კარლ ჰარცელის განცხადებით, ხელისუფლებისგან ითხოვენ პასუხისმგებლობის აღებას, რომ სააკაშვილს სათანადო ჯანდაცვაზე აქვს წვდომა

განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ხელისუფლებისგან ვითხოვთ, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი, როგორც პატიმრის უფლებების სრული დაცვა, მომავალ და მიმდინარე საქმეების წარმოებისას განხორციელდეს სათანადო სამართლებრივი პროცედურები, ასევე პასუხისმგებლობის აღება, რომ მას სათანადო ჯანდაცვაზე აქვს წვდომა,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, იქონია თუ არა გავლენა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებამ ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე.

როგორც კარცელი განმარტავს, ევროკავშირი ორივე შემთხვევაში ითხოვს, რომ სათანადო სამართლებრივი პროცესი განხორციელდეს.

“მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირი არ აყალიბებს საკუთარ პოზიციას რომელიმე ამ ცალკეული საქმის მიმართ. რასაც ორივე შემთხვევაში ვითხოვთ ეს არის იმის უზრუნველყოფა, რომ დავინახოთ სათანადო სამართლებრივი პროცესი. ამავდროულად, ეს ორი საქმე ხდება იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი გარკვეული პერიოდის განმავლობაში სთხოვდა საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით ძალისხმევა გაეძლიერებინა. ეს ასევე ასახულია ევროკომისიის პრიორიტეტებში. რაც შეხება მიხეილ სააკაშვილის სიტუაციას, უკვე მრავალი თვეა განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. რასაც ჩვენ ხელისუფლებისგან ვითხოვთ, არის ის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი, როგორც პატიმრის უფლებების სრული დაცვა, რომ მომავალ და მიმდინარე საქმეების წარმოებისას განხორციელდეს სათანადო სამართლებრივი პროცედურები, ასევე პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ მას სათანადო ჯანდაცვაზე აქვს წვდომა. იგივე პრინციპები უნდა იყოს გამოყენებული ნიკა გვარამიაზეც“,- აღნიშნავს ჰარცელი.

რაც შეეხება მედიაგარემოს, კარლ ჰარცელის შეფასებით, საქართველოში მედიაგარემო ბოლო დროს დამატებითი სტრესის ქვეშ არის მოქცეული.

"ჩვენ ვსწავლობთ სიტუაციას მედიის თვალსაზრისით და გვიჩნდება განცდა, რომ საქართველოში მედიაგარემო ბოლო დროს დამატებითი სტრესის ქვეშ არის მოქცეული. ასევე, ჩვენ მხედველობაში მივიღეთ სახალხო დამცველის მიერ გამოთქმული საკმაოდ კრიტიკული აზრი ამ საქმესთან დაკავშირებით. გარკვეულწილად, ეს ევროკომისიის მიერ დადგენილ პრიორიტეტებშიც არის მოცემული",- აღნიშნავს ჰარცელი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა