მედია - რუსეთის ქალაქ კურსკში აფეთქებების ხმა ისმოდა

მედია - რუსეთის ქალაქ კურსკში აფეთქებების ხმა ისმოდა

რუსეთის ქალაქ კურსკში ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა „ტელეგრამზე“ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა იმუშავეს.

კურსკის მცხოვრებლების თქმით, მათ ღამით აფეთქებების ხმა გაიგეს. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ვიდეოებიც, რომლებშიც სავარაუდოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემების მოქმედებაა ასახული.

სტაროვოიტმა დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა, ორი უკრაინული „სტრიჟის“ დრონი ჩამოაგდეს, როდესაც ისინი კურსკს მიუახლოვდნენ.

მან ასევე გამოაქვეყნა სავარაუდოდ ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატების ფოტო.

"ჯარის კომპეტენტური ქმედებების წყალობით, მსხვერპლი არ არის. სამწუხაროდ, ბელგოროდში სხვა ვითარებაა, სადაც მტრის თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ და დაშავდნენ ადამიანები, მშვიდობიანი მოსახლეობის სახლები განადგურებულია“ , - აღნიშნა კურსკის ოლქის გუბერნატორმა.

შეგახსენებთ, რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ღამით ბელგოროდში აფეთქებები მოხდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. ამასთან, მისი თქმით, ნაწილობრივ განადგურდა 11 საცხოვრებელი კორპუსი და 39 კერძო სახლი.