მედია - ზაპოროჟიეს საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხელი მოაწერა განკარგულებას ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარების შესახებ

მედია - ზაპოროჟიეს საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხელი მოაწერა განკარგულებას ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარების შესახებ

ზაპოროჟიეს ოლქის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ევგენი ბალიცკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას ოლქის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარების შესახებ,- ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ამ „რეფერენდუმისთვის“ მზადება დიდი ხანია მიმდინარეობს რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ რეგიონში, რომელიც არ მოიცავს რეგიონალურ ცენტრს - ქალაქ ზაპოროჟიეს.

23 ივლისს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიწყეს საარჩევნო კომისიის შექმნა ამ რეფერენდუმის ჩასატარებლად. ამისთვის საოკუპაციო ხელისუფლება გეგმავს, რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დახმარების თხოვნით მიმართოს.

ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება შემოდგომაზე იგეგმება, მაგრამ კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით არ არის გამოცხადებული.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ფედერაცია უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმებს“ ჩაატარებს, ის ამით უკრაინასთან მოლაპარაკებების ყველა შესაძლებლობას დახურავს.