კახა ქემოკლიძე - „ქართულ ოცნებას“ 2024 წლისთვის მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად ისევ დასჭირდება, როგორც მტერი N1

„ქართული ოცნება“ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას ეწინააღმდეგება - ყოველდღიურად საინფორმაციო ოპერაციებს უტარებენ რუსეთს კი არა, რომ შენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესი დაიცვა, არამედ დასავლეთს, რომელიც შენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვაში გეხმარება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, კახა ქემოკლიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით შეთანხმება უნდოდეს, ამას „ერთ დაწკაპუნებაში გააკეთებდნენ“.

„ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ „ქართული ოცნება“ 12 - პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისთვის მოწადინებულია. ისინი სიღრმისეულ დონეზე ამას ეწინააღმდეგებიან კიდეც. მათი მხრიდან გადადგმული ნაბიჯების საფუძველზე ეს იკვეთება. ანტიდასავლური რიტორიკა, ელჩების რეპუტაციების ძირის გამოთხრა, ქართული საზოგადოების და განსაკუთრებით, მმართველი პარტიის მხარდაჭერილი ელექტორალური ბაზის დასავლეთის მიმართულებით ნეგატიურად განწყობა - ეს ყველაფერი კონკრეტულ მიზანს და ამოცანას ემსახურება. ამას უსაფრთხოების სფეროში საინფორმაციო ოპერაციებს ეძახიან. ყოველდღიურად საინფორმაციო ოპერაციებს უტარებენ რუსეთს კი არა, რომ შენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესი დაიცვა, არამედ დასავლეთს, რომელიც შენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვაში გეხმარება. ამ აბსურდში, როდესაც ქმედების დონეზე „ქართული ოცნება“ გაიშიფრა, მათ შორის, იმ „4 ამიგოს“ ოპერაციის და სქემის გათამაშების საფუძველზე, რისი იმედი უნდა გვქონდეს? ამათ პოლიტიკურ ნების დონეზე 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შეთანხმება რომ უნდოდეთ, ამას ერთ დაწკაპუნებაში გააკეთებდნენ. როდესაც არსებობს პოლიტიკური ნება, იქ ყოველთვის არსებობს გამოსავალი. დღეის მოცემულობით, მაგიდაზე პოლიტიკური ნება არ დევს“, -განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს რეკომენდაციების შესრულება იმიტომ არ უნდა, რომ ეს სახელმწიფოს სისტემურ რეფორმირებას გამოიწვევს, რაც ავტომატურად „ქართული ოცნების“ ერთ პარტიულ მმართველობას გამორიცხავს.

„ისინი ამას ათვითცნობიერებენ და ჩვენი აზრით, გარკვეულწილად პროცესის გაწელვაზე მუშაობენ. ორი სტრატეგიული მიზანი გააჩნიათ: ერთი მხრივ, რომ გარკვეულწილად ეს რეფორმები არ განხორციელდეს და მეორე მხრივ, ეს ყველაფერი ოპოზიციას და თავად დასავლეთს დაბრალდეს“, - აღნიშნა მან.

კითხვაზე, თუ რატომ რჩება პარტია „საქართველოსთვის“ პროცესში, თუ უკვე ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდი რეფორმების განხორციელებას არ აპირებს, ქემოკლიძე პასუხობს, რომ ამის ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ პროცესების დაზიანება მის პარტიას და ოპოზიციას არ დაბრალდეს.

„ჩვენ ორი სტრატეგიული ამოცანა გვაქვს. პირველი მიზანი არის, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მიეცეს იმის საშუალება, რომ ეს ყველაფერი ჩვენს პარტიას და იდეალურ შემთხვევაში ოპოზიციას დაბრალდეს. მეორე მიზანი: თუკი 1% შანსი არსებობს, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსის მიღებაში გარკვეულწილად ჩვენი წვლილი შევიტანოთ, ეს 1%-იანი შანსიც ნებისმიერ ფასად უნდა გამოვიყენოთ“, - განაცხადა ქემოკლიძემ.

მისივე თქმით, ჩავარდნილ პროცესზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა, თუმცა ოპოზიცია მმართველ გუნდს, იმის საშუალებას აძლევს, რომ პასუხისმგებლობის ისარი ოპოზიციისკენ გადაიტანოს.

ქემოკლიძემ ასევე, ხელისუფლების მხრიდან აშშ-ს ელჩ კელი დეგნანზე გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დასავლური მხარდამჭერის შემცირებას ემსახურება. ამ სტრატეგიის მიზანი კი ძალაუფლების შენარჩუნებაა.

ამასთან,მან ისაუბრა ბიჭვინთის ე.წ. სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის თაობაზეც და აღნიშნა, რომ სერიოზული პრობლემაა, რომ ხელისუფლება თავისი დუმილით, მხოლოდ რუსეთს კი არ უფრთხილდება, არამედ ამავდროულად, ზუსტად იგივე პერიოდში, მიზანმიმართულად დასავლეთს უტევს.

კითხვაზე, თუ რატომ არ გააკეთა ხელისუფლებამ ბიჭვინთაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება, ქემოკლიძე პასუხობს, რომ „ქართული ოცნების“ წევრები სრულად ქვეყნის შიგნით ძალაუფლების შენარჩუნებისკენ არიან ფოკუსირებულები.

„ჩვენ შეგვეძლო ერთი გასროლით ორი კურდღელი მოგვეკლა. ერთი მხრივ, რომ სოხუმისთვის გვეჩვენებინა, რომ იცით რა, 90-იანებში ომის მიუხედავად, საბოლოო ჯამში, ისევ ქართველები ზრუნავენ თქვენს ეროვნულობაზე, თვითმყოფადობაზე, ეთნოსზე, ენაზე და ტერიტორიაზე, მაშინ, როდესაც რუსეთი პირდაპირი მნიშვნელობით აგრესიულად ამ ტერიტორიას ართმევს და მეორე მხრივ, დასავლეთისთვის გვეჩვენებინა, რომ უკრაინაში მიმდინარე სიგიჟის ფონზე, რუსეთი და კრემლი საბოლოო ჯამში, ისევ საქართველოს ანექსიით არის დაკავებული“, - აღნიშნა ქემოკლიძემ.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ასევე, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებზე ისაუბრა.

მისი შეფასებით, შესაძლოა ამ პროცესებში „ქართულ ოცნებასა“ და მიხეილ სააკაშვილს შორის „გარიგების კონტურები იკვეთებოდეს“.

ქემოკლიძის თქმით, მას არ სჯერა, რომ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას დატოვებს.

„მე მეჩვენება, რომ გარკვეულწილად შესაძლოა, გარიგების რაღაც კონტურები იკვეთებოდეს. რა დონეზე შედგება ეს ჯერ კიდევ საკითხავია, მაგრამ, ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებას“ 2024 წლისთვის სააკაშვილი აუცილებლად ისევ დასჭირდება, როგორც მტერი N1.

2021 წლის არჩევნები კლასიკური მაგალითი იყო, როგორ გამოიყენეს სააკაშვილის ჩამოსვლა შუაში მყოფი ამომრჩევლის მობილიზებისთვის, რომელსაც ნამდვილად შეეშინდა, რომ ვაი, რადგან სააკაშვილი ქვეყნის შიგნით არის, მაშინ მართლა რეალური რისკია, რომ ხელისუფლება რევოლუციის გზით ჩაიგდოს ხელში და შემდეგ უკვე ყველას ჯიბეში ჩაგვიძვრეს. ეს რისკები კვლავაც არსებობს“, - განაცხადა ქემოკლიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა