უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი - HIMARS-ის წყალობით რუსებმა იციან, რომ მათ დასასრული ელით

HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები უკრაინას რუსი ოკუპანტების განადგურებაში ეხმარება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში ამჟამად ყველაზე შორ მანძილზე მოქმედი სისტემა საბჭოთა „ტოჩკა-უ“ არის, რომლის მაქსიმალური მანძილი დაახლოებით 120 კმ-ია, მაგრამ მისი რაოდენობა „ძალიან ცოტაა დარჩენილი“.
„თუ ჩვენ მივიღებთ შორ მანძილზე მოქმედ საბრძოლო მასალებს, ჩვენ მათ გამოვიყენებთ და რუსებმა იციან, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ამ იარაღით მათ დასასრული ელით“, - განაცხადა ბუდანოვმა.
ბუდანოვის განცხადებით, მიუხედავად რუსების მიერ გავრცელებული ცნობებისა, მათ არცერთი ჰაიმარსი არ დაუკარგავთ.

























