უზენაესმა სასამართლომ ლევან ზურაბაშვილს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში რამდენიმე პირის მძევლად აყვანის საქმეზე 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, ორი ან მეტი პირის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში მსჯავრდებულ ლევან ზურაბაშვილს უზენაესმა სასამართლომ მსჯავრი დაუმძიმა და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილებით უზენაესმა სასამართლომ მეორე ისტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა და ძალაში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა, რომლის მიხედვითაც, ზურაბაშვილი ორი, ან მეტი პირის მიმართ მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით დამნაშავედ იქნა ცნობილი.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მსჯავრდებულ ზურაბაშვილის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, მესამე ინსტანციის სასამართლომ დაცვის მხარის პოზიცია, რომ ლევან ზურაბაშვილის მხრიდან იძულებას ჰქონდა ადგილი და არა მძევლების ხელში ჩაგდებას, არ გაითვალისწინა.

„მოგეხსენებათ, უზენაესი სასამართლო საქმეებს არ განიხილავს, მაგრამ მოხდა სასწაული, გაიღვიძა და ფაქტობრივად, თითი დაუქნია ყველა იმ ადამიანს, ვისაც შინაგანად სოციალური პროტესტი გააჩნია და მკაცრად დასაჯა ლევან ზურაბაშვილი. საქმის დეტალებიდან ყველამ კარგად იცის, რომ ე.წ. დაზარალებულები ამბოდნენ, რომ თავს დაზარალებულად არ მიიჩნევდნენ და რომ ყველას თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდა. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა პროკურორის საჩივარი და იმ მსჯელობაში შევიდა, რომ ზურაბაშვილმა ეს ადამიანები მძევლად აიყვანა, რაც რეალობას არ შეესაბამება. ჩემი შეფასებით, ეს არის ინკვიზიცია იმ საზოგადოების წინააღმდეგ, ვინც კი ბედავს და ხმას სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ იღებს.

თავდაპირველად, სააპელაციომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შეცვალა, მუხლი გადააკვალიფიცირა და ზურაბაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდა, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მხრიდან. უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, რომ ეს იყო ე.წ. იძულება და არა თავისუფლების უკანონო აღკვეთა. უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა, რომ ეს იყო მძევლად ხელში ჩაგდება“, - განაცხადა კობაიძემ.

ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 31 წლის დავით ზურაბაშვილი შეიჭრა და 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელთან სამართალდამცავების მიერ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ზურაბაშვილმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა.

დავით ზურაბაშვილს საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო