უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთში 29 ოკუპანტი, თვითმავალი ქვემეხი და საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა გასული დღის განმავლობაში სამხრეთით 29 ოკუპანტი, 203 მმ კალიბრიანი „პიონის“ ტიპის თვითმავალი ქვემეხი, 5 ჯავშანტექნიკა და საავტომობილო ტექნიკა, ასევე საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს.
ამის შესახებ უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა "სამხრეთზე" დაყრდნობით იუწყება.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის სამხრეთ საოპერაციო ზონაში ვითარება რთული და დაძაბულია, მაგრამ მართვადი. უკრაინული ავიაცია განაგრძობს თავდასხმებს რუსული ძალების საყრდენი პუნქტების, იარაღისა და აღჭურვილობის წინააღმდეგ. დარტყმები განხორციელდა ნოვოვოზნესენსკის და ალექსანდროვკას რაიონებში.
ოპერატიულ სარდლობაში აცხადებენ, რომ რუსებმა ასევე განახორციელეს სამი საჰაერო დარტყმა უკრაინის სამხედრო პოზიციებზე დაპირისპირების ხაზის გასწვრივ, მაგრამ წარუმატებლად. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის განადგურების მიზნით კი 2 რადარის საწინააღმდეგო რაკეტა გამოიყენეს.

























