სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის დაცვის წარმომადგენელი ალექსანდრე სამხარაძე სუს-ის გენინსპექციაში დაიბარეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განუცხადა, სამხარაძის უწყებაში დაბარება მისი საცხოვრებელი სახლიდან იარაღის მასრების ამოღებას უკავშირდება.
ადვოკატის თქმით, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის სახლის ჩხრეკის პარალელურად, სამართალდამცავებმა ჩხრეკა გოგაშვილის ნათესავებისა და გარემოცვის, მათ შორის, ალექსანდრე სამხარაძის სახლშიც ჩაატარეს.
ადვოკატის თქმით, სამხარაძემ გამოძიების კითხვებს სწორედ ამ საკითხზე უნდა უპასუხოს.
„ალექსანდრე სამხარაძე იყო შსს-ს ყოფილი თანამშრომელი და ჰქონდა საშტატო იარაღი, რომელიც სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ დააბრუნა, თუმცა მისი სახლის ჩხრეკის შედეგად აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღის მასრები აღმოჩნდა სახლში, რაც ჩვენი კანონმდებლობით უკანონო შენახვაა და დასჯადია. ამ თემაზე მიმდინარეობს გამოძიება და დაბარებულია დღეს ალექსანდრე სამხარაძე სუს-ის გენინსპექციაში. შესაძლოა, ეს მასრები იყოს მისი საშტატო იარაღის მასრები. როგორც აღვნიშნე, სამსახურს საშტატო იარაღი ჩააბარა და მასრები სახლში ეყარა სხვადასხვა ადგილზე, ასე ვთქვათ, შემთხვევით დარჩა“, - განაცხადა რამაზ ჩინჩალაძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"