დმიტრო კულება - რუსეთი თავს ისე აჩვენებს, თითქოს მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუმცა მის პრიორიტეტად კვლავ რჩება უკრაინის წინააღმდეგ ომი და დასავლეთის გახლეჩის მცდელობა

რუსეთის ფედერაცია თავს ისე აჩვენებს, თითქოს მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუმცა მის პრიორიტეტად კვლავ რჩება უკრაინის წინააღმდეგ ომი და დასავლეთის გახლეჩის მცდელობა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ The New York Times-ისთვის დაწერილ სტატიაში ისაუბრა.

„თავი არავინ უნდა მოიტყუოს. რაც არ უნდა განაცხადონ რუსმა მაღალჩინოსნებმა, რუსეთის პრიორიტეტად რჩება ომი. ის მომავალშიც ისწრაფვის უკრაინის განადგურებისა და დასავლეთის გახლეჩისკენ. ოდესაზე იერიშმა, რომელსაც მარცვლეულის ექსპორტზე ბლოკადის მოხსნის შეთანხმების მიღწევიდან რამდენიმე საათში დაარტყეს რუსულმა რაკეტებმა, უნდა გააქარვოს ნებისმიერი გულუბრყვილობა, თუ ის ჯერ კიდევ ვინმეს დარჩა“, - განაცხადა კულებამ.

მინისტრმა ამასთან, აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ახლა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გამოფიტულ ჯარს დასვენების საშუალებას მისცემს, რომ შემდგომში აგრესია გააგრძელოს.

„სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ პუტინი არ გაჩერდება, სანამ მას არ შევაჩერებთ. ამიტომ მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რომლებიც ისმის ევროპასა და ამერიკაში, სრულიად უადგილოა. ახლა არ არის დრო, რომ დავთანხმდეთ არახელსაყრელ წინადადებებზე ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმებების შესახებ“, - განაცხადა კულებამ.

მისი აზრით, ახლა ამოცანაა დაამარცხონ რუსეთი და ჩამოართვან მას შესაძლებლობა, ახლო მომავალში კიდევ ერთხელ შეუტიოს ვინმეს და შემდგომი ძლიერი და დროული მხარდაჭერით, უკრაინა მზად არის და შეუძლია ამის გაკეთება.

მინისტრი მიიჩნევს, რომ საიმედო მშვიდობა - და არა ნელი მოქმედების ბომბი გაყინული კონფლიქტის სახით, შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია განიცდის გამანადგურებელ მარცხს ბრძოლის ველზე.

კულებას თქმით, ერთი რამ ცხადია, რუსეთი სხვაგვარად სერიოზულად არ ეკიდება კონფლიქტის დასრულების საკითხს.

კულება მიიჩნევს, რომ უკრაინა, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპელი მოკავშირეები რუსეთს მისთვის გასაგებ ძალის ენაზე უნდა ესაუბრონ.

„პრაქტიკული თვალსაზრისით ეს უკრაინის სამხედრო გაძლიერებას, მისთვის თანამედროვე არტილერიისა და ჯავშანმანქანების და ასევე ეკონომიკურ მხარდაჭერას ნიშნავს“,- განაცხადა უკრაინის პირველმა დიპლომატმა.

გარდა ამისა, მან დასძინა, რომ სანქციები უნდა გაიზარდოს, დაარტყას რუსეთის ექსპორტს, დაბლოკოს რუსული ბანკები და შეზღუდოს რუსეთის წვდომა საზღვაო ტრანსპორტზე.

„ჩვენ ასევე მოგიწოდებთ, უგულებელყოთ რუსული პროპაგანდის მიერ გამწვავებული ეგრეთ წოდებული „ომის დაღლილობის“ ნარატივი. ყველა ომი დამღლელია, მაგრამ ამტანები უნდა ვიყოთ. დამარცხების ფასი - უკრაინის განადგურება, დასავლეთის გახლეჩა და უფრო თავხედი რუსეთია და ეს ძალიან მაღალი ფასია, იმისთვის, რომ ასეთი სცენარი მივიღოთ“,- განაცხადა კულებამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს