ბახმუტში ოკუპანტებმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, დაიღუპა ერთი ადამიანი

დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე რუსმა დამპყრობლებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მთავარი სამმართველო ავრცელებს.
მათივე ცნობით, თავდასხმა ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე მოხდა. თავდასხმის შედეგად განადგურდა 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი გადარჩენილის ამოყვანა შეძლეს, ერთი პირი კი დაიღუპა.
როგორც გამოცემა UNIAN იტყობინება, უკრაინელმა სამხედროებმა მტკიცედ მოიგერიეს რუსი დამპყრობლების თავდასხმები რამდენიმე მიმართულებით. კერძოდ, მტერი წარუმატებლად შეიჭრა ვერხნეკამენსკში და უკან დაიხია. სემიგორიასა და კოდემის რაიონებში, ბახმუტის მიმართულებით, საომარი მოქმედებები გრძელდება.

























