დმიტრო კულებამ და მევლუთ ჩავუშოღლუმ უკრაინიდან სურსათის ექსპორტის განბლოკვის საკითხი განიხილეს

უკრაინის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დმიტრო კულებამ და მევლუთ ჩავუშოღლუმ სატელეფონო საუბრისას უკრაინიდან სურსათის ექსპორტის განბლოკვის პრობლემა განიხილეს.
„განვიხილეთ უკრაინის სურსათის ექსპორტის განბლოკვა. მე მას დეტალური ინფორმაცია მივაწოდე, რომ რუსეთი მარცვლეულს იპარავს მესამე ქვეყნებში გასაყიდად“, - წერს კულება „ტვიტერზე“.
მისივე თქმით, თურქმა კოლეგამ უკრაინულ მხარეს სამძიმარი გამოუცხადა კრემენჩუკში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო.
კულება ასევე წერს, რომ მევლუთ ჩავუშოღლუმ მას ნატო-ს მადრიდის სამიტის შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

























