ქართული პრესის მიმოხილვა 11.07.2022

თორნიკე შარაშენიძე - “ქვეყანაში არის პოლიტიკური ვაკუუმი - როგორ გამოვიდეთ ამ მოჯადოებული წრიდან არავინ იცის”
უკრაინის აქტიური თავდაცვის ახალი სტრატეგია და დიდი მზადება კონტრშეტევისთვის
ვახტანგ ძაბირაძე - “ოპოზიცია ისევ ყალბ მოლოდინს ქმნის და ეს მის ამომრჩეველსვე გაუცრუებს იმედს”
დიდი სკანდალი „დიდი ოცეულის“ საგარეო მინისტრების შეხვედრაზე და მთავარი გზავნილები უკრაინა-რუსეთის ომზე
“პოლარიზაციის პრიორიტეტად წარმოდგენა ძალიან ხელოვნური და ყალბია”
* * *
თორნიკე შარაშენიძე - “ქვეყანაში არის პოლიტიკური ვაკუუმი - როგორ გამოვიდეთ ამ მოჯადოებული წრიდან არავინ იცის”
“როგორც ვხედავთ, ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარს, ძირითადად, “ნაციონალური მოძრაობა” და მისი განაყოფი პარტიები აცხადებენ, რაც დიდი შეცდომა მგონია. ოპოზიცია თუ არ ითანამშრომლებს ხელისუფლებასთან და არ შევა სამუშაო ჯგუფებში, მაშინ “ქართულ ოცნებას” ექნება საფუძველი, თქვას, დეპოლარიზაცია არ გამოვიდა და ამაში დამნაშავე მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციააო, ეს კი გაუგებარი იქნება ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის. მოკლედ, ხელისუფლება ოპოზიციას დააბრალებს მუშაობის პროცესის ჩაშლას, ხოლო თუ წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ, რისი საფრთხეც არსებობს, ამასაც ოპოზიციას გადააბრალებს.თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მთავრობას, მმართველ პარტიას, პარლამენტს ოპოზიციის გარეშეც შეუძლიათ მიიღონ ის კანონები, რომელთაც ამ 12 პუნქტის მიხედვით ითხოვენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ორმხრივი ლანძღვა-გინება და ერთმანეთისკენ თითის გაშვერა კვლავაც გაგრძელდება და ამგვარი პროცესებით საბოლოოდ ქვეყანა დარჩება წაგებული”, - აცხადებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “აუფეთქა” თუ არა ბორის ჯონსონს სკანდალი პუტინმა?! / "ქვეყანაში არის პოლიტიკური ვაკუუმი. ერთი მხრივ, მმართველ პარტიას აქვს ლეგიტიმაციის პრობლემები, მეორე მხრივ კი ოპოზიციაში არ ჩანს ძალა, რომელიც მის შეცვლას შეძლებს".
“ქართულ ოცნება” ფიქრობს, რომ ამგვარად ხელისუფლებაში დარჩენას მოახერხებს და, ჩემი აზრით, არც ცდება, რადგან ვეჭვობ, სტატუსის ვერმიღების გამო ხალხი ქუჩაში გამოვიდეს და ხელისუფლება დაამხოს. ჩაიარა ამ პერიოდმა. დღეს 2003 წელი არ არის, არადა, ჩანს, “ნაციონალურ მოძრაობაში” სწორედ ამის იმედი აქვთ. ფიქრობენ, რომ თუ ქვეყანა დეკემბერში კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ეს “ქართულ ოცნებას” შიგნიდან დაანგრევს, რაც არასწორი მოლოდინი მგონია. ეს ძალა, ყველაფრის პარალელურად, კარგად ახერხებს მოსახლეობას “მიჰყიდოს” მოსაზრება, რომ მათ ქვეყანას ომი ააცილეს თავიდან. ოპოზიციაში ცდებიან, თუ ფიქრობენ, რომ ჩვენში ომის ცოტას ეშინია. საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს მართლაც ეშინია ომის. ეს კი `ქართულ ოცნებას~ აძლევს საფუძველს, სახელისუფლებო სავარძელში თავი კვლავაც კომფორტულად იგრძნოს. ვფიქრობ, თუ ოპოზიცია ჭკუით მოიქცევა, შევა ყველა სამუშაო ჯგუფში, ითანამშრომლებს ხელისუფლებასთან და ყველაფერს გააკეთებს ამ 12 პუნქტის შესასრულებლად, ხელისუფლებას ოპოზიციისთვის რამის გადაბრალება ძალიან გაუჭირდება. ჩემი აზრით, ოპოზიციამ სწორედ ასე უნდა იმოქმედოს, მაგრამ ჯერჯერობით ვხედავთ, რომ ისინი ისევ დაპირისპირებისა და ბოიკოტის გზას ირჩევენ და ამ ვითარებაში რისი იმედი აქვთ, არ ვიცი...” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.
“ხალხმრავალმა მიტინგებმა შედეგი ვერ მოიტანა. ზოგიერთი ამ საპროტესტო აქციებზე ამყარებდა ილუზორულ იმედს, რომ “ოცნება” გაიქცეოდა, ივანიშვილს სანქციებს დაუწესებდნენ და ა.შ., მაგრამ ამ ყველაფერმა ჩაიარა და “ოცნებამ” თავი უფრო ძლიერად იგრძნო, შანტაჟიც კი დაიწყო. მათი პოზიცია დაახლოებით ასეთია: ვერავინ ვერაფერს გვაკლებს, მოგვეცით სტატუსი და დავწევთ ბარიერს; თუ არ მოგვცემთ, არ დავწევთ ბარიერს და კიდევ კარგა ხანს დავრჩებით ხელისუფლებაშიო. სხვა საკითხია, როდემდე გაუმართლებს ამგვარი პოზიცია “ქართულ ოცნებას”, მაგრამ, ფაქტია, რომ დღეს ასე თამაშობს. ვფიქრობ, რომ როდესაც სტატუსის მინიჭების საკითხი წყდებოდა, “ოცნებაში” ძალიან ნერვიულობდნენ, აშინებდათ სწორედ სცენარი, რომელიც გათამაშდა კიდეც და ქვეყანაში მასშტაბური გამოსვლები დაიწყო. რით დასრულდა ეს გამოსვლები, სხვა საკითხია, მაგრამ ხომ აშკარად გამოჩნდა, რაოდენ დიდია ქვეყანაში ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერა... ჩემი აზრით, რადგან სტატუსი არ მოგვანიჭეს, “ოცნებაში” განაწყენდნენ, თუმცა როცა ამ აქციებმა ვერაფერი დააკლო და უკვე მუქარის ტონით ალაპარაკდნენ...” - განაგრძობს რესპონდენტი.
“შეიძლება “ქართულ ოცნებაში” ვიღაცას მართლაც სჯერა, რომ დასავლეთს მათი დამხობა უნდა და ეს შანტაჟი და მუქარაც ამით არის განპირობებული... დღეს საქართველოს მთავარი პრობლემა ის არის, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ერთი პარტია მესამე ვადით მართავს ქვეყანას, რაც აჩენს მისი ლეგიტიმაციის პრობლემებს, თანაც სხვა პარტიებთან შედარებით მაინც მაღალი რეიტინგი აქვს. ქვეყანაში არის პოლიტიკური ვაკუუმი. ერთი მხრივ, მმართველ პარტიას აქვს ლეგიტიმაციის პრობლემები, მეორე მხრივ კი ოპოზიციაში არ ჩანს ძალა, რომელიც მის შეცვლას შეძლებს. ამ ვაკუუმში ისევ “ქართული ოცნება” ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას, მით უფრო - საყოველთაო ნიჰილიზმის ფონზე. სწორედ მოთხოვნები იყო ყველაზე დიდი პრობლემა, როდესაც აყენებ მაქსიმალისტურ და არარეალისტურ მოთხოვნებს, ცხადია, ამაზე უარს გეტყვიან, ამიტომ უნდა იცოდე, შემდეგ რას აპირებ. როცა ულტიმატუმს უყენებ და გადადგომას სთხოვ მთავრობას, ისიც ხომ უნდა გქონდეს გათვლილი, თუ არ გადადგა, მერე რას იზამ? 3 ივლისის აქცია ზოგიერთი გამომსვლელის გამო საერთოდ კომედიად იქცა”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“მიტინგის ორგანიზატორებისაც მესმის - ისინი ორ ცეცხლს შუა იყვნენ. ერთი მხრივ, ცდილობდნენ, მიტინგზე არ ყოფილიყო “ნაცმოძრაობის” “სული”, რადგან ფიქრობდნენ, რომ ამის გამო იქაურობას ბევრი ხალხი დატოვებდა (გვახსოვს, ჩააგდეს კიდეც ტრიბუნიდან რამდენიმე ადამიანი, რომელთაც მიშას პორტრეტი ეჭირათ), მაგრამ მეორე მხრივ, კარგად ვიცით, რომ პროტესტანტებში, როგორც წესი, ძალიან ბევრია “მიშისტი” და რამდენ ხანს არ მისცემ მათ მიშაზე ლაპარაკის უფლებას? აი, ამ პრობლემამაც იჩინა თავი... სააკაშვილი არის თემა, რომლითაც “ქართული ოცნება” უკვე 10 წელია, სპეკულირებს და სარგებლობს. ოპოზიციის პრობლემაა ისიც, რომ საქართველოში კარგად ხვდებიან: თუ “ქართული ოცნება” წავა, მას ისევ “ნაციონალური მოძრაობა” შეცვლის, ეს კი ხალხის ნაწილს არ უნდა. აი, ასეთი მოჯადოებული წრეა შექმნილი, რომელიც არ ვიცი, ბუნებრივად შეიქმნა თუ ივანიშვილმა შექმნა, მაგრამ თუ მან შექმნა, მართლაც გენიოსი ყოფილა. ეს არის ძალიან კარგი განლაგება “ქართული ოცნებისთვის”, რათა კიდევ დიდხანს იყოს ხელისუფლებაში, მაგრამ ცუდია ქვეყნისთვის. როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მოჯადოებული წრიდან, არც მე და, მგონია, არც არავინ იცის...” - დაასკვნის თორნიკე შარაშენიძე.
“ხელისუფლებამ რომც მოინდომოს, 6 თვეში სასამართლოს სისტემის შეცვლას ვერ შეძლებს. 30 წელიწადია, ამ სისტემას საშველი ვერ დაადგა და 6 თვეში რა უნდა მოხდეს?! თუმცა მათ შეუძლიათ აჩვენონ პოლიტიკური ნება, რასაც ყველა დაინახავს და იფიქრებს, რომ სერიოზულ რეფორმებს იწყებენ, მაგრამ უნდა კი ეს “ქართულ ოცნებას”? მათ შეიძლება განახორციელონ კოსმეტიკური ცვლილებები, ფასადურად შეცვალონ რაღაც, რის მერეც თუ სტატუსი არ მოგვცეს, თქვან, ჩვენ კი ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ აგერ, ოპოზიციამ არ მიიღო მონაწილეობა დეპოლარიზაციის პროცესში და ეს გახდა უარის მიზეზიო... გარდა ამისა, შესაძლოა, “ქართულმა ოცნებამ” ეს კოსმეტიკური ცვლილებები შეადაროს მოლდოვისა და უკრაინის ვითარებას და კვლავაც ილაპარაკოს, რომ მათზე წინ არიან რეფორმებით. უკრაინა ომშია, თანაც საკითხავია, წლის ბოლოს რა ვითარება იქნება უკრაინაში. არავინ იცის, ომი როდის და როგორ დამთავრდება. ღმერთმა ნუ ქნას და უკრაინისთვის უარესად თუ შეიცვალა მდგომარეობა, ჩვენ რა დღეში აღმოვჩნდებით, ვინ იცის”, - თვლის რესპონდენტი.
“ვფიქრობ, სანქციების საკითხი არ არის მარტივი. ივანიშვილი არის ძალიან ჭკვიანი და ფრთხილი ადამიანი. კაცი, რომელსაც მილიარდები აქვს ნაშოვნი, რატომ ჩაიგდებს თავს საფრთხეში, არ მესმის... თანაც სანქციები რომ დაუწესონ, ამის საფუძველი ხომ უნდა არსებობდეს?! მაგალითად, არსებობდეს ფაქტები, რომ ის ომის დაწყების შემდეგ რუსეთთან არის გარიგებული და უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებს... კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც შეიძლება ჰიპოთეზურად დავუშვათ, რომ სანქციებს დაუწესებენ, არის ვარაუდი, რომ ის საქართველოს არაფორმალურად მართავს, მაგრამ ამის მტკიცებულებებიც არ არსებობს. როგორ დაუმტკიცებენ, რომ მართლაც მართავს? თანაც გაითვალისწინეთ, რომ ის არის საფრანგეთის მოქალაქე და ამ ქვეყნის საპატიო ლეგიონის ორდენიც მიიღო საფრანგეთის პრეზიდენტისგან. ვიღაც რუსმა რომ დაურეკა და ბორენკა ეძახა, ამის გამო შეიძლება სანქციები დაუწესონ? შეიძლება მაკფოლს უთხრა ვიღაცამ, ივანიშვილი ეხმარება რუსეთსო და ამის შემდეგ გადაწყდა, შეესწავლათ ეს საკითხი, მაგრამ ისმის კითხვა: როდესაც შეისწავლიან, რას იპოვიან? ვიმეორებ, ის არის ძალიან ფრთხილი ადამიანი”, - ამტკიცებს ექსპერტი.
“როდესაც 2011 წელს პოლიტიკაში გამოგვეცხადა, დაიწყეს აქტიურად მუშაობა, რომ მასზე რაიმე კომპრომატი ეპოვათ, მაგრამ ვერაფერი უპოვეს. თუ რამეს აფუჭებს, ფაქტია, ისე შლის ნაკვალევს, რომ ამის პოვნა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ჩემი აზრით, ბოლო ხანს ცდილობს, არაფერი გააფუჭოს, რადგან ახლა იმ ასაკშია, ყველაზე მეტს პირად სიმშვიდეზე, ოჯახისა და დაგროვილი მილიარდების უსაფრთხოებაზე ფიქრობს. მოკლედ, აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ის ადვილად არ გაეხვეოდა ისეთ შარში, რაც სანქციებამდე მიიყვანს, თუმცა ეს ჩემი აზრია... შეიძლება ვცდები და ივანიშვილი იმაზე ნაკლებად ჭკვიანია, ვიდრე მგონია”, - დასძენს შარაშენიძე და შეკითხვაზე - “დასასრულ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე მინდა გკითხოთ...” - პასუხობს:
“მისი წასვლა უკრაინისადმი ბრიტანეთის დამოკიდებულებაში არაფერს შეცვლის და ეს მასშტაბური მხარდაჭერა კვლავაც გაგრძელდება. ბორის ჯონსონი იმიტომ ატარებდა ამგვარ მკაცრ ანტირუსულ პოლიტიკას, რომ ის იყო ბრიტანეთის პრემიერი და არა იმიტომ, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო. რაც შეეხება იმას, რომ მასთან დაკავშირებული სკანდალების უკან შესაძლოა რუსეთი იდგეს, ჩემი აზრით, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ამ ადამიანს რაღაც-რაღაცები შეეშალა, მათ შორის ის, რომ ხვდებოდა რუს ოლიგარქს, რომელიც ოდესღაც იყო რუსული დაზვერვის ოფიცერი და თან ამას მალავდა. ასეთ რამეს რომ აკეთებ, უნდა იცოდე, რომ ეს შეიძლება ოდესღაც ვიღაცამ გამოიძიოს და “აგიფეთქოს”. ეს დასავლეთია, იქ არაფერი იმალება, ამასთანავე, დასავლური საზოგადოება ვერ იტანს ტყუილს და ამას მით უფრო არ ჰპატიობენ პოლიტიკოსებს. ასეთი დემოკრატიული ტრადიციების ქვეყნის პრემიერი როცა ხარ, წლების წინაც კი თუ გაქვს მსგავსი რამ გაკეთებული, უნდა იცოდე, რომ მშვიდად ვერასდროს იქნები... ვიმეორებ, იდგა თუ არა ამ ყველაფრის უკან რუსეთი, მეორეხარისხოვანია, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ვინც უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერი, გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელიც აქამდე ჰქონდა ქვეყანას”.
უკრაინის აქტიური თავდაცვის ახალი სტრატეგია და დიდი მზადება კონტრშეტევისთვის
“უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას მოუწოდებს, ყველა შესაძლო საშუალება გამოიყენონ ტერიტორიის დასატოვებლად და აანონსებს მძიმე ბრძოლებს. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” ამბობს, რომ უკრაინას უკვე აქვს საკმარისი რესურსი და ახალი თანამედროვე შეიარაღება წარმატებული კონტრშეტევების გასახორციელებლად. მისივე თქმით, აღნიშნული განცხადების გავრცელების მიზეზი გასაგებია, რადგან ეს წარმოადგენს ფსიქოლოგიური ომის კლასიკურ მაგალითს, რომელიც მიმართულია ოკუპანტების წინააღმდეგ. ამასთან, უკრაინულ მხარეს სურს ყველანაირი გზით შეაფერხოს იმ რეფერენდუმის ჩატარება რომელიც რუსულმა მხარემ გადაწყვიტა ჩაატაროს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უკრაინის აქტიური თავდაცვის ახალი სტრატეგია და დიდი მზადება კონტრშეტევისთვის.
„”ეს გასაგებიცაა, რადგან უკრაინის მიერ შედარებით წარმატებით მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები ხერსონის მიმართულებით, ამასთან, უკრაინული მხარე ცდილობს ჩაშალოს ე.წ რეფერენდუმის ჩატარება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლის მიხედვითაც ადგილობრივმა მოსახლეობამ თითქოს უნდა აირჩიოს რუსეთთან მიერთება. ამგვარი განცხადებებით კი უკრაინის ხელისუფლება ცდილობს გაათავისუფლოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც დღეს არის რუსეთის ტყვეობაში. ეს გასაგებია და ამ ქმედებებს გააჩნია პოლიტიკური მნიშვნელობა. რაც შეეხება ხარკოვს, ბუნებრივია ეს არის უკრაინის მეორე დედაქალაქი და მნიშვნელოვანი ობიექტი. აქაც მნიშვნელოვანია შენარჩუნება ამ ქალაქის და გაწმენდა ოკუპანტებისგან. ეს განცხადებაც, რა თქმა უნდა, არის ფსიქოლოგიური ომის კლასიკური მაგალითი, რაც მიმართულია უშუალოდ მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“გარდა ამისა, კონტრშეტევისთვის გარკვეული რესურსებიც აქვს უკრაინას, თავად რუსული წყაროები აცხადებენ, რომ უკრაინულ მხარეს მობილიზებული ჰყავს მილიონამდე ადამიანი. ყოველ შემთხვევაში უკრაინას აქვს დასავლეთიდან მიღებული თანამედროვე შეირაღება, ამას პლიუს მათ შეძლეს ოპერატიული დაჯგუფებების შექმნა, რაც არის აქტიური თავდაცვითი სტრატეგია, აქამდე ახორციელებდნენ წრიულ თავდაცვით სტრატეგიას. ახლა კი გადასულები არიან აქტიურ თავდაცვაზე, რომელიც გამოაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ. ეს ყველაფერი კი იძლევა საშუალებას წარმატებული კონტრშეტევები განახორციელოს უკრაინამ”, - დაასკვნის მაისაია.
“ხერსონის და ზაპოროჟიეს მოსახლეობას ყველა შესაძლო საშუალებით ევაკუაციისკენ მოვუწოდებ - უზარმაზარი ბრძოლა იქნება”, - ამის შესახებ განცხადება უკრაინის ვიცე პრემიერმა გააკეთა. მისივე თქმით, რუსეთშიც რომ გახორციელდეს მოსახლეობის გადასვლა, ბევრად უფრო უსაფრთხო იქნება, ვიდრე ამ ტერიტორიებზე დარჩენა. “რაც არ უნდა რთული იყოს სიტუაცია ტერიტორიაზე, რომელსაც ახლა უკრაინის მთავრობა აკონტროლებს, მაინც, ნებისმიერ შემთხვევაში, ხერსონის ან ზაპოროჟიეს ოლქების ტერიტორიაზე ყოფნა ბევრად უარესი და საშიშია. რუსეთშიც რომ განახორციელონ მათი დეპორტი, ჩვენ მაინც ვიპოვით გზას, რომ დავეხმაროთ ხალხს დაბრუნებაში”, - აღნიშნა ვერეშჩუკმა. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიებზე სასტიკი ბრძოლაა მოსალოდნელი, ვინაიდან უკრაინული ძალები მათ დეოკუპაციას გეგმავს. “ჩვენი შეიარაღებული ძალები დეოკუპაციას აპირებს. იქნება უზარმაზარი ბრძოლები. არავის შეშინება არ მინდა, ყველას ყველაფერი ისედაც ესმის”, - აღნიშნა ვერეშჩუკმა და მოსახლეობას “ყველა შესაძლო საშუალებით ევაკუაციისკენ” მოუწოდა”, - დასძენს გამოცემა.
ვახტანგ ძაბირაძე - “ოპოზიცია ისევ ყალბ მოლოდინს ქმნის და ეს მის ამომრჩეველსვე გაუცრუებს იმედს”
“ცოტა გამაკვირვა ოპოზიციის ასეთმა შეფასებამ, ეს ულტიმატუმია ევროკავშირისთვისო, რადგან კავშირს ვერ ვხედავ. კობახიძემ მოუწოდა ყველას, ვითანამშრომლოთ 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლადო. ისიც აღნიშნა, რომ ამ 12 პუნქტში საარჩევნო ბარიერზე არაფერია ნათქვამი და ეს ნამდვილად ასეა. ბოლოს კი თქვა, თუ შევასრულებთ ამ პუნქტებს, ერთი თვის ვადაში დავწევთ საარჩევნო ბარიერსო. ამიტომ არ მესმის, სად დაინახეს ამაში ულტიმატუმი. მისაღებია თუ არა ასეთი შეთავაზება ქართული ოპოზიციისთვის, სხვა საკითხია. ეს თუ არ შესრულდება, არ მოგვცემენ სტატუსს და ეს ორივე მხარის ბრალი იქნება, მხოლოდ ერთის კი არა. ოპოზიციამ სად დაინახა ულტიმატუმი, ამის არგუმენტები ვერ მოვისმინე”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოპოზიცია ისევ ყალბ მოლოდინს ქმნის და ეს მის ამომრჩეველსვე გაუცრუებს იმედს” / “ხელისუფლების ნაბიჯები გაცილებით პროგრესულია, ვიდრე ოპოზიციის იმ ნაწილის, ვინც უარს ამბობს მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე...”
“პრობლემა ის არის, რომ როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის პარტიული და პირადი ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე ქვეყნისა. ეს არის რეალობა და ვისაც როგორ უნდა, ისე იმართლოს თავი, თორემ იმ 12 პუნქტში არაფერია შეუსრულებელი. ამას მხოლოდ სურვილი უნდა და მეტი არაფერი... მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ დეპოლარიზაციაში უნდა ჩაერთოს ყველა მხარე, და თუ არ ჩაერთვება, ალბათ, უნდობლობის გამო. მეც არა ვარ ხელისუფლებისადმი დიდი ნდობით განწყობილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროცესში მონაწილეობა არ მიიღონ. ეს არგუმენტი არ არის. უნდა ჩაერთო და თუ არ ენდობი, თქვა, რომ არ ენდობი. ქვეყნისთვის რომელი უფრო ჯობს, არ ვენდობი და ამიტომ არ ვმონაწილეობო, თუ ვმონაწილეობ, მაგრამ არ ვენდობიო? არა მარტო ქვეყნისთვის, ოპოზიციის პარტიული მიზნებისთვის რომელი უფრო მნიშვნელოვანია? ოპოზიცია ამბობს, რომ “ქართული ოცნება” არ უწევს ანგარიშს დასავლელ პარტნიორებს, თავად უწევს? როდესაც ერთი მხარე მეორეს რაღაცას აბრალებს, თვითონ ხომ მაინც არ უნდა აკეთებდეს იმავეს, რაშიც ადანაშაულებს? თუნდაც მიშელის დოკუმენტზე “ნაცმოძრაობას” რა აქვს სალაპარაკო - მას შემდეგ მოაწერა ხელი, რაც “ოცნება” გავიდა. ეს ნიშნავდა, რომ არც ერთს არ აწყობდა და კარგად ააწყვეს გეგმები” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“იგივე ხდება ახლაც, თორემ არ მესმის, რატომ არ უნდა ჩაერთოს ოპოზიცია 12 პუნქტის შესასრულებელ მუშაობაში. დანარჩენი ოპოზიციის ნაწილიც რომ არ ერთვება ამ პროცესში ეს ნიშნავს, რომ შეგუებული არიან, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას ვერ შეძლებენ და ცდილობენ “ნაციონალების” გვერდით ადგილი დაიბევონ. თუ გადაწყვეტილი გაქვს, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა არ მიიღო და ამავე დროს პარტიის რამდენიმე წევრი დეპუტატი გახდეს, მაშინ ყველაზე გარანტირებული ვარიანტია “ნაცმოძრაობასთან” ერთად გასვლა. ეს იურიდიულად როგორ გაფორმდება, დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ბოლო ადგილობრივი არჩევნების შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, არც “ლელოს” და არც ვაშაძის პარტიას ბარიერის გადალახვის შანსი არა აქვთ და ამიტომ საკითხი დგება ასე, რისი ინტერესი აქვთ, პარლამენტში ერთი ან რამდენიმე მანდატის მოპოვების თუ პრინციპების დაცვის? ამით არის განპირობებული ეს გადაწყვეტილება და გამოდის, რომ არჩევანს პირველზე აკეთებენ”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ჯერჯერობით ხელისუფლების ნაბიჯები, თუნდაც ბოლო კვირის განმავლობაში გაკეთებული განცხადებები, - ცხადია, იმ სამეულს არ ვგულისხმობ, - გაცილებით პროგრესულია, ვიდრე ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც უარს ამბობს მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე. მერე რას იზამენ, არ ვიცი, მაგრამ დღეს ასე ჩანს. თუ “ნაციონალური მოძრაობა” და სხვა პარტიებიც ჩაერთვებიან, მერე რას იზამს “ქართული ოცნება”, სხვა საკითხია. მაშინ ძალიან გაუჭირდებათ, რომ 12 პუნქტის შეუსრულებლობა ოპოზიციას გადააბრალონ. ჯერჯერობით კი ყველაფერში უმართლებთ - ქვეყანაში დიდი პრობლემები არა აქვთ, ოპოზიცია ერთიანი არ არის და რომც გაერთიანდეს, ეს ელექტორატის გაერთიანებას არ გამოიწვევს. ამიტომ, რაც თქვა კობახიძემ, რომ ადგილობრივ არჩევნებში 48% აიღეს და “ნაციონალური მოძრაობა” თავის სატელიტებიანად 40%-ზე მეტს ვერ იღებს, მართალია. ცხადია, აიღებენ ისევ უმრავლესობას და ამას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“ქვეყანაში ისევ ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიდის და არა ღირებულებითი ბრძოლა. ცუდი კი ის არის, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლას ეწირება ქვეყნის აწმყოც და მომავალიც. ქვეყნის მოსახლეობის 85%-ს უნდა ევროკავშირში გაწევრება, ესენი კი ამ საკითხზეც ვერ ახერხებენ ერთად მუშაობას და რაზე უნდა ვილაპარაკოთ? მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, ვინც ფიქრობს, თუ არ მოგვცეს დეკემბერში სტატუსი, დავიქცევითო. არ დავიქცევით, ქვეყანას ბევრად უარესისთვისაც გაუძლია. პრობლემა ის არის, რომ ორივე მხარე საკუთარი მიზნებისთვის იყენებს ასეთ მნიშვნელოვან საკითხს და არ ფიქრობენ თავად ამ საკითხზე, მხოლოდ ერთმანეთს ადანაშაულებენ. პარტიული და პირადი ინტერესი ქვეყნის ინტერესზე წინ აქვთ დაყენებული... რაც შეეხება სანქციების თემას - დავუშვათ, ბიძინა ივანიშვილს დაუწესეს სანქციები, ოპოზიციას რა მოგება აქვს? მცდარი შეხედულება აქვთ პროცესებზე და რაც მთავარია, იმას ხედავენ, რისი დანახვაც სურთ. დავუშვათ, ივანიშვილმა მართლა დატოვა ქვეყანა, რატომ ჰგონიათ, რომ ამით ხელისუფლება ჩამოიშლება? ჯერ ერთი, უმრავლესობას ძალიან ცუდად იცნობენ, საერთოდ თუ იცნობენ, და ესეც ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, მოწინააღმდეგეს რომ არ იცნობენ და სათანადოდ ვერ აფასებენ. ცნობასა და მოწონებას შორის არსებითი სხვაობაა, მე კი ცნობასა და შეფასებაზე ვლაპარაკობ”, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.
“უმრავლესობაში საკმაოდ ძლიერი გუნდია და თეორიულადაც რომ დავუშვათ, ივანიშვილი განზე გადგა, უმრავლესობაში დღეს სამი ლიდერია - კალაძე, ღარიბაშვილი და კობახიძე და არც ერთ მათგანს უმრავლესობის დაშლა ხელს არ აძლევს. შესაძლოა ერთმანეთში პრობლემები ჰქონდეთ, მაგრამ მოილაპარაკებენ და ძალაუფლებას შეინარჩუნებენ. 2024 წლის არჩევნებისთვის შესაძლოა სხვა გარემოება იყოს, მაგრამ მაშინაც მოილაპარაკებენ. ძალაუფლება მათ შეაკავშირებს. არ ვიცი, ამას რატომ ვერ ხვდებიან და რატომ აქვთ იმედი, თუ ივანიშვილი წავა, ივანიშვილს სანქციებს დაუწესებენ, რამე სარგებელს ნახავენ. არც 2020-ის და არც 2021 წლის არჩევნებში ისეთი გაყალბება არ ყოფილა, რომ დიდი გავლენა მოეხდინა შედეგებზე. ეს შეიძლება გარეთ ილაპარაკო, მაგრამ როდესაც შენთვის აკეთებ ანალიზს, ეს ხომ უნდა გაითვალისწინო?”, - დასძენს ანალიტიკოსი.
“გამარჯვებისთვის სხვა გზებია მოსაძებნი. მეორე პრობლემა ის არის, რომ ოპოზიცია ისევ ყალბ მოლოდინს ქმნის და ეს მის ამომრჩეველსვე გაუცრუებს იმედს. “ქართული ოცნების” ლეგიტიმაციის პრობლემა დასავლეთში არ დგას. შესაძლოა მათ “ქართული ოცნება” ძალიანაც არ მოსწონთ, მაგრამ ლეგიტიმაციის საკითხს არ დასვამენ, რადგან არ არის ამის საფუძველი. დასავლეთს არა მარტო საქართველოს ომში ჩართვა არ უნდა და სწორია ამაზე აქცენტების გაკეთება, რადგან არ უნდა აჰყვეს მოსახლეობა მცდარ ნარატივს - არამედ არც არასტაბილურობა უნდა საქართველოში. ახლა ამისთვის არ სცხელათ. ოპოზიცია კი მუდმივად ამ არასტაბილურობის შექმნას ცდილობს. ამას რომ არ ითვალისწინებენ, ამიტომ არიან მუდმივად ამ მდგომარეობაში”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.
დიდი სკანდალი „დიდი ოცეულის“ საგარეო მინისტრების შეხვედრაზე და მთავარი გზავნილები უკრაინა-რუსეთის ომზე
“ინდონეზიაში “დიდი ოცეულის” საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას დიპლომატებმა სერგეი ლავროთან ერთად ვახშამზე უარი თქვეს, რამაც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი გაანაწყენა. ლავროვის თქმით, ამ ქვეყნის ლიდერებს ასე ესმით ეტიკეტი. როგორც ცნობილია, შეხვედრის ზოგიერთმა მონაწილემ არ ისურვა ლავროვთან ერთად ფოტოს გადაღებაც, რის გამოც ერთობლივი ფოტოს გადაღების ტრადიციული ცერემონია გაუქმდა. ინციდენტის შემდეგ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ “დიდი ოცეულის” შეხვედრაზე რუსეთი მარტო და იზოლირებული დარჩა, რადგან მონაწილეთა უმეტესობამ უკრაინის ომის მიმართ წინააღმდეგობა გამოხატა. მისივე თქმით, შეხვედრაზე იყო ძლიერი კონსესუნსი, რის გამოც რუსეთი დარჩა იზოლირებული და სერგეი ლავროვმა შეხვედრა დროზე ადრე შესაძლოა იმიტომ დატოვა, რომ არ მოსწონდა ის, რასაც მისი კოლეგებისგან ისმენდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დიდი სკანდალი „დიდი ოცეულის“ საგარეო მინისტრების შეხვედრაზე და მთავარი გზავნილები უკრაინა-რუსეთის ომზე.
“ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მან ხმამაღლა და ნათლად მოისმინა მთელი მსოფლიოდან რუსეთის აგრესიის დაგმობა”, - აღნიშნა ბლინკენმა. მისი განმარტებით, ამ დროისთვის ვერ ხედავენ იმის ნიშანს, რომ რუსეთი მზად არის ჩაერთოს დიპლომატიაში. “უახლოეს დღეებში ვნახავთ, მიიღებს თუ არა რუსეთი “დიდი ოცეულიდან” გზავნილს”, - აღნიშნა ბლინკენმა. გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა G20-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დახურულ ნაწილში რუსეთის დელეგაციას უკრაინის საზღვაო პორტებიდან სურსათის ექსპორტის განბლოკვისკენ მოუწოდა. “ჩვენს რუს კოლეგებს მინდა ვუთხრა: უკრაინა თქვენი ქვეყანა არ არის. მისი მარცვლეული თქვენი მარცვლეული არ არის. რატომ ბლოკავთ პორტებს”? - განაცხადა მან. ბლინკენის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა. მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სერგეი ლავროვის იზოლირებასთან დაკავშირებით ზღაპრებს თხზავს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ბატონო ბლინკენ, ეს თქვენ ჩაიგდეთ საკუთარი თავი თვითიზოლაციაში, ფორუმის რამდენიმე ღონისძიების გამოტოვებით. ახლა კი, საკუთარი წარუმატებლობის გასამართლებლად, ზღაპრებს თხზავთ. გვითხრეს, როგორ სთხოვთ ყველას რუსეთის “იზოლირებას” და ყველა, ვისაც სთხოვთ, თქვენს ზურგს უკან იცინიან, რადგან იციან, რომ დღევანდელი ადმინისტრაცია განწირულია სამარცხვინო დასასრულისთვის”, - აღნიშნა ზახაროვამ. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ მნიშვნელოვანი განაცხადი იყო დასავლელი დიპლომატების ქმედება ლავროვთან მიმართებით, თუმცა, უკეთესი იქნება თუ რუსეთი საერთოდ არ მიიღებს მიწვევას ამ შეხვედრიდან. მისივე თქმით “დიდი ოცეულის” შეხვედრაზე აქცენტები იმ ეკონომიკურ კრიზისზე იყო გაკეთებული რომლის წინაშეც დგას მსოფლიო უკრაინაში მიმდინარე ომის გამო”, - განაგრძობს გამოცემა.
“ამ ინციდენტის შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბება ვითარება, კიდევ ერთი მინიშნება იყო რუსეთის მიმართულებით, რომ თავისი აგრესიული პოლიტიკის გამო უნდა იყოს იზოლირებული. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ არც უნდა მიიწვიონ ამ შეხვედრებზე რუსეთის დელეგაცია, ეს იქნება მთავარი იგნორი. როგორც “დიდი შვიდეულის” შეხვედრებში არ მონაწილეობს რუსეთი ანალოგიურად უნდა ხდებოდეს ამ შეხვედრის დროსაც. რაც შეეხება იმ საკითხებს რომლებზეც ყურადღება იქნა გამახვილებული აღნიშნულ შეხვედრაზე. ეს არის პირველ რიგში, მიმდინარე ომი უკრაინაში და მისი ასახვა მსოფლიოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე. ჩვენ ვიცით, რომ მოსალოდნელია ეკონომიკური პრობლემები, შესაძლოა მსოფლიომ დაკარგოს 5 დან 10 ტრილიონ დოლარამდე. ამასთან მსოფლიოს ბაზრის დაახლოებით 30% შეადგენს რუსეთისა და უკრაინის მარცვლეულს. ამიტონ ყველა ეს საკითხები, რომელიც ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება, აუცილებლად იქნებოდა განხილული”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“ბლინკენი 6 ივლისს ჩავიდა აზიაში, სადაც 8 ივლისს შეხვდა “დიდი ოცეულის” სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს. ვიზიტის დროს მან შეხვედრა გამართა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვან ისთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან კი ბლინკენის შეხვედრა დაგეგმილი არ იყო. შეხვედრების დაწყებამდე, ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, რამინ ტულუმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბლინკენი წამოჭრის ენერგეტიკის უსაფრთხოების საკითხს და ილაპარაკებს აშშ-ის ინიციატივაზე უკრაინის და რუსეთის საკვები პროდუქტების და სასუქების გლობალურ ბაზრებზე დასაბრუნებლად. უკრაინა, მოსკოვის მხრიდან ქვეყანაში შეჭრის ფონზე, რუსეთს ბრალს სდებს მისი მარცვლეულის მოპარვაში და პორტების ბლოკირებაში, რაც შეუძლებელს ხდის მარცვლეულის ექსპორტს და აძლიერებს საკვების გლობალურ დეფიციტს”, - დასძენს გამოცემა.
“მიმდინარე კვირაში უკრაინამ გამოაცხადა, რომ თურქეთთან და გაეროსთან მართავს მოლაპარაკებებს მარცვლეულის ექსპორტის უზრუნველსაყოფად. მოსკოვი უარყოფს უკრაინის მარცვლეულის მისაკუთრებას, მაგრამ სატელიტური სურათები და GPშ-ის მონაცემები აძლიერებს ბრალდებებს, რომ რუსეთი უკრაინის მარცვლეულის ექსპორტს ყირიმის სევასტოპოლის პორტის მეშვეობით ახორციელებს. რუსეთმა 2014 წელს მოახდინა ყირიმის უკანონო ანექსირება”, - წერს სტატიის ავტორი.
“პოლარიზაციის პრიორიტეტად წარმოდგენა ძალიან ხელოვნური და ყალბია”
“მე მგონია, რომ ამ 12-პუნქტიან პირობებში ეს თემა ძალიან უცნაურად მოხვდა, რადგან პოლარიზაცია კრიზისის მიზეზი კი არ არის, შედეგია. რას ვუწოდებთ დეპოლარიზაციას და როდის ჩავთვლით, რომ მოიხსნა ეს პრობლემა? მაშინ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, თუ სად გადის ის ზღვარი, რომლის შემდეგაც პოლარიზებულია პოლიტიკური პროცესი, რადგან დებატები, სიმწვავე თავისთავად ყველა დემოკრატიულ ქვეყანაშია და მაშინ სად არის ის კრიტიკული წერტილი, რომლის იქითაც ჩვენ პოლარიზაციაზე ვიწყებთ საუბარს? ვფიქრობ, გამომდინარე იქიდან, რომ პოლარიზაცია არის ქვეყანაში არსებული სისტემური პრობლემების შედეგი და არა მისი მიზეზი, აქცენტი ამაზე არ უნდა იყოს - უნდა იყოს დანარჩენი 11 პუნქტის შესრულებაზე და, თუ ისინი შესრულდება, მაშინ დეპოლარიზაციის საკითხი თავისთავად მოიხსნება”, - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პოლარიზაციის პრიორიტეტად წარმოდგენა ძალიან ხელოვნური და ყალბია”.
“ჩვენ უნდა დავსვათ საკითხი ასე - რა იწვევს პოლარიზაციას? იწვევს ზუსტად ის პრობლემები, რაც არის ქვეყანაში: სასამართლო სისტემა, პროკურატურა, არაჯანსაღი საარჩევნო გარემო და ასე შემდეგ... თუ ეს პრობლემები მოგვარდება, პოლარიზაციის საკითხი თავისით მოიხსნება. ასე რომ, პოლარიზაციის პრიორიტეტად წარმოდგენა თავისთავად ძალიან ხელოვნური და ყალბია. გაუგებარია, რაზე ვლაპარაკობთ - პოლიტიკოსებმა ერთმანეთს მაინცდამაინც ბატონობით უნდა მიმართონ თუ შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე ეძახონ? ამიტომ ვამბობ, რომ ეს საკითხი ძალიან ხელოვნურია, რასაც ხელისუფლება სათავისოდ იყენებს. ხელისუფლებამ ეს საკითხი პრიორიტეტად დასახა და იმას, რომ დანარჩენ 11 პუნქტს არ შეასრულებს, ოპოზიციას დააბრალებს, აი, დეპოლარიზაციის პირობა ოპოზიციამ არ შეასრულა და ამ ვალდებულების ჩავარდნაში ის არის დამნაშავეო. ეს არის ერთადერთი პუნქტი, რომლის წყალობითაც ხელისუფლებას აქვს იმის კომფორტი, რომ ოპოზიციისკენ გაიშვიროს ხელი. შესაბამისად, რაკი დანარჩენი 11-ის შესრულება არ უნდა, ეს პუნქტი ხელისუფლებას ასეთი მანიპულაციების საშუალებას აძლევს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს პუნქტი ამ მოთხოვნებში ძალიან გაუაზრებლად აღმოჩნდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“პოლარიზაცია ხდება იმიტომ, რომ არსებობს კონკრეტული საკითხები, რომელთაც ხელისუფლება არ ითვალისწინებს, ოპოზიცია კი ცდილობს აიძულოს ხელისუფლება, რომ ეს საკითხები გადაწყვიტოს, საპასუხოდ კი ხელისუფლება კედელს აშენებს და მერე ეს ხდება მიზეზი იმისა, რომ მძაფრდება პოლარიზაცია. თუ პოლარიზაციის მიზეზები მოიხსნება, ოპოზიციას საფუძველი ხომ აღარ დარჩება? შესაბამისად, დღეს საუბარი იმაზე, რომ პოლარიზაცია ყოფილა ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, აბსოლუტურად არასწორი მიდგომაა, რაც ხელისუფლებას მანიპულირების საშუალებას აძლევს. ვერავინ მეტყვის, რა არის პოლარიზაცია, ვინმემ დაადგინა, სად არის მკვეთრი დემოკრატიული დებატების და ამ პოლარიზაციის ზღვარი?” - განაგრძობს რესპონდენტი.
“მე დიალოგის აუცილებლობასაც ვერ ვხედავ. ამ 12 პუნქტის შესრულებაზე პასუხისმგებელი ვინ არის? ხელისუფლება! ხელისუფლებას აქვს ყველა ბერკეტი, ეს ვალდებულებები შეასრულოს. შესაბამისად, შეუძლიათ ოპოზიციას საერთოდ გაანებონ თავი და წარმოადგინონ თავიანთი ხედვა. ხომ ამბობენ, მზად ვართ შესასრულებლადო. ჰოდა, წარმოადგინონ პაკეტი, რას როგორ გააკეთებენ. ამ პუნქტების შესრულების წინაპირობად რატომ აყენებენ ოპოზიციის საკითხს? მათი პასუხისმგებლობაა, რომ შეასრულონ, ყველა ინსტრუმენტი აქვთ ამისთვის. მერწმუნეთ, თუ შეასრულებენ, ოპოზიციას პოლარიზაციისთვის საფუძველი აღარ დარჩება. ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა გამოვაცხადოთ, მაგალითად, ერთი თვე პოლიტიკური დუმილის თვედ, ცოტა დავისვენოთ და მივცეთ ეს ერთი თვე ხელისუფლებას, რომ ამ პუნქტების შესრულების მოდელი, ხედვა, წინადადებები წარმოადგინოს, მერე ეს ბაზისად ავიღოთ და ვნახოთ, ხელისუფლება მართლა რამის შეცვლას აპირებს თუ არა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ცხადი გახდება”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“დღეს კი, როდესაც დებატები გრძელდება, ამით ხელისუფლებას ჩვენ ვუქმნით იმის კომფორტს, რომ თქვას, ვერ ვაკეთებ იმიტომ, რომ ხელს მიშლიანო. არ შევუშალოთ ხელი, მივცეთ ერთი თვე სამუშაოდ და გადაბრალების საშუალება მოვუსპოთ. ეს იქნება ყველაზე გონივრული ნაბიჯი. მალე 37 გრადუსი იქნება სიცხე და წავიდნენ სოფლებში, დაისვენონ, ვაცადოთ, ხომ შეიძლება, მართლა კარგი რაღაც გამოუვიდეთ? ჩვენი პოლიტელიტისგან რჩევის გათვალისწინების დიდი მოლოდინი არასოდეს მქონია და მით უმეტეს, ახლა, მაგრამ ჩემი ფუნქციაა, ვთქვა, რაც მიმაჩნია სწორად”, - დასძენს ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “თუკი ევროკავშირის და ჩვენი პარტნიორების ასეთი რჩევა იქნება, რომ აცადონ, იმოქმედებს ოპოზიციაზე?” - პასუხობს:
“როგორც წესი, ოპოზიცია დასავლეთს უჯერებს, გარკვეულწილად ხელისუფლებაც, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში მკვეთრად უარყოფითად იქცეოდა, მაგრამ ბოლო დღეებში რაღაც დაფრთხნენ და იქნებ ცოტა ჭკუა იხმარონ. ასე რომ, თუ დასავლეთიც მედიატორად თუ კონსულტანტად მიიღებს ამაში მონაწილეობას, ვფიქრობ, საქმეს ძალიან წაადგება”.

























