უკრაინის გენშტაბი - რუსები ბახმუტსა და ავდიივკასთან შეტევას ახორციელებენ, ბრძოლა გრძელდება

უკრაინის გენშტაბი - რუსები ბახმუტსა და ავდიივკასთან შეტევას ახორციელებენ, ბრძოლა გრძელდება

რუსული ძალები ბახმუტსა და ავდიივკასთან შეტევას ახორციელებენ, ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ბახმუტის მიმართულებით მტერმა ტანკებიდან, ქვემეხიდან და სარაკეტო არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნა ბახმუტის, სოლედარის, შუმის, ბელოგოროვკას, კონსტანტინოვკას, იაკოვლევკასა და ზაიცევოს დასახლებების ტერიტორიებს. „მტრის ქვედანაყოფებმა შეტევითი და თავდასხმის ოპერაციები ჩაატარეს ვლადიმეროვკა - ბახმუტსკოესა და სტრიაპოვკა - სოლედარის მიმართულებებით, სადაც უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტები უკუაგდეს. პოკროვსკოე - ბახმუტსკოესა და გორლოვკა - ჟელეზნოიეს მიმართულებებით სამხედრო ოპერაციები გრძელდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენშტაბის ცნობით, ავდიივკას მიმართულებით მოწინააღმდეგემ არტილერიიდან დაბომბა კრასნოგოროვკას, სპარტაკის და ნეველსკოეს რაიონები. შეტევას ახორციელებს სტარომიხაილოვკა-ნეველსკოეს მიმართულებით, ბრძოლა გრძელდება.

„სლავიანსკის მიმართულებით, დამპყრობლებმა გრუშუვახასა და ვერნოპოლიეს მახლობლად ცეცხლი გახსნეს. მოწინააღმდეგის ქვედანაყოფები აღნიშნული მიმართულებით ლოგისტიკის გასაუმჯობესებლად ზომებს ღებულობენ. კრამატორსკის მიმართულებით, მტერმა დაბომბვა განახორციელა სხვადასხვა ტიპის არტილერიიდან კრამატორსკის, სპოენოესა და ივანო-დარიევკას მახლობლად. შეტევას ახორციელებს ლისიჩანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა-ივანო-დარიევკას მიმართულებით, ბრძოლა გრძელდება", - აცხადებენ გენერალურ შტაბში.