ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2022

კახა გოგოლაშვილი - “ევროპერსპექტივა სახუმარო საქმე არ არის, მაგრამ...”

რატომ იგებენ რუსები დღისით და აგებენ ღამით - ბოლო ცნობები უკრაინიდან

თინა ხიდაშელი - “ახლა სწრაფად მოქმედებაა საჭირო, რომ გაჩნდეს პოლიტიკური მზადყოფნა ახალი პროევროპული მოძრაობის დასაწყებად”

რა მოჰყვება 20 ივნისის აქციას - რა შეცვალა ევროკომისიის დასკვნამ და გამოვა თუ არა ხალხი ქუჩაში

გია ხუხაშვილი - “თუ არა უტიფრობა, სხვა რა უნდა იყოს მარცხის გამარჯვებად გამოცხადება?”

* * *

კახა გოგოლაშვილი - “ევროპერსპექტივა სახუმარო საქმე არ არის, მაგრამ...”

“თუ ისე შევხედავთ, რომ რაღაც მოგვანიჭეს, პესიმისტური ნამდვილად არ არის. ჩვენ მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რისი იმედიც არ გვქონია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ევროპერსპექტივა სახუმარო საქმე არ არის. პრინციპში, ეს ჩვენი შანსია, რომ მივაღწიოთ ინტეგრაციას და ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, რას დავამტკიცებთ. სანამ ევროპერსპექტივა აღიარებული არ არის, არანაირი გარანტია არა გაქვს, რომ ევროკავშირში ოდესმე მიგიღებენ ან დაიწყებენ თუ არა შენთან გაწევრებაზე მოლაპარაკებას. ამიტომ ევროპერსპექტივის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, რომელსაც ახლავს პირობები, რაც ჩაიწერა დასკვნაში. პრაქტიკულად, პირობების შესრულების შემთხვევაში, გარანტირებულია კანდიდატის სტატუსი. თუ შესრულება არ გინდა, მუშაობა გეზარება და ასე შემდეგ, მაშინ პესიმისტურად განწყობილი რატომ უნდა იყო?” - აცხადებს რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ევროპერსპექტივა სახუმარო საქმე არ არის, მაგრამ...”

“ვფიქრობ, პესიმიზმის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ პესიმიზმს სხვა რაღაც იწვევს, მაგალითად, შენიშვნები, რომლებიც ჩაიწერა ევროკომისიის დასკვნაში, ბოლო ორი წელია, ინტენსიურად შეგვახსენებდა ევროკავშირი და ჩვენ შეგვეძლო ყოველივე ადრე გამოგვესწორებინა.... მოსაზრებები და განცხადებები, რომ ჩვენ საქართველო-უკრაინა-მოლდოვის ტრიოს ჩამოგვაშორეს, რომ შავი ზღვის კონტექსტიდან ამოვვარდით ამ ყველაფრის აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაციაა. ჯერ ერთი, სამეული ევროკავშირს არ შეუქმნია და მით უმეტეს, არავის ჩამოვუშორებივართ. თუ მოლდოვასა და უკრაინას ენდომებათ, გავაგრძელებთ თანამშრომლობას ამ სამეულის ფარგლებში. მაგალითად, დასავლეთ ბალკანეთში თანამშრომლობის ექვსი სხვადასხვა ფორმატია და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიც განიხილებიან როგორც ერთი ტალღის ქვეყნები გაწევრების კონტექსტში, მაგრამ ყველას განსხვავებული სტატუსი აქვს - ზოგს მოლაპარაკება დასრულებული აქვს, ზოგი მოლაპარაკების დასრულების სტადიაშია, ზოგი ახლა იწყებს, ზოგიც კანდიდატია, ხოლო ზოგი კანდიდატის სტატუსს ელოდება და ერთმანეთთან ძალიან კარგად თანამშრომლობენ. ამიტომ ეს აბსოლუტურად არასწორია. ისიც არასწორი გაგებაა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან რაღაც დაბალ რანგში გადაგვიყვანეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტრთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.

“აღმოსავლეთ პარტნიორობაში როგორც ვიყავით, ისევე ვრჩებით და არც შავი ზღვის კონტექსტიდან ამოვარდნას არ ნიშნავს, რადგან ვის აქვს პერსპექტივა სამხრეთ კავკასიაში, რომელ ქვეყანას აქვს ჩვენ გარდა? ასე რომ, ამ ორი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით ევროკავშირის გაფართოების ახალი ტალღა დაიწყო და შეიძლება ითქვას, ჩვენ მათ გვერდით ვართ და ვიქნებით ამ ახალ ტალღაში, თუ იმ საკითხებს, რომლებიც პირობების სახით არის წარმოდგენილი, სწრაფად შევასრულებთ და შესაბამის რეფორმებს გავატარებთ. თუ პოლიტიკური ნება იქნება და რეფორმებს დავაჩქარებთ, შესაძლებელია მაქსიმუმ ერთ წელში ჩვენც მივიღოთ კანდიდატის სტატუსი ზუსტად ისე, როგორც მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს და დავეწიოთ მათ. სანამ ისინი დააკმაყოფილებენ ევროკავშირის მოთხოვნებს, სანამ მოლაპარაკებები დაიწყება, არ არის გამორიცხული, ჩვენ გადავახტეთ და უფრო ადრე დავიწყოთ მოლაპარაკება. ასე რომ, თუ ამას სერიოზულად მოეკიდება მთლიანად საზოგადოება, მთავრობა, პარტიები, ოპოზიცია და ვიშვიშს კი არ მოჰყვებიან, არამედ მიზანმიმართულად დაიწყებენ ამ საკითხების მოგვარებასა და შესრულებაზე ფიქრს, აქტიურად იმუშავებენ, ძალიან რეალისტურია, რომ ასე მოხდეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“თუ იმ რიტორიკას დავეყრდნობით, რომელსაც დღეს ვისმენთ, მაშინ 6 თვეში კი არა, 6 წელშიც არ შესრულდება, რადგან მთავრობის მთავარი მესიჯი არის, რომ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, რადგან უაზრობად ვთვლით. ევროკომისია კი ამას, როგორც პირობას, ისე აყენებს. შენ არ გეკითხებიან, ამას უაზრობად თვლი თუ არა, ეს უნდა გააკეთო, თუ გინდა მიიღო ახალი სტატუსი, თუ არ გინდა, კი ბატონო, ექვსი, ათი და მეტი წელი იქნები ასე. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია ეს ყველაფერი 6 თვიდან ერთ წლამდე გაკეთდეს, მაგრამ ამის ნება უნდა იყოს და ხალხსაც ეს განწყობა უნდა შევუქმნათ. თუ ისეთი მესიჯები წავიდა, მორჩა, ჩვენ უკვე დავხურეთ ევროპული ინტეგრაციის გზა, არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, მაინც არ მიგვიღებენო - შესაძლოა მთავრობაში ზოგიერთს აწყობდეს კიდეც ეს - დიდი შეცდომა იქნება. ეს დაუშვებელია”, - მიიჩნევს რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი და შეკითხვაზე - “ვის გულისხმობთ, ვის უნდა აწყობდეს?" - პასუხობს:

“ვისაც ევალებოდა და არ გააკეთა ის, რაც აქამდე უნდა გაკეთებულიყო. ზოგიერთს აწყობს ასეთი მდგომარეობა, როგორშიც ვართ და საერთოდ არ სჭირდებათ დამატებითი რეფორმები. მაგალითად, ამბობენ, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებას სულ არ სჭირდება საარჩევნო კოდექსის შეცვლა, ძალიან კარგად გრძნობენ ასეც თავს, ევროკავშირი კი ეუბნება, უნდა შეცვალოთო. შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებას სთხოვენ, ესენი კი გავიდნენ. ევროკავშირი ითხოვს იმ რეფორმების გატარებას, რომლებიც შეთანხმებაში წერია. რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია ხალხზე, როგორ მოსთხოვს მთავრობას, და დამოკიდებულია მთავრობაზე, როგორ შეასრულებს იმას, რასაც სთხოვენ და რისი ვალდებულებაც აქვს, რომ გააკეთოს”.

“დეოლიგარქიზაცია ყველაზე რთულად შესასრულებელი მოთხოვნაა და არ გაჩნდებოდა, რომ სხვა მოთხოვნები ადრე ყოფილიყო დაკმაყოფილებული. როგორც ჩანს, ევროკომისია მივიდა დასკვნამდე, რომ ეს ყველაფერი იმიტომ არ სრულდება, რომ ოლიგარქების ან ოლიგარქის დაკვეთაა, თორემ მთავრობა რატომ უნდა იყოს წინააღმდეგი, რომ რეფორმა გაატაროს? ამიტომ შეიტანეს ასეთი მოთხოვნა. პრეზიდენტი მართალი იყო - საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს დაჰბრალდა. ეს კი ნიშნავს, რომ მთავრობამ ყველაფრით უნდა დაამტკიცოს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე ივანიშვილს არანაირი გავლენა არა აქვს. ამის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ იმით, თუ ყველა იმ რეფორმას, რაც მანამდე იყო ნათქვამი, უმტკივნეულოდ და სწრაფად გაატარებენ. მე ისე მომეჩვენა, რომ სალომე ზურაბიშვილი ტაქტიკურად ცდილობდა ივანიშვილისთვის დაემტკიცებინა, რომ მთავრობა, რომელიც პრაქტიკულად მან დანიშნა, არ არის მისადმი სრულად ლოიალური და შეიძლება ზიანი მიაყენოს თავად ბიძინას. ამიტომ მან პრაქტიკულად საკუთარი თავი შესთავაზა იმისთვის, რომ ბიძინა მეტად იყოს დაცული არასწორი გადაწყვეტილებებისგან...” - თვლის კახა გოგოლაშვილი.

“ვფიქრობ, აბსოლუტურად რელევანტური გადაწყვეტილება მიიღეს - პერსპექტივის გარეშე არ დაგვტოვეს, არანაირი გარიყვა და მსგავსი რამ არ მომხდარა, მაგრამ გაითვალისწინეს ისიც, რომ ბოლო ხანებში საქართველოს ხელისუფლება არ თანამშრომლობდა ევროკავშირთან, არ ითვალისწინებდა არაფერს და ამბობდა, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შევცვლით ამას და იმასო, ასეთ პირობებში კი ევროკავშირს უკეთესი გადაწყვეტილება როგორ უნდა მიეღო... პრაქტიკულად ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ხალხი როგორ ნებას გამოავლენს. ხალხმა კატეგორიულად უნდა მოსთხოვოს ხელისუფლებას, მაგალითად, სასამართლო რეფორმის გატარება. მეორე საკითხია, როდესაც ევროკავშირი ამას ითხოვდა, ხალხმა რატომ არ აიძულა ხელისუფლება, ეს გაეკეთებინა? აქციები იმართება, მაგალითად, ვიღაცის დაჭერაზე, აქციებზე ისეთ მოთხოვნებს აყენებენ, რაც ზეწოლას არ ახდენს მთავრობაზე. ამიტომ ვამბობ, რომ ახლა ხალხზეა დამოკიდებული, მოსთხოვოს ხელისუფლებას რეფორმების გატარება”... - დასძენს რესპონდენტი.

რატომ იგებენ რუსები დღისით და აგებენ ღამით - ბოლო ცნობები უკრაინიდან

“უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები კვლავ ცვალებადი უპირატესობით მიმდინარეობს. რუსები შეტევა ხარკოვის მიმართულებით მცირე წარმატების შემდეგ ისევ შეჩერდა. მეორეს მხრივ, ჯერჯერობით არც უკრაინელების მიერ ხერსონის მიმართულებით წამოწყებულ იერიშს მოჰყოლია ხელშესახები შედეგი. ყველაზე ცხელი წერტილი კი კვლავ სევეროდონეცკია, სადაც გააფთრებული ქუჩის ბრძოლები მიდის. ეს მიმართულება განსაკუთრებით იმის გამოა საყურადღებო, რომ უკრაინელებმა ფრონტის ამ მონაკვეთზე უცხოური ლეგიონი გადაისროლეს, რომლის მნიშვნელოვან ნაწილსაც ქართველი მოხალისეები შეადგენენ. სამხედრო ანალიტიკოსთა შეფასებით, ლისიჩანსკი-სევეროდონეცკის მიმართულებით უკრაინული არტილერია ინტესიურადაა ჩართული ბრძოლაში და რუსები წინსვლას ვერ ახერხებენ. ამასთან, გამოიკვეთა ერთი საინტერესო კანონზომიერებაც - რუსებს გარკვეული წარმატებები აქვთ დღისით, ხოლო ღამის ბრძოლებში უპირატესობა უკრაინელების მხარესაა. ანალიტიკოს გიორგი კობერიძის ცნობით, ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ რუსული ნაწილები ღამის ხედვის მოწყობილებების კატასტროფიულ დეფიციტს განიცდიან, რითაც ოსტატურად სარგებლობენ უკრაინელები და დღისით დაკარგულ ტერიტორიებს ღამით მარტივად იბრუნებენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ იგებენ რუსები დღისით და აგებენ ღამით - ბოლო ცნობები უკრაინიდან.

“უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ სევეროდონეცკის მიმართულებით რთული ვითარებაა. ოკუპანტები ტერიტორიას ინტენსიურად ბომბავენ და ახორციელებენ სადღეღამისო დაზვერვას. მათი განცხადებით, სევეროდონეცკზე სრული კონტროლის დასამყარებლად ბრძოლა გრძელდება. ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა კვლავ სასტიკად დაბომბეს ხიდების მახლობლად მდებარე ტერიტორიები, მათ შორის სევეროდონეცკის “აზოტის” ქარხანა. გაიდაის შეფასებით, რუსი დამპყრობლები სევეროდონეცკის აღებისთვის კონკრეტულ თარიღებს ვეღარ ასახელებენ, ქალაქის დიდ ნაწილს კი აკონტროლებენ, მაგრამ, მისი თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ქალაქი მათი კონტროლის ქვეშაა. მისი ცნობით, მტერი მუდმივად ავსებს რეზერვებს სხვადასხვა მიმართულებებით, რის გამოც ვითარება კვლავ რთულია. კვირას რუსებმა დნეპროპეტროვსკის რაიონში ნავთობის საცავზე იერიში მიიტანეს. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ვალენტინ რეზნიჩენკოს თქმით, ამ სარაკეტო თავდასხმამ ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 18 ივნისს კი, ოპერატიულ სარდლობა “სამხრეთის” ცნობით, ცეცხლი გაუჩნდა რუსულ საბუქსირო სამაშველო გემ “სპასატელ ვასილი ბეხს” და ჩაიძირა ბორტზე მდებარე “ტორ”-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემასთან ერთად. უკრაინული მხარის ცნობით, ეს გემზე უკრაინული “ჰარპუნის” ტიპის რაკეტის მოხვედრის შედეგი იყო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჯიპას ასოცირებული პროფესორი გიორგი კობერიძე “რეზონანსთან” უკრაინაში არსებულ ბრძოლის მთავარ მიმართულებებზე საუბრისას აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროები ინარჩუნებენ პოზიციებს სევეროდონეცკის ქარხანა “აზოტში”, ამბობს, რომ თავად ქარხანაში რამდენი ჯარისკაცია, ამის თქმა რთულია, თუმცა მთავარი გასასვლელი უკრაინელების ხელშია და ალყაზე საუბარი ნაადრევია. “ამასთანავე, ლისიჩანსკი-სევეროდონეცკის მიმართულებით უკრაინული არტილერია ძალიან ინტესიურადაა ჩართული და რუსები წინსვლას ვერ ახერხებენ. სევეროდონეცკი უფრო დაბალზე მდებარეობს, ვიდრე ლისიჩანსკი. აქედან გამომდინარე აქ რუსეთის წინსვლა ძალიან ნელია და ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად. მნიშვნელოვანია ერთი რამ - რუსები ღამე შეტევას ვერ ახორციელებენ, მათი აღჭურვილობა სუსტი და არაკომფორტულია. ღამის ხედვის აპარატის გარეშე ეფექტური შეტევის წარმოება შეუძლებელია, მაშინ, როცა უკრაინელები ხშირ შემთხვევაში დღისით დაკარგულ ტერიტორიებს ღამით იბრუნებენ ხოლმე. უკრაინას სევეროდონეცკზე კონტროლი არ დაუკარგავს, ბრძოლა მიდის და რუსებს ამ იმართულებით ჯერ კიდევ ბევრი სიურპრიზი ელოდებათ”, - განაცხადა კობერიძემ. გარდა სევეროდონეცკისა, კობერიძემ, უკრაინაში ბრძოლის მთავარ მიმართულებებზე და მხარეების პოზიციებზეც ისაუბრა”, - დასძენს გამოცემა.

“ბახმუტი-ლისიჩანსკის გზა ისეთი მძიმე აღარაა, როგორიც იყო, რადგან ამ გზაზე უკრაინულმა სამხედრო ნაწილებმა გავლა შეძლეს. უკრაინელებმა ის რუსული ნაწილები გაანადგურეს, რომელიც გზის ნაწილს ბომბავდნენ. მეორეს მხრივ, ბოლო 24 საათი რუსული შეტევა იზიუმი-სლავიანსკის მიმართულებაზე შეჩერებულია, არადა წინა დღეებში ძალიან გააქტიურებული იყო. უკრაინული არტილერია პოპასნაიას მიმართულებით გააქტიურდა, მათ აშკარად დამატებითი საარტილერიო ნაწილები გადმოისროლეს. გააქტიურდა ქალაქი დონეცკიც - მის ირგვლივ და ქალაქში არსებული რუსული სამხედრო ბაზები და საპოლიციო ობიექტები უკრაინელების მიერ განუწყვეტელი საარტილერიო იერიშით იბომბება. ეს ახალი და ძალიან საინტერესო მომენტია, რადგან რუსების თავშეყრა უკვე უსაფრთხო აღარაა. ახლა უკრაინელები უკვე რუსულ პოზიციებს სწვდებიან და თუ ვივარაუდებთ იმას, რომ მალე ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა “მ-270” და “ჰაიმარსები” ბრძოლაში აქტიურად ჩაერთვებიან, ვნახავთ, რომ რუსული ნაწილები უკრაინის საზღვრის გადაკვეთისთანავე მძიმე საარტილერიო ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდებიან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

“სიტუაცია იცვლება ხარკოვის მიმართულებით. აქ რუსები ცოტა გააქტიურდნენ და ჩრდილოეთის მიმართულებით ორი პატარა სოფლის დაკავება მოახერხეს. უკრაინელებმა აქ დიდი ბრძოლა არ გამართეს, რადგან სტრატეგიულად ამ სოფლების შენარჩუნება გაჭირდებიოდა, მაგრამ უკრაინელებს ახლა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თავდაცვის ზღუდე აქვთ მოწყობილი, რომლის გადალახვა რუსებს აღარ შეუძლიათ, რადგან არასაკმარისი ნაწილები ჰყავთ. აქ უკრაინული ნაწილები დიდი რაოდენობით არიან მობილიზებული და რუსების შეტევას აჩერებენ. მათ დასახმარებლად ბოლო კვირაში მძიმე არტილერია და მძიმე ტექნიკა ჩავიდა. სავარაუდოდ ბრძოლის ველზე ახალ იარაღს უკვე მოკლე ხანში ვიხილავთ. რთული სათქმელია სად იმყოფებიან ისინი, მაგრამ როცა განცხადებები კეთდება ხოლმე, იარაღი ან გზაშია, ან უკვე ჩასულია”, - ამბობს კობერიძე.

თინა ხიდაშელი - “ახლა სწრაფად მოქმედებაა საჭირო, რომ გაჩნდეს პოლიტიკური მზადყოფნა ახალი პროევროპული მოძრაობის დასაწყებად”

“ჩვენთვის კარი არავის მოუხურავს, არავის უთქვამს, რომ რამე დამთავრდა, მაგრამ გვითხრეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, “თუ” და ეს სია გრძელია, რომელიც ამ “თუს” მოჰყვება. არაფერი ყოფილა მოულოდნელი და ვფიქრობ, გასაგებია. თუმცა თეორიულად მაინც ბჟუტავს იმედი, თუ 24-ში პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე მიდგება საქმე, ევროკავშირი უფრო გონიერი აღმოჩნდება, ვიდრე ჩვენი ხელისუფლება. ცხადია, გონივრულ დონეზე ამის იმედი არა მაქვს, მაგრამ ძალიან ემოციურ დონეზე იმედი ბჟუტავს. მაკრონის ნათქვამი, რომ საქართველო არ არის ევროპა აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს. ნებისმიერი სპეკულაცია ამ თვალსაზრისით ღრმად არასერიოზულად მიმაჩნია, რადგან ამას რომ რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს, დღეს ევროპულ პერსპექტივას არავინ მოგვცემდა. ევროპული პერსპექტივა სინამდვილეში არის ევროკავშირის წევრობის დაპირება. ევროპული პერსპექტივა არის ის, რაზეც ჩვენ ვოცნებობდით და, რომ არ მომხდარიყო ის, რაც მოხდა, და ეს მომენტი 3 მარტს არ დამდგარიყო, ამით დღეს ყველა ძალიან გახარებული ვიქნებოდით, რადგან სწორედ ევროპული პერსპექტივის ჩანაწერისკენ ვისწრაფოდით ამდენი წელი. ამიტომ, როცა ასეთი ჩანაწერი ჩნდება, ეს ნიშნავს ამ ქვეყნის ევროკავშირის წევრობის გარდაუვალობას. ახლა დანარჩენი დროისა და ჩვენი მონდომების ამბავია”, - აცხადებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ახლა სწრაფად მოქმედებაა საჭირო, რომ გაჩნდეს პოლიტიკური მზადყოფნა ახალი პროევროპული მოძრაობის დასაწყებად“.

“შანსი იმიტომ ვერ გამოვიყენეთ, რომ ბოლო ერთი წელი და განსაკუთრებით ბოლო სამი თვე ევროკავშირის ლიდერების ლანძღვას მოვახმარეთ და არა რეფორმების გატარებას. ისევ საზოგადოების ზეწოლის გაძლიერება იქნება საჭირო, რათა ეს მბჟუტავი შესაძლებლობა, რომელიც დატოვა ევროკავშირმა, არ ჩაქრეს და დავეწიოთ იმ მატარებელს, რომელსაც ჩამოვრჩით. ჯერ 20 ივნისს და მერე შემდეგაც გამოჩნდება, თუ ქართველი ხალხი - ის 85%, რომელიც ამბობს, ევროკავშირში მინდაო, რამდენად მზად არის, რომ იბრძოლოს პოლიტიკურად როგორც მოქალაქემ, რათა დავიბრუნოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც ჯერ კიდევ სამი თვის წინ გვქონდა. 16 ივნისის აქციაზე უმეტესად ის მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც, სავარაუდოდ, 20 ივნისის აქციაზე არ მივიდოდნენ. ვფიქრობ, ამ მხრივ მაინც პოზიტიური იყო, რადგან სხვადასხვა ტიპის მოქალაქეებმა ერთი და იგივე სურვილი გამოხატეს ზოგმა 16-ში, ზოგი 20-ში გამოხატავს - ვისაც როცა უნდა. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, მთავარია, საქართველოს მოქალაქეებმა გაიგონ, მიხვდნენ, დაინახონ, რომ ახლა ბურთი მათ მოედანზეა, პასუხისმგებლობა მათ მხარეს არის, აიძულებენ თუ არა ხელისუფლებას, რომ რაც შეიძლება მალე ის ძალიან მარტივი დღის წესრიგი, რომელსაც ითხოვს ევროკავშირი, შესრულდეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას

“ყოველივე ეს ძალიან მარტივია და ის, რაც ევროკომისიის განცხადებაში წერია, მილიონჯერ ნაფიქრი, ნაშრომია ამ ქვეყანაში. უამრავი გამზადებული კანონპროექტი არსებობს და ამას მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება. მაგრამ პოლიტიკური ნება არ არსებობს და ახლა მოქალაქეებმა უნდა აიღონ საკუთარ თავზე, რომ გაჩნდეს. აქციაც ერთ-ერთი საშუალებაა. ასევე არსებობს სამოქალაქო პეტიციების ფორმა, რომლითაც უფრო მარტივად შეიძლება უამრავი მოქალაქის ნების გამოხატვა და დანახვება ხელისუფლებისთვის. მე არა ვარ აქტიურ პოლიტიკაში და არ ვგეგმავ ასეთი ტიპის ღონისძიებებს, მაგრამ საქართველოში დიდი გამოცდილება არსებობს მსგავსი ტიპის პოლიტიკური ბრძოლის და იმედია, შესაძლებელი გახდება, რომ ხელისუფლებამ დაინახოს, გაიგოს, მოისმინოს საზოგადოების უმრავლესობის აზრი”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“20 ივნისი ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ყველამ ერთმანეთი დავინახოთ და დავრწმუნდეთ, გვაქვს თუ არა ენერგია საიმისოდ, რომ კიდევ ერთხელ ვიბრძოლოთ ქვეყნის გადასარჩენად. ყველა კითხვაზე ერთი პასუხი არსებობს - ხელისუფლება უნდა შევცვალოთ. საქართველოში არ არის ბევრი ოლიგარქი, სულ ერთ კაცზე ვლაპარაკობთ. ამიტომ ძალიან მარტივად არის ამ მხრივ ჩვენთვის საქმე... საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაჩენის საფრთხე, თქმა უნდა, ნამდვილად არსებობს და ზუსტად ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყურები არ ჩამოვყაროთ. პირიქით, მობილიზება გვჭირდება. ლიეტუვის ელჩმა გვითხრა, თავის დროზე ჩვენ უარი გვითხრეს, მაგრამ დღეს ევროკავშირის წევრი ვართო. საბედნიეროდ, ჩვენთვის უარი არ უთქვამთ, ამიტომ ახლა ნიჰილიზმისა და ყურების ჩამოყრის დრო კი არ არის, პირიქით, სწრაფად მოქმედებაა საჭირო, რომ გაჩნდეს პოლიტიკური მზადყოფნა ახალი პროევროპული მოძრაობის დასაწყებად”, - მიიჩნევს ყოფილი თავდაცვის მინისტრი.

“არა მგონია, ამწუთას ჩვენმა რაიმე ნაბიჯმა რადიკალურად შეცვალოს ვითარება. უბრალოდ, თუკი პოლიტიკური მზაობა არსებობს, რომ არ დაგვტოვონ მიღმა, რა თქმა უნდა, საქართველოს გადადგმული ნაბიჯები ამ პროცესს დაეხმარება. ევროკავშირის ამ პოლიტიკური მზაობის შესახებ უნდა იცოდეს საქართველოს ხელისუფლებამ, თუმცა, მგონი, მათაც არ იციან. ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ლოკოკინების ქარხნის გახსნით არის დაკავებული, იმის ნაცვლად, ევროპული დედაქალაქებიდან ვერ ჩამოგვყავდეს. ამ დოკუმენტში პირველ პუნქტად ჩაიწერა პოლარიზაციის დასრულება და მგონი, შესაძლებელია ვაჩვენოთ განსხვავება გუშინდელ დღესა და ხვალინდელს შორის. იქნებ ეს გახდეს სტიმულატორი, ცხადია, თუკი საამისო პოლიტიკური ნება არსებობს”, - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “მუდმივად იმაზეა ლაპარაკი, რომ მმართველ პარტიასა და “ნაციონალურ მოძრაობას” აწყობთ პოლარიზაცია. ამ პრობლემის ასეთ ვითარებაში მოგვარება როგორ წარმოგიდგენიათ?” - პასუხობს:

“მათ არავინ სთხოვს, ერთმანეთი შეიყვარეთო. ძალიან მარტივი რამის გაკეთება შეიძლება - გამოქვეყნდეს ერთობლივი სამოქმედო გეგმა, სადაც კონკრეტულ დროში იქნება გაწერილი, რა უნდა გაკეთდეს. პუნქტებად გაწერილი კონკრეტული პოლიტიკური შეთანხმება შედგეს ყველა იმ საკითხზე პასუხით, რომლებიც დღევანდელ დოკუმენტშია თავისი თაიმლაინით. ეს უნდა იყოს ხელისუფლებისა და ყველა ოპოზიციური პარტიის ერთობლივი დოკუმენტი. ჩემი აზრით, ეს იქნება იდეალური ვარიანტი იმისთვის, ამწუთას რა შეიძლება გავაკეთოთ. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ამის მოლოდინი არა მაქვს, მაგრამ სხვა გზას ვერ ვხედავ”.

რა მოჰყვება 20 ივნისის აქციას - რა შეცვალა ევროკომისიის დასკვნამ და გამოვა თუ არა ხალხი ქუჩაში

“გახდება თუ არა ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოში ახალი შიდა პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი და რა გავლენას მოახდენს ეს 20 ივნისის აქციაზე? ანალიტიკოსები “რეზონანსთან” აცხადებენ, რომ 20 ივნისს ოპოზიცია თავისი მხარდაჭერების გარკვეული ნაწილის ქუჩაში გამოყვანას შეძლებს, თუმცა ამას მასშტაბურ და პერმანენტულ სახეს ვერ მისცემს. ამის მიზეზად ისინი მოსახლეობაში არეულობისა და დაპირისპირების შიშს ასახელებენ. ანალიტიკოსების აზრით, უკრაინის ომმა ჩვენს მოსახლეობაში გარკვეული შიში გააჩინა და მიაჩნია, რომ “ოცნება”, ასე თუ ისე, ქვეყანაში სტაბილურობას ინარჩუნებს. შესაძლოა, ხელისუფლების მიმართ პროტესტი არსებობს, მაგრამ ოპოზიციის და კერძოდ “ნაციონალური მოძრაობის” უფრო კატეგორიული მიუღებლობა აქვთ, ამიტომ ევროკომისის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას დიდად ვერ შეცვლის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა მოჰყვება 20 ივნისის აქციას - რა შეცვალა ევროკომისიის დასკვნამ და გამოვა თუ არა ხალხი ქუჩაში.

“17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია საქართველოში შიდა პოლიტიკური დაპირისპირების ზრდის მიზეზი გახდა. ოპოზიციის შეფასებით, ის ფაქტი, რომ ევროკომისია უკრაინისა და მოლდოვისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ემხრობა, ხოლო საქართველოს შემთხვევაში-მხოლოდ ევროპული პერსპექტივის აღიარებას, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებაა, რაზეც სრული პასუხიმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება. თუმცა ასე არ ფიქრობენ “ქართულ ოცნებაში” და ოპონენტებს ახსენებენ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ყველა წარმატება სწორედ მათი ხელისუფლების დამსახურებაა. “ქართული ოცნების” განცხადებით, ევროკომისიის დოკუმენტში საქართველოს ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად დაფიქსირება წინ გადადგმული ნაბიჯია. რაც შეეხება ოპოზიციას, ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის დღეს ძალიან მძიმე დღეა, რადგანაც ევროკომისიამ უარი უთხრა საქართველოს კანდიდატის სტატუსზე, თუმცა ქართველ ხალხს შეუნარჩუნა ევროპული პერსპექტივა. ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ეს “ხელისუფლების მიზანმიმართული და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის შედეგი” იყო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩიას განცხადებით, ევროკომისიამ გვითხრა, რომ ევროპაში ჩვენი ადგილი არ არის, თუმცა, “მიუხედავად ამისა, მოგვცა შანსი, გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხებთ ერთპარტიული ან ერთპიროვნული მმართველობის დასრულებას”. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ საპროტესტო აქცია იქნება და ეს გასაკვირი არ არის. ოპოზიცია თავისი მხარდამჭერების ქუჩაში გაყვანას ნამდვილად შეძლებს. ოპოზიცია ამისთვის ემზადებოდა, მაგრამ ანალიტიკოსი ამბობს, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობა არ არის მზად, აქციები მასშტაბური და პერმანენტული სახის იყოს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ვფიქრობ, ამ ეტაპზე, ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, საზოგადოება ხანგრძლივი აქციებისთვის მზად არ არის. თუ ოპოზიცია დაიწყებს ან შეეცდება, რომ აქცია იყოს ხანგრძლივი და ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნას დააყენებს, არ მგონია, ამან რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღოს, ამიტომ ოპოზიციამ არსებული სიტუაცია სწორად უნდა შეაფასოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, საწინააღმდეგო შედეგი მიიღოს. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნა რა იქნება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თუ ოპოზიცია ისევ ხელისუფლების გადაყენებაზე ისაუბრებს, მაშინ უნდა ელოდონ, რომ ხალხი ამ მოთხოვნას არ აჰყვება. მიუხედავად იმისა, რომ ხალხში ხელისუფლების მიმართ პროტესტი არსებობს და უკმაყოფილებაც არანაკლებია, მისი გადადგომა და ხელისუფლებიდან წასვლის მოთხოვნა ძალიან აშფოთებს. ეს ხდება არა იმის გამო, რომ “ოცნების” ბედი აღელვებთ, არამედ იმიტომ, რომ “ნაციონალების” ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი ჩნდება, ამ პარტიის მიმართ შიში კი ჩვენს საზოგადოებაში კვლავ დაუძლეველია. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია მაინც არასწორ გზაზე დგება და მოსახლეობაში არსებულ საპროტესტო მუხტს სწორედ ამ შეცდომის შედეგად აგდებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“მისივე თქმით, დღევანდელი ოპოზიციური ამომრჩეველი 2011 წლის ოპოზიციური ამომრჩევლისგან იმით განსხვავდება, რომ ის ერთიანი არ არის. ოპოზიციურია ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ამომრჩევლის ერთი მესამედი ოპოზიციურია “ნაციონალური მოძრაობის” მიმართაც. ანალიტიკოსი ამბობს, რომ, დაახლოებით, მილიონამდე ადამიანს არც “ოცნება” და არც “ენმ” არ უნდა, ხოლო საქმე როცა არჩევნებზე დგება, ამ ადამიანების დიდი ნაწილი მხარს ისევ ხელისუფლებას უჭერს. ეს მეორდება უკვე 10 წელია, ამიტომაც, თუ 20 ივნისს ოპოზიცია საზოგადოებას ისევ ხელისუფლების დამხობისკენ, გადადგომისკენ და ა.შ. მოუწოდებს, მას ხალხი უმალვე შემოეძარცვება”, - დასძენს გამოცემა.

“ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ, უკრაინის ომის ფონზე, ჩვენს მოსახლეობაში სტაბილურობისა და სიმშვიდის მოთხოვნა გაჩნდა. ბოლო დროს ხელისუფლების მხრიდან წარმოებულმა პოლიტიკამ ისინი დაარწმუნა, რომ ამის გარანტორი “ოცნების” ხელისუფლებაა. ხედავენ, რომ ოპოზიციას ომის რიტორიკა აქვს და ბევრი მათგანი ამაზე ღიადაც კი საუბრობს, ამიტომ სოციალურ ქსელებში ევროკომისიის გადაწყვეტილების ირგვლივ მათ პროტესტი არა ხელისუფლების, არამედ თავად ევროკავშირის მიმართ გაუჩნდათ. გაჩნდა კითხვები - თუკი უკრაინას სტატუსს ომის გამო აძლევენ, ქართველები მათზე წინ 30 წლის განმავლობაში არ იბრძოდნენ? ამან გულისწყრომა გამოიწვია და ბრალდების მთელი სიმძიმე მოსახლეობას, ოპოზიციისგან განსხვავებით, არა ხელისუფლებაზე, არამედ ევროკავშირზე გადააქვს”, - წერს სტატიის ავტორი.

“რა თქმა უნდა, ოპოზიცია ამ სიტუაციას რომ გამოიყენებს, გასაკვირი არ არის. ისედაც გაკოტრებულს რაღაც ბერკეტი ხელთ ძლივს მიეცა, მაგრამ ვერც ამას გამოიყენებს. მიზეზი მარტივია - ჩვენს მოსახლეობაში სტაბილურობისა და სიმშვიდის მოთხოვნაა. ქართველებს არაერთი ომი თუ შიდა დაპირისპირება გვაქვს გადატანილი, ამიტომ სიმშვიდის ფასი ჩვენი ხალხისთვის უკვე არაფერი აღარ არის. ევროკომისიის გადაწყვეტილებამ კითხვები გააჩინა. რა თქმა უნდა, მოსახლეობის რაღაც ნაწილი ხელისუფლებას აბრალებს, მაგრამ სოციალურ ქსელებს თუ გადავხედავთ, სკეპტიციზმი ევროკავშირისა და ევროპის მიმართაც არის და არც ოპოზიციას უყვავებენ. 20 ივნისს მოსახლეობა გამოვა ქუჩაში, მაგრამ ოპოზიცია როგორც კი ამ მშვიდობიანი პროტესტის დესტრუქციულ ძალად გარდაქმნას მოისურვებს, მას ხალხი უმალვე შემოეფანტება. ამის მარტივი ახსნა არსებობს - ხალხს არ უნდა ეს ხელისუფლება, მაგრამ ოპოზიციას საერთოდ არ ენდობა, განსაკუთრებით - “ნაციონალურ მოძრაობას”. თუკი “ოცნება” ხელისუფლებიდან წავა, რა თქმა უნდა, ისევ “ნაციონალები” ბრუნდებიან, ხალხს კი, როგორც ვხედავთ, არც ომი უნდა და არც ციხეში წამება და ძალადობა. ამის გარანტია არ არსებობს, რომ ხელისუფლებაში უკან დაბრუნებული “ნაციონალები” ამას არ იზამენ”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

გია ხუხაშვილი - “თუ არა უტიფრობა, სხვა რა უნდა იყოს მარცხის გამარჯვებად გამოცხადება?”

“ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ საქართველო ტრიოს აუტსაიდერი გამხდარიყო. მხოლოდ ის კი არ არის ცუდი, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, ცუდია ისიც, რომ ტრიოდან ამოვვარდით. უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ერთ პაკეტში განიხილებოდნენ და ერთმანეთს აძლიერებდნენ. ეს პროცესს აჩქარებდა. ახლა მათ ჩამოვრჩით, მარტო დავრჩით, ეს კი ჩვენს მომავალს ბუნდოვანს ხდის. ფაქტია, ევროპელებს სურთ ჩვენი დახმარება, მაგრამ ამას ყველაფრის ფასად არ გააკეთებენ. ისინი გვეხვეწებიან, ცოტა მაინც გააკეთეთ რამე, დასახმარებლად გამოწვდილ ხელს მაინც ჩაეჭიდეთო, ჩვენ კი რას ვაკეთებთ?! ვლანძღავთ და ვთათხავთ! ღარიბაშვილსა და კობახიძეს დარჩათ კიდევ ვინმე გასალანძღი ევროპარლამენტში? - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთც “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “თუ არა უტიფრობა, სხვა რა უნდა იყოს მარცხის გამარჯვებად გამოცხადება?” / “ჩვენ ხომ მხოლოდ ხელისუფლების პრობლემა არა გვაქვს, არც ოპოზიციაა დავარცხნილ-დალაგებული”.

“ადრე თითო-ოროლა ევროპარლამენტს ლანძღავდნენ, ახლა მთელი ევროპარლამენტი “ნაცებად” მონათლეს, პარტნიორები მტრებად აქციეს”. ირაკლი კობახიძის განცხადებებს დიდი ხანია სერიოზულად აღარ განვიხილავ. ეს ადამიანი პოლიტიკური სოციოპათია, შეუძლია ყველაფერი თავდაყირა დააყენოს და ძარღვიც არ შეუტოკდეს. თუ არა უტიფრობა, სხვა რა უნდა იყოს მარცხის გამარჯვებად გამოცხადება? რაც შეეხება რეკომენდაციებს, ეს ხომ არ არის ახალი რეკომენდაციები? აქამდე თუ არ გააკეთეს, ახლა რატომ გააკეთებენ?! მე არა მაქვს იმედი, რომ ამ რეკომენდაციებიდან ერთს მაინც შეასრულებენ. პოლარიზების პრობლემის მოგვარება გამორიცხულია, პოლიტიკური დისკუსია ყოველთვის იქნება, მაგრამ იქ არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვა საკითხები, თუნდაც სასამართლო რეფორმა, კონკურენტული პოლიტიკური გარემო... ყველა მიმართულებით დეგრადაცია გვაქვს, ცოცხალი ადგილი აღარ დარჩა ინსტიტუციურ წესრიგში. ვკარგავთ ისტორიულ შანსს, რომელიც მოგვცა ჩვენგან დამოუკიდებელმა გარემოებებმა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. არადა, ძალიან ცოტას ითხოვდნენ ჩვენგან. მოლდოვასა და უკრაინასაც აქვთ პრობლემები, მაგრამ მათ ბრძოლა და მისწრაფება დაუფასდათ. ჩვენ ბრძოლაზეც უარი ვთქვით და არც მისწრაფება გამოვავლინეთ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ბრძოლაში მე არ ვგულისხმობ მეორე ფრონტის გახსნას, პრინციპული პოზიცია უნდა გამოგვეხატა, ჩვენ კი დავიწყეთ ისეთი უაზრო ნარატივების გავრცობა, როგორიცაა: “აბა, ომი გინდათ?!” მცირედი არგუმენტიც არ დავუტოვეთ ევროპას იმისთვის, რომ სტატუსი მოგვცეს... ჩვენი ამოცანა `ქართული ოცნების~ ხელისუფლებისგან ჩამოშორება კი არა, ცივილიზებული თამაშის წესების დამკვიდრებაა. ბიძინა ივანიშვილის ჯიბრი კი არა გვაქვს, არც სააკაშვილის ჯიბრი გვქონდა თავის დროზე, ნორმალური ქვეყანა გვინდოდა და გვინდა დღესაც. ამას გარდა, სტატუსის მიღება “ქართული ოცნების” გუნდისთვის ნამდვილად ვერ გახდებოდა ხელისუფლების შენარჩუნების საშუალება, უამრავი ისეთი რამის გაკეთება მოუწევდათ, რაც მათ ძალაუფლებას საფრთხეს შეუქმნიდა. რა მოხდება და როგორ განვითარდება მოვლენები, ძნელი სათქმელია - ჩვენ ხომ მხოლოდ ხელისუფლების პრობლემა არა გვაქვს, არც ოპოზიციაა დავარცხნილ-დალაგებული”, - დასძენს ხუხაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა