ქართული პრესის მიმოხილვა 02.09.2022

უკრაინელები ხერსონის ფრონტზე რუსების თავდაცვის მეორე ხაზს არღვევენ - ვახტანგ მაისაია

“სარჩელი პრეზიდენტის წინააღმდეგ, დეოლიგარქიზაცია, გენპროკურორისა და ომბუდსმენის არჩევა - რაზე ისაუბრა კობახიძემ

კვარტალური სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის" 2022 წლის შემოდგომის ნომრის (N3) მიმოხილვა

* * *

უკრაინელები ხერსონის ფრონტზე რუსების თავდაცვის მეორე ხაზს არღვევენ - ვახტანგ მაისაია

“რამდენიმე დღეა უკრაინული ძალები კონტრშეტევაზე არიან გადასული დროებით ოკუპირებულ ხერსონში. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ახლა თავდაცვის მეორე ხაზე მიდის ბრძოლები. რუსებისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალბის კონტრშეტევა მოულოდნელი აღმოჩნდა, ამიტომ დაბნეულები და შეშინებულები არიან. მათთვის საკმაოდ შემაშფოთებელია სიტუაციაა, მეტიც პუტინმა გადაწყვეტილება მიიღო, ის აპირებს შეცვალოს თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და დანიშნოს ეროვნული გვარდიის მთავარსარდალი, არმიის გენერალი ვიქტორ ზოლოტოვი. კიევი ოპერაციის დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა არაოფიციალური წყაროებით, უკრაინელებმა მტრის თავდაცვის მეორე ხაზის გარღვევაც შეძლეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უკრაინელები ხერსონის ფრონტზე რუსების თავდაცვის მეორე ხაზს არღვევენ - ვახტანგ მაისაია.

“ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, იური სობოლევსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ოლქის სამ რაიონში, ხერსონში, ბერისლავსა და კახოვკაში, უკრაინულმა ძალებმა წარმატებას მიაღწიეს. თუმცა მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინული ძალების კონტრშეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა და მათ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს. გარდა ამისა, უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, სამხრეთის მიმართულებით 201 რუსი ოკუპანტი, 12 ერთეული თ-72 ტანკი და 18 ჯავშანმანქანა, ასევე საბრძოლო მასალის 6 საცავი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა “სამხრეთზე” დაყრდნობით ავრცეებს. “ჩვენს ოპერატიულ ზონაში ვითარება კვლავ მძიმეა, თუმცა მას თავდაცვის ძალები აკონტროლებენ. მტერი აგრძელებს საბრძოლო მოქმედებების ჩატარებას მისი ქვედანაყოფების შემადგენლობისა და პოზიციის მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე”, - აღნიშნულია ინფორმაციაში. როგორც ისინი ამბობენ, უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ 24 დარტყმა მიაყენა მტრის კონცენტრაციის ადგილებს, მის ძალებსა და საშუალებებს, სამეთაურო პუნქტებს, ლოგისტიკურ ცენტრებს, სატრანსპორტო მარშრუტებსა და საბრძოლო პოზიციებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამასთან, ოპერატიულ სარდლობაში აცხადებენ, რომ უკრაინელმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის ექვსი საცავი ბერისლავის, გენიჩესკის და ხერსონის რაიონებში. ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს და გაარღვიეს ოკუპანტების თავდაცვის მეორე ხაზიც. მისივე თქმით, რუსებისთვის შეტევა მოულოდნელი აღმოჩნდა, რის გამოც აღმოჩნდნენ დიდ გაურკვევლობაში”, - განაგრძობს გამოცემა.

“ახლა თავდაცვის მეორე ხაზზე მიდის ბრძოლები, რუსებისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალბის კონტრშეტევა მოულოდნელი აღმოჩნდა, ამიტომ დაბნეულები და შეშინებულები არიან. მათთვის საკმაოდ შემაშფოთებელია სიტუაციაა, მეტიც პუტინმა გადაწყვეტილება მიიღო, ის აპირეს შეცვალოს თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და დანიშნოს ეროვნული გვარდიის მთავარსარდალი, არმიის გენერალი ვიქტორ ზოლოტოვი. ამასთან, რთულია იმის თქმა, რამდენად შეინარჩუნებენ პოზიციებს უკრაინელები. ისინი ანალოგიური შეტევის გახორციელებას აპირებენ ხარკოვის მიმართულებითაც, რაც მნიშვნელოვანია. მათ ერთხელ უკვე ჩაატარეს ხარკოვის ოკუპანტებისგან წმენდის ოპერაცია, თანაც წარმატებულად. მართალია, რუსებმა მაინც დაიბრუნეს პოზიციები, მაგრამ ახლა აქვთ უნიკალური მდგომარეობა. ხარკოვისა და ხერსონის ოპერაციების ჰარმონიზაცია, თუ ეს ასე მოხდა, სერიოზულ გავლენას იქონიებს ფრონტის ხაზზე, უკრაინის სასარგელოდ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“სარჩელი პრეზიდენტის წინააღმდეგ, დეოლიგარქიზაცია, გენპროკურორისა და ომბუდსმენის არჩევა - რაზე ისაუბრა კობახიძემ

“რადიკალური ოპოზიციის საბოტაჟის ფონზე, “ქართული ოცნება” აქტიურად მუშაობს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებაზე” - ამის შესახებ “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიმდინარე პოლიტიური მოვლენების შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, მმართველი გუნდისთვის ევროკომისიის რეკომენდაცის შესრულება პრიორიტეტია, გამონაკლისის სახით, უმრავლესობა ერთჯერადად თვალს დახუჭავს სამართლებრივ პრინციპებზე და გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მიიღებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “სარჩელი პრეზიდენტის წინააღმდეგ, დეოლიგარქიზაცია, გენპროკურორისა და ომბუდსმენის არჩევა - რაზე ისაუბრა კობახიძემ.

“აღნიშნული 12 პუნქტის ნაწილია საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევის წესის გადასინჯვა. ამ დათქმის შესრულების მიზნით, გუშინ საპარლამენტო უმრავლესობამ ოფიციალურად დააინიცირა კონსტიტუციური კანონის პროექტი ზუსტად იმ შინაარსით, რომელიც შარშან შეჯერდა უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის გამართული კონსულტაციების საფუძველზე. კანონპროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი საქართველოს გენერალურ პროკურორს აირჩევს 3/5-ის უმრავლესობით, ექვსი წლის ვადით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ხმათა 3/5-ს ვერ მიიღებს, გენერალური პროკურორი აირჩევა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ ერთი წლის ვადით. საპარლამენტო ოპოზიციასთან შეჯერებულ ამ კანონპროექტს ანალოგი არა აქვს მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში. ამას აქვს მარტივი მიზეზი - მისი შინაარსი ეწინააღმდეგება მმართველობის სისტემის ლოგიკას და ელემენტარულ სამართლებრივ პრინციპებს, რაზეც დღეს დიდხანს აღარ შევჩერდებით. გავიხსენებთ მხოლოდ იმას, რომ აღნიშნული მიზეზით, ჩვენი გადაწყვეტილებით, შარშან შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შეჩერდა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულება ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია, გამონაკლისის სახით, ერთჯერადად თვალს დავხუჭავთ სამართლებრივ პრინციპებზე და გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მივიღებთ”, - განაცხადა კობახიძემ. ჟურნალისტების შეკითხვას, აპირებს თუ არა მმართველი გუნდი, რომ დეოლიგარქიზაციის პუნქტთან დაკავშირებით ოპოზიციის რეკომენდაციები გაითვალისწინოს, კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციას ისეთი კანონპროექტის შემუშავება სურს, რომელიც “რეალურ ოლიგარქებს არ ეხება” და “ოცნება” ამაში არ შეჰყვება. მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა იციან, რომ ოლიგარქები თავიანთ რიგებში თავად ჰყავთ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თუ გადმოვიღებთ უკრაინულ კანონპროექტს, ამ შემთხვევაში გამოვა, რომ ოლიგარქები არიან ოპოზიციის და არა “ქართული ოცნების” მხარეს. რა თქმა უნდა, ეს არ აწყობს ოპოზიციას, მათ იციან, რომ თავად ჰყავთ ოლიგარქები თავიანთ რიგებში. უნდათ ისეთი კანონპროექტი შეიმუშავონ, რომელიც არ ეხება რეალურ ოლიგარქებს, რაშიც ვერ შევყვებით. უკრაინული კანონი არის ყოველგვარი კონტექსტისგან დამოუკიდებლად გაწერილი, ჩვენ საბაზისოდ ავიღებთ ამ დოკუმენტს და გავაგრძელებთ მსჯელობას”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება პუნქტს სახალხო დამცველის არჩევის წესზე, “ოცნების” თავმჯდომარის თქმით, მმართველმა პარტიამ ოპოზიციას და არასამთავრობოებს ომბუდსმენის შერჩევის უპრეცედენტო წესი შესთავაზა, რისი კრიტიკისთვის საბაბიც კი არ არის, თუმცა “აქაც მოახერხეს ასეთი საბაბის მოფიქრება”, - განაგრძობს გამოცემა.

“აბსოლუტურად ღია იქნება ეს პროცესი, თავად შეუძლიათ დაასახელონ, არის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” პლატფორმა, თავად შეუძლიათ დაასახელონ კანდიდატები ამ ჯგუფისთვის, საერთოდ არ ჩავერევით ჩვენ ამ ჯგუფის ჩამოყალიბებაში, თავიდან ბოლომდე თვითონ შეუძლიათ დააკომპლექტონ ეს ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილში. რაც შეეხება დასახელებას, მარტივად ვთავაზობთ მათ, რომ ჩვენ არცერთ კანდიდატს არ დავასახელებთ, დაასახელონ მათ ის კანდიდატები, რომლებიც მათთვის არიან მისაღები, ჩვენ მხოლოდ ამის შემდეგ ჩავერთვებით პროცესში. დამსახელებელი სუბიექტები არიან ფრაქციები, პოლიტიკური ჯგუფები და უფრაქციო დეპუტატების 7-კაციანი ჯგუფი. ნებისმიერი მათგანი შეიძლება იყოს ჩართული ამ პროცესში, თუ იქნება მათი სურვილი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის სასურველია, ყველა ფრაქცია, პოლიტიკური ჯგუფი და 7-კაციანი დეპუტატების ჯგუფი იყოს ჩართული ამ პროცესში, აქედან გამომდინარე, ბოლომდე გახსნილი იქნება ეს პროცესი”, - თქვა კობახიძემ. “კარგია, რომ პრეზიდენტი დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს”, - ასე კი ირაკლი ხობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაერო-ში ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნაზე ხელმოწერა შეაფასა”, - დასძენს გამოცემა.

“მან აღნიშნა, რომ ახლა ლოგიკურიც კია, რომ მთავრობამ უკან გამოიწვიოს საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც დავით ბაქრაძის არდანიშვნას ეხებოდა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა გაერო-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი 30 აგვისტოს მოაწერა. თუმცა გუშინ მისმა ადმინისტრაციამ განმარტა, რომ მიუხედავად ამისა, სალომე ზურაბიშვილის მიერ დავით ბაქრაძის აშშ-ში საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია და პრეზიდენტს მისი დანიშვნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია. ოპოზიცია ფიქრობს, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა ქვეყანას საფრთხეს უქმნის, რისთვისაც სავიზო რეჟიმი უნდა დაწესდეს, რაზედაც კობახიძემ განაცხადა, რომ არ არსებობს არავითარი აუცილებლობა, რუსეთთან მოქმედი სავიზო რეჟიმი გადაიხედოს. მისი აზრით, ხელოვნურად არის შექმნილი აჟიოტაჟი, რადგან არსებობს კონკრეტული ინტერესი, რამენაირად არეულობა შემოიტანონ ქვეყანაში”, - წერს სტატიის ავტორი.

“საქართველოში მოქმედებს კონკრეტული რეჟიმი, რომელიც სხვათაშორის, წინა ხელისუფლებამ შემოიღო 2012 წლის დასაწყისში და არანაირი რისკები დღეს არ ჩანს. აქედან გამომდინარე, არ არსებობს არავითარი აუცილებლობა, რომ გადავხედოთ თავის დროზე შემოღებულ სავიზო რეჟიმს. დანარჩენი არის სპეკულაციები და ყველაფერი უკავშირდება ისევ და ისევ ომის პროპაგანდას, ომის რიტორიკას. ბუნებრივია, ამაში არ შევყვებით ჩვენ რადიკალურ ოპოზიციას”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ, რომლის თქმით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების არავითარი უკონტროლო შემოსვლა არ ხდება”, - დასძენს სტატიის ავტორი.

კვარტალური სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის" 2022 წლის შემოდგომის ნომრის (N3) მიმოხილვა

ომის ექვსი თვე... / რუსეთი ტაქტიკას ცვლის / ომი ზღვაზე / მართვადი შეიარაღება და მისი დამიზნების სისტემები / სამხედრო დახმარებით განახლებული უკრაინული ავიაპარკი / შეძლებენ კი უკრაინის სპეცსამსახურები, რუსეთის სადაზვერვო-დივერსიული ოპერაციების განეიტრალებას? / MLRS და HIMARS უკრაინის ომის ღმერთის ახალი მახვილი / იაპონური “მერცხალი” გერმანული გულით / ნორვეგიული NASAMS უკრაინის ცის სადარაჯოზე / გიორგი ანწუხელიძის მწვერვალი მისი სახელის უკვდავსაყოფად / ჩაის სახლიდან ფრონტზე წასული ბიჭები / უკანასკნელი გმირობის ამბავი / “კარლ გუსტავი” რუს ტანკისტებს კოშმარად ექცა...

“24 აგვისტოს ექვსი თვე ანუ ნახევარი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი ოფიციალურად შეიჭრა უკრაინაში და დაიწყო მისი ტერიტორიების დაპყრობა. სამხედრო პოტენციალის დიდი სხვაობის გამო ყველა, როგორც კრემლში, ისე თეთრ სახლში, ელოდა, რომ რუსი ოკუპანტების ფართომასშტაბიანი, რამდენიმე მიმართულებით ელვისებური შეტევების შედეგად კიევი რამდენიმე დღეში დაეცემოდა და პრეზიდენტ ზელენსკის კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას რომელიმე პრორუსი კრემლის მარიონეტი პოლიტიკოსი, იანუკოვიჩი ან მედვედჩუკი ჩაანაცვლებდა. მაგრამ ბევრისთვის მოულოდნელად ასე არ მოხდა, აქტიური საბრძოლო მოქმედებები უკრაინის თითქმის ორიათასიან კმ-ზე გადაჭიმულ ფრონტის ხაზზე კვლავ გრძელდება და არც დასასრული უჩანს”, - წერს კვარტალური სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” (2022 წლის შემოდგომა, N3 [283]) სტატიაში, სათაურით ომის ექვსი თვე... / რუსეთ-უკრაინის ომის თვეებით გაგრძელებას არავინ ელოდა, არც მოსკოვში, არც ვაშინგტონში და არც თავად კიევში...

“საბრძოლო მოქმედებების წარმოების ექვსი თვის თავზე რუსეთის საოკუპაციო ძალები, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის პრორუსული სეპარატისტული ფორმირებები ფლობენ მცირე საბრძოლო ინიციატივას დონბასის ფრონტის ხაზის მონაკვეთზე.მათი პროგრამა-მინიმუმია ბრძოლებით გავიდნენ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებამდე, თუმცა არც ამის შემდეგ შეჩერდებიან... ფრონტის სხვა მონაკვეთებზე, ჩრდილოეთით, ხარკოვ-იზიუმის, სამხრეთით კი ნიკოლაევ-ხერსონის, ხოლო ცენტრში, ზაპოროჟიეს მიმართულებებზეც არ წყდება საბრძოლო შეტაკებები, მაგრამ ისინი უფრო დემონსტრაციულ სახეს ატარებს... კრემლს სურს ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის მსგავსად “რეფერენდუმები” ჩაატაროს სხვა დაპყრობილ უკრაინულ მიწებზე და იქ ფიქტიური “სახალხო რესპუბლიკები” შექმნას... რუსეთის საოკუპაციო ძალებს ძალიან დაეტყოთ გადაღლა და საჭირო რესურსების ნაკლებობა რათა პარალელურად შეტევები ფრონტის სხვა უბნებზეც წამოიწყონ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის არმია დონბასის მიმართულებით ნელ-ნელა უკან იხევს და ტოვებს მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტებს, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ის მარცხდება. პირიქით, შეინიშნება უკრაინელი სამხედროების პროფესიონალიზმის ზრდა თავდაცვით ბრძოლებში, როდესაც ისინი ბოლომდე იცავენ პოზიციებს და უკანაც ორგანიზებულად იხევენ ისე, რომ მოწინააღმდეგეს არ აძლევენ საშუალებას მათი “ქვაბში” მოქცევის. მაგრამ ერთია თავდაცვითი ბრძოლების წარმოება და მეორე შეტევაზე გადასვლა, რაც ბევრად მეტ რესურსს მოითხოვს და საბრძოლო დანაკარგიც მნიშვნელოვნად გაიზრდება. უკრაინის არმიას ახლა არ გააჩნია იმის შესაძლებლობა, რომ წარმატებული ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყოს ფრონტის კონკრეტულ უბანზე, მაგალითად, ხერსონის გასათავისუფლებლად, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამის შესახებ დაიქადნა.... საარტილერიო ცეცხლის მასშტაბით რუსეთის ძალები ათჯერ და მეტჯერაც ჯაბნიან უკრაინელებს, სამაგიეროდ, უკრაინის მხარე უფრო აქტიურად და წარმატებით იყენებს დასავლეთის მიერ გადაცემული „ჰაიმარსების" მართვად რაკეტებს და 155 მმ კალიბრის ასევე მართვად საარტილერიო ჭურვებს...” - განაგრძობს გამოცემა.

“რუსეთ-უკრაინის ომი, ალბათ, დიდხანს გასტანს. ერთი რამ ცხადია - ომი ახლა ძალთა გამოფიტვის ეტაპზეა გადასული და ბევრს განსაზღვრავს ფინანსური, ეკონომიკური თუ ადამიანური რესურსები, მოსახლეობის გამძლეობა, არმიის ბრძოლისუნარიანობა და ა.შ. მარცხიანი ბლიცკრიგის ტაქტიკა რუსეთის არმიას ახლა სარაკეტო ტერორიზმით აქვს შეცვლილი და რაკეტების თუ ბომბების მასირებული გამოყენებით უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეთა დაშინება-განადგურებაზეა გადასული. ცდილობს მოსახლეობა ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყოს და ქვეყნის სათავეში პრორუსული მარიონეტები დასვას. თუმცა ომს ახლა ისეთი პირი უჩანს, რომ ეფექტი საწინააღმდეგოა და აგრესორის მიმართ წინააღმდეგობა ყოველდღიურად ძლიერდება”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით რუსეთი ტაქტიკას ცვლის.

“დასავლეთის ქვეყნებიდან მიღებული შორსმსროლელი საშუალებებით უკრაინის არმიამ რუსების ღრმა ზურგში მომარაგების ბაზებსა და საკომუნიკაციო ხაზებს დარტყმები მიაყენა. რუსების ზურგში აქტიურად მოქმედებენ უკრაინელი პარტიზანები და სპეცდანაყოფები. ამის გამო რუსეთის არმიის ტაქტიკაში ცვლილებები შეინიშნება. კერძოდ, შეტევებში უზრუნველყოფის საშუალებებით გაძლიერებული სრულფასოვანი საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფების მაგივრად ტანკების მხარდაჭერით ოცეულის ან ასეულის დონის ქვეითთა დანაყოფებს იყენებენ. ერიდებიან ღამით მოქმედებებს, გარდა გადაჯგუფებისა და დისლოკაციის ადგილის შეცვლისა.... უკრაინის ჯავშანტექნიკის დანაკარგი, საბრძოლო, ტექნიკური, საექსპლუატაციო თუ სხვა სახის მიზეზებით გამოწვეული, ცოტა არ არის და ეს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმირ კარპენკოც დაადასტურა. რუს სამხედროებს მიაჩნიათ, რომ უკრაინულ ტანკებთან ბრძოლაში საუკეთესო საშუალება ისევ ტანკებია. რადგან უკრაინელებს ტანკები შეუმცირდათ, ამიტომ სატანკო დუელებმაც იკლო. შესაბამისად, უკრაინელი ტანკისტებისგან საფრთხე ნაკლებადაა მოსალოდნელი და რუსებს საშუალება აქვთ მოტომსროლელი ნაწილების გასაძლიერებლად გამოიყენონ ჯავშანტექნიკის შესანახ ბაზებში კონსერვაციიდან მოხსნილი ძველი მოდელების ტანკები”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კერძოდ, ძველი Т-62М ტიპის ტანკები გამოიყენეს ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკთან, ზაპოროჟიეს მიმართულებაზე, ხერსონის ოლქში. რადგან ძველი მოდელების ტანკების მარაგი დიდია, ამიტომ სატანკო დანაყოფებით ძლიერდებიან ე.წ. მოხალისეთა ბატალიონები, Т-62МВ ტიპის ტანკებითაა აღჭურვილი ოსი მოხალისეების ბატალიონ “ალანიის” სატანკო დანაყოფიც. უკრაინის არმია სატანკო დანაკარგს, ჯერჯერობით, ნატოს წევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების არმიების არსენალში დარჩენილი საბჭოთა ტანკებითა და სხვა ჯავშანტექნიკით ავსებს. ბოლო მნიშვნელოვანი დახმარება უკრაინამ პოლონეთისგან მიიღო - კიევს გადასცა 200-ზე მეტი PT-91 Twardy-ს ტიპის ტანკი. სანაცვლოდ ვარშავა სამხრეთ კორეისგან K2 Black Panther-ის ტიპის ტანკების ყიდვას გეგმავს. “ტვარდი” ახალი ტანკი არ არის და 1990-იანი წლების შუახანებში T-72M1-ის მოდერნიზებულ ვერსიას წარმოადგენს. მიმდინარე საბრძოლო მოქმედებათა ინტენსივობა ცხადყოფს, რომ უკრაინას ტანკების მარაგის შევსების ახალი წყაროების მოძიება მოუწევს...”, - განაგრძობს გამოცემა.

“30 ივნისს რუსული საოკუპაციო ჯარების დანაყოფებმა დატოვეს კუნძული ზმეინი, რომელიც ოდესიდან 90 კმ-ში რუსებისთვის, ფაქტობრივად, საჰაერო თავდაცვის ბაზის დანიშნულებას ასრულებდა. კუნძულზე რუსებს განთავსებული ჰქონდათ Тор-ისა და Панцирь-С-ს ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, რადიოლოკაციური სადგურები, სამეთაურო პუნქტები, საწყობები და ა.შ. ზმეინიდან გასვლა მოსკოვმა კეთილი ნების ჟესტად გამოაცხადა, რეალურად კი კრეისერ “მოსკვას” ჩაძირვის შემდეგ უკრაინას საშუალება მიეცა კუნძულისთვის სახმელეთო-სარაკეტო ბატარეებით, ავიაციითა და უპილოტოებით დარტყმები მიეყენებინა. არადა, კუნძულის გარნიზონის მომარაგება მთლიანად ფლოტზე იყო დამოკიდებული, ხოლო ხომალდებისა და კატარღების მიმოსვლას ნატოს საჰაერო-კოსმოსური დაზვერვა აკონტროლებდა და ინფორმაციას კიევი ოპერატიულად იღებდა. რეგულარული დარტყმებისგან რუსებს მოსვენება არ ჰქონდათ, დანაკარგი ყოველდღიურად იზრდებოდა და ოკუპანტებმა გასვლა ამჯობინეს”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ომი ზღვაზე.

“ზმეინიდან გასვლის შემდეგ 22 ივლისს სტამბოლში გაეროს, უკრაინის, თურქეთისა და რუსეთის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს პირველ შეთანხმებას უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გატანაზე. განბლოკვა შეეხო მარცვლეულის ექსპორტისთვის განკუთვნილ შავიზღვისპირა ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის პორტებს. აგრეთვე გაიხსნა საზღვაო არხი, რომელიც მდინარე დუნაის დელტაში შესართავ ბისტროს მიუყვება და შავ ზღვასთან დუნაისპირა უკრაინული პორტების დამაკავშირებელ გზას წარმოადგენს. სტამბოლის 22 ივლისის შეთანხმების ვადა 120 დღითაა განსაზღვრული და უკრაინის პორტებისკენ მოცურავე ან უკრაინის პორტებიდან გამოსული მარცვლეულით დატვირთული გემების სტამბოლში სანქცირებულ ტვირთებსა და პერსონალზე შემოწმებას ითვალისწინებს. ამისათვის შექმნილი საინსპექციო ჯგუფი გაეროს, უკრაინის, თურქეთისა და რუსეთის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული”, - აღნიშნავს გამოცემა.

“24 თებერვლის შემდეგ პირველად, 1-ლი აგვისტოს ოდესიდან 26 ათასი ტ სიმინდით დატვირთული მშრალტვირთმზიდი ღაზონი გავიდა და ბოსფორის შესასვლელში ღუზაზე დადგა, სადაც 3 აგვისტოს 20-კაციანმა საინსპექციო ჯგუფმა ეკიპაჟისა და გადასაზიდი ტვირთის დოკუმენტაცია შეამოწმა, დაათვალიერა გემი და გზის გაგრძელების ნება დართო. დღიდან ამოქმედებისა, 19 აგვისტოს მდგომარეობით, “მარცვლეულის კორიდორით” 625 ათასი ტ უკრაინული სიმინდის, ხორბლის, მზესუმზირის ზეთის, სოიისა და სხვა აგროპროდუქტების ექსპორტი განხორციელდა. “მარცვლეულის კორიდორი” ჯერჯერობით შეუფერხებლად მუშაობს, თუმცა უკრაინის პორტებისკენ მიმავალ საზღვაო გზებზე ნაღმების აფეთქების საფრთხე კვლავინდებურად შენარჩუნებულია... 28 ივლისს უკრაინელთა ჰიდროგრაფიული გემი გაურკვეველ ფეთქებად მოწყობილობაზე აფეთქდა და ცხვირის ნაწილში, წყალხაზის ქვემოთ, გაიხვრიტა; 31 ივლისს შესართავ ბისტროს მახლობლად გაურკვეველ ფეთქებად მოწყობილობაზე აფეთქებას სალოცმანო კატარღა “ორლიკი” შეეწირა; 3 აგვისტოს დუნაის დელტაში შესართავ ბისტროდან შავ ზღვაში გასვლისას ნაღმზე მცურავი ამწე აფეთქდა. საბედნიეროდ, დაზიანება კრიტიკული არ აღმოჩნდა და ამწის გადარჩენა მოხერხდა...” - განაგრძობს გამოცემა.

“რუსეთ-უკრაინის ომში ორივე მხარე მართვად შეიარაღებას ინტენსიურად იყენებს. განურჩევლად ტიპისა და განთავსების საშუალებისა, მოცემული შეიარაღება ერთი საერთო თვისებით ხასიათდება - მართვის სისტემა “დანიშნულების ადგილზე” ბომბის თუ რაკეტის საბრძოლო ნაწილის მაქსიმალურად ზუსტ “მიწოდებას” უზრუნველყოფს. ამ სტატიაში ჩვენ საბრძოლო შეიარაღების სხვადასხვა მართვის სისტემას განვიხილავთ და მოქმედების პრინციპიდან გამომდინარე მათ დადებით თუ უარყოფით მხარეებს შევეხებით”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით მართვადი შეიარაღება და მისი დამიზნების სისტემები.

“სადენებით მართვადი რაკეტები - ამ ტიპის შეიარაღების შექმნის იდეა გერმანელებს ეკუთვნის. ამ სისტემის გამოყენება სადენების სიგრძეზეა დამოკიდებული, რომელიც საშუალოდ 5 კმ-ს არ აღემატება. მართვის სისტემა განაპირობებს რაკეტის ფრენის სიჩქარესაც. ის აუცილებლად ბგერამდელი უნდა იყოს, რათა კოჭაზე დახვეულმა სადენმა გაშლა მოასწროს. იმავდროულად, ოპერატორი რაკეტის მართვას ბოლო მომენტამდე განაგრძობს. შესაბამისად, სადენებით პრინციპის “გაისროლე და დაივიწყე” რეალიზება შეუძლებელია, მაგრამ არის დადებითი მხარეც - ლაზერული სისტემებისგან განსხვავებით, მისი ეფექტურობა ნაკლებადაა დამოკიდებული მტვერზე, კვამლზე, ატმოსფერულ ნალექზე. სადენებით მართვადი რაკეტებიდან რუსეთ-უკრაინის ომში MILAN-ისა და Фагот-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს იყენებენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მართვადი შეიარაღება ტელედამიზნებით - ამ საქმეში პირველები ამერიკელები იყვნენ. ლაზერულისგან განსხვავებით, რომელიც საბრძოლო მასალის მიზნამდე “გაცილებას” საჭიროებს, ტელესისტემა “გაისროლე და დაივიწყე” პრინციპია რეალიზებული. პილოტს სახიფათო ზონის დატოვება საბრძოლო მასალის ჩამოგდებისთანავე შეუძლია. ტელედამიზნების საავიაციო შეიარაღება დიდი სიზუსტით გამოირჩევა. ლაზერული და რადიოლოკაციური სისტემებისგან განსხვავებით, ის მიზანს არ ასხივებს. შესაბამისად, მოწინააღმდეგისთვის მისკენ მფრენი ბომბის ან რაკეტის დაფიქსირება და ხელოვნური ხარვეზებით მისი მოგერიება შეუძლებელია. დადებითი მხარეების მიუხედავად, ტელედამიზნების შეიარაღება არაეფექტურ იარაღად ითვლება - ღამით და ატმოსფერული ნალექების დროს მისი გამოყენება შეუძლებელია. ზოგჯერ მიზნის ჩაჭერა დღისითაც რთულია. რუსეთ-უკრაინის ომში მხარეები ტელედამიზნების შეიარაღებიდან იყენებენ: „ჰაერი-მიწა" კლასის Х-29Т-ის, ЛМУР-ისა და Х-59М-ის ტიპის რაკეტებს, მართვად КАБ-500Кр-ს, КАБ-500-ОД-ისა და КАБ-1500Кр-ის ტიპის საავიაციო ბომბებს...” - განაგრძობს გამოცემა.

“საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან რამდენიმე თვის თავზე მოკავშირეების ხელშეწყობით უკრაინამ საბრძოლო-სატრანსპორტო შვეულმფრენების დანაკარგის შევსება და ნაწილობრივ ავიაპარკის განახლებაც შეძლო. ივნისის მეორე ნახევარში სლოვენიამ თავისი სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობიდან კიევს ერთი Ми-2 (საბორტო ნომერი „3301") და ოთხი Ми-17 (საბორტო ნომრები "0807", "0821", "0844", "0847") გადასცა. თავად სლოვაკეთს სულ ცხრა Ми-17 ჰყავდა. მოცემული მოდელი Ми-8МТ-ს საექსპორტო ვერსიაა. სამხედრო-ტექნიკური დახმარების ხელი უკრაინას ჩეხეთმაც გაუწოდა. დანამდვილებით ცნობილია, რომ კიევს პრაღამ სამი Ми-24Д/Ми-35 (საბორტო ნომრები "3370", "7353", "3362") გადასცა. თავის დროზე, 2003-2005 წლებში, ეს საფრენი აპარატები ჩეხეთმა რუსეთისგან სახელმწიფო ვალის დასაფარავად მიიღო”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით სამხედრო დახმარებით განახლებული უკრაინული ავიაპარკი.

“Ми-35 Ми-24В-ის საექსპორტო მოდიფიკაციაა. რაც შეეხება Ми-24Д-ს, ის ოდნავ განსხვავებული შვეულმფრენია. ეს მოდელი Ми-24-ის ოჯახის პირველი სერიული ვარიანტია, რომელსაც ტანდემური ტიპის ეკიპაჟის კაბინა ჰქონდა. ის Фаланга-ПВ-ს ტიპის მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით არის აღჭურვილი. ჩეხოსლოვაკიის არმიის შეიარაღებაში ეს შვეულმფრენები 1978 წელს შევიდა. მოგვიანებით ექსპლუატაციის პროცესში მას მოდერნიზაცია ჩაუტარდა Штурм-В ტიპის რაკეტების გამოსაყენებლად და ტექნიკურად Ми-24В-ს დონემდეა მიყვანილი. არსებული ინფორმაციით, ჩეხეთს ჩეხოსლოვაკიისგან მემკვიდრეობით და რუსებისგან მიღებული 15 სხვადასხვა მოდიფიკაციის Ми-24/Ми-35 ჰყავს. მათი ნაწილი დაკონსერვებული იყო. ცნობილია, რომ უკრაინისთვის გადაცემის წინ სამივე საწარმო LOM Praha Helicopter-ში კაპიტალურად გაარემონტეს. თავად ჩეხეთი საბრძოლო შვეულმფრენთა პარკის განახლებისთვის AH-1Z Viperი-ის ტიპის შვეულმფრენებს ელოდება. შვეულმფრენების ყველაზე დიდი პარტია კიევმა ვაშინგტონისგან მიიღო, კერძოდ, 11 ერთეული Ми-17В-5-ზე (Ми-8МТВ-5-ის საექსპორტო ნიშნული). თავის დროზე ეს შვეულმფრენები აშშ-მა ავღანეთს უყიდა. 2011 წლიდან ქაბულის სამხედრო-ტექნიკური დახმარების პროგრამებით ვაშინგტონმა რუსეთისგან 73 ახალი შვეულმფრენი შეიძინა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ავღანეთში 2021 წელს სამხედრო-პოლიტიკური მოვლენებისა და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბევრი ავღანელი სამხედრო მფრინავი თვითმფრინავებითა და შვეულმფრენებით მეზობელ ქვეყნებში გაიქცა. ამ გზით “გადარჩენილი” 11 Ми-17В-5 ამერიკელებმა აშშ-ში გადაიტანეს და Devis -Mounthan-ის საავიაციო ბაზაში შეინახეს. შვეულმფრენები კონსერვაციიდან ივნისის დამდეგს მოხსნეს და სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით სლოვაკეთში ჩაიტანეს და ისინი უკრაინაში სწორედ აქედან ჩაფრინდნენ. ყოფილი ავღანური ბორტების კიევისთვის გადაცემას მოსკოვმა დაუყოვნებლივ უპასუხა _ კრემლი ჩეხეთისა და ბულგარეთის საავიაციო-სარემონტო საწარმოებს ლიცენზიის ჩამორთმევით და მარაგნაწილების მოწოდების შეწყვეტით დაემუქრა. საუბარია ჩეხურ LOM-ზე, ბულგარულ Terem-Letetz-სა და Avionams-ზე, რომლებიც მეტწილად სწორედ Ми-ს ტიპის შვეულმფრენებს არემონტებენ...” - დასძენს გამოცემა.

“უთანასწორო ბრძოლაში მყოფი უკრაინისთვის შიდა და გარე საფრთხეები დღითი დღე იზრდება. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას იმსახურებს რუსეთის სპეცსამსახურების აგენტურისა და სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების მოქმედება. რა მიზნები აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებს? პირველ რიგში ეს უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და პირადად პრეზიდენტ ზელენსკის ლიკვიდაციაა. დღეს ყველა აღიარებს, რომ ზელენსკის კიევი რომ დაეტოვებინა (რასაც ბევრი მეგობარი ქვეყნის ლიდერი ურჩევდა), დღეს რუსეთს არა მარტო დონეცკი, ლუგანსკი და ხერსონი, კიევიც აღებული ექნებოდა და ომიც დამთავრდებოდა. ის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები წინააღმდეგობას აგრძელებენ, ქვეყნის ეკონომიკა ფუნქციონირებს და უკრაინელების საბრძოლო მუხტი არ შენელებულა, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და უპირველესად უკრაინის პრეზიდენტის დამსახურებაა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით შეძლებენ კი უკრაინის სპეცსამსახურები, რუსეთის სადაზვერვო-დივერსიული ოპერაციების განეიტრალებას?

“ამ ვითარებაში ზელენსკისა და მთავრობის რამდენიმე წევრის ლიკვიდაცია ან მწყობრიდან გამოყვანა, უკრაინას ისევ სამი-ოთხი წლის წინანდელ პოლიტიკურ დაპირისპირებაში დააბრუნებს და რუსეთს უკვე აღარ გაუჭირდება მღვრიე წყალში თევზის დაჭერა. ამ სტრატეგიული მიზნის გარდა რუსეთის სპეცსამსახურებს ტაქტიკური ამოცანებიც აქვთ: მოქმედი და ”დაკონსერვებული” აგენტურის გააქტიურება უკრაინის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის გასანადგურებლად, ხელისუფლების კომპრომეტირებისა და შიდაპოლიტიკური დაპირისპირების მისაღწევად. რუსეთის თავდასხმის პირველივე დღეებიდან პუტინის მთავარი სამიზნე ზელენსკი იყო და კიევის ე.წ. სამთავრობო კვარტალზე სარაკეტო თავდასხმა არ წყდებოდა. რუსეთის დიქტატორს მაშინ ეს გეგმა ჩაეშალა, თუმცა მისი ხასიათიდან გამომდინარე, ის არ გაჩერდება. უახლესი მოვლენები მართლაც ადასტურებს ამ მოსაზრებას. ეფ-ეს-ბეს აგენტურული ქსელი აქტიურ სადაზვერვო-დივერსიულ საქმიანობას ეწევა უკრაინაში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“2019 წლის მაისში უკრაინის პრეზიდენტად მსახიობ ვოლოდიმირ ზელენსკის არჩევა პუტინისთვის დიდი საჩუქარი უნდა ყოფილიყო: სახელმწიფოს მართვის ურთულეს საკითხებში გამოუცდელ ზელენსკის საბედისწერო შეცდომა უნდა დაეშვა. პუტინი მის შეცდომას ელოდა, ზელენსკი კი დიდ მოთმინებას იჩენდა... ზოგადად, უყვარს ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს გამოუცდელ ახალგაზრდა კოლეგა-პრეზიდენტებთან “მუშაობა”: მოძღვრავს და გამოცდილებას უზიარებს, როცა საჭიროა კომპლიმენტებსაც არ იშურებს, თან აკვირდება, სწავლობს მათ სისუსტეებს. ასე იყო, როდესაც ახალარჩეული საქართველოს პრეზიდენტი “მიხაილ ნიკოლაევიჩი” მოსკოვს ესტუმრა და 2004 წლის 11 თებერვალს ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს შეხვდა. პუტინი კეთილგანწყობას ასხივებდა და თან სააკაშვილის პიროვნებას სწავლობდა (კა-გე-ბეში მოწინააღმდეგის ფსიქოლოგიურ ანალიზს ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდნენ). ზელენსკის ის საბედისწერო შეცდომა უნდა დაეშვა, რაც სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოში. თუმცა გავიდა სამი წელი და უკრაინის პრეზიდენტი პუტინის პროვოკაციებზე არა და არ რეაგირებდა: არ აძლევდა მცირე საბაბსაც კი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე სამხედრო იერიშის დასაწყებად. ამიტომაა, რომ დღეს მსოფლიო ლიდერები ხაზგასმით ამბობენ, რუსეთმა მოახდინა არაპროვოცირებული სამხედრო თავდასხმა უკრაინაზეო. ამ ფაქტის კონსტატაცია მნიშვნელოვნად განაპირობებს უკრაინისთვის საერთაშორისო საზოგადოებრიობის უპირობო მხარდაჭერას...” - განაგრძობს გამოცემა.

“ივნისიდან რუსეთ-უკრაინის ომის ერთ-ერთი მთავარი გმირი ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა M142 HIMARS-ი გახდა. ამ რეაქტიულმა სისტემამ რუსების შტაბებზე, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ხიდებსა და უმთავრესად იარაღის დიდ საწყობებზე უზუსტესი დარტყმებით საომარ მოქმედებებში გარდატეხა შეიტანა. არსებული მონაცემებით, ამჟამად უკრაინის არმიას ამერიკული წარმოების 20-მდე რეაქტიული დანადგარი აქვს. შეზღუდული რაოდენობიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგის შემტევი პოტენციალის შემცირებისთვის უკრაინელები მათი გამოყენებით მხოლოდ განსაკუთრებული მნიშვნელობის მიზნებს ურტყამენ”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით MLRS და HIMARS უკრაინის ომის ღმერთის ახალი მახვილი.

“HIMARS-ის შესაძლებლობების განხილვამდე ყურადღება მის „უფროს ძმაზე" - სისტემა M270 MLRS-ზე უნდა გამახვილდეს. 2005 წელს M142-ის “დაბადებამდე” აშშ-ის არმიის რეაქტიული არტილერიის “მუშტი” სწორედ M270 იყო.” MLRS-ზე მუშაობა 1976 წელს დაიწყო. ჩანაფიქრით, საცეცხლე მხარდაჭერის რეაქტიული სისტემით (GSRS) დივიზიისა და კორპუსის დონის საჯარისო შენაერთები უნდა დაკომპლექტებულიყვნენ. კონკურსში ხუთი კომპანია ჩაერთო, პარალელურად კი პენტაგონი მომავალი სისტემის გამოყენების კონცეფციას აყალიბებდა... აღმოსავლეთის ფრონტზე, განსაკუთრებით კი დონბასის და ხერსონის მიმართულებებზე, რუსებს არტილერიაში დიდი უპირატესობა აქვთ. მომარაგების უწყვეტი ხაზის (ჭურვები რკინიგზით ფრონტიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით დაშორებულ საწყობებში ჩააქვთ, საიდანაც სატვირთო ავტომობილებით საარტილერიო დანაყოფებს აწვდიან) წყალობით, რუსების ჰაუბიცებსა და რეაქტიულ დანადგარებს პრაქტიკულად უწყვეტად შეეძლოთ ცეცხლის წარმოება. M270-ებისა და M142-ების გამოჩენამ რუსების მომარაგების აწყობილი მექანიზმი ჩამოშალა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დიდი საწყობების, რომლებიც GMLRS-ისთვის იდეალური მიზანია, შენიღბვა და დამალვა შეუძლებელია, ადრე თუ გვიან, დაზვერვა და აგენტურა მათ იპოვის. შესაბამისად, რუსებს ასეთი საწყობების ფრონტის ხაზიდან 80 და მეტი კილომეტრით უკან გადაწევა ან საბრძოლო მასალების თავმოყრის ადგილების გადანაწილება უწევთ. ნებისმიერ შემთხვევაში მომარაგების გართულების გამო ეს რუსების არტილერიის აქტიურობას ამცირებს. ამას ემატება უკვე აფეთქებული მსხვილი საწყობების “ჩანაცვლების” საჭიროებაც, ყოველივე ეს კი უკრაინას ძალთა გადაჯგუფებისა და კონტრშეტევისთვის მომზადების შესაძლებლობას აძლევს...” - განაგრძობს გამოცემა.

“სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” სამხედრო საათებისა და ჯავშანტექნიკის მოდელების შემდეგ აგრძელებს ახალი კოლექციის - მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საბრძოლო თვითმფრინავების მოდელების შეთავაზებას თავისი ერთგული მკითხველებისთვის. სამხედრო თვითმფრინავების ამ მაღალხარისხიანი მოდელების კოლექცია საუკეთესოდ დაამშვენებს თქვენს სამუშაო მაგიდას... მფრინავსა და მწერალს, ლეიტენანტ მინორი შიროტის გადამწყვეტი ნაბიჯისკენ 1945 წლის დამდეგს იაპონიის მძიმე მდგომარეობამ უბიძგა. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ომის ცეცხლი იაპონიიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით გიზგიზებდა და ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ სულ მალე ფრონტი ამომავალი მზის ქვეყანას მიუახლოვდებოდა და ამერიკული ბომბდამშენების სამიზნე გახდებოდა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით იაპონური “მერცხალი” გერმანული გულით.

“1945 წლის 4 იანვარს საბრძოლო განგაში გამოცხადდა და შიროტი თავისი გამანადგურებლით რამდენიმე წუთში ცაში იყო და როგორც კი მოწინააღმდეგე შეამჩნია, მომენტალურად მასზე პიკირება გადაწყვიტა. შიროტიმ ტარანული დარტყმით 67-ტონიანი ამერიკული B-29 Superfortress-ი ჩამოაგდო, მიუხედავად იმისა, რომ ბომბდამშენიდან გრიგალისებური ცეცხლი გაუხსნეს. თავად პარაშუტით გადმოხტომა მოასწრო, მაგრამ ჭრილობებისგან მეორე დღეს გარდაიცვალა.შიროტი, როგორც მწერალი, გაზეთებისთვის წერდა და მკითხველებშიც პოპულარობით სარგებლობდა, ხოლო ტარანული დარტყმით თავის გაწირვამ მას ავიაციაში მრავალი თანამოაზრე გაუჩინა. ტარანული დარტყმის ტაქტიკის მთავარი შემსრულებელი კი Kawasaki Ki-61 Type Hien-ი ანუ “მერცხალი” გახდა. გამანადგურებლის შეტევა ორი 20 მმ-იანი ქვემეხისა და ამდენივე 12.7 მმ-იანი ტყვიამფრქვევის ცეცხლით ამერიკული ბომბდამშენებისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. მაგრამ იყვნენ ისეთი მფრინავები, რომლებიც ტარანული დარტყმისთვის თვითმფრინავის აეროდინამიკის გასაუმჯობესებლად “მერცხლიდან” შეიარაღებას ხსნიდნენ და ბოლო გაფრენას უიარაღოდ ასრულებდნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მერცხალი” იაპონიისთვის მეორე მსოფლიო ომის საუკეთესო საარმიო გამანადგურებლად ითვლება, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი 1175-ცხ.ძალიანმა გერმანულმა ძრავამ. 1930-იანი წლების ბოლოს Kawasaki-მ Nakajima-სთან საარმიო გამანადგურებლის საკონკურსო ბრძოლა წააგო და პოზიციების დასაბრუნებლად გერმანიაში Daimler-Benz-ის იმ დროისთვის მსოფლიოში საუკეთესო DB-601A ტიპის ძრავის ლიცენზიის ყიდვა გადაწყვიტა. ძრავა ცილინდრებში საწვავის უშუალო შეფრქვევის პრინციპზე მუშაობდა, გამოირჩეოდა კარგი მახასიათებლებით და აუმჯობესებდა თვითმფრინავის საპილოტაჟო თვისებებს. 1939 წლის ბოლოს გერმანიაში კონტრაქტს ხელი მოეწერა, რაშიც არცთუ მცირე დამსახურება მიუძღვის კომპანია Blohm und Voss-ის ხელმძღვანელს დოქტორ რიჰარდ ფოგტს, რომელიც 1923-1933 წლებში კომპანია Kawasaki-ში მუშაობდა. 1940 წელს იაპონიის საარმიო ავიაციის შტაბმა Kawasaki-ს გერმანული ძრავით მსუბუქი გამანადგურებელი Ki-61 შეუკვეთა. ამ შეკვეთაში, ალბათ, განსაზღვრული როლი ითამაშა იმ გარემოებამ, რომ Kawasaki-ში მომუშავე ხისაში ტოძიო და იაპონიის არმიის მინისტრი, ქვეყნის მომავალი პრემიერი ხიძეკი ტოძიო ძმები იყვნენ...” - განაგრძობს გამოცემა.

“ახლო მომავალში უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა ნორვეგიული NASAMS-ით გაძლიერდება. ეს საზენიტო-სარაკეტო სისტემა თავის კლასში ერთ-ერთი საუკეთესოა. ამ გარემოების სასარგებლოდ ბევრი რამ მეტყველებს: უნივერსალური საცეცხლე საშუალებები, ღია არქიტექტურა, მძლავრი რადიოლოკაციური სადგური და სხვ. თავად ნორვეგიის გარდა, NASAMS-ი ნატოს წევრი რიგი ქვეყნების შეიარაღებაშიც არის. სისტემაზე მუშაობა 1980-იანი წლების მიწურულსა და 1990-იანი წლების დამდეგს დაიწყო. ნორვეგიის არმიაში სწორედ მაშინ დადგა დღის წესრიგში მოძველებული NOAH-ის ჩანაცვლების საკითხი. ეს უკანასკნელი აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსისგან იჯარით აღებულ MIM-23 Hawk-ის გაუმჯობესებული ვერსია იყო”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ნორვეგიული NASAMS უკრაინის ცის სადარაჯოზე.

“ნორვეგიელებმა საკუთარი ფინანსურ-ტექნიკური რესურსებით Hawk-ის მოძველებული რადარი სრულფასოვან სამკოორდინატიან რადიოლოკაციურ სადგურად აქციეს. ფაქტობრივად, ეს ნორვეგიის თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჩამოყალიბებისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს.ექსპლუატაციისას გამოვლინდა NOAH-ის ნაკლოვანება: შეზღუდული საბრძოლო პოტენციალი, ფრთოსან რაკეტებთან (როგორც შეტევის თანამედროვე საშუალების) ბრძოლისუუნარობა. იყო ფინანსური ასპექტიც - საექსპლუატაციო ხარჯს იჯარის გადასახადიც ემატებოდა. ამერიკულ კომპანია Raytheon-თან ერთად, ნორვეგიულმა Kongsberg-მა ახალ საზენიტო-სარაკეტო სისტემაზე მუშაობა 1989 წელს დაიწყო. მოქმედების საშუალო რადიუსის სისტემის ბირთვი ახალი რადიოლოკაციური სადგური AN/MPQ-64 გახდა. საცეცხლე საშუალებად შეარჩიეს ამერიკული წარმოების AIM-120 AMRAAM-ის “ჰაერი-ჰაერი” კლასის საავიაციო რაკეტა. საზენიტო სისტემის ერთგვარი პოპულარობა სწორედ რაკეტის ორმაგი დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობამ განაპირობა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სისტემის წარმოება 1992 წელს დაიწყო და ორ წელიწადში, წარმატებული გამოცდის შემდგომ, NASAMS-ის პირველი ორი ბატარეა ნორვეგიაში საბრძოლო მორიგეობაზე დადგა. NASAMS-ი (Norwegian Advanced Surface To Air Missile System - გაუმჯობესებული ნორვეგიული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა) სტაციონარულ ობიექტებს იცავს, მაგრამ მარშის დროს ქვედანაყოფების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას ვერ უზრუნველყოფს. სისტემა ბატარეის სტრუქტურულ ერთეულად მოქმედებს. პირველი თაობის NASAMS-ის ბატარეა შედგებოდა საკომანდო პუნქტისგან, მისაბმელიან შასიზე განთავსებული 3 რადიოლოკაციური სადგურისა და 9 გამშვები დანადგარისგან. საკომანდო პუნქტი/მართვის ცენტრი Kongsberg-მა დამოუკიდებლად შეიმუშავა. ორ სატვირთო ავტომობილზე შესრულებული FDC-ი ერთდროულად ბატარეის საკომანდო პუნქტისა და მართვის ცენტრის ფუნქციას ითავსებს, იღებს მიზნის აღმოჩენის საშუალებებისგან ინფორმაციას. თანამედროვე სისტემების, კავშირისა და მონაცემთა გადაცემის საშუალებებით FDC-ს არა მარტო სისტემის მართვა შეუძლია, მისი მეშვეობით ბრიგადის დონის საჯარისო შენაერთის (ან სხვა ტიპის ქვედანაყოფების) მართვა-კოორდინირებაცაა შესაძლებელია...” - განაგრძობს გამოცემა.

“ყველა განვითარებულ ქვეყანაში გმირები, რომლებიც სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაეცნენ, მათი ღვაწლი დაფასებულია. მათი ხსოვნის პატივსაცემად იქმნება მუზეუმები, ქუჩებს არქმევენ მათ სახელებს, მწერლები ქმნიან შედევრებს, ცნობილი რეჟისორები იღებენ ფილმებს, ჟურნალისტები ამზადებენ სიუჟეტებს... ყველა შესაძლო გზით ცდილობენ თავიანთი გმირები უკვდავყონ. ამ მხრივ ჩვენს ქვეყანას ბევრი აქვს სამუშაო. რამდენიმე წელია თადარიგის პოლკოვნიკი დიმიტრი ქართლელიშვილი, აფხაზეთის რამდენიმე ვეტერანთან ერთად, საქართველოს მთიან რეგიონებში დადის და უსახელო მწვერვალებს ეროვნული გმირების სახელებს არქმევს... ასე გაჩნდა მთებში ზურაბ იარაჯულისა და გიორგი ანწუხელიძის სახელობის მწვერვალები, რომლითაც მათ გმირობას ტურისტები და მოლაშქრეები გაიცნობენ. როგორც სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალთან” დიმიტრი ქართლელიშვილი ამბობს, ეს ძალიან ცოტაა იმ სამხედროების ხსოვნის უკვდავსაყოფად, რომლებმაც სამშობლოს ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე შესწირეს და კარგი იქნება, თუ მომავალი თაობები და ტურისტები მათ შესახებ გაიგებენ”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით გიორგი ანწუხელიძის მწვერვალი მისი სახელის უკვდავსაყოფად.

“როდესაც კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტი აზომვით სამუშაოებს აკეთებს, მთებში დავდივართ. ერთ-ერთი გასვლისას დუშეთისა და ახმეტის საზღვარზე ორი უსახელო მთა შევარჩიეთ და ერთს გიორგი ანწუხელიძის, მეორეს კი ზურაბ იარაჯულის სახელი ვუწოდეთ. ხელისუფლებისა და თავდაცვის სამინისტროს დახმარებით ვცდილობთ მათი გაწეული ღვაწლი დავაფასოთ. თუშმა ეთნოგრაფებმა და ომალოელმა ფოლკლორისტებმა ირაკლი აფთარაულმა, ლადო კახოიძემ, ძმებმა ნუგზარ და ანზორ იდოიძეებმა, რომლებიც ისტორიული წარსულის გაცოცხლებაზე ზრუნავენ, გვთხოვეს, სოფელ ვერხოვანში საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის წინაპრების ნამოსახლარზე, დანგრეული სახლის საძირკველზე, ქართულ-ინგლისური წარწერა გაგვეკეთებინა. მათი სურვილი მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს, პოეტ თემურ ჩალაბაშვილს გავანდე. მითხრა, გიორგი იმდენად გამორჩეული გმირია და ისე მიყვარს, როდესაც ბანერს დავდგამთ, მინდა ლექსიც მივუძღვნაო. მეორე დილით დამირეკა და წამიკითხა: “ვერ დაგაჩოქეს, ვერ გაგტეხეს, გულში ნათელობ, პატარა ბიჭო, ახლა უკვე დიდო ქართველო...” - ამ სიტყვებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა და გადავწყვიტეთ, რომ ამ წარწერას გავაკეთებდით ბანერზე. თუშებმა ერთი სასიხარულო ამბავი დაგვახვედრეს, ომალოში, კესანოს ციხესიმაგრეზე, ერთ-ერთ ციხეს გიორგი ანწუხელიძის სახელი უწოდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დიმიტრი ქართლელიშვილი.

“შევპირდი, რომ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით პატარა სამხედრო მუზეუმს გავაკეთებთ და ერთ-ერთი კუთხე გიორგის გმირობის ამსახველ ფაქტებს დაეთმობა. თუმცა ამას წინათ პატარა მიწისძვრა მოხდა და ციხე ნაწილობრივ ჩამოიშალა, მაგრამ ფონდ "კესანოს" ხელმძღვანელობამ თხოვნით მიმართა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ნიკოლოზ აზნაურაშვილს, თავდაცვის სამინისტროსაც დავუკავშირდით და ვთხოვეთ ძეგლისთვის ეშველათ. იმედია, გამოინახება სახსრები, ციხე აღდგება და მუზეუმსაც მოვაწყობთ. შევთავაზე, გიორგის საფლავზე რაღაც ღირებული გაგვეკეთებინა, ოღონდ მასზე თუშს ემუშავა. ვიპოვეთ მხატვარიც, რომელიც საფლავის ქვაზე გამოსახულ ხმალსა და ფარზე თემურ ჩალაბაშვილის ლექსის სტრიქონებს დაიტანს...” - განაგრძობს რესპონდენტი.

“ზოგი უნივერსიტეტის აღმართს მიუყვებოდა, ზოგიც მელიქიშვილის გამზირს, ზოგი ვაკედან ჩამოდიოდა. შეკრების წერტილი ყველამ იცოდა, თითოეულს თავისი ადგილი ჰქონდა. სხდებოდნენ და ერთმანეთს ნაფიქრალ-ნააზრევს უზიარებდნენ. ასე გადიოდა დრო, შემოდგომას ზამთარი ცვლიდა. თბილ კაშნეში თვალებამდე ჩაყოფდნენ შეცივებულ სახეებს და ერთმანეთის ნახვის სურვილით ადვილად თმობდნენ ოდნავ შემთბარი სახლის კედლებს, უშუქობისა და უგაზობის პერიოდში მხოლოდ ადამიანების სითბო რომ ათბობდათ. არც ფეხით სიარულს უშინდებოდნენ ბიჭები, რადგანაც “დამოუკიდებელ” ქვეყანაში უკვე ტრანსპორტიც სანატრელი გამხდარიყო. დრო მიდიოდა... ზამთარს გაზაფხული მოსდევდა, გაზაფხულს _ ზაფხული. მელიქიშვილის კუთხეში მდებარე ჩაის სახლი ყოველდღე ელოდა ბიჭებს. ისინიც არც ერთმანეთს ღალატობდნენ და არც ჩაის სახლს, რომელიც თავისდა უნებურად ერთი თაობის მესაიდუმლე გამხდარიყო. იმ თაობისა, რომლის ბეჭებზეც იდო საქართველოს მომავალი, რადგანაც ლომის წილი მიუძღოდათ ძველის ნგრევაში და ახლის შენებაშიც თავიანთი წილი აგური უნდა დაედოთ”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ჩაის სახლიდან ფრონტზე წასული ბიჭები.

“თუმცა ახალი ჯერ არ ჩანდა. სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ იკრიბებოდნენ ბიჭები. ეფიქრებოდათ, წელში როგორ გამართულიყო რუსული იმპერიის კლანჭებიდან გამოგლეჯილი ქვეყანა. ის კი უდავო იყო, რომ ყველას თავისი საქმე უნდა ეკეთებინა, და აკეთებდნენ კიდეც. ზოგი სტუდენტი იყო, ზოგი ხატავდა, ზოგი ჩანახატებს წერდა, ზოგი სპორტს მისდევდა... ომი არასოდეს გახსენებიათ, მაგრამ ერთ დღესაც თავად გაახსენა ომმა თავი. შეტორტმანდა ქვეყანა, შეტორტმანდა ჩაის სახლიც. აიშალნენ ბიჭები, ფინჯან ჩაიზე შეკრებილები, აიშალნენ და უიარაღოდ, შიშველი ენთუზიაზმითა და ანთებული გულებით აფხაზეთს მიაშურეს. ასე დარჩა აფხაზეთის ომის მატიანეს “ვაჩეს” ბიჭების ისტორიები. როგორ შეიქმნა “ვაჩე”, ვინ იყვნენ მისი წევრები, როგორ მოხვდნენ ომში და რა საბრძოლო გზა გაიარა ჯგუფმა, საქართველოს “მხედრიონის” სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის “ვაჩეს” მეთაური, ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენის კავალერი გიორგი (გია) გელოვანი გვესაუბრება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩაის სახლიდან რვა კაცი წავედით. ცოცხალი მხოლოდ ორი ვართ. აფხაზეთში თავიდან 21 კაცი ჩავედით. 1992 წლის ოქტომბრის დასაწყისში უკვე ოჩამჩირეში ვიყავით. სოხუმში ჩაფრენის შემდეგ ტრანსპორტით შეღამებულზე ჩავაღწიეთ ოჩამჩირეში. 21-კაციან რაზმს ერთი ავტომატი, ერთი ხელყუმბარა და რამდენიმე დანა გვქონდა. გვირჩიეს, დროებით დავბანაკებულიყავით სასტუმრო “ინტურისტის” შენობაში, რომელიც ჯერ კიდევ მშენებარე იყო. დაღამდა და კიდეც გავიგეთ, რომ ჩამოვიდნენ ჯაბა იოსელიანი და 24-ე ბრიგადის ხელმძღვანელობა. მე და მალხაზ ვაჩეიშვილი შტაბში გადავედით. მალხაზი გეოგრაფიც იყო, მწერალიც, ალპინისტიც, ფილოსოფოსობდა კიდეც. ერთი სიტყვით, ყველაფერი იყო, ჯარისკაცის გარდა. უმაღლეს სასწავლებელში სამხედრო კათედრა გვქონდა გავლილი და ეგ იყო ჩვენი ჯარი. მოკლეთ, იქ ვთქვით, რომ უიარაღოდ ვიყავით, თბილისში არ დაგვირიგეს, ფრონტზე ჩახვალთ და იქ მოგცემენო. შტაბში კი ასეთი პასუხი მივიღეთ, იარაღი აღარ დარჩაო. როგორც გაირკვა, ადგილობრივი ბატალიონებისთვის დაურიგებიათ. ჯაბამ იხუმრა, სამშენებლო მასალა ბლომად არის მაგ შენობაში და გამაგრდითო. ჩვენც ხუმრობით მივუგეთ, ეგრე მოვიქცევით, აბა, ხომ არ დავნებდებით-მეთქი, და სასტუმროში დაბრუნებულებმა კიბეზე ბარიკადები და პოსტი მოვაწყვეთ - დავაყენეთ ერთი ავტომატიანი კაცი და ერთიც - ხელყუმბარით...” - იხსენებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გელოვანი.

29 ივლისს გუდაურის მახლობლად პარაპლანით ფრენის დროს ორი პირი კლდოვან ფერდობზე ჩავარდა. სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის Ми-8МТВ-1 ტიპის შვეულმფრენი ჩაერთო, მაგრამ ოპერაციის მსვლელობისას საფრენმა აპარატმა მოულოდნელად მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. თვითმხილველთა გადაღებულ და ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ შვეულმფრენი უკანა პროპელერით კლდეს ეხება, პროპელერი სძვრება, ამის შემდეგ საფრენი აპარატი ტრიალს იწყებს, ხევში ვარდება და ფეთქდება. დაიღუპა ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 ექიმი - სულ რვა კაცი. 30 ივლისი საქართველოს მთავრობის განკარგულებით გლოვის დღედ გამოცხადდა და სახელმწიფო დროშა ყველა უწყებამ დაუშვა. დაიღუპა პარაპლანის უცხოელი მგზავრიც. ქართველი ინსტრუქტორი გადარჩა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით უკანასკნელი გმირობის ამბავი.

“შვეულმფრენის ეკიპაჟის მეთაური იყო გამოცდილი მფრინავი ზაზა ლორია, ხოლო ეკიპაჟში შედიოდნენ: დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი და ანდრო ქუჯოშვილი. ბორტზე აგრეთვე იმყოფებოდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმები ქეთევან გულაღაშვილი და გიორგი ვენეცკი, მაშველები გიორგი მარგიანი და კახა ტორჩინავა... საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი ზაზა ლორია სხვადასხვა წელს მსახურობდა შსს-ს შინაგანი ჯარების საავიაციო ესკადრილიაში; შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ცალკეულ შერეულ ავიაესკადრილიაში; 2013 წლიდან საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარ სამმართველოშია, სადაც ბოლოს სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა საფრენოსნო მომზადების დარგში; პოლკოვნიკი ზაზა ლორია მონაწილეობდა მრავალ სამაშველო ოპერაციაში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. ებრძოდა ხანძრებს თბილისში მთაწმინდაზე, მცხეთაში, გორში, ყვარელში, ბორჯომში, აწყურში, რაჭაში და ა.შ. როგორც ამბობდა, ადამიანის გადარჩენა არის მთავარი მოტივაცია და ძალა, რომელიც საკუთარ საფრთხეზე ფიქრის საშუალებასაც კი არ გაძლევს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“არსენალთან” სამხედრო მფრინავი ვეფხვია მსხვილიძე იხსენებს: “მას აფხაზეთის ომის დროს არ ვიცნობდი. სხვადასხვა ნაწილში ვიყავით. ზაზა შვეულმფრენით სამაშველო და ჰუმანიტარულ რეისებს ასრულებდა, გაგრაში დატრიალებული ტრაგედია თავისი თვალით ნახა. ბოლოს ოჩამჩირე რომ დაეცა, მაშინ იფრინა, მაგრამ დაჯდომა ვეღარ მოახერხა - ქალაქი მტერს ჰქონდა აღებული და სროლა აუტეხეს. მაშინ მე კოპიტნარში ჩу-25-ების პოლკის საძიებო-სამაშველო სამსახურში ვმსახურობდი. ერთმანეთი 1994 წელს გავიცანით და დავმეგობრდით. ომის შემდგომი პერიოდი იყო. შვეულმფრენთა ესკადრილიაში დავიწყე სამსახური ელგუჯა დემეტრაშვილთან, საპარაშუტო-სადესანტო და სამაშველო სამსახურის უფროსად. ზაზა საავიაციო რგოლის მფრინავი იყო, მერე ავიაკომპანია „აისში" გადავიდა. ისინიც აეროპორტში ბაზირებდნენ. მას შემდეგ ვმეგობრობდით... ადამიანობაში, მეგობრობაშიც ისეთივე გამორჩეული იყო, როგორიც საქმეში. მის გარეშე თითქმის არ ჩატარებულა არც ერთი რთული სამაშველო ოპერაცია. ეს ოპერაციები მთებში მისი ჩატარებული იყო. ამჯერად არ გაუმართლა. მისნაირ თავმდაბალ კაცს, ალბათ, ვერ შეხვდებოდით. არასოდეს არავისთან ჰყვებოდა ჩატარებულ ოპერაციებზე, წარმატებებზე, მიუხედავად იმისა, რომ ასობით ადამიანი ჰყავდა გადარჩენილი. ბოლო პერიოდში ყველგან, ყველა სარისკო შემთხვევიდან ხალხის გამოყვანა, მუშაობა, ხანძრის ქრობა იქნებოდა და თუ ადამიანის დახმარება, ზაზა მიდიოდა...” - განაგრძობს გამოცემა.

“რუსეთ-უკრაინის ნახევარწლიანი ფართომასშტაბიანი ომის პერიოდში ბევრი საინტერესო შემთხვევა მოხდა, რომელთა შორის იყო რუსეთის ყველაზე თანამედროვე სერიული წარმოების ძირითადი საბრძოლო ტანკის, Т-90М Прорыв-ის აფეთქებული ეგზემპლარის აღმოჩენა ფრონტის ხაზის ხარკოვის მონაკვეთზე. თავდაპირველად, თითქმის ყველამ ჩათვალა, რომ ეს ამერიკული “ჯაველინის” მორიგი წარმატება გახლდათ, რომელმაც ზემოდან დარტყმით ჯართის გროვად აქცია ახალი რუსული ტანკი, რუსი პროპაგანდისტების მიერ “მსოფლიოში ანალოგის არმქონედ” და “აუფეთქებლად” მონათლული. მაგრამ, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათ შორის დრონიდან გადაღებული და ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოჩანაწერებით, 2018 წლიდან წარმოებული Т-90М Прорыв-ი თურმე ჯერ კიდევ 1948 წლიდან გამოშვებული შვედური ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნ Carl Gustaf-ის გასროლით აუფეთქებია უკრაინელ მებრძოლს. 70-წლიანი განსხვავების მიუხედავად, “კარლ გუსტავი” ძალზე ეფექტიანი გამოდგა რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან რუსი ოკუპანტების ჯავშანტექნიკასთან საბრძოლველად, რაც თავად ამ ყუმბარსატყორცნის ხშირმა მოდერნიზაციამ განაპირობა. “კარლ გუსტავის” თანამედროვე მოდელი Carl Gustaf M4, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად განსხვავდება მისი თავდაპირველი სახისგან, Carl Gustaf M1-ისგან, თუნდაც იმიტომ, რომ ყუმბარსატყორცნის კონსტრუქციაში ზეგამძლე პლასტმასი და ტიტანის დეტალების გამოყენებამ მისი თავდაპირველი მასა - 16,3 კგ ორჯერ და მეტად, 6,8 კგ-მდე შეამცირა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით “კარლ გუსტავი” რუს ტანკისტებს კოშმარად ექცა...

“მაგრამ მთავარი ნიუანსი, რის გამოც “კარლ გუსტავი” შვიდი ათეული წლის განმავლობაშიც არ დაძველდა და ის შეიარაღებაში შვედეთის გარდა კიდევ 43 ქვეყნის, მათ შორის თვით აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის არმიებსაც აქვთ, მისი ყუმბარების დიდი ნომენკლატურა და მათი მუდმივი განახლებაა. “კარლ გუსტავი” კი ითვლება ყუმბარსატყორცნად, მაგრამ ის დინამორეაქტიული პრინციპით მოქმედებს და საბჭოთა ანალოგებიდან უფრო დაზგის ყუმბარსატყორცნ СПГ-9 Копьё-ს შეესაბამება, ვიდრე კარგად ცნობილ ხელის ყუმბარსატყორცნ РПГ-7В-ს, რომელიც თავის მხრივ, 1993 წლიდან პირველი სერიულად წარმოებული ქართული ხელის ყუმბარსატყორცნის პროტოტიპად იქცა. “კარლ გუსტავი” ლულის ბოლოდან იტენება უნიტარული საბრძოლო მასალით, რომელიც თავად ყუმბარისა და ალუმინის ჰილზისგან შედგება. ყუმბარის გასროლის შემდეგ ჰილზის ექსტრაცია ისევ ლულის უკანა ბოლოდან ხდება, განსხვავებით სხვა რეაქტიული ყუმბარსატყორცნებისგან, რომლებიდანაც სტარტაღებულ რაკეტებს ლულის დატოვების შემდეგ რაკეტული ძრავა ერთვება და კუდის სტაბილიზატორები ეხსნება, რათა რაკეტამ ფრენის ტრაექტორიის შესანარჩუნებლად სიმეტრიის ღერძის გარშემო იბრუნოს. “კარლ გუსტავის” ლულა თავადაა დახრახნილი და ყუმბარა ლულის გავლისას თავისივე ღერძის გარშემო იწყებს ბრუნვას, რაც მიზანში ზუსტ მოხვედრას განაპირობებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“იმის გამო, რომ ყუმბარსატყორცნი ლულის უკანა ნაწილიდან იტენება, მასში გამოყენებული ყველა ტიპის ყუმბარა მხოლოდ 84 მმ-იანია, ისევე როგორც თავად ყუმბარსატყორცნის ლულა. ყუმბარები კი შეიძლება იყოს კუმულაციური მოქმედების, ჯავშანგამტან-მსხვრევადი, გამზადებული დამაზიანებელი ელემენტებით, მსხვრევადი, საკვამლე, მანათობელი და სასწავლო. ყუმბარის ეფექტიანი მოქმედების მანძილი უძრავი სამიზნების მიმართ 700 მ-ს შეადგენს, მოძრავების შემთხვევაში კი 150 მ-მდე ეცემა. კუმულაციური ყუმბარა 350-400 მმ სისქის მონოლითურ ჯავშანს არღვევს, ხოლო ტანდემურ-კუმულაციური ჯერ ტანკის დინამიკური დაცვის ელემენტებს აფეთქებს და შემდეგ 500 მმ სისქის ჯავშანში გადის. “კარლ გუსტავისთვის” შემუშავებულია აქტიურ-რეაქტიული ტიპის ყუმბარა, რომელსაც ყუმბარსატყორცნიდან გატყორცნის შემდეგ 30 მ-ის დაშორებით ერთვება რაკეტული ძრავა და მისი ეფექტიანი მოქმედების მანძილი უძრავ მიზნამდე 1000 მ-მდე მატულობს. გასულ წელს შეიქმნა ულტრათანამედროვე ყუმბარა, რომლის ამფეთქის დისტანციურად დაპროგრამება შეიძლება და ყუმბარა ფეთქდება სანგარში თავშეფარული მოწინააღმდეგის ჯარისკაცების თავზე, ან ჯერ შეანგრევს სახლის კედელს და მხოლოდ მერე დეტონირდება... რამდენიმე ასეული ერთეული “კარლ გუსტავი” უკრაინის არმიას დასავლელმა პარტნიორებმა რუსული აგრესიის დაწყებისთანავე მიაწოდეს და მუდმივად უგზავნიან მისთვის საჭირო საბრძოლო მასალასაც, რათა უკრაინელებმა ამ “უბერებელი” შვედური ყუმბარსატყორცნებით რუსული სატანკო არმადები წარმატებით შეაჩერონ”, - დასძენს გამოცემა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო