ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2022

სანდრო თვალჭრელიძე - “სკანდალური კვირეული ანუ გვაიძულებს თუ არა დასავლეთი თანამშრომლობას?!”

აქვს თუ არა 3 ივლისის პროტესტს გაგრძელების პერსპექტივა

ვახტანგ ძაბირაძე - “რას აპირებენ? პარლამენტში შევარდნას?!”

რატომ დაიწყო კვლავ ზრდა ინფიცირებულთა რიცხვმა - რამდენად სერიოზულია ახალი ქვეშტამის საფრთხე

თენგიზ ფხალაძე - “ნატო და ევროკავშირი ქართველი ხალხის არჩევანია და არა რომელიმე მთავრობის გადასაწყვეტი”

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “სკანდალური კვირეული ანუ გვაიძულებს თუ არა დასავლეთი თანამშრომლობას?!”

“პირველი მოთხოვნა, რომელიც ევროკავშირმა წამოგვიყენა, და ეს არ არის ახალი, მიშელის დოკუმენტშიც წერია, დეპოლარიზაციაა. არ შეიძლება ქვეყანა არსებობდეს ერთმანეთთან ასე მტრულად განწყობილი ჯგუფების ხელში. ასეთ რაღაცას ვხედავთ ისრაელში, მაგრამ ისრაელი ევროპა არ არის. იქ სულ სხვა ვითარებაა, სხვა ერია, რომელიც მონოლითური არ არის. ჩვენი ერი მონოლითურია და არ მესმის, რატომ არის ასეთი პოლარიზაცია. არ მესმის მეორე რაღაცაც - რატომ აძლევს თავს უფლებას ზოგიერთი პარტია და საზოგადოებრივი ორგანიზაცია ილაპარაკოს ქართველი ხალხის სახელით?! ქართველი ერის სახელით ლაპარაკის უფლება აქვს პარლამენტს და მის მიერ დანიშნულ მთავრობას, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში არსებობს რეალური თანამშრომლობა უმრავლესობას, უმცირესობასა და სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტს შორის. აქეთკენ გვიბიძგებს ევროპარლამენტი. გვეუბნება, გეყოფათ, დასხედით პარლამენტში და შევაფასოთ, რამდენად დემოკრატიული ხართო”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "სკანდალური კვირეული ანუ გვაიძულებს თუ არა დასავლეთი თანამშრომლობას?!"/ “მე მეჩვენება, რომ შარლ მიშელის შეთანხმებასაც და ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციებსაც გაცილებით ღრმა ფესვები აქვს, ვიდრე ჩვენ გვგონია”.

“დემოკრატია არ არის მხოლოდ უმრავლესობის აზრის დიქტატი, ეს არის მცირე ჯგუფების ინტერესების დაცვა და პატივისცემა. ჩვენ კი პარლამენტში დედის გინება და უკიდურესად ბინძური გამონათქვამები გვესმის, რასაც ევროპის ვერც ერთ პარლამენტში ვერ მოისმენთ, რადგან კანონი კრძალავს. კრძალავს ისეთი რამის თქმას, რომლის მტკიცებულება არა გაქვს, ამიტომ ხალხი ლაპარაკობს ზრდილობიანად, რაც ჩვენს პარლამენტს აკლია... ძალიან კარგია, რომ რომელიღაც საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთიანი ჯგუფი წარმოდგენილი გეგმის შესრულებას გააკონტროლებს. შეასრულებს თუ არა “ქართული ოცნება”, არ ვიცი, პასუხი არა მაქვს. ნათქვამია, შვილო, რატომ ტირი, გამდის და მაგიტომო. “ოცნებაც” იმას გააკეთებს, რაც გაუვა. ჩვენ უნდა ვაიძულოთ, რომ დანაპირები შეასრულოს და მკაცრად გავაკონტროლოთ, რას და როგორ აკეთებს. ვნახოთ, 5-6 თვეში როგორი შედეგები იქნება, რადგან ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში სიტყვამ ფასი დაკარგა და საზოგადოების უმრავლესობას არც ერთი პოლიტიკოსის აღარ სჯერა. ეს არის ყველაზე ტრაგიკული, რაც მოხდა და ამაში დამნაშავეა ყველა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“უნდა ვთქვა, რომ ძალიან ცუდია ის, რასაც საზოგადოებრივი ჯგუფები აკეთებენ, რადგან, როგორც კი რამეს მიაღწევენ, ეგრევე პოლიტიკაში ინაცვლებენ და ამით საზოგადოებრივი პროცესებისადმი ხალხის ნდობას კარგავენ - ანუ სწრაფვა არის ძალაუფლებისკენ და არა რეალური ევროპული ფასეულობებისკენ, რომლის მთავარი პრინციპი კანონის უზენაესობა და ადამიანის შიდა ცენზორია, რომ ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება შენი. ჩვენთან კი კანონის უზენაესობას როგორ ვიცავთ, ვხედავთ. გაგახსენებთ, პრემიერის მიერ კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმების ჩამოწერას. ეგრევე გაჩნდა ნიჰილიზმი და ასე შემდეგ... მეორეა სასამართლოს რეფორმა. ჩვენი მოსამართლეების უმეტესობამ განათლება მიიღო საბჭოთა კავშირის დროს, 90-იანი წლების მძიმე პერიოდში და ისინი მორჩილი ადამიანები არიან. კი ბატონო, ჩინჩალაძე, მურუსიძე გავუშვათ და მათ ნაცვლად ვინც მოვა, უკეთესი იქნება? მე, როგორც მოქალაქეს, არ უნდა მაინტერესებდეს, ჩემს საქმეს ვინ განიხილავს. მთავარი ის არის, მოსამართლეს გადაწყვეტილების გამოტანისას პოლიტიკური დაკვეთის შესრულების თუ ქრთამის აღების შესაძლებლობა არ ჰქონდეს. ასეთივე სიტუაცია იყო ამერიკაში 1930-40-იან წლებში და ერთადერთი გამოსავალი ამ ჩიხიდან ის არის, რაც ამერიკამ მოძებნა - ეს არის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ჩამოყალიბება. თუ ჩვენ სისხლის სამართლის ყველა საქმეზე მივიღებთ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, ამას განსაზღვრული თანხა კი სჭირდება, ცხადია, ეს არ არის იდეალური სისტემა, მაგრამ მთავარ პრობლემას მოხსნის”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რაც დამოუკიდებლობა გვაქვს, ქუჩის მექანიზმები გამოიყენება, რომელიც ორივე მხრიდან ორ, ინტუიციურ და ორგანიზაციულ დონეზე მუშაობს. ზოგან მოსახლეობის ერთ ნაწილს არ უყვარს ოპოზიცია და როგორც კი მასთან აფილირებულ ხალხს ხედავს, იწყებს მოქმედებას ყოველგვარი მითითების გარეშე, და მეორეა უკვე ამ ძალადობის მიზანმიმართულად ორგანიზება. თუმცა არა მგონია, ორგანიზების შემთხვევაშიც პირდაპირ იყოს მითითება, სცემეთ, მოკალითო და ასე შემდეგ... მაგალითად, დაავალებენ, რომ ხალხი არ უნდა მივიდეს აქციაზე. ასეთი ძალადობები უკვე ლოკალურ ინიციატივებს ჰგავს. სამწუხაროდ, ასეთი რამ ხდებოდა ყოველთვის, ყველა ხელისუფლების დროს. საქმე ის არის, რომ ხელისუფლებაში არიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც ზუსტად ისეთივე სულისკვეთება აქვთ, როგორიც ყველა ჩვენგანს - ანუ კანონის უზენაესობას პატივს არ სცემენ და თვლიან, რომ რაღაც მეთოდებით და მათ შორის, ძალადობრივით შესაძლებელია საზოგადოებრივი აზრის შეცვლა. ეს ორმხრივი პროცესია, ორივე მხარე ერთნაირად ცუდად იქცევა. ეს არის არა რომელიმე კონკრეტული ხელისუფლების, არამედ საზოგადოების ნიშან-თვისება. ამიტომ ეს პრობლემა ქვემოდან უნდა მოგვარდეს და რომ მოხვალ ხელისუფლებაში, შენ უკვე გექნება სამოქალაქო სულისკვეთება და შენი შინაგანი ცენზორი აღარ მოგცემს საშუალებას, რომ ეს გააკეთო”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“მეორე პრობლემაა ის, რომ პოლიტიკურ ძალებს ეს სიტუაცია აწყობთ. იმისთვის, რომ პოლარიზაცია შემცირდეს, ჩვენ მართლა უნდა გვინდოდეს ევროპისკენ სწრაფვა და ამისთვის ჩვენი ეგო, ჩვენი მისწრაფებები, კარიერული ზრახვები უნდა დავიოკოთ და ვითანამშრომლოთ. მაშინ, როცა ევროპისკენ სწრაფვა შენს პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, არაფერი გამოვა. ადამიანი სულიერად უნდა იყო მზად თანამშრომლობისთვის და მაშინ ყველაფერი გამოვა. ვუყურებ თუ არა ამას სკეპტიკურად, არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი. თუ ევროპელები ”გვაიძულებენ”, მაშინ შესაძლებელია, მაგრამ მაინც მჯერა, რომ არასაჯარო სივრცეში ასეთი ზეწოლა ძალიან მწვავე და ძალიან ძლიერი იქნება და, ბოლოს და ბოლოს, “გვაიძულებენ” თანამშრომლობა შედგეს. ეს არის ჩვენი უბედურება, ასეთი ტიპის თანამშრომლობისთვის ჩვენი შინაგანი განწყობა კი არ არის მთავარი, არამედ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მოთხოვნების დაკმაყოფილება”, - დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე.

“ამერიკის საელჩოში მომხდარი ინციდენტი მგონია, რომ იყო ქართული სულისკვეთება, ქუჩაში რომ გამოდიან ცოტა ნასვამი ბიჭები, ჯერ ერთმანეთს რომ ეხვევიან, მერე რაღაცაზე წაკამათდებიან, იჩხუბებენ და ერთმანეთს კლავენ. ერთი მხრივ, შესაძლებელია ყოფილიყო რაღაც პროვოკაცია და მოხდა ჩხუბი. ეტყობა, სულსწრაფმა ქართულმა ტემპერამენტმა იძალა და თავი ვერ შეიკავა, თორემ რომელი ჭკუათამყოფელი გააკეთებდა ამას საელჩოში? ოხანაშვილი თავს პოლიტიკოსად თვლის და თავს ასეთ ხარაკირს რატომ გაუკეთებდა? 120 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ეს იყო ქართული ტემპერამენტის აბსოლუტურად უადგილო გამოხატვა, რომელმაც კანონის უზენაესობას, რომელიც შინაგანად არა გვაქვს, გადააჭარბა... მე მეჩვენება, რომ შარლ მიშელის შეთანხმებასაც და ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციებსაც გაცილებით ღრმა ფესვები აქვს, ვიდრე ჩვენ გვგონია. მე მეჩვენება, რომ გვიყურებენ ეს ადამიანები და ხედავენ, რომ ქართული პოლიტიკის არსი არის “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის კინკლაობა. ეს ყველას მოჰბეზრდა იმ დონემდე, რომ პირდაპირ გვეუბნებიან, ხალხო, რას შვრებით, ჩამოდიან ევროპაში ვიღაცები, პირდაპირ სახელმწიფო ღალატიაო - ანუ ქართველი საზოგადოების ინტერესები უგულებელყოფილია პარტიული ინტერესების წინ წამოწევით”, - ამბობს რესპონდენტი.

“ამ ოცდაათი წლის განმავლობაში ერთი პროცესი მაინც გინახავთ სახელმწიფო ღალატის ფაქტზე, გარდა აბსოლუტურად უსუსური და სასაცილო “ფოტოგრაფების საქმისა”? აქვე ვიტყვი, რომ დეოლიგარქიზაცია იმას ნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს არ შეეხება და ოპოზიცია ტყუის, როცა ამაზე აკეთებს აქცენტს. ეს ეხება იმას, რომ ბიზნესმენებმა, რომლებსაც რაღაც სარგებლის ნახვა სურთ, არ დაიწყონ პოლიტიკური ძალების “უპრაგონოდ” დაფინანსება, რათა ყველა მეტ-ნაკლებად ერთიანი თამაშის წესებს დაექვემდებაროს და წინ წამოვიდეს ახალი სახეები, რაც ძალიან გვჭირდება. მოქმედი პოლიტიკოსები ახალს აღარაფერს ამბობენ და ამიტომაც აღარც ვუსმენ და ვკითხულობ. ასეა საზოგადოების დიდი ნაწილიც. ეს არის მორჩილი უმრავლესობა და მორჩილი უმცირესობა, რომელთაც თავში ორი აზრი არა აქვთ და თავიანთი პარტიული ლიდერის მოწოდებისა და სურვილის თანახმად მოქმედებენ. ამის შეცვლა სურთ და ცხადია, ეს სწრაფად არ გამოვა, რომი ერთ დღეში არ აშენებულა და ესეც ვერ გაკეთდება ვერც ერთ თვეში და ვერც ექვს თვეში, მაგრამ პროცესი ნელ-ნელა რომ წინ წაიწიოს, ამისთვის წამოვიდა ეს 12-პუნქტიანი გეგმაც”, - თვლის ექსპერტი.

“ტექნიკური მთავრობის შექმნის იდეა ჩემი აზრით, შეუძლებელია და ძალიან ცუდი იდეაა. ვინ უნდა იყოს ტექნიკურ მთავრობაში? როგორც ამბობენ, აპოლიტიკური პირები და ამას როგორ განსაზღვრავენ? რა პრინციპით შეარჩევენ? ვის აქვს ამის მანდატი? მე გეტყვით, რომ არავის. ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებზე ძალიან დაბალი შედეგები აჩვენეს და რომელ მანდატზე შეიძლება ლაპარაკი? ამ საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელიც სათავეში ედგა პროცესს, ნდობის მანდატი საერთოდ არა აქვს და ქუჩაში სამასი ათასი კაციც რომ გამოიყვანონ (ეს არის მოსახლეობის დაახლოებით რვა პროცენტი), სად არის ნდობასა და ლეგიტიმურობაზე ლაპარაკი? ეს ყველაფერი ანტიკონსტიტუციურია. მთავრობის შეცვლის მეორე გზა არის არჩევნები და ვადამდელი არჩევნები ახლა რომ ჩატარდეს, გაცილებით დიდ უპირატესობას ისევ “ქართული ოცნება” აჩვენებს და ფიქრობენ ამაზე? თუ ვადამდელი არჩევნები უნდათ, კეთილი ინებონ და ჯერ საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღონ და ისე ჩაატარონ. ისე რა აზრი ექნება. პრობლემა ის არის, რომ ეს არეულობის შეტანის ცდაა - მოდი, რამე ვცადოთ, იქნებ ასე გამოგვივიდეს რამეო, ეს კი აბსოლუტურად არალეგიტიმურია. მთავრობის შეცვლის ერთადერთი ვარიანტი ის არის, რომ უნდობლობა გამოუცხადონ. თუ ეს უნდათ, იმუშაონ პარლამენტში...” - დასძენს თვალჭრელიძე.

აქვს თუ არა 3 ივლისის პროტესტს გაგრძელების პერსპექტივა

“მოძრაობამ “სირცხვილია” საზოგადოებას 3 ივლისს აქციაზე მთელი ღამით რუსთაველის მოედანზე დარჩენა შესთავაზა, რათა ხელისუფლება დათმობაზე წავიდეს. ანალიტიკოსების შეფასებით, ორგანიზატორები აპირებენ, რომ მასობრივი გამოსვლები დაიწყონ და ესაა ერთგვარი ტესტი, თუმცა, ამასთანავე დასძენენ, რომ სამოქალაქო საზოგადოება ხალხს არ ეუბნება, იმას, რომ თუ “ქართული ოცნება” წავა, ხელისუფლებაში ვინ მოვა და თუ ნებისმიერი მომდევნო შეკრება გეგმის თვალსაზრისით ასეთივე უშინაარსო იქნება, საზოგადოებას გული აუცრუვდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით აქვს თუ არა 3 ივლისის პროტესტს გაგრძელების პერსპექტივა.

“ბოლო დღეებში ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ადასტურებს, რომ ოლიგარქი არ აპირებს სახალხო მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ამიტომ 3 ივლისს, 20:00 საათზე კვლავ ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე! იმისთვის, რომ ხელისუფლებას დათმობებზე წასვლა ვაიძულოთ, ჩვენი პროტესტი უფრო მწვავე გახდება, თუმცა აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობიან და არაძალადობრივ ფორმას. სწორედ ამიტომ, ვემზადებით იმისთვის, რომ 3 ივლისს, ერთი ღამით რუსთაველის გამზირზე დავრჩეთ, რასაც კონკრეტული მიზანი ექნება. პარლამენტთან გატარებული ღამე თითოეული მოქალაქისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება, რისთვისაც დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა”, - ნათქვამია “სირცხვილიას” განცხადებაში. აქციის ორგანიზატორების მთავარი მოთხოვნებია გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ახალი მთავრობა ეროვნული თანხმობის საფუძველზე როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე “რეზონანსთან” აცხადებს, აქციის ორგანიზატორები სავარაუდოდ პროტესტის განგრძობადობას უზრუნველყოფენ და როცა საჭიროდ ჩათვლიან არაა გამორიცხული, რომ პროტესტს “უფრო რადიკალური სახეც მისცენ”. - აღნიშნავს გამოცემა.

“როგორც აქციის ორგანიზატორებმა დაანონსეს, თუ მთავრობა არ გადადგებოდა, აქციებს პერმანენტული ხასიათი მიეცემოდა, შესაბამისად ჩემი აზრით აქციაზე ღამით დარჩენაც იმითაა გამოწვეული, აცნობონ საზოგადოებას, რომ რაღაცნაირად თანმიმდევრულები არიან, თორემ აქცია ჯერ შედგეს, მერე ისევ თავიდან შეიკრიბნენ, საზოგადოებაში საპროტესტო მუხტს ამცირებს. დარჩებიან ისევ როგორც 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ იყვნენ, როცა აქცია გარკვეული პერიოდი გრძელდებოდა. რაც მე მოვისმინე, გავიგე, წავიკითხე, მითხრეს და არც თვითონაც არ მალავენ იმას, რომ თბილისში ბინები აქვთ დაქირავებული, მომარაგებული აქვთ ყველაფერი, რომ ჩამოყვანილი და ადგილობრივი ხალხის აქციაზე ყოფნა და მათი მონაცვლეობა უზრუნველყონ. გასაგებია, რომ ასეთ სიტუაციაში აქციაზე მუდმივად ერთი და იგივე ხალხი ვერ იქნება, ერთმანეთს შეენაცვლებიან და სავარაუდოდ ამით პროტესტის განგრძობადობას უზრუნველყოფენ. მერე უკვე ალბათ მოვლენების განვითარებას დაელოდებიან და როცა საჭიროდ ჩათვლიან, არ გამოვრიცხავ, რომ აქციას უფრო რადიკალური სახეც მისცენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც ამ ორგანიზაციისა და მათი კურატორების ნამოქმედარით ვნახეთ, სრულიადაც არ გამოვრიცხავ იმ სცენარს, რომ გაიმეორონ ის, რაც 2019 წლის 20 ივნისს გააკეთეს. ამას საერთაშორისო ასპარეზზე თუ საქართველოში რა რეაქციაც მოჰყვა, აქედან გამომდინარე, შეიძლება იმის იმედი აქვთ, რომ პოლიცია უკვე ისეთ აქტიურ წინააღმდეგობას აღარ გაუწევს. მეორეს მხრივ შესაძლოა სხვა მოქმედებებსაც მიმართონ - სამთავრობო უწყებების პიკეტირება იქნება ეს, თუ მინი აქცია-პერფორმანსები. ვისაც იგივე აკერმანის სულიერი მამის ჯინ შარპის წიგნი მშვიდობიანი თუ არაძალადობრივი რევოლუციების სახელმძღვანელო უნახავს, იქ 201 თუ 202 მეთოდია, სადაც აღწერილია სხვადასხვა სახის “არაძალადობრივი წინააღმდეგობა”. ასე რომ, ფართო ასორტიმენტი აქვთ. ფული არ უჭირთ, ბევრი აქვთ. 3 ივლისის აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, უკვე აშკარა გახდა, რომ ამ აქციის უკან პოლიტიკური პარტიები დგანან. გაცხადდა, რომ აქციის მონაწილეების ტრანსპორტირებას “ლელო” აფინანსებს, ორგანიზებაში ენმ-ც ჩართულია, სავარაუდოდ სხვა პარტიებიც არიან”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“არ გამოვრიცხავ, რომ ამ აქციას ის ადგილობრივი ბიზნესები თუ ბიზნესმენები აფინანსებდნენ, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ არიან განწყობილები, ზოგიერთი მათგანი პარლამენტშიც ზის, ასე რომ, პროტესტისთვის სერიოზულად ემზადებიან და საკმაოდ მაღალი ფსონებია დადებული, რომ აქცია ასე მარტივად არ ჩაამთავრონ, ამიტომ აუცილებლად დადგებიან ბოლომდე”, - მიიჩნევს ანჯაფარიძე. როგორც კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, როგორც ჩანს, აქციის ორგანიზატორები მასობრივი პროიტესტისთვის ემზადებიან, თუმცა, თუ ყოველი მომდევნო აქცია გეგმის თვალსაზრისით უშინაარსო აღმოჩნდა, საზოგადოებას გული აუცრუვდება”, - დასძენს გამოცემა.

„ჩემი აზრით, ორგანიზატორები აპირებენ, რომ მასობრივი აქციები დაიწყოს, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარში ამოუდგება და დიდი ხნით გაჰყვებიან, ღამის თევითაც და პერმანენტულადაც. შესაძლოა ახლა ამოწმებნენ თუ ღამით რამდენი ხალხი დარჩება. იმ ფონზე, როცა ახლა უკრაინაში ჩვენთვის კვდებიან, აქციის ორგანიზატორები სცდიან თუ ქართველი ხალხი რამდენად მზადაა, რომ ქუჩაში ღამისთევით გამოვიდნენ. მაგრამ აქ მეორე საკითხია, ეს გამოსვლა რამდენად შინაარსიანია, რადგან საქართველოს მოქალაქე თუ გარისკავს და ქუჩაში გამოვა, ის კომფორტის ზონიდან გამოვა, მან კი შედეგად რაღაცა უნდა მიიღოს, ეს ხალხი ფიქრობს რა უნდა იყოს ამისი შედეგი. ჯანდაბას გამოვედი და ქუჩაში ერთი კვირა დავრჩი, დავუშვათ წავიდა ღარიბაშვილი, შედეგი რა იქნება, ღარიბაშვილი 2? რა არის ის ფასი, რის გამოც მოქალაქე ქუჩაში გამოვა. “სირცხვილიას” რამდენადაა ის ძალა, რომელიც ამას გააკეთებს, თუ მერე ისევ ხელში სააკაშვილი შემრჩება, რომელიც საშუალო სტატისტიკურ ქართველს არ უყვარს”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“თუ ამის უკან ისევ სააკაშვილია და ხალხი გრძნობს, რომ საბოლოო ჯამში ეს ასეა, იფიქრებს რატომ უნდა გავიდეს და მისთვის მიუღებელი ივანიშვილი მისთვისვე ასევე მიუღებელ სააკაშვილზე რატომ უნდა გაცვალოს. ანუ, იფიქრებს, თუ ამ უაზრო ცვლილებას რა აზრი აქვს, რას მიიღებს, მისი ქუჩაში დგომა რითი დაკმაყოფილდება? საშუალო სტატისტიკური ქართველი ვერ ხედავს ქუჩაში თუგინდ ერთკვირიან გმირობის სანაცვლოდ რას მიიღებს. ამ მუხტში ეს სიზარმაცე იგრძნობა, სიზარმაცეს კი ის ეხმარება, რომ არავინ არ იცის რა შედეგი იქნება, შედეგი რომ მკაფიოდ გამოკვეთილი იყოს, რომ “ოცნება” წავა და ნამდვილად ღირსეული ხალხი მოვა, რომელიც ყველა ქართველის მოლოდინებს დააკმაყოფილებს, ქუჩაში ძალიან ბევრი ხალხი გამოვა. ერთადერთი რამაც შესაძლოა ხალხი ქუჩაჩი გამოიყვანოს, ესაა 2 ივლისის სამარცხვინო ფაშისტების გამოსვლა, ეს ქართველი ერის ყველაზე შემარცხვენელი საქციელი იყო, რაც შაბათს შავრაზმელებმა ჩაიდინეს. ტრაგედია ისაა, რომ კი ვიღაცეები ვითომ დააპატიმრეს, მაგრამ ხელისუფლება ამას ხელს უწყობს”, - ამტკიცებს კონფლიქტოლოგი.

“არავითარი ლოგიკა არ არსებობს, უკვე მესამეჯერ ერთი და იგივეზე ხალხი გამოვიდეს, არაფერი არ ხდება და სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკურ ლოზუნგებს აჟღერებს, ეს კი ოპოზიციის ფუნქციაა. თუ ღარიბაშვილი და “ოცნება” მიდის, სამოქალაქო საზოგადოება ხომ ვერ მოვა, ვიღაცა პოლიტიკური ფიგურა უნდა მოვიდეს და ეს ფიგურა ვინაა? ენმ და ოპოზიცია? აქციის ორგანიზატორები ვერავითარ არჩევანს ვერ სთავაზობს გარდა იმისა, რომ ხელისუფლებიდან “ოცნება” უნდა გაუშვან, რაც ყველას უნდა, მეც მინდა, მაგრამ მერე რა იქნება ვერ ვხედავ. სამოქალაქო სექტორმა უნდა შეთავაზოს მერე რა იქნება. სხვანაირად საზოგადოებას გული აუცრუვდება. თუ ორგანიზატორებმა გეგმების თვალსაზრისით აქციები ისევ უშინაარსოდ განაგრძეს, პროტესტი მილევადი იქნება”, - დაასკვნის პაატა ზაქარეიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - “რას აპირებენ? პარლამენტში შევარდნას?!”

“იმიჯზე ლაპარაკი უკვე კომიკურ სახეს იძენს, რაც მიშელის დოკუმენტიდან მოყოლებული რა პროცესებიც ვითარდება ამ ქვეყანაში. რა გამართლება შეიძლება ჰქონდეს იმას, რაც საელჩოში მოხდა. ვარაუდი შეიძლება უამრავი იყოს, მაგრამ, როდესაც თანამდებობის პირი ხარ, თმენის ვალდებულებაც გაქვს და ანგარიში უნდა გაუწიო, რომ საელჩოში ხარ. წერეთელს რაც უნდა ეთქვა, ასეთ საქციელს გამართლება არა აქვს. მთავარი კი ის არის, რომ არც ერთი მხარე არ არის მზად დიალოგისთვის, არათუ პოლარიზაციის შესამცირებლად. როგორც ჩანს, ეს არც ერთს არ აძლევს ხელს. სანამ ეს მოხდებოდა, ხომ ვნახეთ, რაც ხდებოდა ქუჩებში”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რას აპირებენ? პარლამენტში შევარდნას?!”

“გამახსენდა, - 1989 წლის თებერვალში ეროვნული მოძრაობა ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაარბია არა პოლიციამ, არამედ უნივერსიტეტის კომკავშირელთა დიდმა ჯგუფმა. მაშინ რომ დაიწყო ხელისუფლებამ ამ მეთოდის გამოყენება, დღემდე ყველა ხელისუფლება იყენებდა და იყენებს. მაგალითია რეგიონებში შეხლა-შემოხლა “ოცნების” აქტივისტებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის. ეს ხომ ჩვენთვის ახალი არ არის, ყველა ხელისუფლება იმავეს აკეთებს, როცა გავლენას კარგავს. ეს ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. როდესაც ქვეყანაში არ იცვლება არც სტრუქტურული მიდგომები, არ ვითარდება დემოკრატიული ინსტიტუტები, ირღვევა ადამიანის უფლებები და ყველაფერი მიმართულია ძალაუფლების მონოპოლიზაციისკენ, ლოგიკურია ასეთი შედეგი. სამწუხაროდ, ეს პროცესი გაგრძელდება, ასე მარტივად არ დასრულდება და მუდმივად არასტაბილურ ვითარებაში ვიქნებით. მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია უფრო გონივრულად იმუშავებს და არ გაიმეორებს შეცდომებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“სუბარი-ხუნდაძე-ყაველაშვილის მიერ “ქართული ოცნების” დატოვება ნიშნავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" გადაჯგუფება დაიწყო. როგორც ჩანს, ახალი სტრატეგია შეიმუშავა. ლაპარაკი იმაზე, რომ ეს სამეული დამოუკიდებელია და მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებებით მოქმედებს, ძალიან სასაცილოა. ბუნებრივია, “ქართულ ოცნებას” სჭირდება რაღაც ახალი მიდგომა, რადგან არ სურს თავი დაანებონ ნარატივს, რომ ოპოზიცია და ჩვენი პარტნიორები საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ და ასე შემდეგ... არ სურთ პოლარიზაციის შემცირება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მიღებულია დოკუმენტი, ხელისუფლება ვეღარ იქნება ისეთი რადიკალური, როგორიც აქამდე იყო. ამიტომ ეს მიმართულება რომ შეენარჩუნებინათ, გამონახეს სამი კაცი, რომლებიც კატეგორიულ განცხადებებს გააკეთებენ. სამივე, ასე ვთქვათ, “ქართული ოცნების” რადიკალური ნაწილი იქნება და “ქართულ ოცნებას” არაფერი დაჰბრალდება. ლაპარაკი იმაზე, რომ ისინი გამოეყვნენ პარტიას, ძალიან სასაცილოა, ისევე, როგორც ის, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში არ ერევა”, - განმარტავს რესპონდენტი.

“შესაძლოა ამ სამი პირის განცხადებებმა ისეთი გავლენა არ მოახდინოს, როგორიც ექნებოდა, თუკი “ოცნება” ამაზე ილაპარაკებდა, მაგრამ, სულ გაჩუმებაც არ უნდათ. საქმე ის არის, ძველებურად ვეღარ ილაპარაკებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ეს დოკუმენტი მიიღო და 20 და 24 ივნისიის აქციაზე მათი მხარდამჭერებიც იყვნენ. “ოცნება” მიხვდა, თუ ისევ ისე გააგრძელებს, მაშინ ამ მხარდამჭერებსაც დაკარგავს და ამიტომ დანარჩენი მცირე კატეგორიისთვის ეს სამეული საკმარისად ჩათვალა. მათი განცხადებები იქონიებს გავლენას და ეს დიდწილად დამოკიდებულია უკრაინაში ომზეც, რადგან სანამ არ დასრულდება, მუდმივად იქნება იმის განცდა, შესაძლოა აქაც დაიწყოსო. ამაზეა ეს გათვლილი, არ უნდათ ამ კატეგორიის დაკარგვა. პოლიტიკურად “ქართული ოცნება” დასრულდა და ახლა დგას საკითხი, როგორ მოხდება მისი ჩანაცვლება - რბილად, ჭკვიანურად, ოპოზიციის მიერ გათვლილად თუ იმით, რითაც იმუქრებიან... იმის თქმა, რომ ხელისუფლებას ვაიძულებთ არჩევნები ხვალ-ზეგ ჩაატაროსო, აბსურდია. ასეთი შეცდომები ყველა წინა ოპოზიციამ დაუშვა და ყოველთვის ლამის ომის ზღვარზე მივედით, ამიტომ ახლა ოპოზიციას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“რაც შეეხება ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნას, სწორედ ამას ვამბობ, რომ მოთხოვნებია არასწორი, თორემ ევროპაში ინტეგრაციის მხარდასაჭერად აქციის გამართვა ძალიან კარგია. მეც მაინტერესებს, ხელისუფლება ამ მოთხოვნებს რომ არ შეასრულებს, რას აპირებენ? პარლამენტში აპირებენ შევარდნას? ეს კატასტროფული იქნება და არც არაფერს მოიტანს, 2003 წლის გადმოტანა არასწორია. მაშინ სხვა ვითარება იყო და ახლა თუ ეს ვინმეს თავში უტრიალებს, ეს იქნება რუსული სცენარი და მეტი არაფერი... ხელისუფლების 12-პუნქტიანი გეგმა კი იმის დემონსტრირებაა - აი, ჩვენ დეპოლარიზაცია გვსურსო და ამისთვის რაღაცასაც აკეთებენ. ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ იმ სამეულის გამოყოფაც. თუმცა არა მგონია, ეს საკმარისი იყოს. რეალური დეპოლარიზაცია მხოლოდ სიტყვებში კი არ გამოიხატება, არამედ ქმედებებშიც. არადა, ხომ ვხედავთ დღეს “ქართული ოცნება” რას აკეთებს, მაგალითად, რეგიონებში. ამას აკეთებდა “ნაცმოძრაობაც”, რაც საზოგადოებამ ყოველთვის უნდა შეახსენოს, რადგან ხიფათი იმისა, რომ ჩავანაცვლოთ “ოცნება” და კიდევ ერთხელ წავიდეთ ამ მოჯადოებულ წრეზე, ისევ არსებობს”, - თვლის ძაბირაძე.

“შეხსენება არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებამაც იგივე გააკეთოს, თანაც, ვინც მოდის, უნდა იცოდეს, რომ ამას არავინ შეარჩენს. ჩვენი მიზანი ის კი არ უნდა იყოს, მაინცდამაინც “ოცნება” ჩამოვაშოროთ, არამედ ის, რომ პოლიტიკური გარემო შეიქმნას ისეთი, რომ ამ ჭაობს თავი დავაღწიოთ. წარსულის კი არა, მომავლის გვეშინია და ეს არის პრობლემა. დღეს ოპოზიციის პრობლემა სწორედ ორ ბანაკად გაყოფილი ოპოზიციის ელექტორატია, რომლის დიდი ნაწილისთვის მიუღებელია როგორც “ქართული ოცნება”, ასევე “ნაცმოძრაობა”. ეს არის დღეს ერთ-ერთი ბერკეტი, რითაც “ქართული ოცნება” ძალაუფლებას ინარჩუნებს”, - დასძენს ძაბირაძე და შეკითხვაზე - “ქართული ოცნებისთვის” ძალაუფლების შენარჩუნება ხომ დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, როგორ შეასრულებენ ევროკავშირის მოთხოვნებს? ხომ დაინახეს, რომ საზოგადოება არ შეეგუება, თუკი 6 თვის შემდეგაც პრობლემები ექნება. ამიტომაც ფორმალური ნაბიჯები ხომ ისევ მათ ამოცანას აზიანებს? რაში სჭირდებათ, ერთი მხრივ, ფორმალურად გაკეთებული რაღაც და მეორე მხრივ, ომის რიტორიკის შენარჩუნება?” - პასუხობს:

“აქ მხოლოდ ძალაუფლების საკითხი არ დგას - “ოცნებას” რუსეთის ეშინია. მას შეუძლია ხელისუფლების პერსონებს პირადად დაუშავოს რამე. როდესაც ივანიშვილს სთხოვ, რომ იყოს ევროპელი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის რუსული პოლიტიკური სამზარეულო და პატარკაციშვილის მაგალითიც წინ გვაქვს, ცხადია, ამიტომაც ლავირებენ... სხვა რა შეუძლია ხელისუფლებას, გარდა იმისა, რომ პროცესი გააჭიანუროს. ხელისუფლება ამ აქციებსაც რუსეთთან სწორედ იმის სათქმელად გამოიყენებს, ჩვენ უძლური ვართ, მაგრამ მაქსიმუმს ვაკეთებთო. იდეურად კი არ არიან რუსეთის მომხრეები, შიში აქვთ - ეს უნდა გვახსოვდეს. ხელისუფლებამ ამოისუნთქა, სტატუსის მოცემა 6 თვით რომ გადაავადეს, ამ პერიოდში მეტ-ნაკლებად გაირკვევა უკრაინაში ომის საკითხი და უკრაინა რომ გაიმარჯვებს, ივანიშვილს კაციშვილი ვერ ჩაასწრებს ევროპაში”.

რატომ დაიწყო კვლავ ზრდა ინფიცირებულთა რიცხვმა - რამდენად სერიოზულია ახალი ქვეშტამის საფრთხე

“კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო კვირის განმავლობაში თითქმის გაორმაგდა, ექსპერტების პროგნოზით არ არის გამორიცხული ინფიცირების რიცხვი კიდევ გაიზარდოს - მიზეზად სახელდება ომიკრონის ახალი ქვეშტამის გამოჩენა. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ “ფაიზერი” და “მოდერნა” ახალ ვაქცინაზე მუშაობენ. 28 ივნისის მონაცემებით ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოში კოვიდინფიცირების 1 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი. მაშინ როდესაც 21 ივნისის მონაცემებით, 616 ახალი შემთხვევა იყო გამოვლენილი, გარდაიცვალა 1. ჯანდაცვის ექსპერტი, ინფექციონიტი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ არ აქვს მოლოდინი რაიმე მასშტაბური ტალღების ხილვის, თუმცა, არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, რადგან ახალ ომიკრონ შტამს უნარი აქვს სწრაფად გავრცელდეს აუცრელ ადამიანებზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ დაიწყო კვლავ ზრდა ინფიცირებულთა რიცხვმა - რამდენად სერიოზულია ახალი ქვეშტამის საფრთხე.

“აღნიშნულ ახალ შტამს უნარი აქვს გადაედოს იმ ადამიანებს, ვინც არ არიან აცრილები. სწორედ ამიტომ ხდება ისე, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა იმატებს. არ მგონია ამან რამე დიდ ციფრებამდე მიაღწიოს, მაგრამ, ალბათ იქნება პანდემიის მიერ ბოლო „კუდის მოქნევა". არ ველოდები დიდ და გასაკუთრებულ ეპიდემიურ ტალღას. ისევ უნდა მოვუწოდოთ ადამიანებს, რომ აუცილებლად აიცრან. საქმე იმაშია, რომ ვირუსში მომხდარი მცირე ცვლილება, რაღაცით მაინც განსხვავდება მისი მოწინავე შტამისგან, შესაბამისად ამან განაპირობა ის, რომ უფრო ადვილად ვრცელდება ეს ახალი ომიკრონშტამი. რაც შეეხება ვაქცინებს, მიდის მუშაობა მათ გაუმჯობესებაზე, ჯერჯერობით მაინც მოწინავეა ფაიზერი. კიდევ ერთხელ, ეპიდემიის დასამარცხებლად აუცილებელია ვაქცინაცია და მათ შორის ბუსტერ დოზაც”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ახალი ვაქცინის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ეს იქნება ვაქცინების ახალი ვარიანტი, რომლებიც მოდიფიცირებულია, რათა უკეთ შეესაბამებოდეს კორონავირუსის ბოლოდროინდელ ცვლილებებს. “აშშ-ს მარეგულირებელმა დღეს დაავალა კოვიდ-19 -ის ვაქცინის შემქმნელებს, რომ შემოდგომისთვის შემუშავებულმა ბუსტერ აცრამ აუცილებლად უნდა დაამატოს დაცვა უახლესი ომიკრონის ჯგუფის წინააღმდეგ. სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ორიგინალური ვაქცინები გამოყენებული იქნება მათთვის, ვინც ჯერ კიდევ მიიღებს აცრის პირველ ორ დოზას. მაგრამ იმუნიტეტის დაქვეითებისა და სუპერგადამდები ომიკრონის გამოჩენის გამო აშშ-ს მარეგულირებელმა გადაწყვიტა, რომ შემოდგომისთვის განკუთვნილ ბუსტერ დოზებს განახლება სჭირდებათ”, - ამბობს წერეთელი, რომლის განმარტებით, “კომბინირებული აცრები თავდაპირველ ვაქცინას ამატებენ დაცვას ომიკრონის BA.4 და BA.5 ქვეშტამებისგან. ეს ქვეშტამები ერთად შეადგენენ ახალი ინფექციების ნახევარზე მეტს აშშ-ში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ფაიზერისა” და “მოდერნას” ამჟამინდელი ვაქცინები კვლავ გვთავაზობენ ძლიერ დაცვას კოვიდ-19-ის ყველაზე ცუდი შედეგებისგან, მაშინ როდესაც ადამიანებს უკვე მიიღებული აქვთ რეკომენდებული მესამე ბუსტერ დოზაც. მაგრამ კომბინირებული მიდგომა, რასაც მეცნიერები უწოდებენ “ბივალენტურ” აცრას, საშუალებას მისცემს ბუსტერს შეინარჩუნონ ორიგინალური ვაქცინის დადასტურებული სარგებელი და ამავდროულად გაზარდონ მისი დაცვის სპექტრი. ეს არის ვაქცინის საერთო სტრატეგია: მაგალითად, გრიპის აცრებს შეუძლია დაიცვას გრიპის ოთხი შტამისგან და ის ყოველწლიურად იცვლება იმის მიხედვით, თუ რა ცირკულირებს. ორგანიზაციისგან გადაწყვეტილება მიღებულია მას შემდეგ, რაც ამ კვირის დასაწყისში მისმა მეცნიერმა და მრჩევლებმა რეკომენდაცია გაუწიეს, რომ შემოდგომის კამპანიის დროს ნებისმიერი ბუსტერი უნდა შეიცავდეს ომიკრონის ზოგიერთ ვერსიას. ფაიზერი და მოდერნა უკვე ამზადებენ და ამოწმებენ ბუსტერებს რომლებიც განახლებულია პირველი ომიკრონ ქვეშტამის წინააღმდეგ და რომელიც ოქტომბრისთის უნდა გამოვიდეს. მათ დაადგინეს, რომ ახალი დაცვის დამატება იყო უსაფრთხო და ხელი შეუწყო ომიკრონთან მებრძოლი ანტისხეულების წარმოებას”, - განმარტავს ზაზა წერეთელი.

“ჩვენ ვაგრძელებთ მეტი მონაცემების შეგროვებას ჩვენი კვლევის BA.4/5-ზე და გადავცემთ ამას მარეგულირებელს, როგორც კი მზად ვიქნებით შედეგებით”, - განაცხადეს დღეს “ფაიზერის”-ის წარმომადგენლებმა. “მოდერნამ” კი განუცხადა აშშ-ს მარეგულირებელს, რომ ახლა მოცირკულირე შტამებზე გადასვლამ შესაძლოა გადადოს მისი ბუსტერის განახლება კიდევ ერთი თვით. მწარმოებლებმა ჯერ კიდევ უნდა მიაწოდონ მარეგულირებელს ძირითადი მონაცემები, სანამ სააგენტო გადაწყვეტს, დაუშვას თუ არა მოდიფიცირებული გამაძლიერებლები და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ გამოიყენონ ისინი. ამ დროისთვის, ამჟამინდელი ვაქცინის ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ბუსტერი უკვე რეკომენდირებულია 5 წლის და უფროსი ასაკის ყველა ამერიკელისათვის. 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს კი შეუძლიათ მეორე ბუსტერის მიღებაც. ომიკრონთან დაკავშირებით, ხელისუფლება ამბობს, რომ ვაქცინა აგრძელებს დაცვას კოვიდ 19-ის ჰოსპიტალიზაციისგან, თუმცა ზოგიერთ ხანდაზმულში ეს დაცვა შემცირდა და მის აღდგენას ხელს შეუწყობს მეორე ბუსტერი”, - დასძენს წერეთელი.

თენგიზ ფხალაძე - “ნატო და ევროკავშირი ქართველი ხალხის არჩევანია და არა რომელიმე მთავრობის გადასაწყვეტი”

“ნატოს ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, რადგან ამ ვითარებაში, როდესაც საფრთხეები ასეთი ცხადია, დრო არ უნდა დაკარგულიყო იმაზე, რომ შვედეთსა და ფინეთს მინიჭებოდათ მაპ-ი, რაც ძალიან სიმბოლურია. ორივე ქვეყანა ყველანაირად არის ნატოსთან თავსებადი: აქვთ თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება, მათ შორის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის. ასე რომ, კითხვა, თუ რამდენად მზად იყვნენ, არც უნდა დასმულიყო. თავად ფაქტი, რომ ასეთი პრეცედენტი შეიქმნა, ჩვენთვის სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა - როდესაც ჩვენზე იქნება მსჯელობა, ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ამ ორი ქვეყნის მიღება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია - ერთი მხრივ, ნატო ფართოვდება, მეორე მხრივ კი, გვახსოვს, რომ 2021 წელი დამთავრდა რუსეთის ულტიმატუმებით ნატოს გაფართოების თაობაზე და ამაზე, ალბათ, ყველაზე ძლიერი პასუხი ეს გადაწყვეტილება იყო. უკვე პირდაპირ რუსეთის საზღვართან მივიდა ნატო”, - აცხადებს ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “უკვე პირდაპირ რუსეთის საზღვართან მივიდა ნატო”.

“კიდევ ერთი ძალიან ცხადი გზავნილია ის, რომ ნატო თავის პარტნიორებს არ ტოვებს, რადგან შვედეთიც და ფინეთიც პოტენციური დარტყმის საფრთხის ქვეშ მდგომი სახელმწიფოები იყვნენ, ამიტომ სასწრაფოდ უნდა შეჰფარებოდნენ ამ უსაფრთხოების ქოლგას. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ გადაწყდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერება. დახმარება ულიმიტო, ამოუწურავია - ანუ უკრაინას დაეხმარებიან მანამ, სანამ საჭირო იქნება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინა, ფაქტობრივად, უკვე ნატოს წევრია და სარგებლობს იმ ტიპის დახმარებით, როგორიც არასოდეს არც ერთ არაწევრ სახელმწიფოს არ მიუღია. ძალზე მნიშვნელოვანი იყო ახალი კომუნიკეს მიღება, ამ მხრივ გამორჩეულია მადრიდის სამიტიც, რომელზეც მიღებულმა დოკუმენტმა მომავალ ათწლეულში უნდა განსაზღვროს პოლიტიკა და რაც მთავარია, მასში ნატომ რუსეთი პირველად მოიხსენია საფრთხედ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“აქედან გამომდინარე, სხვა დოკუმენტებშიც შევა სათანადო ცვლილებები და პროექტებიც თუ პროგრამებიც კონკრეტულად რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე იქნება აქცენტირებული. მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულ კონცეფციაში გაჩნდა ჩანაწერი საქართველოს შესახებ - კერძოდ, ნატო ერთგული რჩება თავისი წინა გადაწყვეტილებების, ანუ კარი ღია რჩება საქართველოსთვის, რაც ჩვენნაირი ქვეყნისთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ვისურვებდი ფინალურ დეკლარაციაში ჩანაწერი საქართველოზე უფრო ძლიერი ყოფილიყო, როგორც წინა დეკლარაციებში... საჭიროა ინტენსიური მუშაობა ყველა პარტნიორთან, რადგან გადაწყვეტილებას იღებს არა ნატოს შტაბბინა, არამედ თითოეული წევრი სახელმწიფო, თითოეული ხმა გადამწყვეტია და მათ მიღებას სჭირდება მიზანდასახული, გეგმაზომიერი მუშაობა. როგორც ჩანს, ეს დავაკელით. ვიმეორებ, ნატომ დაადასტურა თავისი ვალდებულებები და ჩვენ მეტი უნდა მოგვეთხოვა. ამასთან, ეს მოთხოვნა არ უნდა იყოს ერთჯერადი, მუდმივი მუშაობაა პარტნიორებთან საჭირო”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“ჩვენ ამას ვახერხებდით მაშინ, როცა ალიანსის წევრი ქვეყნები რუსეთის შესახებ პოზიციაზე არ იყვნენ შეთანხმებული და დღეს, როდესაც კონცეფციაში გიწერენ, რომ რუსეთი საფრთხეა და ერთხმად აღიარებენ ამას, საქართველოს შესახებ ჩანაწერი უფრო ძლიერი შეიძლებოდა ყოფილიყო. ორივე სამიტზე შეგვეძლო მიგვეღო უფრო მეტი. შეგვეძლო ჩვენი კოზირები უფრო ძლიერად წარმოგვეჩინა და შედეგიც მიგვეღო იმაზე უკეთესი, ვიდრე ახლა გვაქვს... საქართველოს მაპ-ი აღარ სჭირდება. შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრება უნიკალური პრეცედენტია და არა მგონია, ამის მერე საქართველო ისევ მაპ-ის ხაზს დაუბრუნონ. მაპ-ი ხომ იმთავითვე პრაქტიკული გაძლიერებისთვის შეიქმნა. ჩვენი პრობლემა პოლიტიკური ნაწილია, ის პოლიტიკური შესაძლებლობების ფანჯარა და იმ გადაწყვეტილების მომზადება, რომელიც აძლევს შესაძლებლობას ქვეყანას, ოკუპირებული ტერიტორიების პირობებშიც გახდეს ალიანსის წევრი. ამ პოლიტიკურ შემადგენელზეა საჭირო მუშაობა. ფინეთისა და შვედეთის პრეცედენტმა მოგვცა საშუალება, რომ აღარ ვიფიქროთ მაპ-ზე და ეს პრეცედენტი ჩვენთვის სასარგებლოდ ვაქციოთ. ამას სჭირდება ძალიან სერიოზული მომზადება. ეს საკითხები არ წყდება სამიტის წინადღეს და მით უმეტეს, სამიტზე”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“როდესაც ჩვენ ნატოში შესვლა გადავწყვიტეთ, ეს არ იყო სამიტის წინადღეს მიღებული გადაწყვეტილება. საუბარი მაქვს 2002 წლის პრაღის სამიტისთვის მზადებაზე. ჯერ ერთი, ამ სამიტზე უნდა მივეწვიეთ და წინასწარ ჩატარდა კონსულტაციები წევრ ქვეყნებთან, მათ შორის სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებთანაც, მაგალითად, შემიძლია დაგისახელოთ გერმანია-საფრანგეთი. ყველასთან ჩატარდა ინტენსიური მუშაობა, რომ საქართველოს განაცხადი მოულოდნელი არ ყოფილიყო. არც მაშინ, არც მერე არავის უთქვამს, ჯერ ტერიტორიული პრობლემები მოაგვარეთ და მერე ვილაპარაკოთ გაწევრებაზეო. ნატოს ეს პოზიცია რომ ჰქონოდა, ეს მაშინვე დაფიქსირდებოდა, ან განაცხადს ვერ შევიტანდით. დღიდან ჩვენი განაცხადის შეტანისა ათვლის წერტილად იქცა ის მოცემულობა, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული, მაგრამ ეს არ არის ხელის შემშლელი ფაქტორი, რომ ქვეყანა ნატოში გაწევრდეს”, - განმარტავს თენგიზ ფხალაძე.

“ამიტომ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ - არც ერთ წევრ სახელმწიფოს საკითხი, ჯერ ტერიტორიული მთლიანობა აღადგინეთ და მერე გაწევრდებითო, არათუ არ დაუყენებია, დახურულ ფორმატებშიც კი არ ყოფილა ამაზე ლაპარაკი. ჩვენ მეტი უნდა ვიმუშაოთ სკეპტიკოსებთან და შევიმუშაოთ გაწევრების ის ფორმულა, რომელიც დაგვეხმარება გაწევრებასა და შემდეგ უკვე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, ისევე, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, გერმანიის შემთხვევაში”, - დასძენს ფხალაძე და შეკითხვაზე - “აი, ამ ვითარებაში პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ საქართველო ნატოში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ვერ გაწევრდება ნიშნავს თუ არა იმას, რომ ხელისუფლებას არ სურს ქვეყნის ნატოში გაწევრება?” - პასუხობს:

“მთავარი ის არის, რა შედეგი მოაქვს ასეთ განცხადებებს. თუ ქვეყანა თავადვე ასე აყენებს საკითხს, მაშინ რა აზრი აქვს პარტნიორების რაიმე აქტიურობას? ეს არ არის ის განცხადება, რაც წაადგება ინტეგრაციის დაჩქარებას, სხვა მიდგომა უნდა ავირჩიოთ. ნატო და ევროკავშირი ქართველი ხალხის არჩევანია და არა რომელიმე მთავრობის გადასაწყვეტი. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავიღეთ ამისთვის და არც ერთ მთავრობას არა აქვს უფლება საზოგადოების არჩევანიდან გადაუხვიოს. საქართველოს წამი არა აქვს დასაკარგი, შეცდომის დაშვების და უკან დახევის. პირიქით, დღეს შესაძლებლობები იქმნება და ყველა წამი უნდა გამოვიყენოთ მიზნის მისაღწევად”

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს