რუსეთის მცდელობა დაემუქროს ლიეტუვას კალინინგრადის ოლქში ტვირთების ტრანზიტის აკრძალვის გამო, ევროკავშირისა და ნატოსთვის გამოწვევაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრეი ერმაკი „ტელეგრამში“ წერს.
„კრემლის მცდელობა, დაემუქროს ლიეტუვას, ევროკავშირისა და ნატოსთვის გამოწვევაა. ახლა მნიშვნელოვანია მტკიცე პოზიციის შენარჩუნება და სანქციებთან და რუსეთის ფედერაციიდან კალინინგრადის მიმართულებით საქონლის ტრანზიტთან დაკავშირებით რუსეთთან დათმობაზე არ წასვლა. რუსეთი ნებისმიერ დათმობას აღიქვამს, როგორც სისუსტეს“, - აღნიშნა ერმაკმა.
შეგახსენებთ, ლიეტუვამ ევროკავშირის მიერ სანქცირებული ტვირთების კალინინგრადისკენ გატარება შეწყვიტა, რის გამოც ლიეტუვის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ვირჯინია უმბრასენი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. უწყებამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთი იტოვებს უფლებას, მიიღოს ზომები ეროვნული ინტერესების დასაცავად, თუ ლიეტუვა, უახლოეს მომავალში, სრულად არ განაახლებს ტვირთების ტრანზიტს კალინინგრადის ოლქისკენ.