ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი შეწყვიტეს

ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო რუსული ქვანახშირის შესყიდვას წყვეტენ. რუსული ქვანახშირის იმპორტზე ემბარგოს დაწესება, რომელსაც ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტი ითვალისწინებს, ძალაში დღეს შევიდა.
გადაწყვეტილების თანახმად, აიკრძალა ქვანახშირისა და სხვა მყარი წიაღისეული საწვავის შესყიდვა, იმპორტი ან ტრანსპორტირება ევროკავშირში, თუ ის წარმოებულია რუსეთში ან იქიდან არის ექსპორტირებული.
ევროკომისიის შეფასებით, ემბარგოს დაწესება რუსეთისთვის წელიწადში დაახლოებით რვა მილიარდი ევროს შემოსავლის დაკარგვას გამოიწვევს.
ამასთან, 21 ივლისს, დიდ ბრიტანეთში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმში ცვლილება შევიდა, რომელიც კრძალავს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ქვანახშირისა და ქვანახშირის პროდუქტების და ოქროს ნაწარმის იმპორტს, ასევე ამ საქონლის პირდაპირ თუ ირიბად შეძენასა და მიწოდებას.

























