ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა უკრაინა და ყველა ევროპელი ჩააყენა სიტუაციაში, როდესაც რადიაციულ კატასტროფას ერთი ნაბიჯი აშორებდათ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ისტორიაში პირველად, დაბომბვის შედეგად ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გაჩერდა და ავტომატური სისტემა რომ არ ამუშავებულიყო და პერსონალს სათანადოდ არ ემოქმედა, რადიაციული ავარია მოხდებოდა.
“დღეს ისტორიაში პირველად ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გაჩერდა. საავარიო დაცვამ იმუშავა. დიზელის გენერატორები მაშინვე ამოქმედდა, რათა ელექტროსადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მომხდარიყო. მსოფლიომ უნდა გაიგოს, რა საფრთხეა ეს: დიზელის გენერატორები რომ არ ჩართულიყო, ავტომატურ დაცვას არ ემუშავა და ელექტროსადგურის ჩვენ თანამშრომლებს არ ემოქმედათ, იძულებული გავხდებოდით რადიაციული ავარიის შედეგები დაგვეძლია. რუსეთმა უკრაინა და ყველა ევროპელი ჩააყენა სიტუაციაში, როდესაც რადიაციულ კატასტროფას ერთი ნაბიჯი აშორებდათ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ატომურ ელექტროსადგურზე რუსული ჯარების ყოფნის ყოველი წუთი არის გლობალური რადიაციული კატასტროფის რისკი.
„მინდა დავარწმუნო ყველა უკრაინელი: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საგანგებო სცენარის თავიდან ასაცილებლად. მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენს სახელმწიფოზე არ არის დამოკიდებული. მთავარი ის არის, რომ საჭიროა ისეთი საერთაშორისო ზეწოლა, რომელიც ოკუპანტებს აიძულებს დაუყოვნებლივ დატოვონ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსდგურის ტერიტორია. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა იმოქმედონ ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ახლა მოქმედებენ, რადგან ატომურ ელექტროსადგურზე რუსული ჯარების ყოფნის ყოველი წუთი არის გლობალური რადიაციული კატასტროფის რისკი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

























