უკრაინის გენშტაბი - დონბასში ჩვენმა სამხედროებმა რუსეთის შეტევა ბევრი მიმართულებით მოიგერიეს

დონბასში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ძალების შეტევა ბევრი მიმართულებით მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, სლავიანსკის მიმართულებით მოწინააღმდეგემ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა ველიკა კომიშუვახას, ვერნოპოლიეს, ადამოვკასა და ნემალენკოეს ტერიტორიებს.
“კრამატორსკის მიმართულებით მტერმა ტანკებიდან და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან დაბომბა სლავიანსკის, კრამატორსკის, სპორნოეს, დონეცკის, ივანო-დარიევკას, სევერსკის, ზვანოვკას და რაიგოროდოკის ტერიტორიები, საჰაერო დარტყმა განახორციელა ვესელეს მახლობლად. მტერმა ნიკოლაევკა - ვიემკას მიმართულებით თავდასხმა განახორციელა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ბახმუტის მიმართულებით დაბომბვა დაფიქსირდა ბახმუტთან, სოლედართან, როზდოლიევკასთან, კოდემასთან და მაიორსკთან.
„ოკუპანტები წინ მიიწევდნენ ვლადიმეროვკა-სოლედარის, პოკროვსკე-ბახმუტის, კლინოვე-ბახმუტის, სემიგორიე-ზაიცევოს, სემიგორიე-კოდემას და გოლმოვსკი-ზაიცევოს მიმართულებებით. მათ შეტევის ვერცერთ მიმართულებაზე დადებითი შედეგი ვერ მიაღწიეს და დანაკარგებით უკან დაიხიეს“, - აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ცნობით, ავდიივკას მიმართულებით, რუსულმა ძალებმა ქვემეხებიდან, სარაკეტო არტილერიიდან და ტანკებიდან დაბომბეს ავდიივკას, მარინკას, ალექსანდროპოლის, პესოკის, პერვომაისკის და ოპიტნოეს ახლომდებარე ტერიტორიები. ამასთან, რუსებმა შეტევა განახორციელეს ლოზოვოე-პერვომაისკის მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხიეს.

























