მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 27 ივნისისთვის გადაიდო

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დასწრება ვერც კლინიკა "ვივამედში" შეძლო. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი 27 ივნისისთვის გადაიდო.

როგორც გასვლითი სასამართლო სხდომიდან გამოსვლის შემდეგ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა, სააკაშვილი ისეთ მედიკამენტებს იღებს, მას პროცესში მონაწილეობის მიღება და ჩვენების მიცემა ამ ეტაპზე არ შეუძლია.

თუთბერიძის თქმითვე, დღევანდელ სხდომაზე ყოფილი პრეზიდენტის მკურნალი ექიმები დაიკითხნენ, რომლებმაც დაადასტურეს, რომ სააკაშვილს სხდომაში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია.

"პროცესი გაიხსნა, გაიმართა გასვლითი სხდომა, ვფიქრობ, კანონის ძალიან უხეში დარღვევით და წინასწარ დადგმული სცენარის მიხედვით. პროცესი გაიმართა მიხეილ სააკაშვილის პალატის ახლოს მდებარე ოთახში, სადაც სასამართლო დარბაზი იყო იმპროვიზირებული. ჩვენ სამედიცინო დაწესებულების ცნობა წარვადგინეთ, სადაც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა მედიკამენტური მკურნალობისა და ზეგავლენის ქვეშ იმყოფება და მის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია შეიძლება ადეკვატური არ იყოს. აღნიშნულს თან ახლდა ასევე, "ვივამედიდან" ცნობა, სადაც ეწერა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი გამოცხადება სხდომაზე შეუძლებელი იყო.

სხდომაზე გამოიკითხნენ მკურნალო ექიმები, მაგ სასამართლოს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მკურნალმა ექიმმა დაადასტურა, რომ არავითარი ტრანსპორტირების ხაზგასმა არ ყოფილა, ის გულისხმობდა, რომ ჩვენების მიცემა და პროცესში მონაწილეობის მიღება მიხეილ სააკაშვილს არ შეუძლია. ასევე გამოკითხული იქნა ნევროლოგი, რომელმაც სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდა იმ მკურნალობის, მათ შორის, მედიკამენტოზური მკურნალობის შესახებ, რომელსაც პრეზიდენტი იღებს და მანაც აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სააკაშვილის დაკითხვა რეკომენდირებული არ არის.

უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი პროცესი და ზოგადად, სრული პროცესი ორკესტრირებულია, როცა პროკურორები დღევანდელ სხდომაზე ცდილობდნენ ექიმებისგან ამოეგლიჯათ თარიღი ან საათი, როდის შეიძლებოდა მოსულიყვნენ",- განაცხადა თუთბერიძემ.

მისივე განმარტებით, ხელისუფლებას აღნიშნულ საქმეზე განაჩენის დაჩქარება სურს.

"მოტივი შეიძლება იყოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც სავარაუდოდ, მალე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, სადაც მჯერა, რომ ხელისუფლებას მნიშვნელოვანი დარღვევები დაუდგინდება და საქართველოს ხელისუფლებას სურს ჰქონდეს ახალი განაჩენი, რომელიც გასაჩივრებული ტექნიკურად ვერ იქნება. თუ მას მოუწია მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გაუქმება, ან გათავისუფლების რეკომენდაცია მიიღო სტრასბურგის სასამართლოსგან, მათ შეუძლიათ სიტყვის მასალად და დემაგოგიური მიზნებით ახალი განაჩენი ჰქონდეთ", - განაცხადა თუთბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო