ქართული პრესის მიმოხილვა 29.08.2022

სანდრო თვალჭრელიძე - “ჩვენი პოლიტიკური ელიტა ორკებს დაემსგავსა, რაღაც ფსევდოსამყაროში ცხოვრობენ, საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე გადამეტებული წარმოდგენებით”

“ოცნებამ” იჩქარა - რას უპასუხებს მმართველი პარტია ვენეციის კომისიის კრიტიკულ დასკვნას

გიორგი გობრონიძე - “ჩვენი მთავარი საფრთხე სამხედრო ინტერვენცია კი არა, რუსეთიდან მომავალი ჰიბრიდული ომია”

შეცვლის თუ არა ამერიკული და გერმანული საჰაერო დაცვის სისტემები უკრაინაში სიტუაციას

ვახტანგ ძაბირაძე - “ისეთი ლიდერები აანონსებენ “ცხელ შემოდგომას”, დამოუკიდებლად ას კაცს რომ ვერ შეკრებენ რუსთაველზე”

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “ჩვენი პოლიტიკური ელიტა ორკებს დაემსგავსა, რაღაც ფსევდოსამყაროში ცხოვრობენ, საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე გადამეტებული წარმოდგენებით”

“ჩემი აზრით, დასავლეთმა ფსონი დადო რუსეთის, როგორც ფედერალური სახელმწიფოს დაშლაზე. ომი გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი სრულად არ გამოიფიტება, სულ ცოტა, კიდევ ერთ წელიწადს. წინ გველის კიდევ ომის არაერთი ფაზა, მათ შორის შემოდგომაზე მოსალოდნელია ვითარების უფრო გამწვავება. ჯერ კიდევ მარტის დამდეგს ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, როგორც უნდა განვითარდეს საომარი მოქმედებები, უკრაინამ ეს ომი უკვე მოიგო-მეთქი... ახლაც ამ აზრზე ვარ. სამწუხაროდ, უკრაინას კვალავ მოუწევს დიდი მსხვერპლის გაღება, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის რუსეთის დამარცხება.დასავლეთის მოქმედების პრინციპი მარტივია, რუსეთი სოციალურ-ეკონომიკურად უნდა გამოიფიტოს, როგორც ეს რეიგანმა გააკეთა, თუმცა მაშინ ეს უომრად მოხერხდა.ხომ ხედავთ, მოსკოვს ფრონტზე როგორც ტექნოლოგიურად, ისე ცოცხალი ძალაც უჭირს, მაგრამ პუტინი მობილიზაციის გამოცხადებას ვერ ბედავს, რადგან ხვდება, რომ ეს შეიძლება სამოქალაქო ომის დასაწყისად იქცეს”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დასავლეთმა ფსონი რუსეთის სახელმწიფოს დაშლაზე დადო...” / “ჩვენი პოლიტიკური ელიტა ორკებს დაემსგავსა, რაღაც ფსევდოსამყაროში ცხოვრობენ, საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე გადამეტებული წარმოდგენებით”.

“რუსეთში უკვე დაიწყო გარკვეული პროცესები. კრემლის ცნობილი იდეოლოგის ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის მკვლელობა შემთხვევითი დანაშაული არ არის. მომხდარი დიდი ბურუსით არის მოცული. რუსეთი კი ძალიან ცდილობს ეს უკრაინას დააბრალოს, მაგრამ აშკარად არ არის ასე მარტივად საქმე. მოკლედ, რაღაც პროცესები რუსეთში უკვე დაიწყო და განვითარდება მით უფრო სწრაფად, რაც მეტად გაუჭირდება რუსეთს ეკონომიკურად. ფაქტობრივად, მალე კოლაფსია მოსალოდნელი. მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ჯერ ნორმალური ვითარებაა, მაგრამ პროვინციებში უკვე გაჩნდა პრობლემები, რაც სულ უფრო და უფრო მასშტაბური გახდება. დარწმუნებული ვარ პუტინის მიერ შეიარაღებული ძალების საშტატო რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდა განპირობებულია იმ ზარალით, რაც ამ ომში რუსეთმა ნახა. მას გაუწყდა გამოცდილი და პროფესიონალი სამხედროების მნიშვნელოვანი ნაწილი. ვინ ჩაანაცვლებს მათ, ახალწვეულები, რომელთაც, ფაქტობრივად, არაფერი იციან? ეს საზარბაზნე ხორცია და ავტომატს რომ მისცემენ, ისიც საკითხავია, საით გაისვრიან... - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტა ორკებს დაემსგავსა, რაღაც ფსევდოსამყაროში ცხოვრობენ, საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე გადამეტებული წარმოდგენებით. თანდათან ვრწმუნდები, რომ ქართველ პოლიტიკოსებს, - არა აქვს მნიშვნელობა ხელისუფლებაში მყოფს თუ ოპოზიციონერს, - წარმოდგენა არა აქვთ, რით ცხოვრობს ქართველი საზოგადოება, რა პრობლემები აქვს. ძირითადად, სისულელეების გამო კამათობენ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენ სხვაგან ვცხოვრობთ, ხელისუფლება და ოპოზიცია კიდევ - სხვაგან. ხშირად უნდა შევახსენოთ, რომ პოლიტიკური ელიტა ჩვენს ხარჯზე, ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებით ცხოვრობს. ეს ხალხი ჩვენ დავიქირავეთ, ამიტომაც საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე უნდა ზრუნავდნენ. ამის სანაცვლოდ ვხედავთ, როგორ იწყობენ ცხოვრებას და ხელისუფლებაში მოსულებს წასვლა აღარ უნდათ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“იმის ნაცვლად, უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პოლიტიკური ელიტა ახერხებდეს საერთო ენის გამონახვას და საზოგადოების კონსოლიდირებას, ყველაფერს აკეთებენ, რომ დაშალონ და დააქუცმაცონ. ხალხი ამას ხედავს და სრული უნდობლობა უჩნდება პოლიტიკური ელიტის მიმართ. შედეგად, მომავალ არჩევნებზე კიდევ უფრო ნაკლები ამომრჩეველი მივა. მაგათ მოსახლეობასთან შეხვედრა ასე წარმოუდგენიათ: ჩასვლა რეგიონში, მიტინგის გამართვა და 1-2 კაცისთვის ხელის ჩამორთმევა. ქართველ საზოგადოებას, მის სტრუქტურას, პრობლემებს, სულისკვეთებას სიღრმისეულად არავინ აქცევს ყურადღებას... იმ ოთხ “გამოქცეულ” დეპუტატზე ლაპარაკიც არ მინდა. ნაწილობრივ ვიზიარებ აზრს, რომ მთავრობის გავლენით მოქმედებენ, მაგრამ ამასთანავე ვფიქრობ, რომ ცდილობენ “ალტინფოსა” და მსგავს ძალებს წაართვან ამომრჩეველი და მათი ნიშა დაიკავონ. საკითხავია, რას აკეთებს მთავრობა და რატომ უპირისპირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს? იმიტომ, რომ ყველა იმ რეკომენდაციის სიღრმისეულ შესრულებაში საფრთხეს ხედავენ”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ფიქრობენ, რომ თუ მართლმსაჯულების ძირფესვიან რეფორმას გაატარებენ და საარჩევნო კანონმდებლობას შეცვლიან, მომდევნო არჩევნებში მათი გამარჯვება სათუო გახდება. ეტყობა ჰგონიათ, ამგვარი თამაშით ვინმეს შეაშინებენ და ამას თავიდან აიცილებენ. მინდა იცოდნენ, რომ ეს ყველა შემთხვევაში მოხდება, მარადიულად ვერ შეინარჩუნებენ ძალაუფლებას. სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციებიც არასწორად იქცევიან. ვნახეთ, ამ “სამართლიანი არჩევნების” გამო როგორ შეფერხდა ის პროცესი, რაც 12 პუნქტის შესასრულებლად ვითომ წამოიწყეს, და ეს აწყობს ხელისუფლებას. არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ კრიტიკაზე კი არ უნდა გადადიოდნენ და პოლიტიკურ დღის წესრიგში ეწერებოდნენ, არამედ საკუთარი დღის წესრიგით მოქმედებდნენ და სიღრმისეული დისკუსიის წამოწყებას ცდილობდნენ. როდესაც ხელისუფლების კრიტიკას იწყებენ, ხელისუფლების წევრები მაშინვე ჩამოჰკიდებენ ხოლმე იარლიყს, რომ ისინი არიან “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტები და ამით მთავრდება ყველაფერი”, - ამბობს სანდრო თვალჭრელიძე.

“ქართულ ოცნებას” ხომ ნეობოლშევიკური სულისკვეთება აქვს, მიაჩნიათ, რომ ვინც მათთან არ არის, მათი მტერია. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ სწორედ ასე ფიქრობს საქართველოში პარტიების უმეტესობა. მთელ პოლიტიკურ სისტემას სჭირდება გადასხვაფერება, ამას კი, ალბათ, თაობების შეცვლა დასჭირდება. სამწუხაროდ, განწირულები ვართ, რომ ასეთ პოლიტიკურ რეალობაში ვიცხოვროთ, როდესაც პოლიტიკური დებატები დადის ერთმანეთისთვის სულელის ძახილის დონეზე. ლანძღვა-გინების კორიანტელის მეტი არაფერი ისმის. მხოლოდ ორი პოსტულატი გვესმის: ერთნი გაიძახიან, რომ ხელისუფლება პუტინის ხელის ბიჭია, ამის საპირისპიროდ კობახიძე და მისი მეგობრები ოპოზიციის წევრებს `ომის გამჩაღებლებს” ეძახიან და დამთავრდა... მეტი მნიშვნელოვანი საქმე თითქოს ქვეყანაში აღარ არის. ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება შინაარსისგან არის დაცლილი. ჩვენი პოლიტიკოსები პრიმიტიული ადამიანები არიან და მათი აზროვნების სფერო, რბილად რომ ვთქვათ, ერთობ შეზღუდულია”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“უმნიშვნელოვანესი პრობლემა თვითონ საზოგადოებაშია. სამწუხაროდ, ჩვენში კვლავაც ძალიან მოსწონთ, როდესაც ერთმანეთს აგინებენ და უპირისპირდებიან. ადვილად შეგვიძლია კონფლიქტების გაჩაღება და ერთმანეთის გამეტება. სულსწრაფობასთან ერთად, ეს ქართული ხასიათის ერთ-ერთი უარყოფითი თვისებაა. გარდა ამისა, ვფიქრობ, ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც არასწორ სტრატეგიას ირჩევენ, როდესაც ეხმარებიან პარტიებს, რომელთაც მეტ-ნაკლებად რაღაც რეიტინგი აქვთ. მათ შეეძლოთ ხელი შეეწყოთ ახალი პოლიტიკოსებისა და ძალების გამოჩენისთვის, რათა 4-5 წელიწადში მნიშვნელოვანი ალტერნატივა გაჩენილიყო ქვეყანაში. იმათ, ვისაც დღეს ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ ელიტაში, არა აქვთ არსებითი ცვლილების მოხდენის შნო. თავის დროზე შანსი თითქოს ჰქონდა “ლელოს”, რომელსაც აქვს ფინანსური და ადამიანური რესურსიც, მაგრამ საბოლოოდ ბიძინა ივანიშვილის ზიზღმა ყველაფერი გადაწონა. მათ ახალი ალტერნატივა, ახალი ხედვა საზოგადოებას ვერ შესთავაზეს. კიდევ ერთი უდიდესი პრობლემაა იდეების არარსებობაა. ვერ გაჩნდნენ ლიდერები, ვინც ამ იდეების გენერირებით მოახერხებდა ნდობის დამსახურებას.

“ოცნებამ” იჩქარა - რას უპასუხებს მმართველი პარტია ვენეციის კომისიის კრიტიკულ დასკვნას

“ვენეციის კომისიამ თავისი გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა საქართველოს პარლამენტის მიერ 2022 წლის 7 ივნისს მიღებული კანონპროექტის შესახებ, რომელიც მოსმენებს უკავშირდება. განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი მიღებულ იქნა ნაჩქარევად და შემდგომ დამუშავებას მოითხოვს. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ “ოცნებამ” მეტი უნდა იმუშაოს, რათა არ დაკარგოს საერთაშორისო პარტნიორების ნდობა. ვენეციის კომისიის დასკვნა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ აღნიშნულ კანონპროექტს ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომლის ადმინისტრაციამ 1 ივლისს ვენეციის კომისიას გადაუდებელი დასკვნისთვის მიმართა. როგორც რამაზ საყვარელიძე ამბობს, “ოცნებამ” იჩქარა კანონპროექტის შედგენა, ახლა კი მეტი შრომა მოუწევთ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნებამ” იჩქარა - რას უპასუხებს მმართველი პარტია ვენეციის კომისიის კრიტიკულ დასკვნას.

“როგორც ჩანს, “ოცნებაში” იჩქარეს კანონპროექტის შედგენა, მეტი მუშაობა იყო საჭირო. ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ვენეციის კომისიისთვის, რომელსაც ნამდვილად არ გააჩნია არანაირი პოლიტიკური ინტერესი. ოპოზიციის შენიშვნებს კიდევ მოუძებნი მოტივს და თუკი შენიშვნა მათგან დაიმსახურეს, უკვე საყურადღებოა ვითარება, რადგან კანონის სრულყოფილების გარდა, მათ არ აქვთ სხვა მიზეზი. თუკი “ოცნებას” აწუხებს საკუთარი იმიჯის საკითხი, რაც წესით უნდა აწუხებდეს, უნდა დაფიქრდეს აღნიშნულზე და გაუწიოს ანგარიში მათ განცხადებას. წინააღმდეგ შემთხვევაში გაიზრდება მათ მიმართ უნდობლობა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2022 წლის 7 ივნისს და შემდეგ მას ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომლის ადმინისტრაციამაც 1 ივლისს ვენეციის კომისიას გადაუდებელი დასკვნისთვის მიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ვენეციის კომისია თავის მოსაზრებას “ტვიტერის” გვერდზე ავრცელებს. ვენეციის კომისიის იურიდიულ და საკონსტიტუციო ექსპერტთა დასკვნაში წერია, რომ “კანონპროექტი მიღებულ იქნა ნაჩქარევად” და შემდგომ დამუშავებას მოითხოვს. კომისიის დასკვნაში ასევე წერია, რომ “მეტიც, არასაკმარისი ჩანს საიდუმლო თვალთვალის ზედამხედველობის საერთო მექანიზმი”. ამასთან, ვენეციის კომისია ასევე წერს მოსაზრებას “საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში” 2021 წლის დეკემბრის ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც 2022 წლის 17-18 ივნისით თარიღდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ვენეციის კომისია აღნიშნულ დოკუმენტში საუბრობს 2021 წლის 27 დეკემბერს უმრავლესობის (“ქართული ოცნების”) ექვსი დეპუტატის მიერ წარდგენილ ცვლილებებზე, რომელიც შემდეგ პარლამენტმა 2021 წლის 30 დეკემბერს დაჩქარებული წესით მიიღო. ისინი ხაზს უსვამენ იმასაც, რომ აღნიშნული ცვლილებები საპარლამენტო ვადის ბოლოს, საახალწლო არდადეგების წინ მიიღეს და მთელ საკანონმდებლო პროცესი მხოლოდ ოთხ დღეს გაგრძელდა. “ოპოზიციისთვის, ისევე როგორც დაინტერესებული მხარეებისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, 2021 წლის ცვლილებები სრულიად მოულოდნელი იყო”, - აღნიშნულია კომისიის დოკუმენტში. “ხელისუფლებას, შეხვედრების დროს, ვენეციის კომისიის დელეგაციისთვის არ წარუდგენია დამაჯერებელი მიზეზები, რაც 2021 წლის ცვლილებები სწრაფ საკანონმდებლო პროცესს გაამართლებდა”, - წერია დოკუმენტში. ამასთან, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ყველა თანამოსაუბრემ, რომელსაც ვენეციის კომისიის დელეგაცია შეხვდა, გარდა სამთავრობო პარტიისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსი, აღნიშნა, რომ კანონშემოქმედებითი პროცესი ზედმეტად სწრაფი იყო, აკლდა გამჭვირვალობა მისი მოტივებისა და მიზნების შესახებ და ჩატარდა ინკლუზიური და ეფექტური კონსულტაციების გარეშე”, - განაგრძობს გამოცემა.

“2021 წლის ცვლილებებს თან ახლდა ექვსგვერდიანი განმარტებითი ბარათი, რომელიც ძირითადად იმეორებს ცვლილებების შინაარსს და ასახავს ფორმალობებს. განმარტებითი ბარათი არ შეიცავს ცვლილებების არსებით დასაბუთებას, მათი დროის გაანგარიშების ან დაჩქარებული პროცედურით მიღების აუცილებლობის შესახებ”, - აღნიშნულია ვენეციის კომისიის დოკუმენტში. ამასთან, კომისია დასძენს, რომ განმარტებითი ბარათი არ შეიცავს რაიმე ზემოქმედების შეფასებას მაგალითად, მოსამართლეთა დამოუკიდებლობაზე დისციპლინური პროცედურებისა და სანქციების ეფექტურობის ან გავლენის შესახებ. მათივე განცხადებით, კანონშემოქმედება არის არა მხოლოდ პოლიტიკური ნების აქტი, არამედ ის რაციონალური განხორციელებაა. “არსებითი დებატები შეუძლებელია თუ რეფორმის მიზეზები არ არის წამოყენებული. კანონპროექტის დაჩქარებული პროცედურებით წარდგენა და მიღება ზღუდავს საჯარო და საპარლამენტო კონტროლს”, - აღნიშნულია დოკუმენტში”, - დასძენს გამოცემა.

“ინფორმაციისთვის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები ხანგრძლივდება, ხოლო დანაშაულთა წრე, რაზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები, იზრდება. ამასთან, იცვლება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინების წესი. “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” ცვლილებების პროექტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი რამდენიმე კვირის წინ დაუჭირა. კანონის პროექტი 78 ხმით, 11-წინააღმდეგ მიიღეს”, - წერს სტატიის ავტორი.

გიორგი გობრონიძე - “ჩვენი მთავარი საფრთხე სამხედრო ინტერვენცია კი არა, რუსეთიდან მომავალი ჰიბრიდული ომია”

ბოლო დროს აქტუალური გახდა მსჯელობა საკითხზე, არის თუ არა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრორუსი და გადაუხვია თუ არა “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს დეკლარირებულ პროდასავლურ კურსს. საკითხი კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც საქართველოში “ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის” ყოფილმა დირექტორმა და გერმანიის მარშალის ფონდის “დემოკრატიის დაცვის ალიანსის” ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა განაცხადა: “საქართველოს მთავრობა გზაგასაყარზე დგას, სადაც უნდა გადაწყვიტონ, რა უფრო მნიშვნელოვანია მათთვის - ძალაუფლების შენარჩუნება და ბიძინა­ივანიშვილის დაცვა, თუ დასავლური ორიენტაციის მიზნები და დემოკრატია. ორივეს გაკეთება არა მგონია შეეძლოთ”. ლორა თორნტონის შეფასებით, ქვეყანაში ანტიდასავლური კამპანია მიმდინარეობს და ისაუბრა `ქართული ოცნების~ ყოფილი დეპუტატების განცხადებებზე, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკის ელჩი ქვეყანას, საქართველოს მთავრობას პატივს არ სცემს და ამერიკას საქართველოს ომში ჩათრევა სურს”, - წერდს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით „ჩვენი მთავარი საფრთხე სამხედრო ინტერვენცია კი არა, რუსეთიდან მომავალი ჰიბრიდული ომია“.

“პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს აღმაშფოთებელია. ვფიქრობ, რომ ეს დამაზიანებელია საქართველოსთვის. ამერიკა კარგად იქნება, მაგრამ საქართველო - არა... გაუგებარია, რატომ უნდა გააკრიტიკო ისინი, ვისთან ყოფნასაც აპირებ. თუ შენი საგარეო პოლიტიკის მიზანია, იყო ნატოსა და ევროკავშირის წევრი, რატომ ჰკბენ იმავე ხელს, რომელიც გკვებავს?.. აკრიტიკებ (დასავლელ პარტნიორებს), ამბობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ვნებდა, როდესაც სინამდვილეში, ამერიკა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირეა და ამ ქვეყნისთვის გაცემული აქვს რესურსები, ყურადღება და მხარდაჭერა. როდესაც ასეთ მოკავშირეს საჯაროდ აკრიტიკებ, მე ვიწყებ ფიქრს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ცვლილებები იწყება”. იწყება თუ არა რეალურად ცვლილებები ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, რა სურს “ქართულ ოცნებას” - სტრატეგიული პარტნიორის შეცვლა და ოქროს ბალანსის დაცვა? შეცვლის თუ არა რუსეთ-უკრაინის ომის შედეგი ქართული პოლიტიკის დღის წესრიგს, ამის შესახებ ანალიტიკოსი, რუსეთის სპეციალისტი გიორგი გობრონიძე გვესაუბრება”, - დასძენს გამოცემა.

“არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკური კურსი პრორუსულია. ეს რომ ვთქვათ, სახეზე უნდა იყო კონკრეტული პოლიტიკური ხედვა, კონცეფცია და გეგმა. სამწუხაროდ, საგარეო პოლიტიკურ ნარატივებს მთლიანად ფარავს შიდაპოლიტიკური დაპირისპირება. ჩვენს ქვეყანას სერიოზული კონცეპტუალური პოლიტიკა არც გააჩნია. არც ის ვიცით, სად ვართ და არც ის ვიცით, სად მივდივართ. სიმართლე ვთქვათ, რუსეთისადმი ლოიალურ პოლიტიკას ვერ გავატარებთ, ძალიანაც რომ მოვინდომოთ, თუმცა თუ ვიტყვით, რომ საქართველო დასავლური კურსიდან უხვევს, იმიტომ, რომ შეფერხებულია ქვეყნის დემოკრატიზაცია, დიახ, ეს სიმართლე იქნება. რუსეთისადმი ლოიალურ პოლიტიკას კი ვერ გავატარებთ იმიტომ, რომ რუსული საგარეო პოლიტიკა დღეს იმაზე გაცილებით ტოქსიკურია, ვიდრე ოდესმე. გარდა ამისა, რუსეთს უკვე ყველაფერი დავუთმეთ (გარდა სუვერენიტეტისა), რისი დათმობაც შეიძლებოდა, ამაზე მეტის დათმობა შეუძლებელია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.

“საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი დეტერმინატი მოსკოვიდან მომდინარე საფრთხეებია და არ არსებობს ობიექტური საფუძველი იმისა, რომ ხვალ რუსეთი საფრთხის წყარო აღარ იქნება, თუ რაიმე დიდი კატასტროფა არ მოხდა რუსეთში. მე თუ მკითხავთ, ასეთი კატასტროფა უკვე ხდება. ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, ქართულ-რუსული ურთიერთობა მაინც ვერ დალაგდება. საამისოდ არც ერთი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული განმსაზღვრელი არ არსებობს. ერთადერთი, რაც რუსულ-ქართულ ურთიერთობას დაალაგებს, ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმებაა. ომის თავიდან არიდებაზე საუბარი კი სპეკულაციაა. როგორ წარმოგიდგენიათ, მოსკოვს ახლა მეორე ფრონტის გახსნის საშუალება აქვს?! ნახეთ რა ხდება უკრაინის ფრონტზე, რუსეთი მარცხდება! ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა უკრაინის ფრონტიდან მოხსნას სამხედრო ძალა და ჩვენკენ გადმოისროლოს. ხომ ხედავთ, რომ რესურსი აღარ აქვს?! ომის თავიდან არიდებაზე საუბარი შიდა მოხმარებისთვის გათვლილი ნარატივია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ასეთი საფრთხე პირველ ეტაპზე შესაძლოა მართლაც იყო, მაგრამ დღეს ეს გამორიცხულია. “ქართული ოცნების” ნარატივი, ჩვენ ბრძნული პოლიტიკით ომი ავირიდეთ თავიდანო, იგივეა, აცტეკების დროს ქურუმები რომ ატყუებდნენ ხალხს, მზის დაბნელება ავირიდეთ თავიდანო. იცოდნენ, მზე როდის გამოჩნდებოდა და ხალხს არწმუნებდნენ, რომ სასწაულის მომსწრენი გახდნენ. მეც შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ბრძნული გათვლებით ვიცი, რომ ორშაბათის შემდეგ სამშაბათი დადგება. რისთვის სჭირდება “ქართულ ოცნებას” ამაზე საუბარი?! რაღაცით ხომ უნდა გაამართლოს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის წევრი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღო, რატომ გავხდით საერთაშორისო კრიტიკის ობიექტი და რატომ გვაქვს ამდენი პრობლემა. კონსპირაციებისა და სპეკულაციების ჭაობში ვცხოვრობთ. კონცეფციებზე, კვლევებსა და ინტელექტზე დაფუძნებული პოლიტიკის ნაცვლად, სპონტანური და სპეკულაციური პრაქტიკა გვაქვს”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“ქართული პოლიტიკა ძალიან ჰგავს პიარმესიჯებს. პოლიტიკოსები (მმართველ გუნდთან ერთად ოპოზიციასაც ვგულისხმობ) ძირითადად იმაზე ფიქრობენ, თუ რა სახის მესიჯი იქნება მისაღები საზოგადოებისთვის. დარწმუნებული ვარ, სტატუსი რომ მიგვეღო, დღეს მმართველი გუნდი ასე აქტიურად არ ილაპარაკებდა “თავიდან არიდებულ ომზე”. საქმეს რომ არ ან ვერ აკეთებენ, შემდეგ თავს იაფფასიანი სპეკულაციებით იმართლებენ. დღეს მცირე ეკონომიკური ზრდა რომ ფიქსირდება, ხომ არ გგონიათ, ეს მათი გაკეთებული საქმის შედეგია. არა, ეს არის რუსეთ-უკრაინის ომის ირიბი შედეგი - ამ ორი ქვეყნიდან, ვისაც ფული ჰქონდა, საქართველოში წამოვიდა. ამ ხალხმა შემოიტანა ფული, მაგრამ ახლა რა ხდება იმისთვის, რომ ამ შემოტანილი ფულის კაპიტალიზაცია მოხდეს, ჭარბი რესურსი სწორად გადანაწილდეს? არაფერი! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უკვე მერამდენე წელია ბორჯომში ყოველ ზაფხულს ხანძარი ჩნდება და ყოველ ჯერზე თურქეთი გვეხმარება თვითმფრინავებით. რამდენიმე სამაშველო ვერტმფრენის შეძენაც კი ვერ მოუხერხებიათ, ვერანაირ კრიზისს ვერ მართავენ. ყველა მიმართულებით ჩავარდნა აქვთ და ამის პარალელურად ვისმენთ უაზრო ჰიპოთეზებს”, - დაასკვნის გიორგი გობრონიძე.

“მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა ყველაზე დიდი საფრთხის წინაშეა და ფიქრობთ, რომ ამ პრობლემის მოგვარების ნაცვლად, კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავებას შეეცდებოდნენ მეორე ფრონტის გახსნით? ვის სჭირდებოდა ჩვენი ომში ჩართვა, რა ძლიერი არმია ჩვენ გვყავს, რა იმედით უნდა ეთხოვათ სამხედრო კონფლიქტში ჩართვა - ჩვენი დივიზიები გადალახავდნენ კავკასიონის ქედს და მოსკოვამდე ჩავიდოდნენ თუ რა? რატომ უნდა ეთქვა ასეთი სისულელე რომელიმე დასავლელ პოლიტიკოსს?! თუნდაც რუსეთის დემონიზება ამაზე მეტად როგორღა უნდა მოხდეს?! მსოფლიომ უკვე გაიგო, რომ უმწეო ქალებსა და ბავშვებს ხოცავენ და აწამებენ... უკრაინის ინტერესებში შედის ერთადერთი რამ - დამარცხდეს რუსეთი და გათავისუფლდეს უკრაინის მიწები. ამ ქვეყნის ინტერესებში საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა მაშინ იქნებოდა მნიშვნელოვანი, თუ თურქეთის მსგავსი არმია გვეყოლებოდა. უკრაინელმა პოლიტიკოსებმა ბევრი რამ თქვეს, თუნდაც მოლდაველებზე... ომში მყოფი ქვეყნის წარმომადგენელმა შეიძლება ბევრი რამ თქვას. - განმარტავს რესპონდენტი.

“2008 წლის ომის დროს ჩვენც ხომ ძალიან გვინდოდა ამერიკელებს როკის გვირაბი დაებომბათ?! ჩვენი ემოციები რატომ გვავიწყდება?! ჩვენ არ ვგრძნობდით თავს იმედგაცრუებულად, ამერიკელებმა წყალი და პამპერსები ჩამოგვიტანეს გემითო?! სინამდვილეში ის გემი მეექვსე ფლოტილიის ფლაგმანი იყო, რომელიც ბათუმიდან მოსკოვს მისწვდებოდა რაკეტებით, ჩვენს აეროდრომებზე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები ისხდნენ და რუსულ ავიაციას თბილისის დაბომბვის საშუალებას არ აძლევდნენ. ჩვენ თუ გვინდოდა მეტი მხარდაჭერა და დახმარება, რატომ გვგონია, რომ უკრაინის ხელისუფლებაში ზეადამიანები არიან?! ცუდია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ეს სპონტანური და ემოციური განცხადებები ხელზე დაიხვია და შეეცადა დაეჭირა ნიშა, რომ თითქოს სამხედრო კონფლიქტი აგვარიდეს. როდესაც მმართველი გუნდი ამბობს, დასავლეთი ომში ჩართვისკენ მოგვიწოდებდაო, დაასახელოს კონკრეტული ამერიკელი ან ევროპელი პოლიტიკოსი, რომელმაც საქართველოს ომში ჩართვა მოუწოდა! რატომ არ ასახელებენ?! იმიტომ, რომ არ არსებობს!”, - ამბობს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “ზოგი ექსპერტის აზრით, რუსები მიიჩნევდნენ, რომ ქართველების პროვოკაციაზე წამოგებით ბარემ ამ ველსაც მოასუფთავებდნენ...”, - პასუხობს:

“რუსებს შეიძლება მართლაც ჰქონოდათ ასეთი ფიქრები, მაგრამ სამხედრო კონფლიქტი ხომ სამხედრო შესაძლებლობებით განისაზღვრება. ხომ ხედავთ, ჩვენზე მომართული სამხედრო ძალებიც კი უკრაინის ფრონტზე გადაისროლეს - ცხინვალიდან და აფხაზეთიდან გაიყვანეს ჯარი. სინამდვილეში, ჩვენი მთავარი პრობლემა და საფრთხე სამხედრო ინტერვენცია კი არა, რუსეთიდან მომავალი ჰიბრიდული ომია!”

“მოსკოვი ცდილობს აქ პოლიტიკური კრიზისის, დესტაბილიზაციის შექმნასა და პრორუსი ჯგუფების გააქტიურებას. დააკვირდით, ცოტა ხანში რუსული კლასტერები იმაზე მეტად თავზე ხელაღებულები გახდებიან, ვიდრე ოდესმე ყოფილან. იმიტომ, რომ მათ დასაკარგი აღარაფერი აქვთ. ნამდვილად უნდა ველოდოთ შიდაარეულობებს, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის დაპირისპირებას, სახელმწიფოს წინააღმდეგ დესტაბილიზაციის მცდელობებსა და პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას. “ქართულ ოცნებას” დასავლეთთან დაპირისპირება სინამდვილეში ხელს არ აძლევს, უბრალოდ, ამას ვერ ხვდება. როდესაც მიხვდება, ძალიან გვიანი იქნება. ძალიან დიდ რისკზე მიდიან, თვალსა და ხელს შუა კარგავენ საერთაშორისო მხარდაჭერას. არ არის საჭირო იმ კრიტიკული განცხადებების გაკეთება, რომელსაც ახლა “ქართული ოცნების” ლიდერები იმ ოთხეულთან ერთად აკეთებენ. ეს დიდი შეცდომაა! ცუდი ის არის, რომ მათი შეცდომები ჩვენ დაგვიჯდება ძალიან ძვირად”, - დასძენს გიორგი გობრინიძე.

შეცვლის თუ არა ამერიკული და გერმანული საჰაერო დაცვის სისტემები უკრაინაში სიტუაციას

“აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემული თითქმის 3 მლრდ დოლარიანი მორიგი სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში პენტაგონი უკრაინისთვის 182 მილიონი დოლარის ღირებულების საზენიტო-სარაკეტო კომპლექს “ნასამს”-ს შეიძენს. გარდა ამისა, გერმანიაც დამატებით სამხედრო დახმარებას გამოუყოფს კიევს. საუბარია საჰაერო თავდაცვის სისტემა “აირის-ტე”-ზე. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ თუ სისტემების მიწოდება კომპლექსურად მოხდება, მაშინ უკრაინას თავის დაცვის პრობლემა გარკვეულწილად მოეხსნება. ოფიციალური ინფორმაციით, სულ საუბარია 6 ერთეულ საზენიტო-სარაკეტო სისტემაზე და მათი უკრაინისთვის მიწოდების ბოლო ვადად 2024 წლის 23 აგვისტო განისაზღვრა. პენტაგონის ინფორმაციით, სისტემების შესყიდვაზე კონტრაქტი უკვე გაფორმებულია ამერიკულ კომპანია “რეითეონთან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შეცვლის თუ არა ამერიკული და გერმანული საჰაერო დაცვის სისტემები უკრაინაში სიტუაციას.

“ამას გარდა, აშშ უკრაინას დამატებით სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალასა და სხვა სამხედრო აღჭურვილობებებს გადასცემს. გარდა ამისა, გერმანია უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების დამატებით სამხედრო აღჭურვილობას მიაწვდის, მათ შორის სამ ერთეულ საჰაერო თავდაცვის სისტემა “აირის-ტე”-ს. “აღჭურვილობა მოიცავს სამ “აირის-ტე” ტიპის საზენიტო სისტემას, ჯავშანტექნიკის სარემონტო და აღდგენის ათამდე მანქანას, 20 სარაკეტო გამშვებს, რომლებიც დამონტაჟებულია პიკაპებზე, ზუსტი საბრძოლო მასალისა და დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობას”, - განაცხადა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა. პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ უახლოეს თვეებში ამოქმედდება ამერიკული და გერმანული საჰაერო დაცვის სისტემები, “რაც თითქმის მთლიანად გადაკეტავს უკრაინის ცას, რითიც რუსეთს ბოლო ინსტრუმენტი გამოეცლება”. ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ექსპრეზიდენტის პროგნოზი შორს არის რეალობისგან”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სააკაშვილი როგორი პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალიც იყო, ისეთივე სამხედრო ექსპერტია, სისულელეებზე კომენტარის გაკეთება მიჭირს. ჯერჯერობით უკრაინას “აირის-ტე” უნდა გადასცენ, რომელიც ასევე გერმანული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემაა. ამ სისტემების გაერთიანება თუ კომპლექსურად მოხდება, მაშინ პრობლემა გარკვეულწილად მოიხსნება. 2-3 კვირაში გაირკვევა, გერმანელები როგორ გადასცემენ. მათ დღემდე თავი ვერ მოაბეს. ახლა 3 კვირაში, ან ერთ თვეში აპირებენ და თუ გადასცეს, კი, ბატონო, სიტუაცია გაუმჯობესდება. თუ დაგვიანდა, პროგნოზირება ძნელია, თუ რა იქნება. სისტემების მიღების შემთხვევაში, უკრაინას ისეთ ზარალს მაინც ვერ მიაყენებს რუსეთი, როგორც ახლა აყენებენ. დარტყმების კუთხით სტრატეგიული ინიციატივა რომ უკრაინელებს აქვთ ეს ფაქტია და ამ კუთხით შესაძლოა ოპერატიულ-ტაქტიკური ინიციატივა უკრაინელების მხარეს გადმოვიდეს, რაც მაინც გარკვეული შეღავათია. ახლა უკრაინელები იმას აკეთებენ, რაც უკვე გადაცემული იარაღით შეუძლიათ - ფრონტის ხაზზე რუსეთს აკავებენ. რაც შეეხება მასირებული კონტრშეტევის დაწყებას, ჯერჯერობით ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეზე პრეცენდენტებს ვერ ვხედავ და ტაქტიკურ დონეზე 5-10 კილომეტრის სიღრმეზე კი შესაძლებელია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

ვახტანგ ძაბირაძე - “ისეთი ლიდერები აანონსებენ “ცხელ შემოდგომას”, დამოუკიდებლად ას კაცს რომ ვერ შეკრებენ რუსთაველზე”

“ივანიშვილის ოთხეული”, როგორც უკვე უწოდეს საზოგადოებაში, ანტიამერიკულ წერილს წერილზე აქვეყნებს, მმართველ პარტიას მთელი ძალისხმევა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ აქვს მიმართული, ამ დროს კი ოპოზიციას ისევ საზაფხულო არდადეგები აქვს. ერთადერთი ისაა ცნობილი, რომ ნაწილი შემოდგომაზე აქციებს აპირებს, მაგრამ როგორ, ესეც უცნობია. ოპოზიცია რამდენად ადეკვატურად იქცევა, ამ საკითხებზე “კვირის პალიტრა” პოლიტიკის ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით “ცხელ შემოდგომას“ გვპირდებიან, საზოგადოება კი ამისთვის მზად არ არის” / “ისეთი ლიდერები აანონსებენ “ცხელ შემოდგომას”, დამოუკიდებლად ას კაცს რომ ვერ შეკრებენ რუსთაველზე”.

“ეს ოთხეული იბრძვის იმისთვის, რომ ამერიკის ელჩსა და ჩვენს მთავარ პარტნიორზე მიიტანოს იერიში. ჩანს, ეს თემა “ოცნებაში” ნელ-ნელა იხარშებოდა და ახლა გადაწყვიტეს ასპარეზზე გამოტანა. ვფიქრობ, ერთი მხრივ, ეს არის კრემლისადმი ლოიალური დამოკიდებულება, მეორე მხრივ კი დასავლეთის პროვოცირება... შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამით ანტიდასავლური ძალების მობილიზება და ამ ნიშის დაკავება სურთ. ამ ოთხეულიდან არც ერთი დამოუკიდებელი ფიგურა არ ყოფილა და მარტივი პარტიული სტრუქტურა აქვთ ჩაფიქრებული. თუ გახსოვთ, თავიდან დაიწყო კიდეც საკრებულოებიდან ვიღაცების მათთან მობილიზება, მერე შეაჩერეს. ჩანს, ამას ისევ დაუბრუნდებიან იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება პროცესები 2024 წლის არჩევნებამდე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან ვახტანგ ძაბირაძე.

“საინტერესოდ თამაშდება აზრი, რომ ამერიკა მხარს უჭერს “ნაცმოძრაობას”, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შემდეგ ამერიკამაც და მთლიანად დასავლეთმაც განაცხადეს, რომ დარღვევები იყო, მაგრამ მაინც აღიარეს და მოწოდებები სწორედ ოპოზიციისკენ იყო, თავი დაენებებინათ პროტესტისთვის და პარლამენტში შესულიყვნენ. მიშელის დოკუმენტიც ამის გვირგვინი იყო, მაგრამ ხელისუფლება მაინც ასეთ პროპაგანდას ირჩევს, რომ ამერიკა “ნაცმოძრაობასთან” გააიგივოს. მმართველმა პარტიამ ერთდროულად დაიწყო შეტევა სამი მიმართულებით და მათ შორის ერთ-ერთია ანტიდასავლური ძალების გაძლიერება. ვგულისხმობ იმას, რომ ხელისუფლება თავად ცდილობს ასეთი ჯგუფების შექმნას და ამ მიმართულებით პროპაგანდას. მეორე - შეტევა მიდის არასამთავრობო სექტორზე და მესამე - მედიაზე. ხელისუფლებას არ უნდა არავინ, ვინც მათთან არ არის”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ჩვენ დასავლურ ინტეგრაციაზე მხოლოდ ვლაპარაკობთ და არც ერთ ხელისუფლებას ამისთვის არაფერი გაუკეთებია. ის, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გავაფორმეთ და გვაქვს უვიზო რეჟიმი, ფაქტობრივად, დეკორაციული ნაწილია. ქვეყანაში უპირველესად დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა ყალიბდებოდეს, ამას კი არც ერთი ხელისუფლება არ აკეთებდა. რაც შეეხება 12 პუნქტს, იქნება გარკვეული ნაწილი, რომელზეც ხელისუფლებას არ სჭირდება ოპოზიციური მანდატები, რაღაცას გააკეთებს და შედეგს მხოლოდ თავის თავზე მიითვლის. რაც არ აწყობს, იმის შეუსრულებლობას ოპოზიციას დააბრალებს. ამასობაში დრო გაიწელება და გადაიდება სტატუსის მიღება. საქართველოს შიდაპოლიტიკური ამბები რუსეთ-უკრაინის ომზეა მიბმული. დღეს ხელისუფლება მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს”, - განმარტავს ანალიტიკოსი.

“როგორც ხელისუფლებას არა აქვს ამომრჩევლებში საყრდენი, ასევე არა აქვს ოპოზიციას. ვფიქრობ, წლევანდელი ზამთარი გადამწყვეტი იქნება რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობებში. ამიტომ ხელისუფლება ცდილობს დრო გაიყვანოს, ომის შიშითა და დასავლეთის შანტაჟირებით შეინარჩუნოს ვითარება... თუ დააკვირდებით, პროპაგანდა დასავლეთს ომი უნდაო, ნელ-ნელა გავიდა ხელისუფლების პროპაგანდის არეალიდან და შემოვიდა ის, რომ დასავლეთსა და ამერიკას “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნება სურთ. თუ ვინმეს არ აწყობს საქართველოში არასტაბილურობა, სწორედ დასავლეთია, რადგან საქართველო აზიასა და ევროპას შორის დერეფანია. საზოგადოება ამას კარგად ხვდება და არ იმუშავა “დასავლეთს საქართველოში ომი უნდას” ძახილმა. ამას მხოლოდ ხელისუფლების კი არა, ოპოზიციის გასაგონადაც ვამბობ, რადგან “ცხელ შემოდგომას” გვპირდებიან, ამის საფუძველი კი არ არის, საზოგადოება ამისთვის მზად არ არის. `ცხელი შემოდგომა” გულისხმობს პროტესტის ტალღას, აქციებს. თუ სიტუაცია მოიტანს, “გავრილოვის ღამის” არ იყოს, ეს ისედაც მოხდება, მაგრამ თუ ამის ორგანიზებას აპირებ, უნდა იცოდე, რომ საამისო ბაზა არა გაქვს. ამასთან, ისეთი ლიდერები აანონსებენ “ცხელ შემოდგომას”, დამოუკიდებლად ას კაცს რომ ვერ შეკრებენ რუსთაველზე...”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

“ცხადია, “ნაცმოძრაობაში” გადაჯგუფება მიდის და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რას იტყვის სააკაშვილი, რადგან ამ პარტიის ელექტორატი, ძირითადად, მისი ელექტორატია. ყველას უნდა სააკაშვილის დასაკუთრება, რათა ელექტორატის მხარდაჭერა ჰქონდეს, სააკაშვილი კი ხელისუფლებასთან ვაჭრობს და ჯერ ვერ გაურკვევია, უშვებენ თუ არა სამკურნალოდ. როგორც კი სააკაშვილის ბედი გადაწყდება, ყველაფერი გამოჩნდება. არა მგონია, ამ ეტაპზე ხელისუფლებას უნდოდეს სააკაშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორება. მას ურჩევნია სააკაშვილი საფრთხობელად შეინარჩუნოს და ეს პირდაპირ ჩანს ოთხეულის წერილებში. ხელისუფლება შეეცდება 2024 წლამდე მაინც შეინარჩუნოს “ნაცმოძრაობა” როგორც არასტაბილურობის შემომტანი საფრთხობელა. დანარჩენ ოპოზიციას სერიოზულად ვერც განვიხილავთ. ისინი უნდა მიხვდნენ, რომ სააკაშვილთან მიბმა მათთვის დამღუპველია”, - დასძენს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “არჩევნებამდე 2 წელი დარჩა. ოპოზიცია კი მაინც ვადამდელ არჩევნებზე აპელირებს"... - პასუხობს:

“ოპოზიციამ არ იცის, ამ ორი წლის განმავლობაში რა გააკეთოს, ამიტომ ლაპარაკობენ მუდმივად ვადამდელ არჩევნებზე, თორემ ამის არანაირი საბაბი ან საფუძველი არ არსებობს. ვფიქრობ, ყბადაღებული 12 პუნქტის შესრულებასაც საპროტესტო მუხტის შესაქმნელად იყენებენ, რომ შემდეგ ვადამდელ არჩევნებამდე მივიდნენ. ამას ხვდება საზოგადოება და ამიტომ არა აქვთ მხარდაჭერა”.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით