დავით უსუფაშვილი გენპროკურორის არჩევაზე - რას აწვალებს „ოცნება“ ან თავის თავს, ან თქვენ ან მე ან სხვას?!

ვერ გავიგე, რას აწვალებს „ოცნება“ ან თავის თავს, ან თქვენ ან მე ან სხვას?! - გენპროკურორის არჩევის ეს ტექსტი შარშან ყველამ ერთად ჩავწერეთ ცვლილებების პროექტში. თუ იგივეა, შარშან თუ ჰქონდა მხარდაჭერა ჩემგან, წელს რატომ არ ექნება?! - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ გენპროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით დაანონსებულ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე განაცხადა.

უსუფაშვილი აცხადებს, რომ მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებებში ამ პუნქტის საწინააღმდეგო კამპანია წამოიწყო, ახლა კი ისევ ის ტექსტი „დიდი ზარ-ზეიმით“ შემოაქვს.

„გენპროკურორის თემას რაც შეეხება, რაღაც ხალხური გამოთქმაც მახსენდება, ახლა არ ვიტყვი, მაგის დრო არის, მაგრამ ვერ გავიგე, რას აწვალებს „ოცნება“? ან თავის თავს რას აწვალებს, ან თქვენ ან მე ან სხვას?! ეს ტექსტი შარშან, ზაფხულში ყველამ ერთად ჩავწერეთ ცვლილებების პროექტში, მერე „ოცნებამ“ ოთხი თვე გვატარა წაღმა-უკუღმა საქართველოს მასშტაბით, მაგალითად, მე ქუთაისში ვიყავი ჩასული და უცებ აღმოჩნდა, რომ ქუთაისელი პედაგოგები, რომლებსაც მე უდიდეს პატივს ვცემ, როგორც პედაგოგებს, წინააღმდეგი იყვნენ პროკურორის დანიშვნის ამ მოდელის - წარმოგიდგენიათ? ისე გაერკვნენ პედაგოგები ამ მოდელში, რომ იქ ძალიან კვალიფიციური კითხვები დამისვეს, ასე უნდა იყოს თუ სხვანაირად ანუ მთელი პიარ-კამპანია ჩაატარეს ამ პუნქტის საწინააღმდეგოდ, მერე ჩვენ შემოდგომაზე წავედით ამ კომპრომისზე - კი ბატონო, თუ ამის გამო მთელი ცვლილებების ჩაგდება გინდათ, ამოვიღოთ ეს პუნქტი. ახლა შემოაქვთ ისევ ეს ტექსტი დიდი ზარ-ზეიმით, რომ დიდ რეფორმას აპირებენ. ან რესურსს რატომ ხარჯავენ, ან ნერვებს, ან ენერგიას, ან ქვეყნის, საკუთარი თავის და ყველას თავმოყვარეობას? ამ ტექსტს კარგად კიდევ ჩავხედავ, თუ ეს ისაა, რაც შარშან ერთად დავწერეთ, შარშან თუ ჰქონდა ჩემგან მხარდაჭერა, წელს რატომ არ ექნება? ეს “ოცნებამ“ მოიკითხოს თვეში შვიდჯერ რომ ცვლის პოზიციებს, იმის მიხედვით იმ მომენტში ტაქტიკური ნიავი საიდან უბერავს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნება“ მზადაა, გენერალური პროკურორის არჩევა 3/5-იანი კვორუმით მოხდეს და შესაბამისი ნორმა კონსტიტუციაში ჩაიწეროს. საუბარია გენერალური პროკურორის არჩევის იმ წესის ამოქმედებაზე, რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით შემუშავებული დოკუმენტის ფარგლებში შეთანხმდა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის სახით პარლამენტს წარედგინა, თუმცა პროექტის პირველი მოსმენით მიღებისას აღნიშნული წესის მიღებაზე უარი ითქვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა