვისაც გვინდა ევროპა. რაც შეიძლება მეტი უნდა მივიდეთ ფიზიკურად. არ გვინდა ერთმანეთი ვნახოთ და ეს მუხტი გავცვალოთ? ეს პოზიტიური ძალიან მნიშვნელოვანია. მაქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირის ელჩიც იქნება, მითუმეტეს 16-ის აქციაზე პრეზიდენტმა მოიწვია ელჩები. ასევე მაქვს იმის მოლოდინი და მინდა, რომ 20-ში პრეზიდენტიც მოვიდეს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გარდა ამისა, მან ასევე ისაუბრა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, რომელშიც ევროპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას ითხოვს.

„ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით ოცნების მხრიდან მანიპულაციას, რომ თურმე მხოლოდ რამდენიმე ევროპარლამენტარი გაეცნო რეზოლუციას. ე.ი. ქართველი დეპუტატები როგორც არიან - რომ არ კითხულობენ, ისე აწევენ და დაწევენ ხელს, ჰგონიათ, რომ ევროპარლამენტშიც ხალხი არ კითხულობს ისე აძლევს ხმას. პოლიტიკური დებატების დროს არავინ გამოექომაგა და დაიცვა „ოცნება“, მათ შორის ევროპული მასშტაბით არც საკუთარმა პარტიამ - „სოცდეკებმა“. იმ დებატების დროს არცერთი ევროპარლამენტარი, მათ შორის ისინი, ვინც „ოცნების“ თანაპარტიელები არიან ევროპულ ოჯახში და რომლებიც წლების განმავლობაში საკმაოდ იცავდნენ „ოცნების“ პოზიციებს, აღარავინ „ოცნების“ პოზიციას არ ექომაგება. მათ აქვთ ძალიან გაფუჭებული საქმე“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა