სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის და მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, „ზელენსკი და არახამია რევოლუციური მიტინგის პერსონაჟები“ იყვნენ

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის და მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ზელენსკი და არახამია რევოლუციური მიტინგის პერსონაჟები იყვნენ, რაც ასევე პიტერ აკერმანის სცენარის ნაწილი იყო.

ამასთან, დეპუტატების განცხადებით, ერთ-ერთი ევროპარლამენტარის, მიხაელ გალერის ფრაზიდან, რომ თუ ივანიშვილი პატრიოტია, ქვეყნიდან უნდა წავიდეს, იკითხება მიზანი, რომ „ადამიანები, რომლებსაც საქართველო უყვართ, ქვეყანას უნდა მოშორდნენ და ქვეყნის სადავეები უსამშობლო და უღმერთო ხალხს დარჩეს“.

„ნაცმოძრაობის“ რევკომს ორი ტერმინი აკერია პირზე: დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია. შეგახსენებთ, რომ ეს ორი ტერმინი ჯერ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩაიწერა, ხოლო მოგვიანებით ევროპული კომისიის დასკვნაშიც გადაიტანეს. ეს ტერმინები მათ მიერ მარტივად ითარგმნება: დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის საქართველოდან წასვლას, ხოლო დეპოლარიზაცია - სააკაშვილისა და გვარამიას ციხიდან გამოშვებას. რევოლუციისთვის ორი ალტერნატიული სცენარი იყო შემუშავებული: ერთი მოკლევადიანი და მეორე შედარებით გრძელვადიანი.

მოკლევადიანი სცენარი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე იყო გათვლილი. ცნობილი რეზოლუციით და ევროპარლამენტარების განცხადებებით საქართველოს ხელისუფლებას უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს და ხალხში ემოციური ფონის შექმნას ამით შეეცადნენ. თუმცა, მოკლევადიანი სცენარი ჩავარდა და პირველ ცდაზე რევოლუცია არ შედგა.

მეორე სცენარი კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე არის გათვლილი. კანდიდატობაზე უარის თქმით, შექმნეს გარკვეული ემოციური ფონი, რასაც, მათი გათვლით, უნდა მოყვეს იმ ე.წ. რეფორმების თავს მოხვევა, რომელთა ერთადერთი მიზანი ხელისუფლების ცვლილება და ქართული სასამართლოს მისაკუთრებაა.

ერთ-ერთ ევროპარლამენტარს, მიხაელ გალერს ათქმევინეს კიდეც, პარტიები ახალი პოლიტიკური შეთანხმებისთვის უნდა მოემზადონო. ანუ კიდევ ერთხელ უნდა გაგვიყვანონ კონსტიტუციური ჩარჩოდან და ხელი მოგვაწერინონ პოლიტიკურ შეთანხმებაზე, რომლის საფუძველზეც ორი დამნაშავე ციხიდან უნდა გამოვიდეს და ბიძინა ივანიშვილი ქვეყნიდან უნდა წავიდეს. ამით უნდათ კონსტიტუციური წესრიგი მოგვიშალონ და სახელმწიფოებრიობა დაგვაკარგვინონ, რისი დაშვებაც არაფრის ფასად არ შეიძლება. დაუშვებელია იმ ადამიანებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, რომლებიც სახელმწიფოს, ხელისუფლებას, არცერთ სახელმწიფო ინსტიტუტს არ ცნობენ. იმავე გალერს ისიც ათქმევინეს, ივანიშვილი თუ პატრიოტია, ქვეყნიდან უნდა წავიდესო. გალერის ამ ფრაზიდან ნათლად იკითხება მათი სულისკვეთება და მთავარი მიზანი: პატრიოტები, ადამიანები, რომლებსაც საქართველო უყვართ, ქვეყანას უნდა მოშორდნენ და ქვეყნის სადავეები არაპატრიოტებს, უსამშობლო და უღმერთო ხალხს უნდა დარჩეს. უსამშობლო და უღმერთო ადამიანები კი იმიტომ უნდათ, რომ ისინი ნებისმიერ დავალებაზე მოაწერენ ხელს. რაც მთავარია, თვალდახუჭული დაიწყებენ ომს, რაც მთელი ამ სცენარის მთავარი მიზანია. სწორედ ამის გამო იყვნენ ზელენსკი და არახამია რევოლუციური მიტინგის პერსონაჟები, რაც, ასევე, აკერმანის სცენარის ნაწილი იყო.

ფაქტია, რომ საქართველო მხოლოდ საომრად სჭირდებათ და ქართველ ხალხს საზარბაზნე ხორცად განიხილავენ. კარგად ესმით, რომ არც ირაკლი ღარიბაშვილი გაიმეტებს ქვეყანას და ხალხს საბედისწერო ომისთვის და არც ბიძინა ივანიშვილი მოსთხოვს მას ამის გაკეთებას. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებაში სჭირდებათ ადამიანები, რომლებიც ქვეყანას განადგურებისთვის უპრობლემოდ გაიმეტებენ. სწორედ ასეთები არიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებული ენჯეოების ლიდერები თუ სატელევიზიო სახეები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო