მედია - გერმანია რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შეძენას განიხილავს

მედია - გერმანია რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შეძენას განიხილავს

უკრაინის ომის ფონზე, გერმანია რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შეძენას ისრაელისგან ან შეერთებული შტატებისგან განიხილავს.

ბერლინი აღნიშნულ ნაბიჯს საკუთარი თავდაცვის გაძლიერებისთვის აკეთებს, მათ შორის იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომელიც კალინინგრადში განთავსებულ რუსული ისკანდერის რაკეტებს უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Welt am Sonntag ავრცელებს.

როგორც მედიასთან ინტერვიუში გერმანიის შეიარაღებული ძალების „ბუნდესვერის“ ინსპექტორ გენერალმა ებერჰარდ ზორნმა განაცხადა, რუსულ ისკანდერის რაკეტებს შეუძლიათ თითქმის მთელ დასავლეთ ევროპას მიაღწიოს და არ არსებობს სარაკეტო ფარი ამ საფრთხისგან დასაცავად.

"ისრაელსა და აშშ-ს აქვთ ასეთი სისტემები. რომელს ვანიჭებთ უპირატესობას? შევძლებთ თუ არა ნატო-ში მთლიანი სარაკეტო თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას? ამ კითხვებზე პასუხი ახლა უნდა გავცეთ", - დასძინა ზორნმა.

ცნობისთვის, 2018 წელს კრემლმა ისკანდერის რაკეტები კალინინგრადის ოლქში განალაგა, რომელიც პოლონეთსა და ლიეტუვას შორის მდებარეობს.