3 ივლისიდან დაწყებული „ნონ-სტოპ“ აქციები არაფრის მომტანი არ არის, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აქცია სახელწოდებით, „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორების მიერ წამოყენებული მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლებას ერთი კვირის ვადა აქვს იმისათვის, რომ „ბიძინა ივანიშვილის მთავრობა გადააყენოს“.
როგორც დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, ხალხი დაიღალა აქციებით, თანაც 6 თვის განმავლობაში მასიური აქციების პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს და ამ მუხტის შენარჩუნება შეუძლებელია.
ამასთან, ყოფილი დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები ხელისუფლების შენარჩუნების მიზანს ემსახურება.
„მთავარი, რაც ყველაზე მეტად იკითხება, ეს არის ძალაუფლების შენარჩუნების ნაბიჯები, რომელიც იყო ასევე იმის მიზეზი, რის გამოც მე წამოვედი: საარჩევნო სისტემის მიღება და შემდეგ გადათქმა.
ხელისუფლება ყოველთვის ითამაშებს ოპონენტის სისუსტეებზე, ოპონენტის არასწორ და არარაციონალურ გათვლებზე. 3 ივლისიდან დაწყებული „ნონსტოპ“ აქციები არაფრის მომტანი არ არის. დეკემბრამდე ამ აქციებს ვერ მიიტანს ვერავინ, რაც არ უნდა დიდი იყოს ენთუზიაზმი, 6 თვეში ეს ენთუზიაზმი ნულამდე დავა. საჭიროა უფრო მეტი მობილიზება, მეტი მუშაობა, ვიდრე ქუჩაში გამოვიდეს ხალხი, იდგეს და შემდეგ ნელ-ნელა დავაკვირდეთ, როგორ მთავრდება მხარდამჭერები.
ხალხი დაიღალა, 6 თვე ვერ იქნება ხალხი ქუჩაში, ამის პრეცედენტი არ არსებობს მსოფლიოში, ქუჩაში მასიური პროტესტი იყოს. მეტი გონიერება და პრაგმატიზმი არის საჭირო. ისეთ საკითხებზე ანალიზის და აქცენტების გაკეთება, რაც ხელისუფლებას აიძულებს მეტი დათმობა განახორციელოს, ამის რესურსი მგონი არის“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"