ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022

უკრაინა ყირიმის ხიდს უმიზნებს - რამდენად რეალურია მისი აფეთქება და როგორ აისახება ეს ომის მსვლელობაზე

შიდა უთანხმოება და მზადება შემოდგომის აქციებისთვის - ოპოზიციას “ოცნებასთან” თანამშრომლობას ურჩევენ

ქართველები თურქეთში სეზონურ სამუშაოზე აღარ გადადიან - თხილის მკრეფავებს ახლა იქ უფრო ნაკლებს უხდიან, ვიდრე საქართველოში

* * *

უკრაინა ყირიმის ხიდს უმიზნებს - რამდენად რეალურია მისი აფეთქება და როგორ აისახება ეს ომის მსვლელობაზე

“შეიტანს თუ არა ყირიმის მიმართულებით უკრაინელთა აქტიური თავდასხმები ფრონტის ხაზზე გარდატეხას და აპირებს თუ არა უკრაინა ყირიმის ხიდის აფეთქებას? ნახევარკუნძულზე, რომელიც რუსეთს 2014 წლიდან აქვს ოკუპირებული, ყვითელი დონის განგაშია გამოცხადებული. სამხედრო ანალიტიკოსთა შეფასებით, უშუალოდ ხიდზე დივერსიის მოწყობა ან საჰაერო იერიშის განხორციელება საკმაოდ რთულია, თუმცა, თუკი უკრაინელებმა ხიდის აფეთქება შეძლეს, ეს უმძიმესი მორალური დარტყმა იენქბ მოსკოვისთვის. ფრონტზე კი მოვლენები დრამატულად ვითარდება. უკვე 2 კვირაა ხერსონის მიმართულებით გააფთრებული ბრძოლები მიდის. სამხედრო ანალიტიკოსები “რეზონანსთან” ამბობენ, რომ ხერსონი ყირიმის გათავისუფლების მნიშვენლოვანი გასაღებია, რომლის დაბრუნების შემთხვევაში უკრაინა ნახევარკუნძულს მნიშვნელოვნად მიუახლოვდება. ერთ კვირაში ყირიმში მომხდარი აფეთქებების გამო კი რუსებმა ნახევარკუნძულზე კონტტერორისტული რეჟიმი გამოაცხადეს. ოკუპანტები ე.წ. დივერსიული ჯგუფების გამოსავლენად, აქტიურ სამძებრო- საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უკრაინა ყირიმის ხიდს უმიზნებს - რამდენად რეალურია მისი აფეთქება და როგორ აისახება ეს ომის მსვლელობაზე.

“ოთხშაბათს უკრაინის საჰაერო ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა რუსი ოკუპანტების სამი უპილოტო საფრენი აპარატი და “კა-52” ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს. სამიზნეები განადგურდა ზაპოროჟიესა და დონეცკის მიმართულებით. დღის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა საჰაერო დარტყმა განახორციელეს. განადგურდა ათობით ოკუპანტი და სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა. მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი აცხადებს, რომ ქალაქის ცენტრში, ოკუპანტების კომენდანტის სამსახურის მახლობლად აფეთქება მოხდა. მისი თქმით, ადგილზე ოკუპანტების ერთ-ერთი შტაბია განთავსებული. 16 აგვისტოს ფედოროვმა ელექტრო ქვესადგურის მახლობლად აფეთქებების შესახებ განაცხადა, რის შემდეგაც ტელევიზიის მაუწყებლობა შეწყდა. უკრაინა ყირიმის ხიდის აფეთქებას არ გამორიცხავს - უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდს უკრაინა ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ მიიჩნევს. მისი თქმით, “ეს არის უკანონო ნაგებობა და მთავარი კარიბჭე ყირიმში რუსული არმიის მომარაგებისთვის. ასეთი ობიექტები უნდა განადგურეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მოსკოვი აცხადებს, რომ `თავისი შეიარაღებული ძალების საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად უკრაინამ შეიძლება მართლაც მიიტანოს იერიში ყირიმის ხიდზე, თუმცა ეს უშედეგო იქნება, რადგან ხიდი როგორც ზღვიდან, ისე ჰაერიდან საიმედოდაა დაცული~. უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი კი განმარტავს, რომ აშშ-ისა და მისი პარტნიორების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენება არ შეიძლება რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს არ ეხება დროებით ოკუპირებულ ყირიმს. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ყირიმში რუსული სამხედრო ბაზა გაანადგურეს, 16 აგვისტოს ყირიმის ხიდზე მოძრაობის ახალი რეკორდი დაფიქსირდა - ორივე მიმართულებით 38 ათასმა მანქანამ გაიარა. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ უკრაინამ დასავლეთისგან მნიშვნელოვანი ირაღის გარკვეული ნაწილი მიიღო, რომლის მეშვეობითაც ხერსონის მიმართულებაზე შეტევით ბრძოლაზეც გადავიდა. არსებობს შესაძლებლობა, რომ ამ მიმართულებით უკრაინელებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიონ. უკრაინელებს ასევე ჰყავთ საკმაოდ კარგი დაჯგუფებები, რომლები მტრის ზურგში დივერსიულ ოპერაციებს ახდენენ”, - განაგრძობს გამოცემა.

“რაც შეეხება ყირიმის ხიდის აფეთქებას, რომელზეც პოდოლიაკი საუბრობს, რა თქმა უნდა, თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ არც ასეთი მარტივი გასაკეთებელია. რუსებმა ყირიმში მომხდარი აფეთქებების შემდეგ გარკვეული სამხედრო გადაწყვეტილებები მიიღეს. პუტინმა შავი ზღვის ფლოტის სარდალი გადააყენა და ახალი ადმირალი სოკოლოვი დანიშნა. შესაბამისად, რუსებმა ყირიმში კონტტერორისტული რეჟიმი გამოაცხადეს. მათ კონკრეტული ოპერციებიც დაიწყეს და “ურტახირის” დაჯგუფების წარმომადგენელი დააკავეს. “ეფესბეს” ელიტარული კონტტერორისტული შენაერთი ყირიმში ე.წ. დივერსიული ჯგუფების გამოსავლენად აქტიურად მუშაობს. ასე რომ, რუსებიც გულზეხელდაკრეფილები არ სხედან. ამიტომ ყირიმის ხიდის აფეთქება მარტივი საქმე არ იქნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

„ნახევარკუნძულზე ყვითელი ანტიტერორისტული განგაშია გამოცხადებული. რუსებს ხერსონი და მერიტოპოლი აქვთ დაკავებული და, ფაქტობრივად, ყირიმის მომარაგება ახლა ამ ხიდის გარეშეც, ხმელეთიდანაც შეუძლიათ. სწორედ ამიტომ აქვს უკრაინელებისთვის ახლა ხერსონის დეოკუპაციას სტრატეგიული მნიშვნელობა. ამით რუსების მომარაგების სახმელეთო ხაზს გაწყვეტენ. ხერსონის წყალსაცავიდან რუსები ყირიმს და იქ მდებარე რუსულ ბაზებს წყალს აწვდიან. უკრაინელები როდესაც ხერსონს აკონტროლებდნენ, ყირიმს არ აწვდიდნენ წყალს, ახლა კი ოკუპანტებმა ყირიმის დაკავების შემდეგ ეს პრობლემა აღმოფხვრეს. რუსებს ყირიმის მომარაგების მეორე ხაზი ხერსონის სახით აქვთ, მაგრამ ხიდის აფეთქება რუსებისთვის მაინც სერიოზული დარტყმა იქნება, როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ასევე ფსიქოლოგიურად. რაც შეეხება უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცახდებას, რომ ისინი რუსეთის ტერიტორიაზე დასავლეთის მიერ მიწოდებულ იარაღს არ გამოიყენებენ, ეს სწორია, რადგანაცა ამან შესაძლოა იმაზე მძიმე შედეგი მოიტანოს, ვიდრე ახლა გვაქვს”, - მიიჩნევს სამხედრო ანალიტიკოსი.

„რუსების გაღიზიანება ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს ზრდის. არავინ იცის ასეთ შემთხვევაში რას მოიმოქმედებს პუტინი. ამიტომ უკრაინელების და დასავლეთის მხრიდანაც სწორი მიდგომაა. უკრაინელები თავს იცავენ და სამართლიანად იბრძვიან. მათი მიზანი სხვა ქვეყანაზე თავდასხმა არა არის. ისინი სახლში მისულ მტერს სცემენ პასუხს. რაც შეეხება იარაღს, “ჰაიმარსებისა” და სხვა ზალპური სარაკეტო სისტემების გამოყენებას, უკრაინა ყველა მის ხელთ არსებულ შეიარაღებას რუსების გასანეიტრალებლად წარმატებით იყენებს“, - ამბობს მაისაია. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი გიორგი კობერიძე კი აცხადებს, რომ დღევანდელი მოცემულობით, რუსები კვლავ იმ ლოჯისტიკურ ხაზებს და გზას მიუყვებიან, რომლითაც შეუძლიათ ფრონტის ხაზი სწრაფად მოამარაგონ იარაღით და ცოცხალი ძალით. რუსების ძირითადი მიმართულება ბახმუტის რაიონის დაკავებაა, რაც მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. თუმცა ისინი ამას ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ”, - დასძენს გამოცემა.

“მეორე მიმართულება, რომელზეც რუსები აქცენტს აკეთებენ, ეს არის დონეცკის მიმართულება, პირველ რიგში კი ქალაქი პისკი, რომლისთვისაც ბრძოლა უკვე მესამე კვირაა უშედეგოდ გრძელდება. პისკი ყოველთვის იყო სეპარატისტების სამიზნე, რომელსაც 8 წლის განმავლობაში ბომბავდნენ. მისი აღება ჯერაც ვერ მოახერხეს მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა ამ ქალაქის აღებისთვის უკვე ძალიან დიდი რაოდენობის ცოცხალი ძალა დაკარგეს. აქვე მდებარეობს ქალაქი ავდიევკა, რომელიც პისკისთან 8 კილომეტშია. აქაც საკმაოდ სერიოზული შეტაკებები ხდება. თუმცა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ორივე მხარისთვის ხერსონია. ორი კვირის განმავლობაში ხერსონის რაიონში უმძიმესი ბრძოლები მიდის. ხერსონში ხიდი ნოვაკახოვკა ორი კვირის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ დაიბომბა. ეს არის სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ხიდი, რომელიც მდინარე დნეპრის სანაპიროებს აკავშირებს. ასევე აქ იყო რუსების ბაზა, რომელიც უკრაინელებმა სრულად გაანადგურეს”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

“რაც შეეეხება ყირიმს, 2014 წელის შემდეგ რუსებმა ნახევარკუნძულის რემილიტარიზაცია დაიწყეს. იქ დიდი რაოდენობით ტექნიკა შეიტანეს. ეს ასევე ძალიან სერიოზული პროპაგანდისტური აქტი იყო. რასაც ახლა უკრაინელები აკეთებენ, ძალიან საინტერესო ტაქტიკაა, მათ იციან, რომ იქ იმხელა სამხედრო ტექნიკააა განლაგებული, ერთი პატარა დეტონაციაც და ყველაფერი ერთმანეთის მიყოლებით ფეთქდება. ყირიმში ახლა შოკის ეფექტი მოქმედებს, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. ყირიმზე რუსები ამბობდნენ, რომ ხელშეუხებელი იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასე არ არის. ამიტომ ამაზე დამატებით პასუხს უკრაინას ვერ მოსთხოვენ. რუსეთის ბრძოლისუნარიანი ნაწილების უმრავლესობა ფრონტის ხაზზეა გადასროლილი და დამატებით რესურსი აღარ აქვთ”, - მიიჩნევს კობერიძე.

შიდა უთანხმოება და მზადება შემოდგომის აქციებისთვის - ოპოზიციას “ოცნებასთან” თანამშრომლობას ურჩევენ

“ოპოზიციამ შემოდგომაზე მასშტაბური აქციები დააანონსა, თუმცა ამ ეტაპზე პროტესტის ფორმასა და შინაარსთან დაკავშირებით შიდა უთანხმოება აქვთ. ამის შესახებ “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს. “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კი “ფეისბუქზე” წერს, რომ მზად არიან მხარდამჭერებისაგან ნებისმიერი დახმარების მისაღებად, იქნება ეს რჩევები, თუ ფინანსური დახმარება. ანალიტიკოსი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის უთანხმოება შესაძლოა მხოლოდ “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობა-არათანამშრომლობის საკითხს უკავშირდებოდეს. აქედან გამომდინარე, იგი ოპოზიციას მმართველ პარტიასთან თანამშრომლობას ურჩევს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შიდა უთანხმოება და მზადება შემოდგომის აქციებისთვის - ოპოზიციას “ოცნებასთან” თანამშრომლობას ურჩევენ.

“დიდი ალბათობით, შესაძლოა დაპირისპირება მიმდინარეობდეს ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე, თუ როგორ ჩამოყალიბდნენ ამ მხრივ. მე რომ ოპოზიციაში ვყოფილიყავი, ვიტყოდი, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს თანამშრომლობა, რადგან აქ გველოდება მესამე მხარე, ანუ ევროკავშირი. უნდა მივაწოდოთ ისეთი დოკუმენტი, როგორიც მათთვის არის მისაღები. მთავარია როგორმე თავი შევყოთ ევროკავშირის გაწევრიანების პროცედურაში, ანუ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. შესაძლოა ამაზე მიდის დავა, თუ როგორ მოხდება თანამშრომლობა “ოცნებასთან”. არის ხალხი, ვინც ამბობს, რომ არ ითანამშრომლებს ხელისუფლებასთან. მე მესმის მათი, მაგრამ არ ვეთანხმები. დღეს არ არის აქ “ოცნების” დრო, დღეს საქართველოსა და ევროკავშირის დროა. ოპოზიციაში საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვთ ბრიუსელთან. ყველას უნდა ჰქონდეს კონსულტაციები, რომ საჭიროა მეტი თანამშრომლობა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციაში ჰქონდეთ გაწერილი გეგმა, მაგრამ საჭიროა თანამშრომლობა ხელისუფლებასთან, რადგან შემდეგ “ოცნებამ” მათ არ დააბრალოს პროცესის ჩავარდნა. ამიტომ საჭიროა ხელისუფლებასთან მეტი თანამშრომლობა, მერე რამე რომ არ დაბრალდეს ოპოზიციას, რასაც შემდეგ დაჯერებენ ამომრჩეველსაც. თუ ოპოზიცია შემოდგომით გეგმავს მასობრივ გამოსვლებს, მე ვერ ვხედავ ამ განწყობებს საზოგადოებაში. დღეს ოპოზიციისთვის მთავარი ამოცანაა მაქსიმალურად შეეცადონ მათ არ დაბრალდეს ის უმსგავსობა, რასაც “ოცნება” ჩაიდენს. ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რომ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, მათ არაფერში სჭირდებათ დემოკრატია, მაგრამ თან ცდილობენ, რომ სხვას დააბრალონ ეს, რათა არ დაკარგონ ხმები და არ წააგონ არჩევნები”, - დაასკვნის ზაქარეიშვილი.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები მიმდინარეობს, რათა მოსახლეობის წინაშე საერთო გეგმით წარდგნენ. “ჩვენ პარტიებთან გვაქვს კონსულტაციები, თუ რა საერთო გეგმით წავრდგეთ საზოგადოების წინაშე და შევთავაზოთ სამოქმედო გეგმა. კონკრეტულად რა ფორმის იქნება ეს სამოქმედო გეგმა და რა ნაბიჯებს გადავდგამთ, ამაზე ჩვენ ყველა შევჯერდებით. ჩემი ღრმა რწმენით, დაუმორჩილებლობა ოლიგარქიასთან ბრძოლის განუყოფელი ნაწილია და ამ დაუმორჩილებლობის მშვიდობიანი პროტესტის გაწერილი გეგმა არის ის აუცილებლობა, რომელიც დღეს ჩვენს წინაშე დგას. სტრატეგია არის მრავალმხრივი - საერთო მუშაობის საგარეო პოლიტიკა, მხილების სტრატეგია, ხალხის კონსოლიდაციის, დაუმორჩილებლობის და პროტესტის სტრატეგია. ოპოზიციის ვალია შევჯერდეთ, ხალხს ნუ მოვასმენინებთ ჩვენს შიდა უთანხმოებებსდა საერთო გეგმით წარვდგეთ იმისთვის, რომ გავთავისუფლდეთ ოლიგარქისგან და მივიღოთ ევროპული პერსპექტივა“, - განაცხადა ხოშტარიამ. “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ასევე ადასტურებს, რომ ოპიოზიციაში საერთო გეგმაზე მუშაობა მიდის და თავის მხარდამჭერებს დახმარებისათვის მიმართავს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თუ ფიქრობთ რომ: 1. ხელისუფლება არალეგიტიმურია, რადგან მიიტაცა მინიმუმ ბოლო სამი არჩევნები; 2. სანამ მმართველობის ეს სისტემა არ შეიცვლება, არ იქნება არანაირი სტატუსი ევროპიდან; 3. ივანიშვილი, ამ სისტემას თვითონ არ შეცვლის; 4. მმართველობის ამ სისტემის შეცვლის, იგივე დეოლიგარქიზაციის შანსი გაჩნდება მხოლოდ არჩევნებით ამ სისტემის დღევანდელი მესვეურის, ივანიშვილის დამარცხების შემდეგ; 5. ივანიშვილის დამარცხება დროში საჩქაროა, რადგან დასავლეთში გახსნილი შესაძლებლობის ფანჯარა შეიძლება მალე დაიხუროს; 6. შესაბამისად. ამოცანა არის რიგგარეშე არჩევნების მიღწევა რაც შეიძლება სწრაფად და მზად ხართ. მონაწილეობა მიიღოთ პროტესტში, რომელიც მიმართულია: 1. დაუმორჩილებლობისკენ; 2. აბუჩად აგდება/დაცინვისკენ; 3. საბოტაჟისკენ; 4. პარალიზებისკენ და საბოლოო ჯამში რიგგარეშე არჩევნებით ამათი სახლში გაშვებისკენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ შემდეგი ფორმებით...” - წერს ჯაფარიძე “ფეისბუქზე”.

“1. ასეთი შინაარსის საპროტესტო იდეები შეგიძლიათ პირდაპირ მომწეროთ აქ, ამ გვერდზე, მესიჯად ან კომენტარის სახით. იმ შემთხვევაში, თუ გსურთ კონფიდენციალურობის შენარჩუნება, იდეები შეგიძლიათ გამოგზავნოთ; 2. თუ გადაწყვეტთ ფიზიკურად ჩაერთოთ საპროტესტო აქტივობებში, დარეგისტრირდით შემდეგ ბმულზე და ჩვენ დაგიკავშირდებით, შეგხვდებით, მოგიყვებით რას ვაპირებთ და რაში შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა; 3. თუ იდეების მოფიქრება არ არის თქვენი ძლიერი მხარე ან არ გაქვთ ამისი დრო, და ვერც ფიზიკურად ახერხებთ საპროტესტო აქტივობებში მონაწილეობის მიღებას, შეგიძლიათ დაგვეხმაროთ ფულით; 4. გარშემო ელაპარაკეთ ხალხს. რაც შეიძლება ბევრს. ყოველდღე. არ გაჩერდეთ. არ დანებდეთ. არ დაკარგოთ რწმენა. უნდა გავბევრდეთ. ეგ უნდათ ზუსტად ამ უსინდისო პარაზიტებს რომ თქვენ გაჩუმდეთ და გაჩერდეთ ნებისმიერი მიზეზით. არ გაახაროთ ეს სირები, პირიქით. ბევრნი თუ ვიქნებით, ვერაფერი გაგვაჩერებს. თუ არც ერთს და საერთოდ არაფერს აპირებთ, დაელოდეთ კავკასიურ ბურიატიაში ან მექსიკა-ამერიკის საზღვარზე გაღვიძებას”, - დასძენს ჯაფარიძე თავის ფეისბუქ გვერდზე ”, - წერს სტატიის ავტორი.

ქართველები თურქეთში სეზონურ სამუშაოზე აღარ გადადიან - თხილის მკრეფავებს ახლა იქ უფრო ნაკლებს უხდიან, ვიდრე საქართველოში

“საქართველოში თხილის მოსავლის აღება უკვე დაიწყო. სამუშაო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, მთლიანი მოსავლის დაახლოებით 25-30%-ია აღებული. კარგი სიახლე ის არის, რომ წელს მუშახელის დეფიციტი აღარ შეიმჩნევა. ამის მიზეზი უფრო ისაა, რომ თურქეთში სეზონურ მუშაობაზე წელს ხალხმა მასობრივად თქვა უარი, რადგან იქ დასაქმებულებს უკვე უფრო ნაკლებს უხდიან, ვიდრე საქართველოში. ასე რომ, ადგილობრივები უკვე საქართველში ჩაერთნენ მოსავლის აღების პროცესში. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი თოდუა მოსავალზე, ხარისხზე, მუშახელზე, ფასზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ქართველები თურქეთში სეზონურ სამუშაოზე აღარ გადადიან / თხილის მკრეფავებს ახლა იქ უფრო ნაკლებს უხდიან, ვიდრე საქართველოში.

“დაახლოებით 10 დღეა, რაც დაიწყო თხილის მოსავლის აღება, თუმცა 25-30%-ზე მეტი არ არის აღებული. ნალექების, წვიმების გამო დაგვიანდა დაბინავება და დაახლოებით ერთ კვირაში უფრო ინტენსიურად დაიწყება მოსავლის აღება ყველგან, სადაც კი თხილი იწარმოება. ეს არის: სამეგრელო, გურია, იმერეთი, აჭარა, კახეთი და ა.შ. გააჩნია, ჯიშებსაც. ადგილობრივი ცოტა ადრე და უცხოური შედარებით გვიან, დაახლოებით, 25 აგვისტოდან შემოდის. რაც შეეხება თხილის ხარისხს, საქართველოში ზოგადად 50 ათასი ფერმერია და ჩვენი ვარაუდით, 10 ათას ფერმერს მაინც ექნება პირველი ხარიხსის თხილი. უახლოესი 3 წლის განმავლობაში ვაპირებთ, რომ ვიმუშაოთ პრემიუმ ხარისხის თხილის მიღებაზე, რადგან ჯერ კიდევ, სამწუხაროდ, თურქულ და იტალიურ თხილთან შედარებით, სტანდარტში ჩამორჩენა გვაქვს. პირველი ხარისხის წილი, მთლიან რაოდენობაში, დაახლოებით, 10-დან 20%-მდე მერყეობს, რაც სახარბიელო არ არის, როცა თურქეთში ეს მაჩვენებელი 90%-ია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი თოდუა.

“მუშახელი ჯერჯერობით საკმარისია. დღიური მუშის ხელფასი 50 ლარია, თუმცა არის მეტის მოთხოვნის შემთხვევებიც. ზოგი 60 და 70 ლარს ითხოვს და ეს ძალიან ძვირია. 70 ლარი კილოგრამზე რომ გადავიანგაროშოთ, 70 თეთრია და ძალიან ძვირია. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ მიმართულებით პრობლემა არ გვაქვს, მუშახელი არის. შარშან გვქონდა ეს პრობლემა, წელს - არა. კარგი ის არის, რომ ფერმერებს გამოცდილება დაუგროვდათ და ვინც მცირემიწიანები არიან, მათი ოჯახის წევრები მოსავლის აღების პროცესში არიან ჩართულები. ეს კარგია და მუშახელზე მოთხოვნას ამცირებს და ფასსაც არეგულირებს. ასევე მნიშვნელოვანია, თხილის გამწმენდი აპარატები, რომელიც ბაზარზე შემოვიდა”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “წინა წლებში ძალიან აქტუალური იყო თურქეთში წასვლა და თხილის პლანტაციებში დასაქმება. ბოლო დროს ვითარება შეიცვალა, ეს ხალხი აქ ხომ არ დასაქმდა?”, - პასუხობს:

“დიახ, ახლა ვითარება სხვაგვარია და მიზეზი თანხაა. ქართულ ფულზე რომ ვიანგარიშოთ, თურქეთში მსგავს სამუშაოებზე მუშახელი 40-45 ლარს იღებს, 50 ლარს არავითარ შემთხვევაში არ სცდება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ 50 ლარი, შენს ქვეყანაში, სოფელში, გაცილებით უფრო კარგი მისაღებია, ვიდრე სხვა ქვეყანაში წასვლა და ნაკლების გამომუშავება. და ასეც მოხდა, ფაქტია, რომ წელს მუშახელის დეფიციტი არ გვაქვს”.

“თხილის ფასები დამოკიდებულია ხარისხზე. იგი იყოფა სამ ნაწილად: პირველი ხარისხის, ანუ პრემიუმ ხარისხის, შემდეგ - მეორე ხარისხის და ბოლოს - მესამე ხარისხის. ამ უკანასკნელს, ბუნებრივია, რომ მაღალი ფასი არ ექნება. ახლა ფასი მაღალია, დაახლოებით 3 ლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა ეს ტენიანი თხილია და 3 ლარი, ფაქტობრივად, მშრალ თხილზე 4 ლარს ნიშნავს. ასე რომ, ფერმერებს ვურჩევთ, რომ თხილი აუცილებლად გააშრონ. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ფერმერებს ურჩევნიათ, რომ თხილი სექტემბერ-ოქტომბერში გაყიდონ. ამ დროს უფრო მაღალი ფასი ფიქსირდება ხოლმე, თუმცა წელს დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, რომ ასე მოხდება. შეიძლება თხილი ბაზარზე ღირდეს 4 ლარიც, 5 ლარიც, 7 და 8 ლარიც, ეს დამოკიდებულია ხარისხზე”, - დასძენს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა