გიორგი ბილანიშვილი - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან განსხვავებით, მოსკოვი ნამდვილად არ უნდა იყოს უკმაყოფილო იმით, რაც ახლა საქართველოში ხდება

რა ვითარება იყო მსოფლიოში 2008 წლის 8 აგვისტომდე, 14 წლის წინ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე რატომ არ ჰქონდა ევროპასა და აშშ-ს ადეკვატური რეაქცია, რა ცვლილებია მომხდარი მსოფლიოში 2008 წლის აგვისტოს ომის 14 წლის შემდეგ, რა მიზეზებმა განაპირობეს ის, რომ ახლა აშშ და ევროპა კონსოლიდირებულია და ეფექტურად მოქმედებს უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ასევე იმაზე, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რა საფრთხეები აქვს საქართველოს, რამდენად შეცვლილია ვითარება თავად საქართველოში, როგორი უნდა იყოს მისი დღის წესრიგი და რეალურად რა კეთდება, „ინტერპრესნიუსი“ საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარს გიორგი ბილანიშვილს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, 14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესია განახორციელა და საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპასა და ამერიკაში ყველას ესმოდა, რომ რუსეთმა საქართველო ქვეყნის მკაფიო საგარეო კურსის გამო დასაჯა, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების რეაქცია მომხდარზე საკმაოდ სუსტი და არაეფექტური იყო.

კრემლმა საქართველოს დასჯის ოპერაციას „ძალით მშვიდობის იძულების“ ოპერაცია დაარქვა. საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზის შუამავლობა იმაზე მეტად უსუსური იყო, ვიდრე წარმოდგენა შეიძლებოდა.

ყველაფერი კრემლის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებით დასრულდა. მომხდარზე დასავლეთის რეაქცია რომ არაადეკვატური იყო, ისიც მიუთითებს, რომ ტალიავინის კომისიამ ომის დაწყებაში ქართული მხარე დაადანაშაულა.

რა ვითარება იყო მსოფლიოში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს? რატომ არ იყო 14 წლის წინ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე ევროპისა და აშშ-ს რეაქცია ადეკვატური და მკაფიო?

- დღეს დასავლეთში მართლაც ბევრი აღიარებს, რომ მათი რეაქცია რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე არ იყო ადეკვატური და საქართველოს და უკრაინის შემთხვევებს ერთიან კონტექსტში განიხილავს.

2008 წლის აგვისტოში საქართველოში შემოჭრით მოსკოვმა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად, ღიად დაიწყო სამხედრო ძალის გამოყენება საერთაშორისო პოლიტიკაში საკუთარი პოზიციების გასამყარებლად. მას შემდეგ მისი ქმედებები კიდევ უფრო აგრესიული და ხისტი გახდა.

მართლაც, ეს დიდწილად სწორედ იმან განაპირობა, რომ საქართველოს შემთხვევაში დასავლეთის ქვეყნებს სათანადო რეაქცია არ ქონიათ. მაშინ არც სანქციები დაწესებულა რუსეთის წინააღმდეგ და ურთიერთობაც მოსკოვთან ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა. აშშ-მ სულაც ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკა წამოიწყო, რაც აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობათა გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.

ყოველივე ამან მოსკოვს აფიქრებინა, რომ მის საგარეო პოლიტიკურ ამბიციებს, მით უმეტეს პოსტ-საბჭოთა სივრცეში, დასავლეთი ადვილად ეგუებოდა. ამას მოჰყვა ყირიმის ანექსია, აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ინტერვენცია და ლუგანსკის და დონეცკის ოლქების ნაწილობრივი ოკუპაცია რუსეთის მიერ 2014 წელს.

უკრაინის შემთხვევაში მართალია დასავლეთი უკვე სხვანაირად მოიქცა. კერძოდ, დააწესა სანქციები და გააუარესა დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. თუმცა, სამწუხაროდ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, რადგან ვერ შეაკავა რუსეთის ახალი ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ამ გადასახედიდან ჩანს, რომ დასავლეთმა მაინც ბევრი რამ გააკეთა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შესაჩერებლად. ცხადია, რომ მოსკოვს მაშინ ბევრად უფრო მეტის ამბიცია ჰქონდა, ვიდრე აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია იყო. ამის დასტურად შეგვიძლია გავიხსენოთ ის, რომ ოფიციალური მოსკოვი მაშინ საქართველოში ხელისუფლების შეცვლას ითხოვდა.

დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, რომ დასავლეთმა მაინც ბევრი რამ გააკეთა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შესაჩერებლად. ცხადია, რომ მოსკოვს მაშინ ბევრად უფრო მეტის ამბიცია ჰქონდა, ვიდრე აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია იყო. ამის დასტურად შეგვიძლია გავიხსენოთ ის, რომ ოფიციალური მოსკოვი მაშინ საქართველოში ხელისუფლების შეცვლას ითხოვდა

ასევე, საკმაოდ რეალური იყო სამხედრო მოქმედებების გაშლა საქართველოს სხვა ტერიტორიებზეც, მათ შორის, თბილისის მიმართულებით, რაც სწორედ დასავლეთის ჩარევის შედეგად შეჩერდა.

- რუსეთის მიმართ აშშ-სა და ევროპის უპრინციპო და დამთმობი პოლიტიკა კარგა ხანს გაგრძელდა. აშშ-მ პრეზიდენტ ობამას ხელმძღვანელობით რუსეთთან დამოკიდებულებაში „გადატვირთვის“ პოლიტიკა გამოაცხადა. ევროპამ მას შემდეგაც გააგრძელა რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა, როცა რუსეთმა 2014 წელს უკრაინის ყირიმის ანექსია და დონბასისა და ლუგანსკის ოლქების 1/3-ის ოკუპაცია მოახდინა.

მომხდარის გამო ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები კი დაუწესა, მაგრამ როგორ მოგვიანებით გაირკვა, გერმანული, ფრანგული და იტალიური კომპანიები არღვევდნენ დაწესებულ სანქციებს.

აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის გაუგებარმა ევროპულმა და ანტინატოურმა პოლიტიკამ კრემლი იმდენად გაათამამა, რომ ღიად დაუწყო პრეტენზიების წაყენება აშშ-სა და კოლექტიური დასავლეთს.

2021 წლის ბოლოს კრემლის გზავნილები აშშ-ს, ევროკავშირის, ნატო-სა და უკრაინის მიმართ მკაფიო იყო - კრემლმა განაცხადა, რომ სურს 1917 წლის საზღვრებში რუსეთის იმპერიის აღდგენა, რისთვისაც მას უკრაინის ტერიტორია სჭირდებოდა. ამას მოჰყვა ის, რომ აშშ და ევროკავშირმა გადაწყვიტა მოსკოვისთვის უკრაინისათვის დახმარებით ეპასუხა.

რა ცვლილებია მომხდარი მსოფლიოში 2008 წლის აგვისტოს ომის 14 წლის შემდეგ? რამ განაპირობა ის, რომ ახლა აშშ და ევროპა კონსოლიდირებულია და ეფექტურად მოქმედებს უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ?

- დასავლეთმა მკაფიოდ დაინახა, რომ რუსეთისგან მომდინარე საფრთხეს ბევრად უფრო ფართო მასშტაბები გააჩნია. მართლაც ასეა, რადგან რუსეთის მთავარი მიზანი სწორედ დასავლეთის დასუსტება და დეზინტეგრაციაა. ამ პოლიტიკას მოსკოვი უკვე კარგა ხანია თანმიმდევრულად ახორციელებს.

მათ შორის, ცდილობს ჩაერიოს დასავლეთის ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში, გააძლიეროს ამ ქვეყნებში რუსეთის პოლიტიკის მხარდამჭერი ძალები და გამუდმებით მიაქვს იერიში იმ ფასეულობებზე და ინსტიტუტებზე, რომელსაც დასავლეთი ეფუძნება.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ დასავლეთის დასუსტებაა. ამასთან, მართალია არ არსებობს მკაფიო პასუხი იმაზე თუ სადამდე მიდის მოსკოვის სამხედრო-პოლიტიკური ამბიციები და რომელი ქვეყანა გახდება რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მორიგი მსხვერპლი, მაგრამ დასავლეთში კარგად აცნობიერებენ, რომ ასეთი საფრთხე ძალიან მაღალია. სწორედ ეს არის ერთ ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს დასავლეთის ქვეყნების კონსოლიდაციას უკრაინის გარშემო, რომლის მიზანიც უკრაინის სუვერენიტეტის დაცვასთან ერთად რუსეთის ახალი აგრესიის შეჩერებაა.

დასავლეთში კარგად აცნობიერებენ, რომ ასეთი საფრთხე ძალიან მაღალია. სწორედ ეს არის ერთ ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს დასავლეთის ქვეყნების კონსოლიდაციას უკრაინის გარშემო, რომლის მიზანიც უკრაინის სუვერენიტეტის დაცვასთან ერთად რუსეთის ახალი აგრესიის შეჩერებაა

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი თავად უკრაინელების თავდადება და სიმამაცეა, რომლებმაც აჩვენეს, რომ მზად არიან დაიცვან საკუთარი სუვერენიტეტი და თავისუფლება. მათ მოახერხეს და ჩაშალეს მოსკოვის თავდაპირველი გეგმა, რომელიც შემჭიდროებულ ვადებში უკრაინის დიდი ნაწილის ოკუპაციას ისახავდა მიზნად.

შესაბამისად, ამით ყველას, მათ შორის დასავლეთსაც დაანახეს ის, რომ უკრაინას სათანადო მხარდაჭერის შემთხვევაში შესწევს უნარი წარმატებით გაუმკლავდეს რუსეთის ფართომასშტაბიან აგრესიას.

- ფაქტია, რომ უკრაინაში რუსული აგრესიის გამო ერთი მხრივ აშშ-სა და ევროპის, ხოლო მეორე მხრივ რუსეთთან დაპირისპირებას მრავალი განზომილება აქვს. გარდა იმისა, რომ აშშ და ევროპა სამხედრო იარაღით ეხმარებიან უკრაინას, რეალურად დღევანდელ მსოფლიოში მხარეებს შორის ფინანსური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, საინფორმაციო და ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს.

როგორ შეაფასებდით მხარეებს შორის მიმდინარე ეკონომიკურ, ფინანსურ, ენერგეტიკულ, საინფორმაციო და ჰიბრიდული ომების სავარაუდო შედეგებსა და პერსპექტივას?

- რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ ჩვენ ამ წუთას მიმდინარე ეკონომიკური, ფინანსური, ენერგეტიკული, საინფორმაციო და ჰიბრიდული ომის შედეგებზე, საბოლოო ჯამში ყველაფერ ამას განსაზღვრავს ის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უშუალოდ ბრძოლის ველზე და რა შედეგები დადგება ომის დასრულების შემდეგ.

ფაქტია, რომ რუსეთის პირველი გეგმა, როგორც უკვე ვახსენეთ ჩაიშალა. თუ თავდაპირველად უკრაინელები აღმოჩნდნენ საკმაოდ რთულ ვითარებაში, ამჟამად ორივე მხარისთვის ეს ვითარება საკმაოდ რთულია.

ლუგანსკის ოლქის თითქმის მთლიანად ოკუპაციის შემდეგ, რუსეთის სამხედრო იერიში უკრაინაში მკვეთრად შენელდა. რუსეთი უკვე გრძნობს სირთულეებს, მაგრამ პუტინის რეჟიმმა იცის, რომ უკრაინაში მარცხი მისთვის სავალალო შედეგებს მოიტანს. ამიტომაც იგი ყველა ღონეს ხმარობს ისეთი შედეგის მისაღწევად, რომელსაც წარმატებად გაასაღებს.

რუსეთი უკვე გრძნობს სირთულეებს, მაგრამ პუტინის რეჟიმმა იცის, რომ უკრაინაში მარცხი მისთვის სავალალო შედეგებს მოიტანს. ამიტომაც იგი ყველა ღონეს ხმარობს ისეთი შედეგის მისაღწევად, რომელსაც წარმატებად გაასაღებს

ამ თვალსაზრისით, ამ ეტაპზე, მოსკოვისთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია გავიდეს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე და შეინარჩუნოს კონტროლი ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების იმ ტერიტორიებზე, რომლის ოკუპაციაც 24 თებერვლის შემდეგ მოახერხა.

ასეთ შემთხვევაში, მოსკოვი სავარაუდოდ შეიარაღებული კონფლიქტის გაყინვას შეეცდება, რადგან სანქციები და სამხედრო დანაკარგები მის მდგომარეობას თანდათანობით ართულებს.

რა თქმა უნდა, უკრაინისთვის საბრძოლო მოქმედებებში გადამწყვეტი გარდატეხის შეტანა საკმაოდ რთული ამოცანაა, თუმცა ეს არარეალური, ჩემი აზრით, არ არის. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინელთა განწყობა დაიცვან საკუთარი სუვერენიტეტი და თავისუფლება არ შესუსტებულა. ამავე დროს, დასავლეთიც მტკიცედ აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რასაც ნამდვილად აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

უკრაინისთვის საბრძოლო მოქმედებებში გადამწყვეტი გარდატეხის შეტანა საკმაოდ რთული ამოცანაა, თუმცა ეს არარეალური, ჩემი აზრით, არ არის. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინელთა განწყობა დაიცვან საკუთარი სუვერენიტეტი და თავისუფლება არ შესუსტებულა. ამავე დროს, დასავლეთიც მტკიცედ აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რასაც ნამდვილად აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა

ბოლო ხანებში ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენები მიუთითებს, რომ რუსეთს სულ უფრო უჭირს დასავლურ თანამედროვე შეიარაღებასთან გამკლავება. ამავე დროს, სულ უფრო ხშირად ჩნდება მონაცემები იმის თაობაზე, რომ სანქციების გამო რუსეთის ეკონომიკა სირთულეებს განიცდის, რაც კიდევ უფრო მკაფიოდ, სავარაუდოდ, ამ წლის ბოლომდე გამოჩნდება.

- უკრაინის სასარგებლოდ აშშ-სა და ევროპის ქმედებების ფონზე აქტუალური თემაა უკრაინის ომთან დაკავშირებით ოფიციალური პეკინის პოზიცია.

ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალური პეკინის რეაქციებმა აჩვენა - მიუხედავად აშშ-სა და ჩინეთს შორის უდიდესი ეკონომიკური ურთიერთობებისა, პეკინსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები ადრე თუ გვიან გაუარესდება. ახლა მხოლოდ ის ჩანს, რომ მხარეები იმ დროისთვის მომზადებას გააგრძელებენ.

რუსეთთან დაპირისპირებაში რა პოზიცია ექნება პეკინს?

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ჩინეთსა და ტაივანს შორის ვითარება იმდენად დაიძაბოს, რომ კოლექტიურმა დასავლეთმა უკრაინის დახმარებისთვის ვერ მოიცალოს?

- აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობების დაძაბვის რისკი მართლაც არსებობს, რაც თქვენს მიერ ნახსენებ ვიზიტამდეც ნათლად ჩანდა. ზოგადად, ავტორიტარული რეჟიმების სწრაფვა საკუთარი გავლენის გაძლიერებისკენ სულ უფრო აშკარა და ძლიერი ხდება თანამედროვე მსოფლიოში.

უკანასკნელ წლებში ჩინეთი საკმაოდ მოძლიერდა, როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით და შესაბამისად გაიზარდა მისი ამბიციები ტაივანთან მიმართებაშიც, რაც ზრდის მისი მხრიდან სამხედრო ძალის გამოყენების ალბათობას.

უკრაინის საკითხში ჩინეთს აქამდეც უფრო რუსეთის სასარგებლო პოზიცია ეჭირა, მაგრამ, პეკინის მხარდაჭერა მოსკოვის მიმართ ისეთი არ არის, რომ მან უკრაინაში მოვლენების განვითარებასა და ომის საბოლოო შედეგებზე არსებითი გავლენა იქონიოს

პელოსის ვიზიტის გარშემო მართლაც დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი, მაგრამ საკითხავია ამ ვიზიტის გაუქმება სიტუაციის განმუხტვას შეუწყობდა ხელს თუ პირიქით. მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო პირიქითაა, რადგან სისუსტის გამოვლენა და უკან დახევა, როგორც წესი უფრო მეტ სტიმულს აძლევს ავტორიტარულ რეჟიმებს ხისტად და აგრესიულად იმოქმედონ.

ამ ვიზიტით, აშშ-მ აჩვენა, რომ იგი ტაივანის საკითხში უკან დახევას არ აპირებს. შესაბამისად, ჩინეთი კარგად უნდა დაფიქრდეს იმ შედეგებზე, რაც მისი მხრიდან ტაივანის წინააღმდეგ შესაძლო ძალის გამოყენებას მოჰყვება.

ანალიტიკოსთა უმეტესობა, ამ ეტაპზე არ ელოდება ტაივანის გარშემო სიტუაციის სამხედრო ესკალაციას. იმედია ეს ასეც იქნება, რადგან გულუბრყვილობა იქნება ვიფიქროთ, რომ ტაივანის გარშემო სიტუაციის უკიდურესი დაძაბვა უარყოფით გავლენას არ მოახდენდა აშშ-ის და მთლიანად დასავლეთის მხარდაჭერაზე უკრაინის მიმართ.

რაც შეეხება ჩინეთის პოზიციას რუსეთთან მიმართებაში ამ მხრივ განსაკუთრებულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. უკრაინის საკითხში ჩინეთს აქამდეც უფრო რუსეთის სასარგებლო პოზიცია ეჭირა, მაგრამ, პეკინის მხარდაჭერა მოსკოვის მიმართ ისეთი არ არის, რომ მან უკრაინაში მოვლენების განვითარებასა და ომის საბოლოო შედეგებზე არსებითი გავლენა იქონიოს.

- უკრაინის ომმა საერთაშორისო პოლიტიკაში ბევრი რამ შეცვალა. როგორც კი დაიწყო რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები, აშშ-სა და დასავლეთის ლიდერებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს ხმამაღლა საუბარი იმაზე, რომ 2008 წელს, როცა რუსეთი საქართველოს დაესხა თავს, მაშინ მათ რუსეთთან მიმართებაში დიდი შეცდომები დაუშვეს.

ამ განცხადებების ფონზე ტალიავინის კომისიის დასკვნა, რომ თითქოს ომი საქართველომ დაიწყო, ისტორიას ჩაბარდა. ეს კი არა, სრული საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ საუბრები გეოპოლიტიკაზე უკვე გაუგებარიც კი ჩანს.

ასევე გაუგებარია ის, თუ რა პოზიციები დაიკავა საქართველოს ხელისუფლებამ ერთი მხრივ უკრაინაში დაწყებულ ომთან, ხოლო მეორე მხრივ კოლექტიურ დასავლეთთან მიმართებაში, რომელიც უკრაინას ეხმარება. ამ თემებზე მმართველი გუნდის წევრების მხრიდან ხშირად წინააღმდეგობრივი განცხადებები კეთდება.

აღარაფერს ვამბობ მათ მიერვე იმის მტკიცებაზე, რომ თურმე აშშ-სა და დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა უნდა და იმაზე, თუ რა თავდასხმები ხორციელდება აშშ-ს ელჩისა და საქართველოს სხვა ევროპელი პარტნიორების მიმართ.

მმართველი გუნდი უარყოფს ხელისუფლების მხრიდან ანტიდასავლური კამპანიის წარმოებას, მაგრამ, სულ უფრო ნაკლები ადგილი რჩება იმისთვის, რომ არსებობდეს დასავლეთთან ინტეგრაციის მოლოდინი.

თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინასთან დაკავშირებულ თემებზე საქართველოს ხელისუფლების ერთი მხრივ განცხადებებს, ხოლო მეორე მხრივ ქმედებებს? მათ შორის ელჩ დეგნანთან და ევროპაში ქვეყნის სხვა პარტნიორებთან დაკავშირებით?

- ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში არ უნდა დავყოთ საქართველოს ხელისუფლების ცალკეული განცხადებები და ქმედებები და არ უნდა ვეძიოთ პოზიტივი ან ნეგატივი მათში.

ჩვენი ხელისუფლების მოქმედების საერთო კონტექსტი მე მგონი ისედაც სრულიად ნათელია და რბილად რომ ვთქვათ არასახარბიელოა. უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, ჩვენ გაუთავებლად გვესმის კრიტიკა და თავდასხმები დასავლეთის ქვეყნების და უკრაინის ხელისუფლების მიმართ.

ეს ხდება მაშინ, როდესაც უკრაინის საკითხი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ამ ომის შედეგი გავლენას მოახდენს ევროპულ უსაფრთხოებაზე და იგი პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მომავალს. დასავლეთი იმიტომაც უჭერს მხარს მტკიცედ უკრაინას, რომ არ დაუშვას რუსეთის ახალი აგრესია. ჩვენ კი გაუთავებლად ვისმენთ იმას, რომ თითქოს დასავლეთს უნდა საქართველოს ომში ჩათრევა.

დასავლეთი იმიტომაც უჭერს მხარს მტკიცედ უკრაინას, რომ არ დაუშვას რუსეთის ახალი აგრესია. ჩვენ კი გაუთავებლად ვისმენთ იმას, რომ თითქოს დასავლეთს უნდა საქართველოს ომში ჩათრევა

მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ ამის დაჟინებით მტკიცება, არის ე.წ. კონსპირაციის თეორიის კლასიკური მაგალითი. ეს თეორია საკმაოდ პოპულარულია რუსეთში და იგი ფართოდ გამოიყენება საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისათვის.

რასაც ჩვენ დღეს საქართველოში ვხედავთ ერთ-ერთზე ჰგავს რუსეთის მიერ გამოყენებულ პიარ-ტექნოლოგიებს, რომელიც საგარეო საფრთხის იმიტირების ფონზე საზოგადოებრივი აზრის ხელისუფლების სასარგებლოდ ფორმირებას ისახავს მიზნად.

რასაც ჩვენ დღეს საქართველოში ვხედავთ ერთ-ერთზე ჰგავს რუსეთის მიერ გამოყენებულ პიარ-ტექნოლოგიებს, რომელიც საგარეო საფრთხის იმიტირების ფონზე საზოგადოებრივი აზრის ხელისუფლების სასარგებლოდ ფორმირებას ისახავს მიზნად

- უკრაინაში მიმდინარე ომმა სერიოზული ცვლილებები შეიტანა მსოფლიო პოლიტიკაში. უკვე ჩანს უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ მსოფლიოს უსაფრთხოების ახალი სისტემის კონტურები.

ხელისუფლება ამბობს, რომ ამ პროცესებში ჩართულია, მაგრამ რასაც ვხედავთ, სულ უფრო მკაფიოდ ის ჩანს, რომ საქართველო სულ უფრო მეტად ხდება ეკონომიკურად დამოკიდებული რუსულ საქონელზე და რუსულ ფინანსებზე.

დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლება ცდილობს ქვეყანა დააშოროს ევროკავშირს და ქვეყანა პირისპირ დატოვოს რუსეთთან. გია ხუხაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ საქართველო მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ ომში ჩართულია რუსეთის მხარეს.

როგორც ჩანს, ბატონი გიას მოსაზრება უსაფუძვლოდ არ გამოიყურება, რადგან იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ოხანაშვილმა განაცხადა - „სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა რუსეთთან ომში ჩართვასთან არის კავშირში“. უცნაურია, მაგრამ ამ განცხადებით გამოდის, რომ ოფიციალური თბილისი თავის სუვერენულ უფლებებზე ამბობს უარს მოსკოვის სასარგებლოდ.

თქვენც ასეთი შთაბეჭდილება გრჩებათ? თქვენი დაკვირვებით უკრაინასთან დაკავშირებულ თემებსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე რას შეიძლება ფიქრობდნენ ვაშინგტონსა და ბრიუსელში?

- ჩემთვის სრულიად აშკარაა, რომ ვაშინგტონსა და ბრიუსელში ვერ ექნებათ პოზიტიური შეფასებები საქართველოს ხელისუფლების ქმედებების მიმართ. ამას ადასტურებს თუნდაც ბოლო პერიოდში გაკეთებული არაერთი განცხადება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან.

თავისთავად მრავლისმეტყველია ის ფაქტიც, რომ საქართველომ უკრაინისა და მოლდოვასთან განსხვავებით ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან განსხვავებით, მოსკოვი ნამდვილად არ უნდა იყოს უკმაყოფილო იმით, რაც საქართველოში ხდება. დასავლეთის გაუთავებელი კრიტიკა, მის მიმართ სხვადასხვა ბრალდებების წამოყენება სწორედ ის პოლიტიკაა, რასაც მოსკოვი მიზანმიმართულად ეწევა წლების განმავლობაში. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ახლა იგივე ხდება საქართველოში.

დასავლეთის გაუთავებელი კრიტიკა, მის მიმართ სხვადასხვა ბრალდებების წამოყენება სწორედ ის პოლიტიკაა, რასაც მოსკოვი მიზანმიმართულად ეწევა წლების განმავლობაში. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ახლა იგივე ხდება საქართველოში

შეიძლება ვინმე თვლიდეს, რომ ხელისუფლება ამ შემთხვევაში მოქმედებს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში მისი ამოცანებიდან გამომდინარე. თუმცა, ცხადია, რომ ეს ასე არ არის. ჩვენი ხელისუფლების ქმედებებს აქვს აშკარად გამოკვეთილი საგარეო პოლიტიკური განზომილება.

ამ ტენდენციის გაღრმავების შემთხვევაში თანდათანობით მოხდება საქართველოს დისტანცირება დასავლეთისგან, რაც მოსკოვის ინტერესებს ემსახურება და პირდაპირ თუ ირიბად ჩვენს ქვეყანაში რუსეთის პოზიციებს გააძლიერებს.

- შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში გადაწყვეტილების მიმღები პირები არ არიან დარწმუნებული, რომ უკრაინაში დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირება კოლექტიური დასავლეთის გამარჯვებით დასრულდება.

„ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუში ბრძანეთ - „სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას“.

რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა, რომლის ხელისუფლება ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას?

- უკრაინაში შეჭრით მოსკოვმა დაიწყო გადამწყვეტი ბრძოლა პოსტ-საბჭოთა სივრცეში ექსკლუზიური გავლენის მოპოვებისთვის და შევიდა მწვავე კონფრონტაციაში დასავლეთთან.

ამ ფონზე, გასაკვირი არ არის, რომ რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ღიად საუბრობენ ამა თუ იმ ფორმით საბჭოთა კავშირის აღდგენაზე. ვინც რუსეთს აკვირდება ალბათ დამეთანხმება, რომ ეს განწყობები ახალი არ არის. მოსკოვი უბრალოდ თვლის, რომ უკრაინა, საქართველო და სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნები არ არიან სუვერენული სახელმწიფოები და მათ არ აქვთ თავისუფალი საგარეო პოლიტიკური არჩევანის გაკეთების უფლება.

მოსკოვი უბრალოდ თვლის, რომ უკრაინა, საქართველო და სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნები არ არიან სუვერენული სახელმწიფოები და მათ არ აქვთ თავისუფალი საგარეო პოლიტიკური არჩევანის გაკეთების უფლება

რუსეთის უკრაინაში სამხედრო ინტერვენციამ მოსკოვის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ მომდინარე საფრთხეები ავტომატურად გზარდა. ასეთ ვითარებაში, ხელისუფლება უნდა ემზადებოდეს, მოვლენების ყველაზე უარესი განვითარების სცენარისთვის. ცდილობდეს აღმოფხვრას ის ნაკლოვანებები, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით არსებობს.

მათ შორის, უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა საკუთარ სტრატეგიულ პარტნიორებთან. შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს უკრაინას, რადგან უკრაინის მიერ საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა მჭიდრო კავშირშია საქართველოს მომავალთან.

მთავარი პრობლემა სწორედ ის არის, რომ გაზრდილი რისკების მიუხედავად, არ ჩანს ხელისუფლების გააზრებული მოქმედება გაზრდილი საფრთხის თავიდან ასაცილებლად. უფრო მეტიც, რაც ჩანს პირიქით, ზრდის რისკებს საქართველოს უსაფრთხოებისთვის და უარყოფითად მოქმედებს ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივაზე.

იმაში, რასაც დღეს ჩვენ საქართველოში ვხედავთ, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე უფრო სახიფათო ჩვენი საზოგადოების დეზორიენტაციაა. ადრე საზოგადოების უდიდესი ნაწილი სრულიად სამართლიანად თვლიდა, რომ რუსეთი წარმოადგენდა საფრთხეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, ხოლო დასავლეთი კი ჩვენი მთავარი პარტნიორი იყო, მათ შორის, ამ საფრთხის განეიტრალებაში.

ერთ-ერთი ყველაზე უფრო სახიფათო ჩვენი საზოგადოების დეზორიენტაციაა. ადრე საზოგადოების უდიდესი ნაწილი სრულიად სამართლიანად თვლიდა, რომ რუსეთი წარმოადგენდა საფრთხეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, ხოლო დასავლეთი კი ჩვენი მთავარი პარტნიორი იყო, მათ შორის, ამ საფრთხის განეიტრალებაში

ამჯერად ჩვენ გვესმის, რომ სწორედ დასავლეთისგან მოდის მთავარი საფრთხე, რომელიც თითქოს საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევას ცდილობს, რაც ჩვენი ქვეყნის განადგურებას გამოიწვევს.

თანაც ეს არ ხდება სპონტანურად, ეპიზოდურად და გაუაზრებლად. პირიქით, ასეთი ნარატივი მყარდება თანმიმდევრულად, შესაბამისი პიარ-ტექნოლოგიებისა და ე.წ. კონსპირაციის თეორიის მეშვეობით.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა