„დიდი შვიდეულის“ ლიდერები კრემენჩუკში განხორციელებულ თავდასხმაზე - განურჩეველი თავდასხმა უდანაშაულო მოქალაქეებზე ომის დანაშაულია - პუტინი და სხვა დამნაშავე პირები პასუხს აგებენ

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები უკრაინის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„უკრაინასთან ერთად გლოვობთ ამ სასტიკი თავდასხმის უდანაშაულო მსხვერპლს. განურჩეველი თავდასხმა უდანაშაულო მოქალაქეებზე ომის დანაშაულს წარმოადგენს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები აღნიშნავენ, რომ "რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და სხვა დამნაშავე პირები პასუხს აგებენ."
ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, უკრაინის პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 59 კი დაშავდა.

























