აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე - რუსული არმია სერიოზულად არის დაცლილი - ეს გავლენას ახდენს მის უნარზე, განახორციელოს ეფექტური სახმელეთო კამპანია უკრაინაში

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე - რუსული არმია სერიოზულად არის დაცლილი - ეს გავლენას ახდენს მის უნარზე, განახორციელოს ეფექტური სახმელეთო კამპანია უკრაინაში

უკრაინასთან ომში ყოველდღიურად 500-მდე რუსი ჯარისკაცი იღუპება და დაზიანებას იღებს, - ინფორმაციას აშშ-ის დაზვერვისა და სამხედრო ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

„ვფიქრობ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსების მსხვერპლი ექვს თვეზე ნაკლებ დროში 70-80 000 ჯარისკაცს შეადგენს“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში, კოლინ კალმა, რომელმაც მსხვერპლში როგორც დაღუპულები, ასევე დაშავებულები იგულისხმა.

მისი თქმით, ოკუპანტებმა მცირე წარმატებებს მიაღწიეს აღმოსავლეთ უკრაინაში, მაგრამ ეს მათ ძალიან ძვირად დაუჯდათ უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებებისა და მათთვის აღმოჩენილი დახმარების გამო. კოლინ კალმა ხაზი გაუსვა, რომ ასეთი დანაკარგები ნიშნავს, რომ რუსეთი წლის ბოლომდე ვერ შეძლებს უკრაინის აღმოსავლეთის აღებას.

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამების დირექტორის სეტ ჯონსის თქმით, მძიმე დანაკარგებმა მნიშვნელოვნად შეამცირა რუსული არმია და მისი ეფექტურობა ბრძოლის ველზე.

„რუსული არმია სერიოზულად არის დაცლილი. ეს გავლენას ახდენს მის უნარზე, განახორციელოს ეფექტური სახმელეთო კამპანია უკრაინაში“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ რუსები არ არიან საკმარისად ძლიერები იმისთვის, რომ სრულად აიღონ კონტროლი დონეცკის ოლქზე.

ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირების თქმით, რუსი სამხედროები მნიშვნელოვან ზარალს განიცდიან, მათთვის რთულია ბრძოლაში რეზერვისტების და ახალწვეულების მოზიდვა. რუსეთის ფედერაციამ უკვე ჩართო ომში თავისი არმიის თითქმის 85% და მან ჯარების მობილიზება ქვეყნის შორეული აღმოსავლეთიდან განახორციელა.