ვატყობ, ზოგიერთი პარტია არჩევნების შემდგომ მდგომარეობას უბრუნდება - იგივე აბსურდში ბრუნდებიან, როცა თავად არიან გამთიშველები და მაპოლარიზებელი ფაქტორი, - ასეთია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პოზიცია პარტია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაზე.
პაპუაშვილის შეფასებით, ამ ყველაფრის მიზანი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ხელისუფლების შეცვლა და ხალხის არჩევანის გამრუდებაა.
„როგორც ვხედავთ, უნდათ, ხალხს არჩევანი წაართვან და ძალაუფლება ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მიიღონ. დიდი ხანია, ეს ყველაფერი ხელის გულზე დევს. ასეთ შემთხვევაში, ყველამ ევროკომისიის რეკომენდაციების ნომერ პირველ პუნქტს შეხედოს - როგორც კი კითხვა გაგიჩნდებათ აღნიშნული განცხადების სისწორეზე, პირველ პუნქტს შეადარეთ – თუ განცხადება ამ პუნქტს პასუხობს, სწორია, თუ არა -არასწორი, არაევროპული და არაპატრიოტული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარტია „ლელოს“ განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ 3 ივლისამდე უარს იტყვის ფართო საზოგადოებრივ კონსულტაციებში ჩართვაზე, მათი საქმიანობა პარლამენტსა და საკრებულოებში ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება.