გია ხუხაშვილი - რუსეთთან დასავლეთის ეკონომიკურ ომში საქართველო მონაწილეობს, მაგრამ არა დასავლეთის  მხარეს, რასაც ვაცხადებთ, არამედ რუსეთის მხარეს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია, ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად საპარლამენტო კომისიებში მუშაობა მიმდინარეობს. იმავე რეკომენდაციების შესასრულებლად პარალელურ რეჟიმში მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ 2023 წელს, როცა ქვეყანა აღნიშნავს ნიკო ნიკოლაძის 180 წლის იუბილეს, საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმ პროცესს, რაც ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად პარლამენტში და პარლამენტს გარეთ მიმდინარეობს და შეიძლება გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ამ რეკომენდაციების შესასრულებლად ქვეყანა სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს ევროინტეგრაციის გზაზე?

- სამწუხაროდ, ამ საკითხებში ოპტიმისტი ვერ ვიქნები. სრულიად აშკარაა, ხელისუფლებას არა აქვს არანაირი პოლიტიკური ნება, რომ შესრულდეს ევროპული რეკომენდაციები. ეს ჩანს, მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებში და მის პროპაგანდისტულ მატრიცაში. ფაქტობრივად ხელისუფლება ასხივებს იმას, რომ მას რეალური რეფორმების ჩატარება არც ერთი მიმართულებით არ უნდა.

სრულიად აშკარაა, ხელისუფლებას არა აქვს არანაირი პოლიტიკური ნება, რომ შესრულდეს ევროპული რეკომენდაციები... ფაქტობრივად ხელისუფლება ასხივებს იმას, რომ მას რეალური რეფორმების ჩატარება არც ერთი მიმართულებით არ უნდა

ხელისუფლება დაკავებულია პოლიტიკური ტაქტიკით, რომ ევროპული რეკომენდაციების შესრულება ისე მოახერხონ, რომ თითქოს ფასადურად კონსტრუქციულები არიან, რეკომენდაციების არშესრულება კი დაჰბრალდეს ოპოზიციას. იმას, რომ ოპოზიციაა არაკონსტრუქციული და აგრესიულია.

სამწუხაროდ, ოპოზიციაც დიდწილად ხელს უწყობს ხელისუფლების ამ ტაქტიკური ხაზის განვითარებას. არ მეჩვენება, რომ ოპოზიციის ქმედებები არის სწორი და ადეკვატური. შედეგად კი, ფაქტობრივად ვუყურებთ კატა-თაგვობანას თამაშს.

პოლიტიკური მხარეები მონოლოგების რეჟიმში მოქმედებენ, ფაქტობრივად სახელმწიფოებრივი ინტერესები გადღაბნილია და ამ პოლიტიკურ თამაშებში არსად არ ჩანს. სამწუხაროდ, ასეთია ევროპულ რეკომენდაციებთან დაკავშირებული რეალობა.

- ყველაფერი ეს ხდება დასავლელი პარტნიორების, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი კრიტიკის ფონზე. მმართველ გუნდს, როგორც თავად ამბობენ, კი გამოეყო „სიმართლის მთქმელთა ჯგუფი“, მაგრამ უცნაური ისაა, რომ მმართველი გუნდის ლიდერთა განცხადებები დასავლელ პარტნიორებთან დაკავშირებით პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება გამოყოფილთა ოთხეულის განცხადებებისაგან.

რას შეიძლება ნიშნავდეს მმართველი გუნდიდან და მათგან გამოყოფილებისგან დასავლელი პარტნიორების მისამართით გახშირებული გაუგებარი და უსაფუძვლო კრიტიკა?

- მმართველი გუნდისა და მათგან გამოყოფილების დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის შერჩეული ფორმა ტრაგი-კომიკურ ხასიათს ატარებს. ასეა, რადგან ის რასაც ახმოვანებს ოთხეული, ფაქტობრივად დაწერილია „ქართულ ოცნებაში“. მმართველი გუნდის ლიდერები არც უარყოფენ რომ მათი პოზიციები ემთხვევა „განდგომილების“ განცხადებების პათოსს, უბრალოდ, რასაც ხელისუფლება ვერ ამბობს, მათ ნაცვლად ოთხეულის წევრები ამბობენ.

ივანიშვილის მთელი იდეოლოგია მითოლოგიაზეა აგებული. პოლიტიკურ სცენარებს ბიბლიურ ისტორიების მატრიცით წერენ. ოთხეული არონს წარმოადგენენ, „ქართული ოცნება“ არის მოსე. მოგეხსენებათ მოსე არონის ძმა და იგი ლაპარაკობდა არონის პირით და ყველა ელოდა როდის გაიყვანდა ხალხს მოსეს ხელით უზენაესი აღთქმულ მიწაზე. ხელისუფლების მთელი პროპაგანდისტული ხაზი ამაზე მეტყველებს.

მტრად სახელდება დასავლეთი, სრული ქაოსია, მაგრამ ამ ქაოსში შეიძლება გარკვეული მიზნები და გარკვეული შინაგანი წესრიგი დავინახოთ. ხელისუფლების მთელი პოლიტიკური მატრიცა სამი ძირითადი გზავნილისგან შედგება - უნდა ვლანძღოთ და პრეტენზიები წავუყენოთ დასავლეთს, ენის მოჩლექით ველაპარაკოთ რუსეთს, იმიტომ რომ ომი არ გვინდა, და - დავიცვათ ივანიშვილის კეთილდღეობა.

ხელისუფლების მთელი პოლიტიკური მატრიცა სამი ძირითადი გზავნილისგან შედგება - უნდა ვლანძღოთ და პრეტენზიები წავუყენოთ დასავლეთს, ენის მოჩლექით ველაპარაკოთ რუსეთს, იმიტომ რომ ომი არ გვინდა, და - დავიცვათ ივანიშვილის კეთილდღეობა

ხელისუფლების მთელი ძალისხმევა ამ სამ გზავნილზეა აგებული, რომელსაც იყენებს და ემსახურება მათივე პროპაგანდისტული მანქანა. ისინი საუბრობენ იმაზე, თუ როგორ ინგრევა დასავლეთი, კერძოდ, მათი საბანკო სისტემა, და როგორ ებრძვის „ჩვენი დავითი“ საშინელ გოლიათს.

- უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მსოფლიოში საკმაოდ სერიოზული ცვლილებებია მომხდარი. ფაქტია, რომ უკრაინის ომმა საქართველოს გაუჩინა შანსები ამ დიდ, გლობალურ პროცესში საქართველოს თავისი ადგილი, როლიც და პერსპექტივაც ჰქონდეს.

თუ ამერიკული დიპლომატიის პატრიარქის კისინჯერის განცხადებებს მივადევნებთ თვალს, რომელიც მანამდე უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხში პუტინის პოზიციას იზიარებდა, ახლა ამ თემაზე ამბობს, რომ უკრაინას როგორ ნატოს წევრ ქვეყანას ისე უნდა ექცეოდეს დასავლეთი.

დამკვირვებელთა უმეტესობა თანხმდება, რომ კისინჯერის განცხადებები სხვა არაფერია თუ არა ის, რომ დღევანდელ მსოფლიოში, როგორც მინიმუმ, საუბარი რეალპოლიტიკასა და გეოპოლიტიკაზე, უადგილოდაც კი გამოიყურება.

როცა მსოფლიოში ასეთი ცვლილებები ხდება, დასავლეთთან თუნდაც რიტორიკის დონეზე კინკლაობით საქართველო მძიმე მდგომარეობაში ხომ არ იგდებს თავს?

- რა თქმა უნდა. ვითარება მძიმეა, სამყარო ორ ნაწილადაა გაყოფილი, სრულიად აშკარაა, რომ რუსეთისთვის რკინის ფარდა ჩამოშვებულია. ჩვენ ვართ ვითარებაში, როდესაც ფრონტის ხაზის ან ერთ მხარეს უნდა ვიყოთ ან მეორის. ბალანსირება შეუძლებელია. თუ ერთ მხარეს არ ხარ, ავტომატურად ხარ მეორეს მხარეს.

ჩვენ ვართ ვითარებაში, როდესაც ფრონტის ხაზის ან ერთ მხარეს უნდა ვიყოთ ან მეორის. ბალანსირება შეუძლებელია. თუ ერთ მხარეს არ ხარ, ავტომატურად ხარ მეორეს მხარეს

როდესაც ჩვენ ვლანძღავთ დასავლეთს და ამას კრიტიკას ეძახის ხელისუფლება, უნდა გვესმოდეს, რომ ეს უკვე არა არის მხოლოდ ანტიდასავლური განცხადებები. ეს ნიშნავს, რომ ამგვარი განცხადებები ავტომატურადაა პრორუსული განცხადებები.

რუსულ ტოკ-შოუებში შეთქმულებების თეორიები ვითარდება, მაგრამ თბილისში გაკეთებულ ანტიდასავლურ განცხადებებსა და რუსულ ტოკ-შოუებში გაკეთებულ განცხადებებს შორის არა მხოლოდ პარალელების გაკეთება შეიძლება. რასაც „ქართული ოცნების“ ელიტა ლაპარაკობს, იმავეს ლაპარაკობენ რუსულ ტოკ-შოუებში.

მხედველობაში მაქვს მსჯელობები იმაზე, რომ ამერიკა სხვადასხვა ქვეყნებში გადატრიალებებს ამზადებს, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემას აკონტროლებს ამერიკა და მათი ბრძანებით ექმნება ივანიშვილს პრობლემები. ასე ხდება იმიტომ, რომ ივანიშვილს, როგორც ნამდვილ პატრიოტს ომი არ უნდა.

- უკვე ჩანს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მალე არ დასრულდება. იმედია, ამ ომში უკრაინა არ დამარცხდება, მაგრამ, ფაქტია, რომ როგორადაც არ უნდა განვითარდეს პროცესები უკრაინა-რუსეთის ომში, საქართველო ნებისმიერი სცენარისთვის უნდა იყოს მზად.

იმ შემთხვევისთვისაც თუ რუსეთმა გაიმარჯვა, და იმ შემთხვევისთვისაც, თუ რუსეთი დამარცხდა. რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ არც ერთი სცენარისთვის არ ვემზადებით. რაც ჩანს, ჩვენ უფრო რომელი სცენარისთვის მზადებაა?

- ჩვენს ხელისუფლებას ფასეულობითი არჩევანი არ აქვს. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს მყარი წარმოდგენები. მათთვის ერთადერთი ფასეულობა არის ძალაუფლება და ამ ძალაუფლების უსაფრთხოების დაცვა.

შესაბამისად, ხელისუფლებამ გადაწყვიტა მიჰყვეს ისტორიის დინებას, რა ნაპირზეც გარიყავს მათ ისტორიის დინება, იმ ნაპირზე იცხოვრებენ. მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ თუ ნატოს გაუმარჯოს ნაცვლად იტყვიან - გაუმარჯოს წითელ არმიას. მათ ასეთი პრობლემა არ აქვთ და ეს ჩანს მათ ქმედებებში.

ხელისუფლება საკუთარ თავს აიგივებს სახელმწიფოსთან. მათ განცხადებებში ჩანს, რომ თურმე ვიღაცა ებრძვის სახელმწიფოს. ვინც ჩვენთან არ არის ყველა სახელმწიფოს მტერია. მათ გზავნილებში ეს ცხადად ჩანს. მათ საკუთარი თავი ვერ წარმოუდგენიათ ძალაუფლების გარეშე.

ხელისუფლება პრაქტიკულად არც მოქმედებს. მითუმეტეს, რომ დასავლეთი მათგან რეფორმების გატარებას ითხოვს, მაშინ როდესაც რუსეთი მათგან არც არაფერს ითხოვს, რადგან ასეთიც ძალიან მოსწონს. შორს ვარ იმ აზრისგან, ხელისუფლებას დავაბრალო რომ მას გაკეთებული აქვს გაცნობიერებული პრორუსული არჩევანი. მაგრამ, მათი მენტალობიდან, მსოფლმხედველობიდან გამომდინარე ისინი მიდიან რუსეთისკენ. ეს ეტყობა კიდეც ჩვენს მმართველობით სისტემას. ისტორიის დინებას ისინი რუსეთისკენ მიჰყავს. ამ ისტორიულ მომენტში სხვა არჩევანს არ იტოვებენ. გარკვეულ წილად სისტემის მძევლებიც არიან.

შორს ვარ იმ აზრისგან, ხელისუფლებას დავაბრალო რომ მას გაკეთებული აქვს გაცნობიერებული პრორუსული არჩევანი. მაგრამ, მათი მენტალობიდან, მსოფლმხედველობიდან გამომდინარე ისინი მიდიან რუსეთისკენ. ეს ეტყობა კიდეც ჩვენს მმართველობით სისტემას. ისტორიის დინებას ისინი რუსეთისკენ მიჰყავს. ამ ისტორიულ მომენტში სხვა არჩევანს არ იტოვებენ. გარკვეულ წილად სისტემის მძევლებიც არიან

რიტორიკის დონეზე კი აცხადებენ, რომ თურმე ჩვენი არჩევანი დასავლეთია, მაგრამ ევროპა ფასეულობითი არჩევანია.

თუ ვინმეს ეუბნები, რომ გინდა მის სახლში ცხოვრება, უნდა იცოდე, რომ სახლის პატრონს თავისი თამაშის წესები აქვს. როგორი უნდა იყოს სასამართლო, როგორი უნდა იყოს პროკურატურა, უნდა იცოდე, რომ სამზარეულოში სიგარეტს არ ეწევიან და ასე შემდეგ. როდესაც ქვეყანა ამ პირობების შესრულებაზე ამბობს უარს, აბსურდია ვინმეს ამგვარ ევროპულ ოჯახში ჰქონდეს ცხოვრების პრეტენზია.

- ამ პროცესების ფონზე ხშირად გვესმის საუბრები ეკონომიკის ზრდაზე. მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, თუ რამ ზრდა გვაქვს, იგი უკავშირდება რუსეთთან ვაჭრობის ზრდას, რუსი ტურისტების რაოდენობას, მოვიხმართ რუსულ ენერგომატარებლებსა და ნავთობ და ეს მაშინ, როდესაც ევროპა მაქსიმალურად ცდილობს რაც შეიძლება ნაკლებად იყოს დამოკიდებული რუსეთის ენერგომატარებლებზე.

ძნელი დასაჯერებელია ხელისუფლებას არ ესმოდეს, რომ საქართველო ეკონომიკურად ებმება იმ ეკონომიკას, რომელიც რაც მეტი დრო გადის სულ უფრო მეტადაა სანქცირებული და ხვდება იზოლაციაში...

- 21-ე საუკუნეა და ყველამ ისწავლა, რომ „რბილი ძალა“ ახლა უფრო ეფექტური იარაღია. ეს „რბილი ძალა“ შედგება ეკონომიკური, კულტურული, პოლიტიკური ექსპანსიისაგან. სამივე ამ პროცესს ჩვენში ვადევნებთ თვალს.

გლობალიზაციის პირობებში განსაკუთრებით სახიფათოა რუსეთთან ეკონომიკური ინტეგრაციის ხარისხის მკვეთრი ზრდა. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ, სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველო მეორე ადგილზეა რუსეთში მსუბუქი ავტომანქანების ექსპორტში. და ეს მაშინ, როდესაც რუსეთს ახლა აქვს პრობლემები დასავლეთთან კომუნიკაციის და საქართველო გახდა პლაცდარმი რუსეთში მანქანებისა და ავტონაწილების ექსპორტის.

გარდა ამისა, ვხედავთ მიგრაციულ პროცესს. მე არ ვგულისხმობ ტურისტებს. ხელისუფლება ცდილობს აქცენტი ტურისტებზე გადაიტანოს. ვხედავთ, რომ მიგრაციული პროცესი ძალიან გააქტიურებულია. ჩვენთან ბევრი სამუშაოდ ჩამოდის. უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი თავის ქვეყანაზე მუშაობენ. აფუძნებენ კომპანიებს, რომლებიც, სავარაუდოდ, სანქციების გვერდის ავლით, ლოჯისტიკური სქემების დალაგებით იქნებიან დაკავებული.

არადა, დასავლეთმა რუსეთთან ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად ეკონომიკური სანქციები გამოაცხადა. უკრაინის ომის ფონზე მიმდინარეობს რუსეთთან ეკონომიკური და ფინანსური ომი.

ამ დროს ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, როდესაც ჩვენთან იქმნება ინფრასტრუქტურა, რომელიც რუსებს ეხმარება ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტაში. გამოდის, რომ რუსეთთან დასავლეთის ეკონომიკურ ომში საქართველო მონაწილეობს, მაგრამ არა დასავლეთის მხარეს, რასაც ვაცხადებთ, არამედ რუსეთის მხარეს.

ჩვენთან იქმნება ინფრასტრუქტურა, რომელიც რუსებს ეხმარება ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტაში. გამოდის, რომ რუსეთთან დასავლეთის ეკონომიკურ ომში საქართველო მონაწილეობს, მაგრამ არა იმ მხარეს, რასაც ვაცხადებთ, არამედ რუსეთის მხარეს

გამოდის, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენ უკვე ავირჩიეთ მხარე და ჩვენ ვმონაწილეობთ რუსეთთან ეკონომიკურ ომში რუსეთის მხარეს.

- ევროკავშირის რიგი ქვეყნების ინიციატივით ევროკავშირი 30-31 აგვისტოს იმსჯელებს ევროზონაში რუსი ტურისტების შეშვება-არშეშვების საკითხზე.

არა ვარ დარწმუნებული რომ ამ საკითხზე ევროკავშირის პოზიცია რადიკალური იქნება, მაგრამ, რომც იყოს ოფიციალური თბილისი რას იტყვის - ჩვენ არ გვეხება, ჩვენ ევროკავშირის წევრები არ ვართო?

- ტურისტებთან დაკავშირებით შესაძლოა იყოს სხვადასხვა მოსაზრებები. ეს დისკუსიები ისევე როგორც ჩვენთან, ევროპის ქვეყნებშიცაა. რუსი ტურისტების არშეშვებაზე და რეგულაციების გამკაცრებაზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სხვა მოსაზრებებია, ე.წ. ძველ ევროპაში ცოტა სხვა მოსაზრებებია.

ეს კი არ არის პრობლემა. არც იმას ამბობს ვინმე, რომ ჩვენ უნდა ავკრძალოთ რუსი ტურისტების შემოსვლა. ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ გლობალური ომის პირობებში სახელმწიფოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე ქვეყანას უნდა ჰქონდეს კონტროლს დაქვემდებარებული სისტემა როგორც ტურისტების მოძრაობაზე, ისე მიგრაციული პროცესებზე.

ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ გლობალური ომის პირობებში სახელმწიფოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე ქვეყანას უნდა ჰქონდეს კონტროლს დაქვემდებარებული სისტემა როგორც ტურისტების მოძრაობაზე, ისე მიგრაციული პროცესებზე

საერთაშორისო ურთიერთობებში ერთმანეთის მიმართ მიღებულია სარკისებრი დამოკიდებულება. რუსეთს საქართველოსთან დაწესებული აქვს უმკაცრესი სავიზო რეჟიმი. გაუგებარია, რატომ არ ვაწესებთ ჩვენ რუსეთთან სარკისებრ სავიზო რეჟიმს? ეს ის შემთხვევა არაა, როცა ხელისუფლება ამბობს ხოლმე - აბა ომი გინდა? ჩვენ ისევე რომ მოვიქცეთ, როგორც ჩვენ გვექცევა რუსეთი, მხედველობაში მაქვს უმკაცრესი სავიზო რეჟიმი, ამაზე რუსეთს ვერანაირად ვერ ექნება არგუმენტირებულად უარყოფითი დამოკიდებულება და პრეტენზია.

რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესება ჩვენთვის იქნებოდა ინსტრუმენტი იმისა, რომ მიგრაციული პროცესი გავხადოთ უფრო მართვადი და პროგნოზირებადი. ამის ბაზაზე შესაძლებელი იქნებოდა ფინანსური ნაკადების უკეთ გაკონტროლება. უკრაინაში ომის დაწყებამდე რუსეთიდან გზავნილები 20-25 მილიონს არ აღემატებოდა. ახლა გზავნილების ოდენობა გაათმაგებულია. რა ფულია ეს ვინმემ იცის? რაზე მუშაობს? ჩემი ვარაუდით სანქციების გვერდის ავლაზე.

რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესება ჩვენთვის იქნებოდა ინსტრუმენტი იმისა, რომ მიგრაციული პროცესი გავხადოთ უფრო მართვადი და პროგნოზირებადი. ამის ბაზაზე შესაძლებელი იქნებოდა ფინანსური ნაკადების უკეთ გაკონტროლება. უკრაინაში ომის დაწყებამდე რუსეთიდან გზავნილები 20-25 მილიონს არ აღემატებოდა. ახლა გზავნილების ოდენობა გაათმაგებულია. რა ფულია ეს ვინმემ იცის? რაზე მუშაობს? ჩემი ვარაუდით სანქციების გვერდის ავლაზე

რუსული ფული ქართულ ეკონომიკას კი არ ხმარდება. როცა ხელისუფლება ეკონომიკის ზრდაზე საუბრობს, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს რეალურად საპნის ბუშტებია. ასეა იმიტომ, რომ რეალურად არც სამუშაო ადგილები იქმნება და არც ეკონომიკა ვითარდება. არც საშუალო ფენა არ გამდიდრებულა.

პირიქით გაღარიბდა. რატომ? იმიტომ რომ საქართველოს საშუალო სტატისტიკური მოქალაქის შემოსავლები არ გაზრდილა და ცხოვრება ძალიან გაძვირდა. ვირტუალურად იქმნება კეთილდღეობის ზონა, ისიც დროებით. რადგან მიგრაციის გამო მიგრანტები ყიდულობენ უძრავ ქონებას და ტურისტები აქ ფულს ხარჯავენ. აფუძნებენ კომპანიებს. რუსი მიგრანტების მიერ შექმნილი ინფრასტრუქტურა ქართულ ეკონომიკას კი არა, არამედ რუსულო ეკონომიკას და საქართველოს ეკონომიკის რუსეთთან მეტად ინტეგრირებას ემსახურება.

რუსული ეკონომიკისთვის ქართული ეკონომიკის ჩაყლაპვა უმარტივესია. თუ ჩვენ დამცავი მექანიზმები არ შევქმენით რუსულ ეკონომიკას ქართული ეკონომიკა ერთ ლუკმად არ ეყოფა.

გლობალურ ეკონომიკურ ომში რუსეთთან ეკონომიკურ მარცხსა და ეკონომიკურ კოლაბორაციონალიზმს ჩვენი ხელისუფლება გამარჯვებად გვიცხადებს, ეს არის ამ ქვეყნის აბსურდი და ტრაგედია

ჩვენ ახლა ვაკვირდებით ასეთ პროცესს - გლობალურ ეკონომიკურ ომში ჩვენი ხელისუფლება რუსეთთან ეკონომიკურ მარცხსა და ეკონომიკურ კოლაბორაციონალიზმს გამარჯვებად გვიცხადებს. ეს არის ამ ქვეყნის აბსურდი და ტრაგედია.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს