დმიტრო კულება - ეს არის რუსეთის და არა მხოლოდ პუტინის ომი - მაშინ დაე, რუსმა ტურისტებმა ისიამოვნონ რუსეთით

დმიტრო კულება - ეს არის რუსეთის და არა მხოლოდ პუტინის ომი -  მაშინ დაე, რუსმა ტურისტებმა ისიამოვნონ რუსეთით

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინაში გაჩაღებული ომი მხოლოდ ვლადიმერ პუტინის ომი არ არის და მას რუსებიც უჭერენ მხარს, ამიტომ რუს ტურისტებს შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ.

„ეს არის რუსეთის და არა მხოლოდ პუტინის ომი. არა პუტინი, არამედ რუსი ჯარისკაცები ჩამოდიან რუსეთიდან იმისთვის, რომ მოკლან, აწამონ და გაანადგურონ. რუსები გადაჭარბებულად უჭერენ ომს მხარს, მიესალმებიან სარაკეტო დარტყმებს უკრაინის ქალაქებზე და უკრაინელების მკვლელობას. მაშინ დაე, რუსმა ტურისტებმა ისიამოვნონ რუსეთით“, - წერს კულება „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, გუშინ ევროკომისიაში განაცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა და ცალკეულ სახელმწიფოს შეუძლია საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო, გაუმართლებელი აგრესიის გამო, პირველ რიგში, უკრაინა, მაგრამ ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნები დადგნენ უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე. წევრი სახელმწიფოს კომპეტენციაშია, განიხილოს თითოეული განაცხადი და უარი თქვას საზოგადოებრივი წესრიგის, ან შიდა უსაფრთხოების საფუძველზე“, - განაცხადეს ევროკომისიაში.