უკრაინამ იზიუმის სიახლოვეს მდებარე სოფელი დუბროვნოე რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლა

93-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მებრძოლებმა რუსი ოკუპანტებისგან ხარკოვის ოლქში იზიუმის სიახლოვეს მდებარე სოფელი დუბროვნოე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიგადის პრესსამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს, სადაც ასევე განთავსებულია ვიდეო, თუ როგორ გამოიყურება სოფელი ოკუპანტებისგან გათავისუფლების შემდეგ.
უკრაინელი მებრძოლების ინფორმაციით, როდესაც რუსი ოკუპანტები სოფლიდან გარბოდნენ, საკუთარი ტექნიკა დატოვეს.
„ბრიგადამ მტერი სოფელ დუბროვნოეს მიღმა გაყარა და ფრონტის ხაზი გადაწია. მომარაგებას მოკლებული ოკუპანტები გარბოდნენ და ტექნიკას ტოვებდნენ, თუმცა წასვლის წინ კარგად დანაღმეს სოფელი ქვეითსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით“,- ნათქვამია განცხადებაში.

























