30.06.2025 / 09:10
პრეზიდენტი - შეშფოთებული ვარ იმის გამო, რაც პარლამენტში მოვისმინე: „თურმე ყველაზე კარგები ვართ“, ეს არის აბსურდი და შეურაცხმყოფელი - პრემიერმა ბრიუსელში გააგზავნა ნეგატიური გზავნილი

სრულიად შეშფოთებული ვარ იმის გამო, რაც მოვისმინე პარლამენტში - თურმე ყველაზე კარგები ვართ, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ - ეს არის აბსურდი და თავისი შინაარსით ძალიან შეურაცხმყოფელი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე პარლამენტში პრემიერის დღევანდელ მოხსენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტმა დღეს აჩვენა დაპირისპირება და ერთმანეთის გაუტანლობა.

„მნიშვნელოვანია, რა ხდება ახლა, რას ვაკეთებთ ამ ბოლო დღეებში იმისთვის, რომ ჩვენი საკითხი წარმოვაჩინოთ ყველაზე პოზიტიურად და მივიღოთ წარმატებული შედეგები. ერთი მხრივ მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს რაც შეუძლია იმისთვის, რომ თავისი სათქმელი თქვას. გამოვიდა საზოგადოება, გამოვიდა ძალიან დიდი რაოდენობით და მკაფიო გზავნილი გაუგზავნა რუსეთს, რომ აქ საზოგადოება, ყველა წლოვანებისა და პოლიტიკური აზრის ადამიანები ერთად დგანან და ამბობენ ერთ რამეს - ჩვენ ვართ ევროპელები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ ევროპა რამეს ანიჭებს მნიშვნელობას, ეს არის ადამიანების, საზოგადოების ნების თავისუფალი გამოხატულება. ის, რაც ვნახეთ ორშაბათს, ნამდვილად იყო საზოგადოების თავისუფალი ნების გამოხატულება. ის, რასაც გადავეჩვიეთ და რასაც გვთხოვს ევროპა - ეს იყო ერთიანობა, რაც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, დღეს ვნახეთ მეორე სახე.

სრულიად შეშფოთებული ვარ იმის გამო, რაც მოვისმინე პარლამენტში. რაც პარლამენტში დავინახე, არის საწინააღმდეგო იმისა, რაც საზოგადოებამ აჩვენა. თავშეკავება, ზრდილობა, ერთმანეთის პატივისცემა. პარლამენტმა საპირისპირო აჩვენა - დაპირისპირება, ლანძღვა, ერთმანეთის გაუტანლობა, არმოსმენა. ყველაფერი, რაც შეიძლებოდა გვეჩვენებინა ჩვენი უარყოფითი სახის შესახებ, დღეს ვაჩვენეთ. ამას დაემატა პრემიერის გამოსვლა, რომელიც იყო ისეთი, თუ რაიმე გამოსვლა შეიძლება ყოფილიყო, რაც ბრიუსელისკენ გააგზავნიდა ნეგატიურ სურათს და ნეგატიურ გზავნილს - თურმე ყველაზე კარგები ვართ, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, არაფერი არ გვიჭირს, ვართ ბევრად უკეთესები, ვიდრე თქვენი უკრაინა და თქვენი მოლდოვა, ვერ გავიგეთ რატომ არიან ისინი ჩვენზე წინ, ეს ალბათ იმიტომ, რომ თქვენ ომი არ გინდოდათ და ჩვენ ომი გვინდა - ეს არის აბსურდი და თავისი შინაარსით ძალიან შეურაცხმყოფელი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
ეროვნული გამოცდების წინ, საბანკო ასოციაცია აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე