ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინა აგრძელებს შეტევას რუსეთის ძალების წინააღმდეგ სამხრეთ უკრაინის მასშტაბით

უკრაინა აგრძელებს შეტევას რუსეთის ძალების წინააღმდეგ სამხრეთ უკრაინის მასშტაბით, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული.
„უკრაინული ძალები ორშაბათიდან განაგრძობენ შეტევას რუსეთის სამხრეთ ჯგუფზე. უკრაინულმა ფორმირებებმა, შედარებით სუსტი რუსული თავდაცვა გამოიყენეს და მოწინააღმდეგეს ფრონტის ხაზი გარკვეულ მანძილზე უკან დააწევინეს“,- აცხადებენ უწყებაში.
მათივე შეფასებით, თავისი დოქტრინის შესაბამისად, რუსეთი, სავარაუდოდ, ახლა შეეცდება შეავსოს ხარვეზები წინასწარ განსაზღვრული მობილური სარეზერვო ნაწილების გამოყენებით, რომელიც, სავარაუდოდ, მოიცავს მისი შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ძალების დაჯგუფების ნაწილს.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის სარდლობა ასევე ცდილობს, შექმნას ახალი ძალები, რომელსაც მოუწევს უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევითი მოქმედებების შედეგად დაზარალებული საოკუპაციო ძალების გაძლიერება.
„ახალი მე-3 არმიის კორპუსის მოხალისეთა ბატალიონები 24 აგვისტოს მოსკოვის მახლობლად მდებარე თავიანთი ბაზიდან გაემგზავრნენ, დიდი ალბათობით უკრაინაში შემდგომი განლაგებისთვის. ამ დანაყოფების ოპერატიული ეფექტურობა ცნობილი არ არის. მე-3 არმიის კორპუსს დიდი ალბათობით აკლია პერსონალი და ამ ჯარისკაცებს შეზღუდული წვრთნა ჰქონდათ“,- აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

























