უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი - ყოველდღე უნდა გვახსოვდეს ფასი, რომელიც ჩვენმა ხალხმა გადაიხადა და იხდის თავისუფლებისთვის

ყოველდღე უნდა გვახსოვდეს ფასი, რომელიც ჩვენმა ხალხმა გადაიხადა და იხდის თავისუფლებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული დამცველების ხსოვნის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.
„დღეს არის უკრაინის დამცველების ხსოვნის დღე, რომლებიც უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ. ფაქტობრივად, ყოველდღე უნდა გვახსოვდეს ფასი, რომელიც ჩვენმა ხალხმა გადაიხადა და იხდის თავისუფლებისთვის. არ არსებობს შესაბამისი სიტყვები, როდესაც საქმე დანაკარგებს ეხება, რადგან ეს არის კონკრეტული ადამიანების გატეხილი ბედი, რომლებიც მთელი სამყარო იყვნენ მათი ახლობლებისთვის“, - წერს ზალუჟნი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, დაღუპული გმირები მომავალი თაობებისთვის მაგალითი არიან.
„სამწუხაროდ, გმირები იღუპებიან. ისინი იძენენ მარადიულ სიცოცხლეს და მარადიულ დიდებას, რჩებიან ჩვენს სულიერ მეგზურებად და უკრაინელების მომავალი თაობებისთვის მაგალითად, მაგრამ ისინი აღარ არიან მათთვის, ვისაც ცოცხლები სჭირდება. თავს ვხრი მათ წინაშე და ვიზიარებ გამოუსწორებელი დანაკლისის ტკივილს ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად. გმადლობთ უდიდესი მსხვერპლისთვის, რომელიც თქვენი სახელმწიფოს გამო შეგნებულად გაიღეთ. ასე იქმნება ისტორია და ასე იქმნება ერი, რომლითაც მსოფლიო აღფრთოვანდება. გპირდებით, რომ თქვენი მსხვერპლი უშედეგოდ არ ჩაივლის - გავაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე“, - აცხადებს ზალუჟნი.

























