ირაკლი ქადაგიშვილი - რიგგარეშე სხდომა არის მიტინგის პარლამენტში გადმოტანის მცდელობა, ისეთი ჩხუბი და დავიდარაბა იქნება, ვერაფერზე ილაპარაკებ - რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს ახლა რატომ არ ვიღებთ, რატომ უნდა ვენდოთ „ნაცმოძრაობას“?

ეს არის მიტინგის გადმოტანის მცდელობა საპარლამენტო დარბაზში. რიგგარეშე სესიაზე ისეთ ამბავს ატეხენ და იქ ისეთი ჩხუბი და დავიდარაბა იქნება, საერთოდ არაფერზე ლაპარაკი აღარ იქნება, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“, რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, რომ საგანგებო ან რიგგარეშე სესიაზე არ გადაწყდება არცერთი კონკრეტული საკითხი და მათ უნდათ, რომ „სამიტინგო ტერმინოლოგიით გავიდნენ ფონს“.

„ეს არის კიდევ ერთხელ მოსახლეობისათვის თვალში ნაცრის შეყრა ანუ ახლა უნდათ, რომ სამიტინგო ტერმინოლოგიით გავიდნენ ფონს. „მოვიწვიოთ საგანგებო თუ რიგგარეშე სესია“ - მათ ხომ კარგად იციან, ზოგი სამი და ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრია და ზოგი პარლამენტის თავმჯდომარეც იყო, რომ საგანგებო ან რიგგარეშე სესიაზე არ გადაწყდება არცერთი კონკრეტული საკითხი, ვერ გადაწყდება, წარმოუდგენელია, ფიზიკურად არ ხდება, ფიზიკის კანონებს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ანუ საპარლამენტო ცხოვრების კანონებს ეწინააღმდეგება. რიგგარეშე სესია იქნება რიგგარეშე საპარლამენტო დარბაზში ჩხუბის და დაპირისპირების სცენა, მეტი არაფერი. 12 რეკომენდაციის შესრულებას სჭირდება სწორედ დაწყებული საკომიტეტო მუშაობიდან, მათ შორის ყველა ინტერესთა ჯგუფების ჩართულობით ამ საკითხების რეალურად შეთანხმება, რეალურად დანახვა, სად რა არის გასაკეთებელი და მერე უკვე პარლამენტში ამის მიტანა პლენარულ სხდომაზე კენჭისყრებამდე. ეს არის რეალობა, რომელსაც უმალავენ საქართველოს მოქალაქეებს და ახლა ამბობენ, რომ თუ რიგგარეშე სესიას მოვიწვევთ, ყველაფერი გადაწყდება, ყველაფერი ერთ დღეში უფრო გალამაზდება. ტყუილია, ეს არის საბაბი იმისათვის, რომ პროცესი ჩაშალონ. რიგგარეშე სესიაზე ისეთ ამბავს ატეხენ და იქ ჩხუბი და დავი-დარაბა იქნება, საერთოდ არაფერზე ლაპარაკი აღარ იქნება. ეს არის ორჯერ ორი ოთხი. ეს არის მიტინგის გადმოტანის მცდელობა საპარლამენტო დარბაზში და როცა ეუბნები, რომ მოდით, მიტინგს ნუ კი მოვაწყობთ, დავსხდეთ და რა კანონებია შესამუშავებელი, ამაზე ვიმუშაოთ, პოლარიზაცია ჩავაცხროთ, რომ სამუშაო ვითარება შეიქმნას, იძახიან, რომ არა, ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიცია ითხოვს, რომ ზაფხულშივე იყოს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რადგან არ ენდობა მთავრობას, მაგრამ მას კითხვები აქვს პირიქით, თუ რატომ უნდა ენდოს „ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“?

„რატომ უნდა ვენდოთ „ნაციონალურ მოძრაობას“, რა ნდობას იმსახურებს? ან ის ნაწილი რადიკალური ოპოზიციისა, რომელიც ამ ფლანგზეა. მითხარით ერთი მიზეზი, რატომ უნდა ვენდოთ მათ? იმის გამო, რომ ვერ მოიგეს 2020 წლის არჩევნები, ამ ხალხმა ყოვლად უტიფრად დაიწყო ქვეყნის რყევა, მათ შორის იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით, ვინც გააყალბა პარალელური დათვლის შედეგები და ამით უნდოდათ რევოლუციის მოხდენა, ეს ის პარტიაა და ის გარემოცვაა. ქვეყანა რომ საბოტაჟიდან გამოგვეყვანა, ყველა დათმობაზე წავედით. რა არის შარლ მიშელის დოკუმენტი? გამარჯვებული ხელისუფლების დათმობები „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ. 100 დღის განმავლობაში ამ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ ხელი არ მოაწერა, რატომ არ მოაწერა, კითხვა არ ისმის? ხომ ყველაფერი მათ სასიკეთოდ იყო. იმიტომ, რომ ეს ნიშნავდა, რომ რევოლუციურ სცენარს ვეღარ განახორციელებდნენ.

რა იყო სააკაშვილის შემოპარვის მიზანი საქართველოში? ციხეში მოხვედრა, მკურნალობის კურსის გავლა თუ რა? ქვეყნის არევა არჩევნების წინ. რატომ ვივიწყებთ იმას, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ეს ნეგატივი“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, თუ ვის მიმართა „ქართულმა ოცნებამ“ განცხადებით, რომლის მიხედვითაც, პარლამენტი კონსტიტუციურ კანონს კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს ერთ თვეში მიიღებს, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ადრესატი არა ევროკავშირი, არამედ ოპოზიცია იყო.

„ვის მივმართეთ და ოპოზიციას, ევროკავშირი რა შუაშია? ევროკავშირი გვეუბნება, რომ როგორც კი 12-ვე რეკომენდაცია იქნება შესრულებული, თქვენ ავტომატურად მოგანიჭებთ სტატუსს. ეს ნიშნავს, რომ ამაში ოპოზიციის ჩართულობა რეალურად არის საჭირო. ეს 12-ვე საკითხი იმდენად ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რომ რაღაცაში შეუძლებელია შეთანხმდე და რაღაცაში ვერასდროს შეთანხმდები. გამომდინარე აქედან, ჩვენ ვეუბნებით სწორედ ამას, იყავით ამ პროცესში კონსტრუქციულები, ითანამშრომლეთ და ნუ დგახართ „არაზე“. იქნებით კონსტრუქციულები? მიიღებთ იმას, რაც არის თქვენს ინტერესებში“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო