რუსეთის ელჩი გაერო-ში - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციის შემთხვევაში პროვოკაციებსა და ტერორისტულ თავდასხმებს არ გამოვრიცხავთ

რუსეთის ელჩი გაერო-ში - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციის შემთხვევაში პროვოკაციებსა და ტერორისტულ თავდასხმებს არ გამოვრიცხავთ

რუსეთის ელჩი გაერო-ში ვასილი ნებენზია აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციის შემთხვევაში პროვოკაციებისა და ტერორისტული თავდასხმების რისკი შეიქმნება, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„არავინ იცის, რა იქნება მათი მიზნები და ამოცანები. არ გამოვრიცხავთ პროვოკაციებსა და ტერორისტულ თავდასხმებს ელექტროსადგურზე, რომელიც ჩვენ უნდა დავიცვათ", - აღნიშნა მან გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციის შესახებ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.

ვასილი ნებენზიას თქმით, გაერო-ს ხელმძღვანელმა უნდა განმარტოს, რას გულისხმობს „დემილიტარიზაციის პერიმეტრში“.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გუშინ კიდევ ერთხელ დაბომბეს, რის შემდეგაც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ტერიტორია ყველა სამხედრო მოსამსახურემ და ტექნიკამ უნდა დატოვოს.

„ობიექტი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც სამხედრო ოპერაციის ნაწილი. ელექტროსადგურის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ტექნიკურ დონეზე სასწრაფოდ უნდა იქნას მიღწეული შეთანხმება უსაფრთხო დემილიტარიზაციის პერიმეტრის შექმნის შესახებ“, - აღნიშნა გუტერეშმა.

მოგვიანებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მხარს უჭერენ მოწოდებებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნის შესახებ.