ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2022

ყველაზე სერიოზული და პირდაპირი საფრთხე - ნატომ რუსეთს თავისი ადგილი მიუჩინა

“მწვანე შუქი” შვედეთისა და ფინეთისთვის, ნატოში დაჩქარებული გაწევრიანება დაიწყო - ვინ იქნება შემდეგი?

რუსეთში ავტოინდუსტრია კვდება, ეს საქართველოს ავტობიზნესისთვის ახალი შანსია

* * *

ყველაზე სერიოზული და პირდაპირი საფრთხე - ნატომ რუსეთს თავისი ადგილი მიუჩინა

“რუსეთის უკრაინაზე პირდაპირი თავდასხმის შემდეგ, ჩრდილო-ატლატინკურმა ალიანსმა არა მარტო გააცნობიერა, რომ დემოკრატიული სამყარო უდიდესი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, არამედ მადრიდის სამიტზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო ალიანსის გაძლიერებისა და აგრესორის “მოთოკვისათვის”. სამიტის წინ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებდა, რომ შეხვედრა იმართება “უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული კრიზისისას” და მას “ისტორიული მნიშვნელობის, ტრანსფორმაციის” სამიტად მოიხსენიებდა. “მოველი, რომ მოკავშირეები მკაფიოდ განაცხადებენ, რომ რუსეთი პირდაპირ ემუქრება ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენს ღირებულებებს, წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს”, - აცხადებდა იგი. მართლაც, ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში რუსეთი აღარაა “სტრატეგიული პარტნიორი”, როგორც ის ლისაბონის 2010 წლის დოკუმენტში იყო მოხსენიებული. ახლა, პირიქით, რუსეთი მოკავშირეებისთვის მთავარ საფრთხედ მოიხსენიება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ყველაზე სერიოზული და პირდაპირი საფრთხე - ნატომ რუსეთს თავისი ადგილი მიუჩინა.

“ყველა სტრატეგიული მიმართულებებით ჩვენ სხვადასხვა საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე ვდგავართ. რუსეთი ფედერაცია ნატოს წევრების, მშვიდობისა და ევროატლანტიკური რეგიონის სტაბილურობის ყველაზე სერიოზულ და პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს”, - ვკითხულობთ კონცეფციის ტექსტში. აღსანიშნავია, რომ აბზაცი გრძელდება ჩანაწერით ტერორიზმის საფრთხეების შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ ტერორიზმი, მისი გამოვლინების ყველა ფორმით, ემუქრება როგორც მოსახლეობის უსაფრთხოებას, ასევე, საერთაშორისო სტაბილურობას. შემდეგ კი კვლაკ ლაპარაკია რუსეთზე და მისგან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავებასა და ტერორიზმთან ბრძოლაზე. რა კონკრეტული ზომების გატარებას აპირებს ალიანსი? მთავარი აქცენტი ნატოს აღმოსავლეთი ფლანგის გაძლიერებაზე კეთდება: 2023 წლისათვის მაღალი მზადყოფნის ძალების რაოდენობა 40 ათასიდან თითქმის 8-ჯერ 300 ათასამდე გაიზრდება. როგორც სტოლტენბერგი აცხადებს, მათი უდიდესი ნაწილი მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე იქნება განლაგებული, მაგრამ, წვრთნებისათვის მოხდება მათი რეგულარული გადასროლა რუსეთის სიახლოვეს. მათ როტაციას მუდმივი ხასიათი ექნება, რაც პოტენციური სამხედრო თეატრის უკეთ შესწავლასაც გულისხმობს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ნატო ასევე სამხედრო შეარაღებასა და სხვა საჭირო მასალებს რუსეთთან ახლოს დაასაწყობებს. ბალტიის ქვეყნებსა და რუსეთის მოსაზღვრე 5 სხვა წევრ ქვეყანაში სამხედრო ძალები გასამმაგდება და ბრიგადის დონემდე, 3-5 ათასამდე გაიზრდება. თუ აქამდე ნატოს რუსეთის თავდასხმის მყისიერად მოსაგერიებლად პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში 4 სამხედრო დაჯგუფება ჰყავდა, რუსეთის აგრესიის შემდეგ მათი რაოდენობა გაორმაგდა და ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში განლაგდა. გერმანია ლიტვისათვის, სადაც იგი ათასკაციან საბრძოლო დაჯგუფებას მეთაურობს, ბრიგადის გამოყოფას გეგმავს, თუმცა, 3 500 კაციანი კონტინგეტის დიდი ნაწილი გერმანიაში იქნება მუდმივ მზადყოფნაში. დიდი ბრიტანეთი აპირებს ესტონეთში, მისი თავდაცვის გასაძლიერებლად 1700 მეომრის გაგზავნას. კანადა ლატვიაში, თავისი პასუხისმგებლობის ზონაში, 700 ჯარისკაცს გეგმავს. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, რომელიც პოლონეთის დაცვაზეა პასუხისმგებელი, ბალტიის ქვეყნებში როტაციით მყოფი შეარაღებული ძალების გაზრდას, პოლონეთში მეხუთე არმიის მუდმივი შტაბის შექმნას, რუმინეთში 3 ათასიანი როტაციული ბრიგადის განლაგებას გეგმავს”, - განაგრძობს გამოცემა.

“გარდა ამისა, დიდ ბრიტანეთში გაიგზავნება ულტრათანამედროვე მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავების (F-35) 2 ესკადრა, გერმანიასა და იტალიაში გაძლიერდება საჰაერო თავდაცვის სისტემები. ასევე დაგეგმილია ესპანეთის სანაპიროსთან განლაგებული ფლოტის გაძლიერება - 4 ნაღმოსანს კიდევ 2 US Navy desroyer დაემატება. როგორც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არაორაზროვნად განაცხადა, ალიანსი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთიანობასა და სიმტკიცეს, რათა დაიცვას ნატოს თითოეული დუიმი : “მეხუთე პუნქტი არის შეუვალი, რასაც ვამბობთ, ყოველთვის ვგულისხმობთ - თავდასხმა ერთზე არის თავდასხმა ყველაზე... ჩვენ ვგზავნით ჩემი შეხედულებით უტყუარ გზავნილს, რომ ნატო არის ძლიერი, ერთიანი და ამ სამიტზე გადადგმული ნაბიჯები იქნება ჩვენი კოლექტიური ძლიერების შემდგომი გაზრდა”. ალიანსის სხვა ზომებს შორისაა შვედეთისა და ფინეთის დაჩქარებული გაწევრიანება. თურქეთთან მიღწეული სამმხრივი შეთანხმების შემდეგ ალიანსის გაფართოებას წინ ვერაფერი დაუდგება. ნატომ უკრაინისათვის კომპლექსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მომავალში ომში მყოფი ქვეყნის არმიის ნატოს სტანდარტების შეარაღებით აღჭურვასაც მოიცავს”, - დასძენს გამოცემა.

“ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ის აგრძელებს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას რუსული აგრესიისგან. შევიმუშავეთ მხარდაჭერის გაძლიერებული პაკეტი უკრაინისთვის. “ეს დააჩქარებს არალეტალური თავდაცვითი აღჭურვილობის მიწოდებას, გააუმჯობესებს უკრაინის კიბერთავდაცვას და მდგრადობას და ხელს შეუწყობს თავდაცვის სექტორის მოდერნიზებას გარდამავალ პერიოდში გრძელვადიანი თავსებადობის გასაძლიერებლად. გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ დავეხმარებით უკრაინას და მხარს დავუჭერთ მის ძალისხმევას ომის შემდგომი აღდგენისა და რეფორმების გზაზე”, - ნათქვამია დეკლარაციაში. ნატომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ღია კარის პოლიტიკის ერთგულება. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ჩანაწერი საქართველოს შესახებ, სადაც ლაპარაკია პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერებაზე - “ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს ფონზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ახალი ზომების თაობაზე, რათა გავაძლიეროთ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა პარტნიორებისთვის, მათ შორის ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ მათთან, რათა გავაძლიეროთ მათი მთლიანობა და მედეგობა, განვავითაროთ შესაძლებლობები და დავიცვათ მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობა”, - ნათქვამია ნატოს მადრიდის დეკლარაციაში”, - წერს სტატიის ავტორი.

“მწვანე შუქი” შვედეთისა და ფინეთისთვის, ნატოში დაჩქარებული გაწევრიანება დაიწყო - ვინ იქნება შემდეგი?

“რა მიზეზითაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რომ ნატო არ გაფართოებულიყო, ახლა ამის საწინააღმდგო მიიღო. თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას. სამიტზე კი აღინიშნა, რომ მოკავშირეები მზად არიან აღნიშნული პროცესი რაც შეიძლება მალე მოხდეს. ანალიტიკოსების აზრით, ამ ორ ქვეყანას ყოველგვარი მაპის გარეშე მიიღებენ. მიიჩნევენ, რომ ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა, რაც რუსეთისთვის კატასტროფაა, საქართველოსა და ალიანსში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის კი სტიმული. როგორც ანალკიტიკოსები ამბობენ, ამით საქართველოს ნატოს წინაშე პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ექმნება, თეორიულად იმის შესაძლებლოიბა არის, რომ გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, კონკრეტული ქვეყანა მაპის გარეშე გაწევრიანდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “მწვანე შუქი” შვედეთისა და ფინეთისთვის, ნატოში დაჩქარებული გაწევრიანება დაიწყო - ვინ იქნება შემდეგი?

“ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ აღნიშნა, რომ თურქეთი დათანხმდა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას, გარღვევა კი მას შემდეგ მოხდა, რაც სამმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ერთობლივ მემორანდუმს “ერთმანეთის უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეების წინააღმდეგ სრული მხარდაჭერის გაწევაზე” მადრიდში ნატოს სამიტზე შეხვედრის შემდეგ. “ნატოში ჩვენი გაწევრიანების კონკრეტულ ნაბიჯებზე ნატოს მოკავშირეები შეთანხმდებიან მომდევნო ორი დღის განმავლობაში, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ახლა გარდაუვალია”, - თქვა მან. ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ფინეთი და შვედეთი შეძლებენ წარმატებით შეუერთდნენ ალიანსს მას შემდეგ, რაც თურქეთმა ხელი მოაწერა აღნიშნულ სკანდინავიურ ქვეყნებთან ურთიერთგაგების სამმხრივ მემორანდუმს. მისივე თქმით, ის შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანების სწრაფ რატიფიცირებას ელის და შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანების პროცესში მოკავშირეები მზად არიან, რომ აღნიშნული პროცესი რაც შეიძლება მალე მოხდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს უპრეცედენტოდ სწრაფი ქმედებაა. მოწვევის შემდეგ, ჩვენ გვჭირდება რატიფიკაციის პროცესი 30 პარლამენტში. ამას ყოველთვის გარკვეული დრო სჭირდება, მაგრამ მე ასევე ველი, რომ ეს პროცესი სწრაფად წავა, რადგან მოკავშირეები მზად არიან სცადონ, რომ რატიფიკაციის პროცესი რაც შეიძლება მალე მოხდეს”, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისივე შეფასებით, ვლადიმერ პუტინს სურდა ნაკლები ნატო რუსეთის საზღვრებთან და ახლა ის მიიღებს მეტ ნატოს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კი თურქეთის გადაწყვეტილებას მიესალმა და მას “ფანტასტიკური სიახლე” უწოდა. “შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანება ჩვენს ბრწყინვალე ალიანსს უფრო ძლიერს და უსაფრთხოს გახდის”, - დაწერა ბორის ჯონსონმა “ტვიტერზე”. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ნატოს ეს გაფართოვება არსებულ რეალობაში, რაც რუსეთმა შექმნა, ალიანსში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის ერთგვარი სტიმულია”, - დასძენს გამოცემა.

“ევროკავშირისგან განსხვავებით, ნატოში მიღების წესები განსხვავებულია. ეს გეოპოლიტიკური კონიუქტურით ნამდვილად განისაღვრება, რომელიც ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების პროცესმა დაამტკიცა. თურქეთმა შეცვალა პოზიცია და რას შეჰპირდნენ ამაზე ჯერ არ საუბრობენ, თუმცა მე მგონი დათანხმდნენ იმაზე, რომ ის რუსეთის სანქციების პოლიტიკაში არ ჩაერთვება. მეორე, შესაძლოა სანქციები იმ თურქ ჩინოვნიკებს მოუხსნან, რომლებსაც თავის დროზე ამერიკამ დაასანქცირა. შესაძლოა ამერიკელებმა თურქები იმაშიც დაითანხმეს, რომ F-35 მეხუთე თაობის სამხედრო თვითმფრინავის წარმოების პროგრამაში დააბრუნებენ, ან შესაძლოა დამატებით შეიარაღებას გადასცემენ. თურქებმა შესაძლოა იქამდეც ივაჭრეს, რომ ერაყსა და სირიაში მათი ინტერესები დაცული იქნას. როგორც თურქები ამბობენ, ტერორისტებთან მიმართებაში რამდენად იქნება ზეწოლა, ეს ალბათ გამოჩნდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“თურქეთმა ამით კარგი კარტ-ბლანში მიიღო, რადგან გაისად საპრეზიდენტო არჩევნებია, ქვეყნის მმართველმა პარტიამ ერდოღანის კანდიდატურა კიდევ ერთხელ წამოაყენა, ეს ფაქტორი კი მას რეიტინგს კიდევ უფრო აუწევს. თურქეთის ეს ნაბიჯი შიდა მოხმარებაზეც იყო გათვლილი. როგორც ჩანს, შვედეთსა და ფინეთს მაპის გარეშე გააწევრიანებენ, მათი სტრუქტურები ევროპულ სტანდარტებთან ისედაც ადაპტირებულია. ამ ეტაპზე შემგომი გაფართოება, სამწუხაროდ, შესაძლოა არც განიხილებოდეს, უკრაინამაც განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მისი ალიანსში გაწევრიანების ინტერესი ჯერჯერობით არაა, მოლდოვას ნატოში გაწევრიანება ისედაც არ აინტერესებს. რაც შეეხება საქართველოს სიტუაციას, რა შენიშვნებიც ჩვენ ევროკავშირთან მიმართებაში მივღეთ, ეს ნატოზეც ვრცელდება. ნატო არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური ტიპის გაერთიანებაა, ბუნებრივია ეს ევროკავსშირის სტანდარტებთან ერთგვერ თანხვედრაშია, თუმცა ნატოს გაფართოვების მაგალითი ქვეყანას ერთგვარ სტიმულს აძლევს. შემდგომი სამიტი როდის იქნება ჯერჯერობით უცნობია”, - მიიჩნევს მაისაია.

“შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ შვედეთსა და ფინეთს ნატოში მაპის გარეშე მიიღებენ, რაც საქართველოსაც აძლევს საშუალებას, რომ ალიანსის წინაშე თავის პოზიცია დააფიქსიროს. “შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების თანხმობის სანაცვლოდ, თურქეთი გარკვეული დროის განმავლობაში პოლიტიკურად ვაჭრობდა, გარდა ამისა თურქეთი აქამდეც ალბათ იმიტომაც იკავებდა თავს, რომ მას რუსეთან ურეთიერთობების დაძაბვა არ სურდა. ახლა მიაღწიეს იმ შეთანხმებას, რომ შვედეთმა და ფინეთმა თურქეთს ჩემი აზრით, ის ადამიანები უნდა გადასცენ, რომლებიც 2016 წლის სამხედრო გადატრიალების შემდგომ ამ ქვეყნებში საცხოვრებლად გადავიდნენ”, - ამბობს ჩიტაძე, რომელიც ფიქრობს, რომ “თურქეთის სპეცსამსახურებს კონკრეტული ინფორმაცია ჰქონდათ იმ პირებზე, რომლებიც გადატრიალებაში მონაწილეობას იღებდნენ”, - წერს სტატიის ავტორი.

“ფინეთს და შვედეთს ნატოში ყოველგვარი მაპის გარეშე იღებენ, შესაძლებელია საქართველომაც ნატოს წინაშე პოზიცია დააფიქსიროს, რომ თეორიულად იმის შესაძლებლოიბა არის, რომ გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, კონკრეტული ქვეყანა მაპის გარეშე გაწევრიანდეს. მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შვედეთი და ფინეთი ყველა წინაპირობას აკმაყოფილებენ, რომ ნატოს წევრები გახდნენ. ორივე ქვეყანა დემოკრატიულია, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გადაწყვეტილი აქვთ, სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით განვითარებულები არიან და ნატოს წესდების მეათე მუხლის შესაბამისად, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების საქმეში, მათ თავიანთი წვლილის შეტანა შეუძლიათ. ეს ორი ქვეყანა საქართველოსგან განსხვავებით წინაპირობებს აკმაყოფილებს, მაგრამ მაინც კარგია, შეიქმნა ისეთი პრეცედენტი, რომ მაპის გარეშე ორ ქვეყანას მიიღებენ. 1999 წლის ვაშინგტონის სამიტზე მაპი პირველად განისაზღვრა, როგორც გაწევრიანების ერთ-ერთი წინაპირობა, მაგრამ ახლა ეს პირველად მოხდა, რაც ძალიან საინტერესოა”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“1995 წელს ნატომ მიიღო დოკუმენტი, კვლევა გაფართოვების შესახებ, სადაც იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ნატოს წევრობა სურთ, კონკრეტული წინაპირობები იყო ჩამოყალიბებული. იქ გაწერილი იყო კონკრეტული რეკომენდაციები. რის მიხედვითაც ქვეყანა დემოკრატიული უნდა იყოს, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და სასაზღვრო დავები უნდა იყოს მოგვარებული, ეკონომიკური თვალსაზრისით განვითარებული უნდა იყოს, ასევე საჭიროა სამოქალაქო კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე და ა.შ.”, - ამბბობს ჩიტაძე და შეკითხვაზე - “რას ნიშნავს, როცა რუსეთმა პირიქით გაფართოვებული ნატო მიიღო...?” - პასუხობს:

“ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა კატასტროფული შეცდომა დაუშვა, მან მიიღო კიდევ ერთი სახელმწიფო ფინეთი, რომელიც უშუალოდ მას ესაზღვრება და შვედეთიც მასთან შორიახლოსაა. მან უფრო მეტი ნატო მიიღო, ვიდრე უნდოდა, პუტინის წინაპირობა იყო, რომ ნატო 1997 წლის პოზიციებს უნდა დაბრუნებოდა”...

რუსეთში ავტოინდუსტრია კვდება, ეს საქართველოს ავტობიზნესისთვის ახალი შანსია

“რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომი ქვეყანას ეკონომიკური პრობლემების წინაშე აყენებს. ოკუპანტის მიერ წამოწყებული ე.წ. სპეცოპერაციიდან 4 თვეზე მეტი გავიდა და პროცესებმა ახალი მიმართულებაც მიიღო. ძალიან ბევრ დარგს მოუხდა ახალ რეალობასთან შეგუება, მათ შორისაა ავტობიზნესიც. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, მსოფლიო მძიმე ეკონომიკური დარტყმის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა ეს სირთულეც დაძლიეს ქვეყნებმა და მდგომარეობის გაუმჯობესება მოახერხეს, ახლა კი ოკუპანტი ქვეყანა დგას კრიზისის წინაშე, ქვეყანა სანქცინირებულია და, ბევრ სხვა დარგთან ერთად, იქ ავტოინდუსტრიაც გაჩერებულია. მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით, ჯერჯერობით, ძალიან კრიტიკული სიტუაცია არ არის, აშკარაა, რომ პრობლემის წინაშე ნამდვილად აღმოჩნდებიან რუსეთიც და მასთან საბაჟო ალიანსში მყოფი სახელმწიფოებიც, რუსეთში საავტომობილო წარმოების კრიზისი კი შესაძლოა, საქართველოსთვის მომგებიანი აღმოჩნდეს და ბიზნესის ეს მიმართულება კიდევ უფრო გააძლიეროს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რუსეთში ავტოინდუსტრია კვდება, ეს საქართველოს ავტობიზნესისთვის ახალი შანსია.

“როგორც ავტოიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელი აღნიშნავს, რუსეთში მანქანების წარმოება მართლაც ძალიან შემცირებულია, რადგან რამდენიმე კომპანიამ ქვეყანა დატოვა. “რუსეთში ავტომობილების წარმოება მართლაც რომ შემცირებულია, მაგალითად, “რენომ” დატოვა რუსეთი, თუმცა მათ ნაცვლად წარმოება კომპანია “კამაზმა” დაიწყო და ამბობენ, რომ გახდნენ მათი პარტნიორები. მოთხოვნა რაც არ უნდა გაიზარდოს, არ შეიძლება, საქართველოდან ავტომობილები რუსეთში გავიდეს. თითქმის ყველა ავტომწარმოებელმა კომპანიამ დატოვა რუსეთი და საქართველო ავტობიზნესის გამო სანქციებს დაიდებს. ჩვენი სექტორი პირდაპირ კავშირშია და დამოკიდებულია დასავლეთზე, ასევე აშშ-სა და ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაზე. ძალიან კარგი იქნებოდა, უფრო მეტად რომ გვეშუამდგომლა მთავრობის ჩართვით, რადგან ეს სექტორზე ძალიან კარგად აისახებოდა”, - თქვა დარბაისელმა “რეზონანსთან” საუბრისას და დასძინა, რომ მოთხოვნა საქართველოში გააქტიურებულია იმიტომ, რომ ყაზახები, ყირგიზები და ტაჯიკები შემოვიდნენ საქართველოს ბაზარზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამ ეტაპზე, მოთხოვნა მზარდია, რადგან ყაზახები, ყირგიზები და ტაჯიკები შემოვიდნენ საქართველოს ბაზარზე. ზოგადად, შუა აზიის ქვეყნების სექტორისთვის საქართველო ამჟამად არის ყველაზე დიდი და კარგი გამოსავალი. შესაბამისად, ჩვენ გეოგრაფიული მდგომარეობა სწორად უნდა გამოვიყენოთ”, - თვლის დარბაისელი. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მხრიდან რეექსპორტი გააქტიურდება, სავარაუდოა, რომ ევრაზიული საბაჟო კავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან მოთხოვნა გაიზრდება, რაც ქვეყანაზე პოზიტიურად აისახება. დასავლეთის სანქციებმა რუსეთს შესამჩნევი და მძიმე შედეგები მოუტანა და პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. “რობანი მოტორსის” ხელმძღვანელი ელგუჯა ჯამაგიძე მიიჩნევს, რომ რუსეთში მიმდინარე პროცესები ოკუპანტ ქვეყანაზე ნამდვილად ცუდად აისახება, თუმცა ეს რამდენად გაზრდის მოთხოვნას საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტზე, ამ ეტაპზე რთული სათქმელია”, - დასძენს გამოცემა.

“გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ბაზრიდან გამოვიდნენ მწარმოებლები, რომლებსაც კონტრაქტები ჰქონდათ რუსეთის ავტოწარმოებასთან, ეს ნიშნავს, რომ ახალი მოდელების გამოშვება და ბაზრისთვის მიწოდება არ მოხდება. ეს, რა თქმა უნდა, რუსეთზე ცუდად აისახება და გაუჭირდებათ, მაგრამ ნაკლებ გავლენას იქონიებს აზიურ ქვეყნებზე, რომლებიც ერთ საბაჟო სივრცეში არიან მოქცეული. მათ აქვთ თავიანთი წარმოება, რაც არ შეჩერებულა. ყაზახეთს, ასევე ტაჯიკეთს სხვა კომპანიებთან აქვთ ხელშეკრულებები. საქართველოდან რეექსპორტი დამოკიდებულია იმაზე, ევრაზიულ საბაჟო სივრცეში განბაჟების ტარიფები როგორი იქნება. დღესდღეობით იქ ძალიან ძვირია განბაჟება და თუ განაკვეთები არ შეამცირეს, რთული სათქმელია, მოვლენები როგორ განვითარდება. ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, არანაირი შეღავათი არ არის”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ელგუჯა ჯამაგიძე.

“სამომავლოდ პოზიტიურ ტენდენციებზე კომპანია “ავტო იმპორტ ჯორჯიის” ხელმძღვანელი, გურამ როსტიაშვილიც საუბრობს. როგორც ის მიიჩნევს, რეგიონში ავტომობილებზე მოთხოვნის გაზრდა და ბიზნესის გააქტიურება საქართველოზე დადებითად აისახება. “რუსულ ავტოინდუსტრიაში რთული ვითარებაა, ეს კი საქართველოში დადებით ძვრებს გამოიწვევს. ბოლო პერიოდში თითქოს ამ მიმართულებით შეინიშნება კიდეც ტენდენცია და რუსეთში უკვე დაიწყო ჩვენგან რეექსპორტი. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე სომხეთი უფრო ამოძრავებულია, მაგრამ თუკი რუსეთიდან იქნება მოთხოვნა, ჩვენ გვაქვს დიდი ბაზარი და ქვეყნისთვის ეს კარგი მოგების მომტანი იქნება”, - თვლის როსტიაშვილი. ევროპული ბიზნესის ასოციაციის მონაცემებით, მხოლოდ მაისის თვეში რუსეთში ავტომობილების გაყიდვა 83.5%-ით შემცირდა. ამის მიზეზი დასავლეთის სანქციებია, რომლებმაც რუსეთში ავტოინდუსტრია “გაანადგურა”. რუსეთში 24 268 ავტომობილი გაიყიდა მაშინ, როცა 2021 წლის მაისში გაყიდული მანქანების რიცხვი ექვსჯერ მეტი იყო. უკრაინაში წარმოებული ომის გამო, რუსეთის ბაზარს ეტაპობრივად ტოვებენ დასავლური კომპანიები, მათ შორის _ საავტომობილო ინდუსტრიის წარმომადგენლები. რუსეთის ბაზარი სრულად დატოვა ფრანგულმა “რენომ”, - წერს სტატიის ავტორი.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით