მისცემს თუ არა ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ჩვენებას, ეს უცნობია.
კლინიკა "ვივამედში" გასვლითი სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს.
როგორც კლინიკასთან სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყოფილი პრეზიდენტი მან დღეს დილით ნახა და მისი იმჟამინდელი მდგომარეობით, სააკაშვილი ჩვენების მიცემას ვერ შეძლებს.
„დღევანდელი პროცესი და მოსამართლე ჩახნაშვილის გადაწყვეტილება ახალი სიტყვაა მართლმსაჯულებაში და ვფიქრობ, მიუწვდომელი სიმაღლეები დაიპყრო, როცა ადამიანს პროცესში მონაწილეობის მიღებას აიძულებენ. ეს არ მომხდარა რუსეთშიც კი და ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს კადრები, როგორ უტარებდნენ მწოლიარე ნავალნის სასამართლო პროცესს და უარესი მეორდება საქართველოში, როცა მწოლიარე ადამიანს აიძულებენ პროცესში მონაწილეობის მიღებას. ყველა ფუნდამენტური პროცესის ფეხქვეშ გათელვაა, უპატივცემლობაა იმ ექიმების, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს მკურნალობენ და გამოაგზავნეს ცნობა, რომ მას სასამართლო პროცესზე სრულფასოვანი მონაწილეობა არ შეუძლია.
პრეზიდენტი დილით ადრე ვნახე, რა მდგომარეობაშიც ის იყო, ჩვენებას ვერ მისცემს, ის წევს, წოლითი რეჟიმი აქვს და მილევადი ენერგია. პროკურორმა დამადანაშაულა, ექიმივით რატომ საუბრობსო“, - განაცხადა თუთბერიძემ.
დღევანდელ პროცესზე ადვოკატი სხდომაზე ჟურნალისტებისა და სასამართლო მონიტორინგის დასწრების შუამდგომლობას დააყენებს. ადვოკატის თქმითვე, „სხდომის ჩატარების ადგილს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები არ უნდა შეეწიროს".
კლინიკა "ვივამედში" საქმის მოსამართლე, ნინო ჩახნაშვილი, ადვოკატი და პროკურორები მივიდნენ. პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.
აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.