დნეპროპეტროვსკში საცხოვრებელი სექტორისა და რკინიგზის სადგურის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა

დნეპროპეტროვსკის ოლქის ჩაპლინოს დასახლებაში სამაშველო და სამძებრო სამუშაოები დასრულდა - რუსი ოკუპანტების მიერ საცხოვრებელი სექტორისა და რკინიგზის სადგურის დაბომბვის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილეზე, კირილო ტიმოშენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩაპლინოში სამაშველო და სამძებრო სამუშაოები დასრულდა. საცხოვრებელი სექტორისა და რკინიგზის სადგურის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 25 ადამიანი, მათგან ორი ბავშვია", - განაცხადა მან.
კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, 11 წლის ბიჭი სახლის ნანგრევების ქვეშ დაიღუპა, კიდევ 6 წლის ბავშვი კი რკინიგზის სადგურთან მანქანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად.
ამასთან, რუსული ძალების თავდასხმის შედეგად 31 ადამიანი დაშავდა.

























