ლევან ხაბეიშვილი - მნიშვნელოვანია, ამ 6 თვეში იმუშაოს მთავრობამ, რომელსაც მაღალი ლეგიტიმაცია ექნება და რომელიც მოამზადებს თავისუფალ არჩევნებს - მთავრობის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ მაგალითად, ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური

ძალიან მნიშვნელოვანია, ამ 6 თვეში იმუშაოს მთავრობამ, რომელსაც მაღალი ლეგიტიმაცია ექნება. „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის წარმომადგენლობას არანაირი პრეტენზია არ გააჩნია, რომ მთავრობის დაკომპლექტებაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყოს წარმოდგენილი, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა განმარტა, აღნიშნული მთავრობის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პირები, მაგალითად, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თავმჯდომარე ეკა გიგაური.

„ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა ქართველ ხალხს სილა გააწნა. შესაბამისად, ამ სილის შემდეგ გეუბნებათ, რომ ნუ იძახით, რომ გტკივათ, არაფერიც არ გტკივათ, არაფერი გეტყობათ სახეზე, არაფრისგან ნუ ატეხთ ქარიშხალს, სიმშვიდეა ქვეყანაში, კი არ მოგვცეს სტატუსი, მაგრამ ეს არაფერი არ არის. ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას ის, რაც ახლა ახდება, ამას არ უნდა შევეგუოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ 6 თვეში იმუშაოს მთავრობამ, რომელსაც მაღალი ლეგიტიმაცია ექნება და დიდი კონსენსუსის შედეგი იქნება. „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის წარმომადგენლობას არანაირი პრეტენზია არ გააჩნია იმაზე, რომ მთავრობის დაკომპლექტებაში „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე წევრი იყოს წარმოდგენილი.

საუბარია, სხვა მთავრობაზე - არა „ქართული ოცნება“, მოღალატეები, რომლებიც ქვეყანას სპეციალურად უწყობენ საბოტაჟს. იმიტომ მოვიდა ღარიბაშვილი პარლამენტში, რომ ევროპელებისთვის ეჩვენებინა, რომ "თქვენი დედაც", "არ მაინტერესებს" და ათასი სისაძაგლე ილაპარაკა.

მთავრობას უნდა ჰქონდეს ლეგიტიმაცია. მე როგორ წარმომიდგენია?! ისეთი ადამიანები იყვნენ, როგორიც არის ნინო ლომჯარია, რომელსაც მაღალი ლეგიტიმაცია აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. წარმოდგენილი იყოს ეკა გიგაური, ის ადამიანები, რომლებსაც, როგორც სამოქალაქო საზოგადოებაში, ისე პოლიტიკურ სპექტრში, ქვეყნის გარეთ, ცივილიზებულ სამყაროში მაღალი ლეგიტიმაცია აქვთ. ასეთმა ადამიანებმა უნდა უზრუნველყონ ამ 12 პუნქტის შესრულება. ამავე ადამიანებმა უნდა მოამზადონ ახალი, თავისუფალი არჩევნები, რომელშიც პოლიტიკური გემოვნების შესაბამისად ადამიანები თავისუფლად აირჩევენ, ცხადია, ამ არჩევნებში უკვე „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს მონაწილეობას. მანამდე, „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია რაიმე კონკრეტულ თანამდებობაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის ინტერესები. ჩვენ, არცერთ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთან არ გვაქვს პრობლემა სათანამშრომლოდ, იმის განსახორციელებლად, რასაც ახლა ვსაუბრობ“, - აღნიშნავს ხაბეიშვილი.

ასევე, მან პრემიერის იმ განცხადებაზეც ისაუბრა, სადაც ის მოუწოდებს ოპოზიციას, ხალხის ინტერესები ყველაზე მაღლა დააყენონ და ერთად შეასრულონ პირველი პირობა - პოლარიზების დასრულება. როგორც ხაბეიშვილი განმარტავს, პრემიერი ამბობს, რომ მას მოლაპარაკება უნდა და ამასთან აღნიშნავს, რომ მას პრობლემა არ აქვს.

"დასაწყისი რიტორიკა და დასასრული ადეკვატური იყო?! ერთი პირით ამბობდა, მე მოლაპარაკება მინდა და მეორე პირით ამბობდა, რომ მე პრობლემა არ მაქვს. ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავს, რომელიც ამბობს, რომ სასამართლოში პრობლემა არ აქვს, რომელიც ამბობს, რომ დეოლიგარქიზაცია ბიძინა ივანიშვილს არ ეხება, აბსოლუტურად არაადეკვატურია კორუფციაზე, რომელიც არაადეკვატურია პარტნიორულ დამოკიდებულებაზე, ამ ადამიანთან მოლაპარაკება უნდა დავიწყოთ?! რის მოლაპარაკება უნდა დავიწყოთ? გიყვებით, როგორ აგინებდნენ ევროპარლამენტარებს მიზანმიმართულად წინა დღეებში“,- აღნიშნავს ხაბეიშვილი.

მისივე თქმით, ღარიბაშვილის დღევანდელმა ბრიფინგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის გააკეთებს ყველაფერს, მაგრამ არ შეცვლის არაფერს. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ დაყოფა და პოლარიზაცია სურს.

„ჩვენ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები, ყველა პარტიის წარმომადგენელი მზად უნდა ვიყოთ სათანამშრომლოდ. ვისაც დაპირისპირება, დაყოფა და პოლარიზაცია უნდა, ეს არის „ქართული ოცნება“ მათ ყველა ბრიფინგში, მათ შორის, დღეს, ღარიბაშვილის ბრიფინგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა - "მე გავაკეთებ ყველაფერს, მაგრამ არ შევცვლი არაფერს". მზად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავიცვათ, არ გადავაყოლოთ კონკრეტულ რუს ოლიგარქს“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო